ევროინტეგრაცია

საქინფორმის დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ევროატლანტიკურ კურსს ეწინააღმდეგება

24 მაისი, 2019

2019 წლის 20 მაისს საქინფორმმა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ორგანიზაცია Ipsos-ის მიერ ჩატარებულ კვლევას შეეხება. კვლევის თანახმად, მოსახლეობის 68% მიიჩნევს, რომ  საქართველო არასწორი გზით ვითარდება. „საქინფორმმა“ კვლევის შედეგები სუბიექტური ინტერპრეტაციით გააშუქა და “არასწორი გზით განვითარება” ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს ხელოვნურად დაუკავშირა. საქინფორმის მტკიცებით, უმრავლესობა ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის გზას და ემხრობა რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური და პარტნიორული ურთიერთობის სრული მოცულობით აღდგენას.

საქინფორმი: “ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა არ ეთანხმება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების უალტერნატივო ევროატლანტიკურ კურსს და ემხრობა რუსეთის ფედერციასთან დიპლომატიური და პარტნიორული ურთიერთობის სრული მოცულობით აღდგენისაკენ მიმართულ საგარეო პოლიტიკურ კურსს.”

“საქინფორმის” რედაქციის განცხადება, თითქოს ქართველი ხალხის უმრავლესობა არ ემხრობა საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს და უპირატესობას რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობას ანიჭებს, დეზინფორმაციაა. Ipsos-ის კვლევა არა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს, არამედ საშინაო პოლიტიკას ეხება და გამოკითხვის ფარგლებში ნატოსთან და ევროკავშირთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2019 წლის აპრილის გამოკითხვის თანახმად კი, მოსახლეობის 66% თვლის, რომ  “საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით”, ხოლო 47%  მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე ცუდად მოქმედებს.

  • რას გულისმობს Ipsos-ის მიერ ჩატარებული კვლევა?

კითხვაზე, “როგორი მიმართულებით მიდის ქვეყანა?” კომპანია Ipsos-ის უკრაინულმა ფილიალმა საქართველოში კვლევა რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩაატარა. შედეგების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 69% ამბობს, რომ საქართველო არასწორ გზას ადგას, ხოლო 20% მიიჩნევს, რომ ქვეყანას სწორი გეზი აქვს აღებული.

ჩატარებულ კვლევაში საუბარია არა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, არამედ მოსახლეობის განწყობებზე მთავრობისა და სხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ. შესაბამისად, კითხვა ასევე მოიცავს საქართველოს მოსახლეობის შეფასებას, თუ რამდენად კარგად მუშაობს ქვეყნის ხელისუფლება. მთავარ გამოწვევად სახელდება ეკონომიკა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, სოციალურად დაუცველებსა და პენსიონერებზე ზრუნვა, განათლება, მეცნიერება და ჯანდაცვა.

კვლევაში ყველა კითხვა ეხება ქვეყნის შიდა პოლიტიკას, სახელისუფლებო პარტიისა და ოპოზიციის საქმიანობის, ასევე კონკრეტული პოლიტიკოსების როლის შეფასებას. აღნიშნული გამოკითხვის ფარგლებში ნატოსთან და ევროკავშირთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა, შესაბამისად კითხვა “ზოგადად, როგორ ფიქრობთ, ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის თუ არასწორი მიმართულებით?” რესპოდენტებს შესაძლოა ასევე საშინაო პოლიტიკის ჭრილში განეხილათ.

  • ევროკავშირის/ნატოს მხარდაჭერა და რუსეთის მიმართ დამოკიდებულება

2019 წლის აპრილის NDI-ისა და CRRC-ის ერთობლივი კვლევის ფარგლებში დაისვა კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად მისაღებია საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრირება. გამოკითხულთა 73%-სთვის ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია, ხოლო 56% კი ინტეგრაციას სრულად უჭერს მხარს.

"

ნატოს შესახებ ამავე კითხვაზე მოსახლეობის 74%-მა განაცხადა, რომ ნატოში საქართველოს ინტეგრირება მათთვის მისაღებია, ხოლოდ 55% ნატოში გაწევრიანების სრული მხარდამჭერია.

"

გამოკითხულთა 66% მიიჩნევს, რომ თუ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, საქართველოს უსაფრთხოება გაუმჯობესდება. ასევე 66% დაეთანხმა დებულებას “საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით.”

"

კითხვაზე დაუჭერდნენ თუ არა მხარს “ხვალ რომ ტარდებოდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში შესვლის შესახებ” მოსახლეობის 68%-მა დადებითად უპასუხა.

"

რაც შეეხება რუსეთს, მოსაზრება “საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე” მხოლოდ 21%-მა გაიზიარა.

მოსახლეობის მხოლოდ 7%-ს სჯერა, რომ რუსეთი საქართველოს  უსაფრთხოებაზე დადებით გავლენას ახდენს, 47% კი მიიჩნევს, რომ ცუდად ზემოქმედებს. უფრო კონკრეტულად მონაცემები ასე გამოიყურება:

"


მოამზადა მარიამ დანგაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია

პროფილები: