სხვადასხვა

სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი გრუ-ს მეთაურის ქალიშვილის ქორწილის ფოტოებში აღმოაჩინეს

15 ოქტომბერი, 2019

Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფმა და რადიო თავისუფლების ჟურნალისტებმა გრუ-ს 29155 სამხედრო დანაყოფის მეთაურის, გენერალ ანდრეი ვლადიმიროვიჩ ავერიანოვის ქალიშვილის ქორწილის ფოტოებში სკრიპალების საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ანატოლი ჩეპიგა აღმოაჩინეს. 

ჩეპიგა ამტკიცებს, რომ სპორტული კვების გაყიდვების აგენტი რუსლან ბოშიროვია, თუმცა გრუ-ს მეთაურის ქალიშვილის ქორწილის ფოტოები დამატებითი მტკიცებულებაა იმის დასადასტურებლად, რომ ანატოლი ჩეპიგა გრუ-ს ოფიცერია. მისი იდენტობა პირველად 2018 წლის სექტემბერში გამჟღავნდა, როდესაც რუსეთის გმირის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო მიიღო.

გრუ-ს დანაყოფი 29155 და მისი მეთაური, გენერალი ანდრეი ავერიანოვი, გარდა სკრიპალების მოწამვლისა, ევროპის მასშტაბით რუსეთის სამხედრო დაზვერვის არაერთ საიდუმლო ოპერაციასთან არის დაკავშირებული, მათ შორის იარაღის მწარმოებლის მოწამვლასთან ბულგარეთში (2015), გადატრიალების მოწყობის მცდელობასთან მონტენეგროში (2016) და ანტი-დოპინგის სააგენტოს ოპერაციებთან შვეიცარიაში (2016-2018).

წყარო: Bellingcat.com

2018 წლის 4 მარტს დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერიში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სკრიპალი ნერვული აგენტის “ნოვიჩოკის” გამოყენებით მოწამლეს.

სკრიპალების მოწამვლის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულმა გამოძიებამ გაასაჯაროვა,  რომლის მიხედვით საქმეში ეჭვმიტანილები რუსეთის მოქალაქეები ანატოლი ჩეპიგა და ალექსანდრ მიშკინი არიან. ეჭვმიტანილები ალექსანდრე პეტროვისა და რუსლან ბოშიროვის სახელით 2 მარტს ლონდონში ჩავიდნენ,  სკრიპალების მოწამვლის დღეს კი სოლსბერიში იმყოფებოდნენ. მათი პასპორტები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთანაა დაკავშირებული. რუსული მედია ცდილობს ეჭვმიტანილები სამოქალაქო პირებად და ტურისტებად წარმოაჩინოს. Russia Today-სთან ინტერვიუში ეჭვმიტანილების განცხადებები, თითქოს სოლსბერის ტურისტული მიზნით ეწვივნენ, თვითონ კი ბიზნესმენები არიან,  არ ემთხვევა Bellingcat-ის, The Insider-ის ჟურნალისტური გამოძიებისა და ბრიტანული საგამოძიებო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელიც სკრიპალების მოწამვლაში მათ მონაწილეობაზე და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კავშირებზე მიუთითებს.

ვრცლად სკრიპალების საქმეზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები: