პოლიტიკა

რუსული მედია სკრიპალების მოწამვლის ფაქტის გადაფარვას კონტრ-ბრალდებებით და “პატარკაციშვილის” საქმით ცდილობს

19 ოქტომბერი, 2018

2018 წლის 15 ოქტომბერს რუსეთის პირველ არხზე გავიდა ჟურნალისტ ტიმურ სირაზიევის სიუჟეტი ბრიტანეთიდან, სათაურით "ბრიტანეთის მთავრობამ მთელ მსოფლიოში სპეცსამსახურებს მკვლელობების და წამების უფლება გაუხანგრძლივა". მთელი სიუჟეტის განმავლობაში ავტორი ცდილობს КГБ-ის ყოფილი აგენტების გახმაურებული მკვლელობები, მკვლელობის მცდელობები, ასევე რუსეთთან დაკავშირებული პირების, მათ შორის ბორის ბერეზოვსკისა და ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ქვეყნის კონტრ-დაზვერვას - MI5-ს დაუკავშიროს.

ტიმურ სირაზიევი, კორესპონდენტი: „დაღუპულებს [ბრიტანეთში] შორის ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკია, რომლის სიკვდილიც ბრიტანეთის სასამართლომაც კი, რომელმაც ვერადავერ დაადგინა, თვითმკვლელობასთან ჰქონდა საქმე თუ მკვლელობასთან, საიდუმლოებით მოცულად აღიარა. სამაგიეროდ, დანამდვილებით ცნობილია, რომ ბერეზოვსკი ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. გადაბირებით კი აგენტმა, სახელად პაბლო მილერმა გადაიბირა, სწორედ ის პაბლო მილერი, რომელმაც გადაიბირა ალექსანდრ ლიტვინენკო, მოგვიანებით ის ლონდონში მოკლეს, ასევე ცოტა ხნის წინ მოწამლული სერგეი სკრიპალი. და, აი, აქ იბადება შემდეგი კითხვა - რატომ ხდებიან ბრიტანეთის სპეცსამსახურების აგენტები დამნაშავეების მსხვერპლნი მაინცდამაინც მაშინ, როცა ეს ასე აწყობს მათ დამსაქმებელს?”

2018 წლის 17 ოქტომბერს  რუსეთის 1 არხზე ჟურნალისტ კირილ ბრაინინის  სიუჟეტი, სათაურით „ბადრი პატარკაციშვილი მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით მოკლეს“ გავიდა, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების საკითხს ეხებოდა. 15 ოქტომბრის სიუჟეტის მსგავსად, 17 ოქტომბერსაც, ავტორი ცდილობდა ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილში ბრიტანეთისა და ამერიკის სპეც.სამსახურების კვალი წარმოეჩინა. რეპორტაჟში აღნიშნულია, რომ ბრიტანეთის სპეც.სამსახურებს შეეძლოთ დაემალათ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა, რადგან პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც სიუჟეტში პატარკაციშვილის მკვლელობაში დამნაშავედ მიიჩნევენ,  აშშ-ის მხარდაჭერით სარგებლობდა. სიუჟეტში საქართველოს პროკურატურის მიერ 2018 წლის 17 ოქტომბერს გამოქვეყნებული 2007 წლის ფარული ჩანაწერებია ნაჩვენები, სადაც, პროკურატურის მტკიცებით, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები პატარკაციშვილის მკვლელობის დაგეგმვაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებულია საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ.

ანდრეი ლუგოვოი, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი: „მიაქციეთ ყურადღება: მაშინ [პატარკაციშვილის გარდაცვალების დროს] სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე ამერიკელების მხარდაჭერით სარგებლობდა. და, რასაკვირველია, ბადრი პატარკაციშვილი ამერიკელებსაც უშლიდა ხელს. ეს კი ნიშნავს, რომ, თუ ბრიტანელებს ჰქონდათ რაიმე ინფორმაცია ბადრის სიკვდილთან სააკაშვილის კავშირზე ან თუნდაც იმაზე, რომ ბადრის სიკვდილი არ იყო ბუნებრივი, თუ გავითვალისწინებთ ამერიკის და ბრიტანეთის სპეცსამსახურების ურთიერთკავშირს, მათ შეეძლოთ ეს ყველაფერი, უბრალოდ, დაემალათ.“

საქართველოს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში პატარკაციშვილის შესაძლო მოკვლის ერთ-ერთ საშუალებად მომწამვლელი ნივთიერების კარის სახელურზე წასმაა დასახელებული. რუსეთის პირველი არხის სიუჟეტში პარალელია გავლებული სკრიპალების საქმესთან, რომლებიც კარის სახელურზე დატანილი ნერვული აგენტით - ნოვიჩოკით მოიწამლნენ.

კირილ ბრაინინი, კორესპონდენტი: “სიტყვათშეთანხმება „სახელურზე წაუსვამ“ 2007 წლის ჩანაწერში ჟღერს, როგორც მომავლიდან შემოთვლილი მოსალმება. აწმყოში კი ბევრს უჩნდება ეჭვი, მაგალითად, იმის გამო, რომ მავანს შეიძლება დახმარება გაეწია ამ თამამი ჩანაფიქრის განხორციელებაში, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ხელი არ შეეშალა.”

მას შემდეგ რაც ბრიტანეთის გამოძიებამ სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში რუსეთის ორი მოქალაქე დაადანაშაულა, რომლებიც, როგორც შემდგომ გაირკვა, ГРУ-ს აგენტები აღმოჩდნენ, კრემლის მედია ამ საკითხის გადაფარვას კონტრ-ბრალდებების მეთოდით ცდილობს. თავდაპირველად მისი სამიზნე აშშ და საქართველოში მდებარე ლუგარის ლაბორატორია იყო, თითქოს რუსეთი კი არ იყენებდა ნერვულ აგენტს ბრიტანეთის ტერიტორიაზე, არამედ აშშ ამზადებდა რუსეთის მახლობლად ბიოლოგიურ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ. ამჯერად კი თავდასხმის ობიექტი ბრიტანეთია. კრემლის მედია კონსპირაციებს ავითარებს და რუსი ოლგარქების და რუსეთთან დაკავშირებული პირების სიკვდილს თუ მკვლელობის მცდელობებს ბრიტანეთის სამსახურებს უკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ბადრი პატარკაციშვილის მოწამვლის მცდელობის საქმეზე საქართველოს პროკურატურის მიერ კონკრეტული პირებისთვის ბრალის წაყენებას, წინ უსწრებდა სიუჟეტი, რომელშიც ეჭვები სხვა პირებთან ერთად პატარკაციშვილის გარდაცვალებაზეც იყო გამოთქმული.

რუსულ მედიაში “პატარკაციშვილის საქმის” განვითარების ქრონოლოგია

“პატარკაციშვილის საქმის” ვერსიის განვითარება რუსულ მედიაში შემდეგი თანმიმდევრობით მოხდა:

  • 15 ოტომბერი: რუსეთის პირველი არხის სიუჟეტში ჩამოთვლილია იმ ადამიანების სია, რომლებიც  ჟურნალისტის აზრით, ბრიტანეთში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალნენ, მათ შორის არის  ბადრი პატარკაციშვილი. ჟურნალისტი ავითარებს მოსაზრებას, რომ ბრიტანეთის ტერიტორიაზე ამ ადამიანების სიკვიდილი ქვეყნის ხელისუფლებას და სპეცსამსახურებს უკავშირდება.

ტიმურ სირაზიევი, კორესპონდენტი: "ბრიტანეთის სეპც.სამსახურებს შეუძლიათ მოგკლან, გაწამონ და ჩაიდინონ სხვა დანაშაულებები...მხოლოდ შეკითხვები და არანაირი პასუხი ბრიტანეთში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების საეჭვო სიკვდილის შესახებ. ბოლო 15 წლის მანძილზე "სამეფოში" რუსეთთან დაკავშირებული 14 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არის ნიკალაი გლუშკოვი, ალექსანდრე პერეპელიჩნი, ბადრი პატარკაციშვილი."

  • 16-17 ოტომბერი: რუსთავი 2-ის  ინფორმაციით ,16 ოტომბერს საქართველოს პროკურატურამ  ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე  საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 3 თანამშრომელი დააკავა. 17 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა  განცხადება ამ პირებისთვის “დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების” გამო ბრალის წაყენების შესახებ და აუდიო-ჩანაწერები გაავრცელა.
  • 17 ოქტომბერი: რუსეთის პირველი არხი  ამტკიცებს, რომ ბადრი პატარკაციშვილის პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით მოკლეს და ეს საქმე  ბრიტანეთისა და აშშ-ს სპეც-სამსახურებმა დაფარეს. ჟურნალისტი საქართველოს პროკურატურის მიერ მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ჩანაწერებს სიტყვათაშეთანხმება “სახელურზე წავუსვამ”-ს გამო სკრიპალების საქმესთან აკავშირებს.

"

ბადრი პატარკაციშვილის  საქმე

ბადრი პატარკაციშვილი ბორის ბერეზოვსკისთან დაახლოებული პირი და მისი ბიზნეს პარტნიორი იყო. სხვა ოლიგარქების მსგავსად, მას შემდეგ, რაც პუტინმა ძალაუფლების კონსოლიდირება მოახდინა, მასაც მოუწია რუსეთის დატოვება. ბადრი პატარკაციშვილი თავიდან მხარს უჭერდა სააკაშვილს, თუმცა მოგვიანებით მის ოპონენტად იქცა და ბრალი საქართევლოს ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაში ედებოდა.

ბადრი პატარკაციშვილი 2008 წლის თებერვალში, დიდ ბრიტანეთში გარდაიცვალა. ბრიტანული გამოძიების თანახმად, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო.

2018 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ გამოაქვეყნა 2007 წლის ფარული ჩანააწერი და საქართველოს უსაფრთოების სამსახურის 3 ყოფილ თანამშრომელს ბადრი პატარკაციშვილის “დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე” ბრალი წაუყენა. პროკურატურის განცხადების მიხედვით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული.

OC-მედიას ცნობით, რომელიც  ბრიტანეთის გამოძებას დაუკავშირდა, საქართველოს პროკურატურას ბრიტანეთის პოლიციისთვის ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დაგეგმვასთან დაკავშირებით 17 ოქტომბერს გაამოქვეყნებული ინფორმაცია არ გადაუცია. საქართველოს პროკურატურის კომენტარის მიხედვით, მკვლელობის დაგეგმვა და ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალება 2 დამოუკიდებელი საქმეა.

ბორის ბერეზოვსკის საქმე

ბორის ბერეზოვსკი 1990-იან წლებში საჯარო მოხელე და ბორის ელცინთან დაახლოებული პირი იყო. მან საკუთარი კაპიტალი რუსეთში მერსედესის ბრენდის მანქანების იმპორტით დააგროვა. 2000 წელს, ვლადიმირ პუტინის რუსეთის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ბერეზოვსკიმ ქვეყანა დატოვა. მას დაუსწრებლად თანხის გაფლანგვასა და თაღლითობაში წაუყენეს ბრალი, რის შემდეგაც 2003 წელს ბრიტანეთში თავშესაფარი მიიღო.

2003 წელს ალექსანდრ ლიტვინენკომ განაცხადა, რომ ФСВ ბერეზოვსკის მკვლელობას გეგმავდა. BBC-ის ინფორმაციით, 2007 წელს ლონდონის პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელიც ბერეზოვსკის მკვლელობის მცდელობის გამო დაკითხეს.

2013 წელს ბერეზოვსკი სანინგჰილში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. კორონერმა (ოფიციალური პირი, რომელიც სიკვდილის ძალადობრივ შემთხვევებს იძიებს) ვერ დაადგინა ბერეზოვსკის სიკვდილი თვითმკვლელობა იყო თუ მკვლელობა.

ბერეზოვსკის შვილის განცხადებით, მამამისის სიკვდილი რუსეთის ხელისუფლებაში ბევრს სურდა, რადგან ის პუტინს ხმამაღლა და აქტიურად აკრიტიკებდა. Telegraph-თან საუბარში ელიზავეტა ბერეზოვსკაიამ აღნიშნა, რომ თავდაპირველად მასაც ეგონა, რომ მამამისმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბერეზოვსკი ორჯერ გადაურჩა მკვლელობის მცდელობას, მას ეჭვი აქვს, რომ მამამისი მოწამლეს. მისივე თქმით, მამამისის სიკვდილის შესახებ გამოძიებას “ყველა კითხვისთვის არ უპასუხია”.

ბერეზოვსკი კრემლს ლიტვინენკოს სიკვდილში ადანაშაულებდა და ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო რუსეთიდან დევნილი ბრიტანეთში ცხოვრობდა.