ვინ მანიპულირებს ისტორიკოსი ჰარარის ინტერვიუებით თითქოს მან ვაქცინაცია ადამიანების მართვას დაუკავშირა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

0
VIEWS

25 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა “მაია თვალთვაძე” და ანონიმურმა ანგარიშებმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” და “ნამდვილი მეგობარი” გაავრცელეს ვიდეოები, რომელშიც ისრაელელი პროფესორი, ისტორიკოსი და პუბლიცისტი ნოა ჰარარი საუბრობს კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხელოვნურ ინტელექტსა და მოსახლეობის საყოველთაო მონიტორინგზე. პოსტების ავტორების მტკიცებით, ამ ვიდეოებში ჰარარი პირდაპირ ამბობს, რომ პანდემიისა და ვაქცინების მეშვეობით ადამიანების სხეულში შეიყვანეს ბიო-სენსორები, რომლის მეშვეობითაც მოხდება ხალხის მუდმივი კონტროლი, თვალთვალი და მონაცემების შეგროვება, რომელსაც შემდეგ ხელოვნური ინტელექტი დაამუშავებს. თვალთვაძის მიერ ატვირთულ ვიდეოში კი, ჰარარი ამბობს, რომ პანდემია შექმნა ბილ გეითსმა, იმისათვის, რომ კონტროლი დაამყაროს მთელ პლანეტაზე.

გავრცელებული პოსტები ვიდეომანიპულაციას და მცდარ მტკიცებებს შეიცავს. თვალთვაძის მიერ ატვირთული ვიდეო დაჭრილია ისე, რომ შექმნას არასწორი წარმოდგენა, თითქოს პანდემია გამიზნულად მოხდა და ბილ გეითსთანაა კავშირში. სინამდვილეში, ნოა ჰარარი ამ ინტერვიუში ამბობს, რომ კონპირაციის თეორიაა, თითქოს კორონავირუსი ბილ გეითსმა შექმნა. მეორე გავრცელებულ ვიდეოში კი ჰარარის არ უთქვამს, რომ ვაქცინებით ხალხს ბიო-სენსორები ან რაიმე სხვა მსგავსი მოწყობილობები შეუყვანეს და პოსტების აღწერაში მისი განცხადება არასწორადაა გადმოცემული.

მაია თვალთვაძის მიერ ატვირთული ვიდეოს კადრები ამოჭრილია 2020 წლის ოქტომბრის ინტერვიუდან, ნოა ჰარარისა და ჟურნალისტ რომი ნოიმარკს შორის, რომელშიც ისტორიკოსი საუბრობს იმ დროს მიმდინარე პანდემიაზე, მის გამოწვევებსა და სავარაუდო შედეგებზე. ის აცხადებს, რომ პრაქტიკულად დღეს არსებობს ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ადამიანის თვათვალი და მისი მანიპულირება, რის გამოც ძველ შეხედულებებზე დაყრდნობით ვეღარ ვიცხოვრებთ და გვჭირდება ახალი დემოკრატიული და საბაზრო სისტემების შექმნა. მას მაგალითად მოყავს კომერციული ობიექტები, რომელთაც ახლა აქვთ იმის საშუალება, რომ ზეგავლენა მოახდინონ მათი კლიენტების სურვილებზე და აყიდინოს ის, რაც კორპორაციას სურს, რომ მომხმარებელმა იყიდოს. შედეგად, ისინი მომხმარებელთა სურვილებს არ ერგებიან, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ამ საკითხებთან დაკავშირებით, ის ახსენებს, რომ პანდემიის გამო ყველა სფერო ხდება ციფრული და დაწყებულია ყველაფრის კონტროლი, თუმცა ჰარარი ასევე ამბობს, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალი ცუდი იქნება, რადგან კრიზისები გვაძლევს შესაძლებლობებსაც და მისი გამოყენება შესაძლებელია სწორი რეფორმების გასატარებლად. სწორედ ამ თემებზე საუბრისას მან განაცხადა, რომ ზოგიერთი ადამიანი ამ ცვლილებებს იყენებს ისეთი სასაცილო შეთქმულების თეორიების გასავრცელებლად, როგორიცაა ის, თითქოს “ბილ გეითსმა შექმნა ეპიდემია ლაბორატორიაში, მთელი მსოფლიოს ხელში ჩასაგდებად”.

ნოა ჰარარიმ ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინები (რომლებიც იმ დროისთვის ჯერ ხელმისაწვდომი არ იყო) პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემებს მეტად მართვადს გახდის, თუმცა ეს ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ მომავალი იქნება სრულიად განსხვავებული და ტექნოლოგიებით დომინირებული. მისი აზრით, ეს ცვლილებები კოვიდის გარეშეც მოხდებოდა და პანდემიამ უბრალოდ 10-20 წლით დააჩქარა მოვლენების განვითარება.

“ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გავრცელებული ვიდეო 2020 წელს გამართული “ათენის დემოკრატიის ფორუმიდან” ამოჭრილი კადრებით არის შედგენილი. უნდა აღინიშნოს, რომ ნოა ჰარარი  არ ამბობს, თითქოს ვაქცინების მეშვეობით ადამიანებს სხეულში ბიოსენსორები, ან რაიმე მსგავსი შეიყვანეს. ის ამას ვერც იტყოდა, რადგან იმ დროისათვის ვაქცინები ჯერ მზადების კვლევის ეტაპზე და შესაბამისად ხალხისათვის ხელმიუწვდომელი იყო. ჰარარი საუბრობს იმაზე, რომ კოვიდ პანდემიამ გამოიწვია პრაქტიკულად ყველა სფეროს ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა და დაიწყო ყველაფრის მონიტორინგი. მისი აზრით, იმ დროისთვის სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად იქცა ადამიანის ორგანიზმის შიგნით მიმდინარე პროცესების აღქმა, გაცნობიერება და მასზე დაკვირვება. მისი თქმით, კომპიუტერული ტექნოლოგიები და ბიოლოგიური მეცნიერებები ჯერ კიდევ განცალკევებულები არიან ერთმანეთისგანნ, თუმცა ისინი ნელ-ნელა ერთიანდებიან ბიო-სენსორებში, ტექნოლოგიაში, რომელიც ბიოლოგიურ მონაცემებს ციფრულ მონაცემებად გარდაქმნის, რომელსაც თავის მხრივ კომპიუტერი აანალიზებს. ჰარარის მტკიცებით, უახლოეს მომავალში ნებისმიერ ალგორითმს, ადამიანის ორგანიზმზე, მისი თვალების მოძრაობაზე და ა.შ. დაკვირვებით პიროვნების სექსუალური ორიენტაციის დადგენაც კი შეეძლება. მას მაგალითად მოყავს სიცხის საზომი ტექნოლოგია, რომელსაც ამ მომენტისთვის იმის დასადგენად იყენებენ, აქვს თუ არა პიროვნებას კოვიდი, თუმცა, არასწორ ხელში, მომავალში, ამ ტექნოლოგიის გამოყენება შეიძლება ისეც, რომ დაადგინონ შენი დამოკიდებულება მთავრობის ან სხვა საკითხების მიმართაც. 

შესაბამისად, ჰარარი, მართლაც საუბრობს პოტენციურ ტექნოლოგიურ საფრთხეებზე, თუმცა მას ვაქცინაციას არ უკავშირებს.

წყაროების შესახებ:

ფეისბუქ ანგარიში მაია თვალთვაძე რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.  

ანონიმური ფეისბუკ-ანგარიში “ბოლო ჟამის ქრისტიანები” რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. ამ პროფილის გამოქვეყნებულ პოსტებზე “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები ვრცლად იხილეთ აქ.

ანონიმური ანგარიში “ნამდვილი მეგობარი” კონსპირაციების თეორიებს, ანტივაქსერული შინაარსის და დეზინფორმაციის შემცველ პოსტებს რეგულარულად აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist