შეიცავს თუ არა იოანეს გამოცხადება ანტივაქსერულ დებულებებს? – სასულიერო პირის განმარტება

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

698
VIEWS

ბოლო პერიოდში სოციალურ მედიაში სხვადასხვა ანგარიშები ამკვიდრებენ აზრს (იხ. 1, 2, 3, 4, 5),  თითქოს იოანეს გამოცხადების (აპოკალიპსი) წიგნი ვაქცინაციის საწინააღმდეგო დებულებებს შეიცავს, ვაქცინაციას კი ისინი მხეცის ნიშანს და მეორედ მოსვლას უკავშირებენ. იმის გასარკვევად, თუ რამდენად შეიძლება იყოს ღვთისმეტყველების საკითხები დაკავშირებული პანდემიასთან და ვაქცინაციის პროცესთან, დეკანოზ ილია ჭიღლაძეს მივმართეთ, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთის ეპარქიის მანჩესტერის ქართული სამრევლოს წინამძღვარია.

გთავაზობთ, დეკ.ილია ჭიღლაძის განმარტებით სტატიას აღნიშნულ საკითხებზე:

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ათეისტური საბჭოთა ეპოქის შემდგომ, უკანასკნელი 30 წლის მანძილზე რელიგიური ცხოვრების აღორძინების პარალელურად საქართველოში მრავალი ფსევდოქრისტიანული არასწორი სწავლება და მითოლოგია გავრცელდა, რაც განსაკუთრებით საღვთისმეტყველო-თეოლოგიური განათლების ნაკლებობით არის გამოწვეული.

უკანასკნელ ხანებში, კოვიდვირუსის გავრცელების და მსოფლიო პანდემიის პირობებში, ვირუსის საწინააღმდეგო აცრებს ანუ ვაქცინაციას ანტივაქსერებმა ანტიქრისტეს ბეჭედი უწოდეს, ან ანტიქრისტეს ბეჭდის წინამორბედი ნიშანი. ისინი ამტკიცებენ, თითქოს აცრა სატანური ანტიქრისტიანული ქმედებაა და ცოდვისმიერია. ამ შიშების და ცრუ წარმოდგენის არგუმენტად მოჰყავთ ბიბლიის ბოლო წიგნის, იოანე მოციქულის გამოცხადების ანუ აპოკალიფსის წიგნის ფრაზა, სადაც საუბარია ანტიქრისტეს ბეჭედზე ანუ ნიშანზე.

აღნიშნული მტკიცება შეცდომაში შემყვანია, შემდეგ გარემოებათა გამო:

უფალ იესო ქრისტეს არაერთგზისი გაფრთხილება და მკაცრი სიტყვაა სახარებაში და მოციქულთა საქმეთა წიგნში, რომელიც ქრისტიანებს მომავალ დროზე და მისი მეორედ მოსვლის ჟამზე მარჩილობას, ძიებას, ჩხრეკას უკრძალავს და ბრძანებს, რომ მისი მეორედ მოსვლის თარიღი საიდუმლოა, რომელიც მხოლოდ ღმერთმა უწყის და დაუშვებელია ქვეყნიერების აღსასრულის ამბის ზედმეტი ძიება, ინტერესი, მარჩიელობა. თავად აპოკალიფსის წიგნის ალეგორიზმი და დიდწილად ამოუხსნელობა სწორედ ღვთის ამ ნებაში ცხადდება, რომ ადამიანებმა “ბოლო ჟამზე” ბევრი არაფერი უნდა იცოდნენ, ხოლო როდესაც მომავალი აწმყოდ იქცევა, მერე დაფარული საიდუმლოც თავისთავად გაცხადდება. ასეთია უფალ იესო ქრისტეს სწავლება ახალ აღთქმაში. იხილე მაგალითად:

“და უთხრა მათ: თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ.” (მოციქულთა საქმენი, თ.1, მ.7); ‘

‘მაგრამ იმ დღისა და იმ საათისა არავინ არაფერი იცის, არც ანგელოზებმა ცაში, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.” (მარკოზის სახარება, თ.13, მ.32) და ა.შ.

ჩნდება კითხვა, თუ რას ნიშნავს ტერმინი “ბოლო ჟამი” ანუ “მეორედ მოსვლა”?

საღვთისმეტყველო ენაზე “ბოლო ჟამი” ქრისტეს ამაღლებიდან მის მეორედ მოსვლამდე დარჩენილი დროა. ხშირად ეს ტერმინი ასევე ქვეყნიერების აღსასრულის, ქრისტეს მეორედ მოსვლის მნიშვნელობით იხმარება. რა არის მეორედ მოსვლა?! იესო ქრისტეს სწავლებით, ის დედამიწას მეორედაც მოევლინება და ეს მისი მეორედ მოსვლა იქნება დიდებითი, საზეიმო, ზეციდან ანგელოზთა დასებთან ერთად, იქნება ყველა მიცვალებულის მყისიერი მკვდრეთით აღდგომა და განსჯა (გასამართლება), რასაც საეკლესიო ენაზე “საშინელი სამსჯავრო” ეწოდება.

ეს აქტი საეკლესიო და სახარებისეული საზრისით არის სიკეთის ბოროტებაზე საბოლოო გამარჯვების და ბოროტების/ცოდვის საბოლოო გაქრობის და განადგურების აქტი. მთელი ქრისტიანული ეკლესია დღიდან ქრისტეს ზეცად ამაღლებისა დღემდე მის მეორედ მოსვლას ელის. ეს რწმენა, რაც სახარებაში და სამოციქულოს წიგნებში (ანუ ახალ აღთქმაში) მრავალჯერაა ხაზგასმული, ნიკეა-კონსტანტინოპოლის ‘სარწმუნოების სიმბოლო”-ში (ანუ “მრწამსი”) მეორდება და ყველა ქრისტიანული მიმდინარეობისათვის დოგმატური და ერთ-ერთი უმთავრესი სწავლებაა, რომელიც ყოველი ნათლობის წინ მოსანათლის, ან მისი ნათლიის მიერ წარმოითქმება:

”და კვალად მომავალ არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ. მოველი აღდგომასა მკუდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა. ამინ!” [თარგმანი ახალ ქართულ ენაზე: და ისევ მოვა {იესო ქრისტე} დიდებით, განსასჯელად ცოცხალთა და მიცვალებულთა, მის მეფობას არ ექნება დასასრული. მოველი მიცვალებულთა აღდგომას და  სამომავლო მარადიულ ცხოვრებას. ამინ!]

ქრისტეს მეორედ მოსვლას დღეს ხშირად საშიშ და პანიკურ შეფერილობას აძლევენ, რაც ქრისტიანულ მსოფლმხედველობას შორდება. სინამდვილეში ქრისტეს მეორედ მოსვლა ქრისტიანული ღვთისმეტყველებით სასიხარულო და ღვთაებრივი აქტია, რომელიც სამყაროს განახლებას და ბოროტების (მათ შორის, სიკვდილის და ავამყოფობათა) გაქრობას ემსახურება და არა კაცობრიობის განადგურებას.

როგორ და სად იკითხება აპოკალიფსის წიგნი?

პირველ რიგში, ყველა ქრისტიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ აპოკალიფსის წიგნი მთლიანად მეტაფორული და ალეგორიული ტექსტია და დაუშვებელი და შეუძლებელია მისი ბუკვალური, სისტყვასიტყვითი გაგება. აპოკალიფსის წიგნის მთლიანი მოცულობის ალეგორიულობის და ბოლომდე აუხსნელობის გამო, წმინდა მამათა უმრავლესობა თავს არიდებდა, განემარტა იგი, ხოლო მე-7 საუკუნემდე ამ წიგნის სამოციქულო წარმოშობა ეკლესიაში სადავოდ იყო ქცეული და წმინდა მამათა და ადგილობრივ ეკლესიათა ნაწილი მას არ აღიარებდა და ბიბლიის კანონში, ანუ ბიბლიურ წიგნთა სიაში არ შეჰქონდა. იყო ეჭვები, რომ ეს წიგნი სხვა იოანეს დაწერილი იყო და არა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მიერ. აღსანიშნავია, რომ გამოცხადების წიგნისგან განსხვავებით, იოანე მოციქულის სხვა წიგნები – სახარება და სამი ეპისტოლე (ანუ წერილი) – ეკლესიაში სადავო არასოდეს ყოფილა.

აპოკალიფსის ანუ გამოცხადების წიგნის ალეგორიულობას ხაზი გაუსვა მესამე საუკუნის წმინდა მამამ და საეკლესიო მწერალმა წმ. დიონისე ალექსანდრიელმა მთავარეპისკოპოსმა. მისი აზრით, ერეტიკოსებს ახასიათებთ: “ბოლო ჟამზე “ზენა და ამაღლებული აზრების” ნაკლებობა და მათ ნაცვლად ცათა სასუფეველში ამქვეყნიური ცოდვით დაცემის შემდგომი “კნინი და მოკვდავი საგნების” გადატანა, პროექცია. აქ დიონისე წმინდა წერილის სიტყვა-სიტყვით განმარტებას გულისხმობს და მისი ამაღლებული ალეგორიული წაკითხვის უარყოფას… ეს მიდგომა, წმინდა დიონისეს მიხედვით, გამოყენებული უნდა იქნას “იოანეს გამოცხადების” კითხვისას.

მართლაც, ამ გამოცხადებას სიტყვა-სიტყვით თუ წავიკითხავთ, რა შინაარსს გამოვიტანთ? ხმელეთსა და ზღვაზე დააბიჯებენ მრავალთავიანი ურჩხულები თუ დევები, რომლებიც კუდის მოქნევით ციდან ვარსკვლავებს ყრიან, მთვარეზე მდგომი მზით შემოსილი ქალი, რომელსაც მიეცემა არწივის ფრთები – ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენს წარმოსახვას აღაგზნებს და არანაირი სულიერი სარგებელი არ მოაქვს. რით შეიძლება ეს განსხვავდებოდეს წარმართული მითებისგან, რომლებშიც, მაგალითად, ღმერთები და ტიტანები ერთმანეთს ებრძვიან, და რომლის მსგავს შეხედულებებს პავლე მოციქული “დედაბრულ ზღაპრებს” უწოდებს?” (ციტატა თეოლოგიის დოქტორ ზურაბ ჯაშის სტატიიდან). 

VII  საუკუნის მეორე ნახევარში აპოკალიფსის წიგნი ორთოდოქსულმა ეკლესიამ ტრულის მეექვსე მსოფლიო კრებაზე საბოლოოდ აღიარა, მაგრამ იგი ეკლესიაში საკითხავ საღვთისმსახურო წიგნად მაინც ვერ იქცა. იგი ბიბლიის კანონიკურ წიგნთაგან ერთადერთია, რომელიც ღვთისმსახურებაზე არ იკითხება. ხოლო საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის მხოლოდ მე-10 საუკუნის ბოლოს აღიარა, როცა ეს წიგნი ქართულ ენაზე წმ. ექვთიმე მთაწმინდელის (ანუ ათონელის) მიერ პირველად ითარგმნა.

ანტიქრისტეს ბეჭდის ანუ მხეცის ნიშნის შესახებ საუბრობს წმ. იოანე მოციქულის გამოცხადების (ანუ აპოკალიპსის) წიგნის მე-13 თავის მე-16-18 მუხლები:

“16. და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. 17. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი – მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი. 18. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი – ექვსას სამოცდაექვსი.” (ბიბლია, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა, 1989 წ.).

აღსანიშნავია, რომ ბერძნული ორიგინალის შესაბამისი პასაჟი აღნიშნული რიცხვის აღსანიშნავად იყენებს არა არაბულ ციფრებს, რაც შედარებით გვიანდელი გამოგონებაა, არც  ბერძნულ ენაზე სიტყვიერ ტექსტს (როგორც ეს 1989 წლის ქართულ თარგმანში გვაქვს), არამედ ბერძნული ანბანის შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობის ასონიშნებს, ანუ არის ბერძნული ტრანსკრიპცია χξζ (χ=600, ξ=60, ζ=6; ჯამი=666). ამის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს წიგნი, ისევე როგორც მთელი ახალი აღთქმა, მათეს სახარების გამოკლებით, მოციქულთა მიერ ბერძნულ ენაზე, პირველ საუკუნეში დაიწერა.  შესაბამისად, არაბული ციფრებით გადმოცემული სამი ექვსიანი, რომელიც დღეს ხშირად მხეცის ნიშნად, წარმოუდგენიათ ადამიანებს, არაბიბლიურია და ეწინააღმდეგება ავთენტურობას.

VI-VII საუკუნეებში მოღვაწე, წმინდანად შერაცხილმა კაბადოკიის კესარიის მთავარეპისკოპოსმა ანდრიამ აპოკალიფსის წიგნის განმარტების დაწერა სცადა. მისი ტექსტი, რომელიც ეკლესიამ მიიღო, აპოკალიფსის წიგნის განმარტებისათვის პრაქტიკულად ერთადერთ სახელმძღვანელოდ რჩება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს განმარტება სრულყოფილი და საბოლო ჭეშმარიტების პრეტენზიის მქონე არაა. იგი მხოლოდ მცდელობაა ამ რთულზე რთული საღვთისმეტყველო თემის განსამარტავად. წმ. ანდრია კესარიელი ამ საკითხზე წერს:

“ამიტომ არაფერია შეუსაბამო იმაში, თუ ანტიქრისტეს მესაჭურვე ან წინამორბედი, დემონების დახმარებით, მხეცის გამოსახულებას გააკეთებს, ყალბად წარმოაჩენს მას და ბრძანებს მათ ცემას, ვინც მას თაყვანს არ სცემს; შეეცდება, განდგომის დამღუპველისა და მაცდურის სახელი დააწეროს მარჯვენა ხელზე, რათა ვერ შეძლონ მართალი და კეთილი საქმეების კეთება; შუბლზეც დააწერს მის სახელს, რათა ცდუნებულნი გაკადნიერდნენ და კიდევ მეტად ცდუნდნენ და წყვდიადში იყვნენ. მაგრამ მას არ მიიღებენ ისინი, ვისი სახეც ღვთაებრივი ნათელით იქნება აღბეჭდილი. ის ყველგან განავრცობს მხეცის ბეჭედს: ყიდვა-გაყიდვაში, რათა ისინი, ვინც ამ ბეჭდის მიღებაზე უარი თქვა, გასაჭირით მოკვდნენ.” (წყარო: Толкование на Апокалипсис святого Андрея, архиепископа Кесарийского. М., 2009. С.145).

რა სიმბოლური დატვირთვა აქვს 666-ს? 

ამის შესახებ წმინდა მამათა ერთიანი აზრი არ არსებობს. წმ. იპოლიტე რომაელი (170-235 წწ.) და წმ. ანდრია კესარიელი თვლიდნენ, რომ ეს რიცხვი (666) ანტიქრისტეს პირად სახელში უნდა ყოფილიყო დაშიფრული, ანუ რიცხვი ექვსასსამოცდაექვსი ანტიქრისტეს პირადი სახელის შიფროგრამაა, კოდირებული რიცხვია, რის მიხედვითაც ჩამოთვლდნენ რამდენიმე სავარაუდო სახელს და მის პიროვნულ მახასიათებლებზე ამახვილებდნენ ყურადღებას (იხ. ვრცლად თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ლექტორის, თეოლოგიის დოქტორ ირაკლი ორჟონიას სტატია “აპოკალიპტური მხეცის ნიშანი 666 და მისი საეკლესიო განმარტება”). 666-ს მეორე საუკუნის გამოჩენილი წმინდა მამა და საეკლესიო მწერალი, წმ. ირინეოს ლიონელი (130-202 წწ.) კი სხვაგვარად განმარტავდა, კერძოდ: “ღირსი ირინეოსი ყველა ზემოდასახელებულ რიცხვს სიმბოლურად განმარტავს და აერთიანებს მათ. კერძოდ, ნოეს ასაკად განსაზრვრული 600 წარღვნამდელი უკეთურების სიმბოლოა, დეირის ველზე აღმართული კერპი ზომებით 60 და 6 (60 წყრთა სიმაღლე და 6 წყრთა სიგანე) წარღვნის შემდგომი ეპოქის კაცობრიობის უზნეობას გამოსახავს, ანტიქრისტეს მიერ უკანასკნელ ჟამს საკუთარ თავში ყოვლითურთ თანაშემოკრებილს, რითაც ჯამში (600+60+6) ვიღებთ რიცხვს 666 (იხ. PG. t. 7, col. 1201-1203).” (ციტატა თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ლექტორის, თეოლოგიის დოქტორ ირაკლი ორჟონიას დასახელებული სტატიიდან).

მართლმადიდებელ ეკლესიაში დღეს გავრცელებული განმარტებით კი, მხეცის ნიშანი 666 პარალელს ჰპოულობს ძველ აღთქმაში,  მეფეთა წიგნში აღწერილ ამბავთან: ისრაელის მეფე სოლომონ ბრძენს ყოველწლიურად ხაზინაში შესდიოდა 666 ტალანტი ოქრო. სოლომონის ცოდვით დაცემის მიზეზი კი განცხრომა, მომხვეჭველობა, ანგარება და ფუფუნება იყო, რისი განსახიერებაც არის სწორედ რიცხვი 666 და ამიტომაც ეწოდება ანტიქრისტეს ნიშანი აპოკალიფსის წიგნში. თუმცა ეს განმარტება ძველ საეკლესიო მამებთან და განმმარტებლებთან არ გვხვდება.

რამდენად მართებულია ვაქცინაციის ანტიქრისტეს ბეჭედთან დაკავშირება?

მივუბრუნდეთ ანტიქრისტეს ბეჭდის და ვაქცინაციის, ანუ აცრის შესაძლო ურთიერთკავშირის საკითხს. თბილისის სასულიერო აკადემიის დოგმატური ღვთისმეტყველების და პატროლოგიის კათედრის გამგე, ფილოლოგიის და თეოლოგიის დოქტორი, პროფ. ედიშერ ჭელიძე წერს:

“თუ “გამოცხადების” ტექსტს პირდაპირ გავიგებთ, ანტიქრისტეს ბეჭედი დაიდება მარჯვენა ხელზე და შუბლზე (“მიიღონ ყოველთა ბეჭედი მისი ჴელსა ზედა მარჯუენესა, ანუ შუბლსა ზედა”, 13.17), თუმცა წმინდა ეკლესია ამ უწყებაშიც ხედავს არა ფიზიკურ (ნივთიერ) მხარეს, ​არამედ – სულიერს, კერძოდ “მარჯვენა ხელს” იმაზე მინიშნებად, რომ ანტიქრისტეს ბეჭდის მიმღებნი დაბრკოლდებიან კეთილი საქმისგან, რისი სიმბოლოცაა “მარჯვენა ხელი”, ხოლო შუბლს – იმაზე მინიშნებად, რომ ამგვარნი კადნიერი უსირცხვილობით შეუდგნენ ბოროტი საქმის კეთებას, ანუ ქართული გამონათქვამი, რომ მოვიშველიოთ, შუბლის (“სინდისის”) ძარღვს გაიწყვეტენ (შდრ. “დადებად მარჯუენესა ზედა, რაჲთა კეთილთა საქმეთა ქმნაჲ მოსწყჳდოს, და შუბლთა ზედა, რაჲთა ბოროტთა საქმეთა ქმნასა ზედა ურცხჳნო და კადნიერ იყვნენ”, წმ. ანდრია კესარიელი). ვინც ამახინჯებს მოციქულის სიტყვებს, ან საეკლესიო განმარტებას და თავისი ცრუ განმარტებანი შემოაქვს, ერეტიკოსია.”

შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოს უმთავრესი თეოლოგიური სასწავლებლის უმთავრესი ღვთისმეტყველის, ანუ თეოლოგის (პროფ. ე. ჭელიძე) განმარტება და მისი შეხედულება, როგორც საქართველოს საპატრიარქოს მთავარი თეოლოგიური სასწავლებლის დოგმატური ღვთისმეტყველების კათედრის გამგისა, შეგვიძლია ჩავთვალოთ თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიაში მიღებულ სასწავლო შეხედულებად და ნორმად. ანუ საქართველოს საპატრიარქოს უმაღლესი თეოლოგიურ სასწავლებელში ასე ასწავლიან სტუდენტებს, მომავალ სასულიერო პირებს ამ განსახილველ საკითხს. შესაბამისად, შეგვიძლია ცალსახად

განვაცხადოთ, რომ ვაქცინაციას ანუ აცრას არანაირი კავშირი არ აქვს აპოკალიფსის წიგნში აღწერილ ანტიქრისტეს ბეჭედთან (ანუ “მხეცის ნიშანი”) და მიმდენარე ფსევდორელიგიური განცხადებები არის წმინდა წერილის, ანუ ბიბლიის შინაარსის ფალსიფიკაცია და ანტიქრისტიანულია, ემსახურება მოსახლეობის დაშინებას, პანიკის დათესვას და აუცრელობას, რაც პირდაპირ იწვევს სიკვდილიანობის დიდ მატებას და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს პარალიზებას და დასავლეთის სამყაროს ქვეყნების დემონიზაციას, რომ თითქოს ამერიკას და ევროპას სურს კაცობრიობა დაჩიპოს და ანტიქრისტეს მონად აქციოს, არადა ვაქცინაციას ახორციელებს თვით ანტიდასავლური ქვეყნებიც, მათ შორის: რუსეთი, ირანი, ჩინეთი.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist