პოლიტიკა

“საქინფორმი” კინზინგერის განცხადებას მანიპულაციური სათაურით ავრცელებს

2 ივლისი, 2020

30 ივნისს ონლაინ გამოცემა “საქინფორმმა” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “ამერიკელ კონგრესმენს წამოცდა, რომ საქართველოს აშშ-ის ელჩი მართავს”. სტატიის შინაარსი სათაურისგან განსხვავებულია და აღნიშნულია, რომ ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება მიულოცა. სტატიაში გამოყენებულია კინზინგერის ციტატა ტვიტერიდან, სადაც კონგრესმენი მილოცვასთან ერთად მხარეებს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს. კინზინგერი ასევე აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ პროცესებში აშშ-ის ელჩს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

"

“საქინფორმის” სათაური მთლიანად გამოცემის ინტერპრეტაციაა და სინამდვილეში ადამ კინზინგერს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. “მითების დეტექტორი” გთავაზობთ კონგრესმენის ტვიტერ პოსტის ქართულ და ორიგინალ ვერსიებს.

ადამ კინზინგერი: “ვულოცავ საქართველოს პარლამენტს საბოლოო ცვლილებების მიღებას. შექებას იმსახურებს ყველა, ვინც მონაწილეობდა ცვლილებების მიღებაში. კვლავ მოვუწოდებ ყველა მხარეს, სრულად შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და მადლობას ვუხდი საქართველოში აშშ-ის ელჩ დეგნანს მძიმე სამუშაოსა და არსებითი როლისთვის.”

"

საქინფორმის შესახებ

საინფორმაციო სააგენტო საქინფორმის 100%-იანი წილის მფლობელი 2013 წლიდან გამოცემის რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილია. „საქინფორმის“ დომეინი პრორუსული ორიენტაციის ორგანიზაციის „ისტორიული მემკვიდრეობის“ ხელმძღვანელის, ტარას გაგნიძის სახელზეა რეგისტრირებული, რომელიც „საქართველო და მსოფლიოსაც“ ფლობს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “საქინფორმი” ან პირდაპირ ყალბი ციტატის შემცველ სტატიას აქვეყნებს, ან ინფორმაციას შეცდომაში შემყვანი სათაურით ავრცელებს. იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ გადამოწმებული ციტატები, რომლებიც “საქინფორმმა” გააყალბა ან მანიპულაციურად გააშუქა:

  • ალტ ინფოსა და საქინფორმის მანიპულაციური სათაური მეთიუ ბრაიზას განცხადების  შესახებ
  • საქინფორმის  დეზინფორმაცია, თითქოს კონგრესმა საქართველოს საქმეებში ჩარევა აღიარა
  • ТАСС-ი და საქინფორმი NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებას  აყალბებენ
  • Geworld.ge და “საქინფორმი” ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის გაყალბებულ ინტერვიუს  აქვეყნებენ

პროფილები: