ისტორია

სპუტნიკი ამტკიცებს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს შემადგენლობაში არ შედიოდნენ

29 აგვისტო, 2019

2019 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების 11 წლის თავზე,  Sputnik Абхазия-მ რუს პოლიტოლოგ არმენ გასპარიანთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სათაურით “გასპარიანი: არჩევნებზე ჩინეთიდან და გერმანიის ფეედრაციული რესპუბლიკიდან ჩამოსული დამკვირვებლების ყოფნა აფხაზეთის აღიარებაზე მეტყველებს”  (Гаспарян: присутствие наблюдателей из Китая и ФРГ на выборах говорит о признании Абхазии). 

არმენ გასპარიანი ამტკიცებს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ოქტომბრის რევოლუციამდე და საბჭოთა მმართველობის პირველ წლებში საქართველოს შემადგენლობაში არ იყვნენ და იქ იძულებითი გაქართველების პოლიტიკა გატარდა. 

არმენ გასპარიანი, რუსი პოლიტოლოგი: “არც ოქტომბრის რევოლუციამდე, არც საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში, როგორც ცნობილია, არც აფხაზეთი და არც სამხრეთ ოსეთი არ შედიოდნენ საქართველოს შემადგენლობაში. ისინი იქ ძალით შეტენეს, რომ  რეგიონის შემჭიდროვების პოლიტიკის რეალიზება მოეხდინათ. ამასთან, იძულებითი გაქართველების პოლიტიკაც გაატარეს. ამიტომ, იმას, რომ 90 წლის შემდეგ ისტორია დასრულდა, მე ძალიან პოზიტიურ მომენტად ვთვლი. და მე მიმაჩნია, რომ შორს აღარ არის ის მომენტი, როდესაც დანარჩენი ქვეყნებიც დაიწყებენ რესპუბლიკების აღიარებას, რადგან 11 წელი - დიდი ვადაა.”

რუსი პოლიტოლოგის განცხადება, თითქოს ოქტომბრის რევოლუციამდე აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში არ შედიოდნენ და ეს ტერიტორიები საბჭოთა პერიოდში საქართველოს ძალით შეუერთეს, ტყუილი და ისტორიის გაყალბების მცდელობაა. რეალურად, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორია საქართველოს იურისდიქციის გარეთ არასდროს ყოფილა. 1920 წლის 7 მაისის “მოსკოვის ხელშეკრულებით” რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა ყველა მაზრისა და “ოკრუგის”, მათ შორის ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ჩათვლით აღიარა.

    1. აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია საქართველოს იურისდიქციის გარეთ არასდროს ყოფილა

ისტორიულად, მათ შორის მეფის რუსეთის პერიოდშიც, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენდა. 1858 წლის მდგომარეობით აფხაზეთი ქუთაისის გუბერნიაში შედიოდა, ხოლო 1905 წელს ცხინვალის რეგიონი ტფილისის გუბერნიას ეკუთვნოდა

    2. 1920 წელს საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ჩათვლით აღიარა 

1920 წლის “მოსკოვის ხელშეკრულებით”, საბჭოთა რუსეთმა საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. ხელშეკრულების თანახმად, რუსეთმა საქართველო ა ტფილისის, ქუთაისის და ბათუმის გუბერნიები ყველა შემადგენელი მაზრითა და ოკრუგით, ცხინვალისა და აფხაზეთის ჩათვლით აღიარა. 

საქართველოს რუკა
წყარო: https://baltvilks.livejournal.com

განაპოლსკი

არმენ გასპარიანის შესახებ

არმენ გასპარიანი 2014 წლიდან რუსულ მედია საშუალება სპუტნიკში მუშაობს და ამავდროულად საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს (Russia Today) მმართველობის წევრია. პარალელურად ის რუსეთის სახელმწიფო დუმას ახალგაზრდული პარლამენტის საბჭოს წევრი და რადიომაუწყებლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის რუსეთის ფედერაციის კავშირგაბმულობის სამინისტროს ჯილდოს მფლობელია. 2018 წლის დეკემბერში რუსეთის ოპოზიციამ გასპარიანი “პუტინის პროპაგანდისტების სიაში” შეიყვანა