NGO

სად წავიდა ლორა თორნტონი და ვინ ქმნის და ავრცელებს დეზინფორმაციას NDI-ის ოფისის წინააღმდეგ?

5 მარტი, 2020

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი, რომელიც ამ პოზიციაზე 2014 წლიდან მუშაობდა, სტოკჰოლმში, ორგანიზაცია International Institute for Democracy and Electoral Assistance (IDEA)-ს გლობალური პროგრამების დირექტორის პოზიციას დაიკავებს. NDI საქართველოს დირექტორის პოსტზე ახალი დირექტორის შერჩევა ამჟამად მიმდინარეობს. 

ინფორმაცია ლორა თორნტონის NDI-დან წასვლასთან დაკავშირებით მანიპულაციურად გააშუქეს პარტია “პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებულმა “ობიექტივმა” და ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა მედიამ - “მარშალპრესი” და ასევე ქსენოფობიურმა გამოცემამ “ალია”. ლორა თორნტონის წინააღმდეგ კამპანიას ყალბი ფეისბუქ გვერდი “დეიდა ლორას კვლევებიც” აწარმოებს, რომელიც საგანგებოდ 4 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც 262 მომწონებელი და 5 ადმინისტრატორი ჰყავს.

"

ლორა თორნტონის სხვა თანამდებობაზე გადასვლას მანიპულაციურად წარმოაჩენს პარტია “პატრიოტთა ალიანსი,” რომელიც NDI-ის საქართველოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის გლობალური პროექტის დირექტორად გადასვლას საკუთარ მიღწევად თვლის და აღნიშნავს, რომ NDI საქართველოს დირექტორმა პოსტი სწორედ მათი საპროტესტო აქციების გამო დატოვა, რომელიც ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამავე თემას ავითარებს აღნიშნულ პარტიასთან დაკავშირებული ტვ ობიექტივი, რომლის საინფორმაციო გამოშვებაში ამ თემაზე  სპეციალური სიუჟეტი 2 მარტს გავიდა. სიუჟეტი, რომელიც დაუბალანსებელი და მანიპულაციურია მხოლოდ პატრიოტთა ალიანსის პოზიციას ასახავს. 

ონლაინ მედიებმა “მარშალპრესი” და “ალია” ლორა თორნტონის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია შეცდომაში შემყვანი სათაურებით გამოაქვეყნეს. ““ენდიაის” საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი სამსახურიდან გაათავისუფლეს” - აღნიშნულია “ალიას” და “მარშალპრესის” სტატიების სათაურში, თუმცა თავად სტატიებში განმარტებულია, რომ NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის შეცვლა როტაციის პრინციპით ხდება.

|"

“მარშალპრესის” სტატია მანიპულაციური სათაურით თავად “მარშალპრესის” ფეისბუქ გვერდმა, “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერმა ნინო კვარაცხელიამ და გვერდმა “ახალი ინფორმაცია” გაავრცელეს შემდეგ ფეისბუქ ჯგუფებში: “Georgia • საქართველო ✔️”, “ნაცხროვა ციხეში!!!”, “,,2012" ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება !!!!!!!!”, “პროტესტი! Protest! Протест!” და “საქართველო და მსოფლიო”.

აღსანიშნავია ისიც, რომ “პატრიოტთა ალიანსის” წევრი გიორგი კასრაძე და პარტიის მხარდამჭერები ლორა თორნტონის წასვლას სოციალურ ქსელში ზეიმობენ და პარტიის ლიდერს, ირმა ინაშვილს ფეისბუქის პირად გვერდზე ულოცავენ. მათ შორის არიან საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი, ასევე “ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელი და “სახალხო მართლმადიდებელი მოძრაობის” ხელმძღვანელი მალხაზ გულაშვილი, რომელიც 2010 წელს ტელეკომპანია “კავკასიაში”  შეიჭრა. 

||

""


ყალბი გვერდის შესახებ

ლორა თორნტონის მადესკრედიტირებელი ყალბი ფეისბუკ გვერდი “დეიდა ლორას კვლევები” 2020 წლის 4 თებერვალს შეიქმნა, რომელიც თორნტონის NDI-ს დირექტორის პოზიციის დატოვებასთან დაკავშირებით მანიპულაციურ კონტენტს ავრცელებს. გვერდი NDI-ს კვლევებს გაყალბებულ უწოდებს და როგორც ლორა თორნტონზე, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებზე მიმებს აქვეყნებს.

გვერდს “დეიდა ლორას კვლევები” დალაიქებული აქვს ანტიოპოზიციური ფეისბუქ გვერდი 
,,პოლიტიკოსები ერთი ლარიდან”, ასევე გაწევრიანებულია ჯგუფში პროპაგანდა არანორმალური პროპაგანდის წინააღმდეგ რომლის ადმინიც “საქართველოს და მსოფლიოს” სტატიების ავტორი ბაკურ სვანიძეა. გვერდის პოსტებს სხვადასხვა ჯგუფებში ხშირად აზიარებენ ფეისბუქ მომხმარებელები Laura Abramia და qeti otiashvili.

~"

NDI საქართველოს ოფისი 1994 წელს გაიხსნა, პირველი პრეზიდენტი ტედ ჯონასი იყო, მომდევნო პრეზიდენტები მაქსიმუმ 6 წლის ვადით იყვნენ მარკ მალენი, ლინკოლნ მიტჩელი, მაიკლ კელეჰერი, მერი ო’ჰაგანი, ლუის ნავარო. ნავარო NDI-ს დირექტორის პოზიციას 2009-2014 წლებში, ლორა თორნტონამდე იკავებდა.