საიდან იღებს სათავეს კონსპირაცია, რომ ილონ მასკი რეპტილიაა?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

4k
VIEWS

12 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა Bacho Grigolia გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ილონ მასკს ეხება. ავტორის მიხედვით, მასკი უცხოპლანეტელი რეპტილიაა, რომელიც თავის პლანეტა მარსზე დაბრუნებას ცდილობს. პოსტს პრესისა და მედიის კონტროლის შესახებ მასკის ციტატა და ფოტო ახლავს. ფოტოზე სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემაა ჩამოთვილი და მათი მფლობელების ებრაულ წარმოშობას ესმება ხაზი.

 

;
Bacho Grigolia-ს პოსტში გამოყენებული ილონ მასკის ციტატა კონტექსტის გარეშე ვრცელდება, ხოლო მტკიცება მარსზე რეპტილიების ბინადრობისა და მასკის რეპტილიური წარმოშობის შესახებ შეთქმულების თეორიაა. 

  • ილონ მასკის ციტატა კონტექსტის გარეშეა გავრცელებული

2018 წლის 27 მაისს ბიზნესმენისა და გამომგონებლის ილონ მასკის ტვიტერის ანგარიშზე ამერიკელი ჟურნალისტის ჯოშუა ტოპოლსკისადმი მიწერილი პასუხი გამოჩნდა. სწორედ ამ პასუხშია ნახსენები Bacho Grigolia-ს მიერ გამოყენებული ციტატა: “როგორ ფიქრობთ, ვინ “ფლობს” პრესას? გამარჯობა.”

;

მედიის მფლობელობასთან დაკავშირებით მასკის კომენტარი მასსა და NBCNews-ის ჟურნალისტ ბენ კოლინსს შორის კამათს მოჰყვა.

;
თავისი ტვიტის კომენტარებში კოლინსმა მასკი ჟურნალისტებისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა და მოუწოდა, უკეთ გაცნობოდა მათი მუშაობის პროცესს. მასკმა კოლინსს მიუთითა, რომ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული იყო და არ სურდა დაეჯერებინა, რომ ხალხი მედიას არ ენდობოდა, ხოლო თუ მასკის არ სჯეროდა, შეეძლო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაეტარებინა. სწორედ ამ დროს დისკუსიაში Outline-ის დამაარსებელი ჟურნალისტი ჯოშუა ტოპოლსკი ჩაერთო და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებთან დაკავშირებით დაწერა (ამჟამად მისი კომენტარი წაშლილია), რომ მასკი უნდა დაფიქრებულიყო, შედიოდა თუ არა “ძლიერი ხალხის” ინტერესებში A. იმ თავისუფალი პრესის მხარდაჭრა, რომელიც მომავალში მათ ტყუილებს გამოავლენდა თუ B. პრესის დაზარალება, რადგან ტყუილების თქმა უფრო გამარტივდებოდა. ტოპოლსკი წერდა იმასაც, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ მასკს თავისი თავისთის უნდა ეკითხა, თუ რატომ გამოიყურება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ცუდად.

;
მასკის წინადადებას მედიის ფლობის შესახებ  უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან მის კომენტარს სხვადასხვა ანტისემიტურად განწყობილი მომხამრებელი გამოეხმაურა, მათ შორის გამოჩნდა ფოტოები, სადაც ყველა დიდი საერთაშორისო თუ ადგილობრივი მედია საშუალების მფლობელებად ებრაელები იყვნენ დასახელებულნი. მასკმა კომენტარი მეორე დღემდე არ გააკეთა, რის გამოც ის სასტიკად გააკრიტიკეს და ანტისემიტიზმის წახალისებაში დასდეს ბრალი.

მომდევნო დღეს მასკმა განმარტა, რომ მისი წინადადება ჯოშუა ტოპოლსკის მიემართებოდა და სრული კონტექსტის განმარტების გარეშე ვრცელდებოდა, ხოლო ვინც მასში რაიმე ანტისემიტურს ხედავდა, საკუთარ თავს ამჟღავნებდა, კონტექსტი კი ძალიან ნათელი იყო.

;
აღსანიშნავია, რომ ტვიტერზე ამ დიალოგამდე ცოტა ხნით ადრე, ილონ მასკი სასტიკად აკრიტიკებდა მედია საშუალებებს, მათ მიკერძოებულობაში ადანაშაულებდა და აპირებდა, შეექმნა პლატფორმა “პრავდა,” რომელიც მედიისა და ავტორების სანდოობას შეამოწმებდა.

  • კონსპირაცია რეპტილია ადამიანების შესახებ და მისი ქართული წყარო

Bacho Grigolia-ს პოსტში ნახსენებია ისიც, რომ ილონ მასკი სავარაუდოდ მარსიდან ჩამოსული ადამიანად შენიღბული რეპტილიაა და მარსზე, როგორც რეპტილიების მთავარ პლანეტაზე დაბრუნებას ცდილობს. რეალურად დედამიწაზე ჩამოსული რეპტილიების შესახებ შეთქმულების თეორია  უკვე წლებია ვრცელდება და მისი წარმოშობა ბრიტანელ ჟურნალისტს, მოგვიანებით კი კონსპიროლოგ დეივიდ აიკს უკავშირდება. აიკის მიხედვით, დედამიწა რეპტილოიდურმა არსებებმა დაიპყრეს. ისინი კოსმოსის სხვადასხვა ნაწილიდან ჩამოვიდნენ და ძირითადად უცხოპლანეტელებს წარმოადგენენ, თეორიაში მარსი მათი წარმოშობის ერთ-ერთი პლანეტაა.

ქართულ სოციალურ ქსელში რეპტილია ადამიანების კონსპირაციის თეორიის შესახებ  პოსტი 2021 წლის აპრილში ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებლის ლევან ნავის მიერ ვრცელდებოდა, დამატებით იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
“სინათლის ძალა” ტელეგრამიდან რეპტილიების კონსპირაციას ავრცელებს 

ლევან ნავის მსგავსად Bacho Grigolia-ც ინფორმაციის წყაროდ ტელეგრამ არხ “სინათლის ძალას” უთითებს.

;
ტელეგრამ არხს ამჟამად 171 წევრი ჰყავს და მასზე 2021 წლის 2 იანვრიდან დღემდე 614 ინფორმაცია გაზიარდა.

;
“სინათლის ძალა” სხვადასხვა დეზინფორმაციებსა და კონსპირაციებს ავრცელებს, მათ შორის რეპტილია ადამიანების, მასონების და ვაქცინაციის შესახებ. “სინათლის ძალის” ტელეგრამ არხის პოსტები უმეტესად ემთხვევა Bacho Grigolia-ს ბლოგსა და  სხვა სოციალურ ქსელებში ატვირთულ ინფორმაციებს. მაგალითად, ერთ-ერთი პოსტი ანდრომედანების შესახებ თავდაპირველად 15 მაისს 11:41 საათზე Bacho Grigolia-ს ბლოგზე გამოჩნდა, 4 წუთიანი ინტერვალით კი (11:45სთ) მისსავე ფეისბუქზე გაზიარდა და მალევე (11:51სთ) ტელეგრამის არხზეც გამოჩნდა.

;
Bacho Grigolia  თავის ბლოგებს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და იტალიურ ენებზე აქვეყნებს. ავტორის როგორც ბლოგზე, ისე სხვა სოციალურ ქსელებში, ხვდება სიმბოლო Q და QAnon-ის შეთქმულების თეორიასთან დაკავშირებული ფრაზები. QAnon-ის შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ოს სა­ტა­ნის მო­ცი­ქუ­ლების საიდუმლო ჯგუფი მარ­თავს, რომელიც გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით ბავ­შვთა ტრე­ფი­კინ­გის ქსელს ხელმძღვანელობს.

;
QAnon-ის შესახებ დამატებით იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
ინფორმაცია, მიწისქვეშა გვირაბში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, QAnon-ის კონსპირაციაა


არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist