ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

Street Parade თუ აქცია ბერლინში COVID-19-ის შეზღუდვების წინააღმდეგ?

3 აგვისტო, 2020

2 აგვისტოს ფეისბუქ გვერდმა “ყოველდღიური მოვლენები” გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ხალხის დიდი მასის თავყრილობაა ასახული. ფოტოს თან ერთვის აღწერა: “ბერლინში აქციები და გამოსვლები კოვიდ აკრძალვებისა და შეზღუდვების წინააღმდეგ არ წყდება”. 3 აგვისტოს 12:00 საათის მდგომარეობით პოსტს 283 გაზიარება და 600-მდე რეაქცია აქვს.

3 აგვისტოს კრემლის გამოცემა News Front Georgia-მ სტატია, სათაურით “საპროტესტო გამოსვლა გერმანიაში ,,პანდემიის დასასრული – თავისუფლების დღე” იდენტური ფოტო გაავრცელა. ნიუსფრონტის სტატია გააზიარა კრემლისტურმა ფეისბუქ გვერდმა “ევრაზია - საინფორმაციო სააგენტო / Eurasia - Information Agency”.

""

"

ფოტო, რომელსაც “ყოველდღიური მოვლენები” ავრცელებს ბერლინის აქციებს არ უკავშირდება და ის 2019 წელს ციურიხში ჩატარებული მუსიკის ფესტივალს ასახავს. COVID-19-ის შეზღუდვების წინააღმდეგ ბერლინში გამართულ აქციაზე გავრცელებული ინფორმაცია ნახევრად სიმართლეა, რომელიც დემონსტრანტთა რაოდენობას მანიპულაციურად ზრდის და უცხოენოვან მედიაშიც ანალოგიურად გავრცელდა.

  • ფოტო 2019 წელს ციურიხშია გადაღებული

TinEye-ს ძებნის შედეგებმა აჩვენა, რომ ფოტო, რომელიც ფეისბუქ გვერდმა “ყოველდღიური მოვლენები” და კრემლის გამოცემა “ნიუსფრონტმა” ბერლინის აქციების მტკიცებულებად გამოაქვეყნეს, ყველაზე ადრე 2019 წლის ივლისში იძებნება და ის ბერლინს საერთოდ არ უკავშირდება.

Street Parade შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ტექნო მუსიკის ყოველწლიური ფესტივალია, რომელსაც მილიონამდე ადამიანი სტუმრობს. ფესტივალის მონაწილეები 2019 წლის ზაფხულში ციურიხის ტბის (Zürichsee) მიდამოებში კვლავ შეიკრიბნენ, ქუჩაში გამართულ ფესტივალს ასობით ათასი ადამიანი დაესწრო და ზემოაღნიშნული ფოტოც სწორედ ამ ფესტივალს ასახავს.

"
ფოტო: Streetparade.com

"

  • რამდენი ადამიანი ესწრებოდა ბერლინის საპროტესტო აქციებს?

როგორც Tagesschau იტყობინება, 1 აგვისტოს ბერლინში COVID-19-ის შეზღუდვების წინააღმდეგ დაგეგმილს აქციას ბევრი კრიტიკა და დისკუსია მოჰყვა. სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია და მანიპულაციური ფოტოები, თითქოს აქციებს 1.3 მილიონი ადამიანი დაესწრო. თარიღისა და მონაცემების ანალიტიკოსმა ფილიპ კრაისელმა 120 ფეისბუქ ჯგუფი და პროფილი აღრიცხა, რომლებიც მსგავს მანიპულაციურ მონაცემებს ავრცელებდნენ, მათ შორის იყვნენ მემარჯვენე რადიკალები და კონსპიროლოგები. რეპორტიორები და ფაქტების გადამოწმების პორტალები კი საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, მათი გამოთვლებით, პოლიციის მიერ წარმოდგენილი რიცხვი უფრო რეალისტურია და აქციაზე დაახლოებით 12 000-დან 20 000-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

ფოტოები აჩვენებს, რომ დემონსტრაციებს არ შეუვსია 17 ივნისის ქუჩა ბერლინში, ბრანდერბურგის ჭიშკარსა და გამარჯვების სვეტს შორის. MapChecking-ის ხელსაწყოს საშუალებით შესაძლებელია კონკრეტულ სივრცეში ადამიანების რაოდენობის გამოთვლა, გერმანელმა ჟურნალისტებმა და ფაქტჩეკერებმა ამ ინტერნეტ ხელსაწყოს დახმარებით გამოთვალეს, რომ 1 აგვისტოს აქციისთვის 20 000-იც კი ძალიან გაბერილი რიცხვია. ამასთან, შედარებისთვის მოიყვანეს 2001 წლის სიყვარულის მარში, რომელსაც დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი ესწრებოდა, აღნიშნულ მარშზე 17 ივნისის ქუჩა, ასევე გამარჯვების სვეტის უკანა ტერიტორია, მიმდებარე ქუჩები და პარკები ხალხით იყო გადაჭედილი.

"

"

გვერდ “ყოველდღიური მოვლენების” შესახებ

გვერდი, რომელმაც ციურიხის ფოტო გაავრცელა და ბერლინის დემონსტრაციებს მიაწერა, 2018 წლის 14 ივლისს არის შექმნილი. “მითების დეტექტორი” გასულ კვირას გვერდის გავრცელებულ სხვა ფოტომანიპულაციაზეც წერდა, რომელიც “მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტს ეხებოდა. “ყოველდღიურ მოვლენებს” მთავარ ფოტოდ მთავარი არხის ლოგო ეყენა, თუმცა “მითების დეტექტორის: მასალის გამოქვეყნების შემდეგ, მან ფოტო შეცვალა და ამჟამად გვერდის მთავარი ფოტო თბილისის ხედია.

"

News Front Georgia-ს შესახებ

2019 წლის ოქტომბერში ქართულ მედია ბაზარზე კრემლისტური მედია News Front-ის ქართულენოვანი ვებ-გვერდი გამოჩნდა. News Front-ი ამ დრომდე ინფორმაციას 8 ენაზე - რუსულად, გერმანულად, ინგლისურად, სერბულად, ესპანურად, ფრანგულად და უნგრულად - აქვეყნებდა. 2019 წლის ოქტომბერში კი პლატფორმას ქართული ენაც დაემატა. News Front უკრაინის ტერიტორიების - დონბასის, ლუგანსკისა და ყირიმის -  დამოუკიდებლობას აღიარებს და მისი სარედაქციო პოლიტიკა კრემლის დღის წესრიგის იდენტურია. News Front საქართველოს რედაქტორი “კავკასიის ისლამური კვლევების დამფუძნებელი” შოთა აფხაიძეა, რომელიც გამოცემას მოსკოვიდან მართავს. News Front Georgia-ს ფეისბუქ გვერდი და მისი ქსელი ფეისბუქის ადმინისტრაციამ 2020 წლის აპრილში წაშალა.


მოამზადა მაიკო რატიანმა