NATO-ში ინტეგრაცია

თარხან-მოურავი მოსახლეობის 78%-ის სახელით NATO-ზე საუბრობს

19 მარტი, 2020

2020 წლის 6 მარტს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში NATO-სა და საქართველოს ნეიტრალიტეტზე ისაუბრა. მისი თქმით, მოსახლეობით თითქმის 78%-ი NATO-ს წინააღმდეგია და ნეიტრალიტეტს/სამხედრო მიუმხრომლობას ითხოვს.

 

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: “ის, რომ 78% თითქმის ამბობს, რომ - რა ნატო? კარგია რომ ყველას გვინდა ნეიტრალიტეტი, ყველას გვინდა სამხედრო მიუმხრობლობა.”

ქვეყნის მოსახლეობის გაცხადებულ სურვილს, საქართველო NATO-ს წევრი გახდეს, რომელიც 2008 წლის პლებისციტმა დაადასტურა,  საქართველოში მოქმედი კრემლის აქტორები წლებია ეჭვქვეშ აყენებენ. ისინი წლებია პლებისციტს უკანონოს უწოდებენ და მისი შედეგების გადახედვას ითხოვენ, იმ არგუმენტით, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იყო.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პლებისციტი, რომელშიც მოსახლეობის 77%-მა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას დაუჭირა მხარი. საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ (NDI, IRI) წლების მანძილზე ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლოების უმეტესობა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მომხრეა. NDI-ს 2019 წლის ივლისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, NATO-ში გაწევრიანების მომხრე მოსახლეობის 71 %-ია. მხარდაჭერის მსგავსს სურათს აჩვენებს IRI-ც - 2018 წლის სექტემბრის გამოკითხვის მიხედვით, NATO-ში ინტეგრაციას სრულად მოსახლეობის 70% უჭეს მხარს. 

“მედიის განვითარების ფონდის” ანტიდასავლური პროპაგანდის 2017 და 2018 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ პლებისციტის და საზოგადოებაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით არსებული კონსენსუსის ეჭვქვეშ დაყენება იმ მიზნით ხდებოდა, რომ ნატო ქართველი ხალხის არჩევანს არ წარმოადგენს. 

საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტების მიერ ჩატარებული გამოკითხვებისა და პლებისციტის შედეგების უარყოფის მიზნით, “პატრიოტთა ალიანსმა” ალტერნატიული “კვლევა” ჩაატარა, რომლის თანახმადაც 78 % NATO-ში ინტეგრაციას ეწინააღმდეგება და ქვეყნის ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს, თუმცა ამ კვლევის მეთოდოლოგია, კვლევის დიზაინი და შერჩევა გამჭვირვალე არ არის. NATO-ს ალტერნატივად “პატრიოტთა ალიანსი” სამხედრო მიუმხრომლობას, საქართველო- NATO -რუსეთის ფორმატის შექმნას, რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებასა და ოკუპაციის კანონის გაუქმებას ითხოვენ. ამით, “პატრიოტთა ალიანსი” ქმნის ილუზიას, თითქოს რუსეთთან რბილი რიტორიკა ტერიტორიების დაბრუნების გარანტიაა. 

მოსკოვთან, ცხინვალთან და სოხუმთან პირდაპირი დიალოგის დაწყებაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის გაუქმებას და აგრესორი ქვეყნის პირისპირ საქართველოს ერთი-ერთზე დარჩენას ისახავს მიზნად. ამასთან, რუსეთის მიზანია პრობლემა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის კონფლიქტად წარმოაჩინოს, სადაც ის შუამავლის როლს ასრულებს და არა ოკუპანტის.

წყარო ციტატა
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი “ის რომ 78% თითქმის ამბობს, რომ - რა ნატო? კარგია რომ ყველას გვინდა ნეიტრალიტეტი, ყველას გვინდა სამხედრო მიუმხრობლობა.”
ობიექტივი, 06.03.2020
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი

„78%-ს აღარ უნდა ნატო. მიხვდა ხალხი, რომ ტყუილია ეს ნატო. მიხვდა, რომ დავკარგეთ ამასობაში ტერიტორიები, ლამის ქვეყანა დაინგრა... ნეიტრალიტეტი არის ახალი პოლიტიკა მსოფლიოში... თვითონ რუსეთმა პირველად ამდენი წლის მერე თქვა, რომ: არაფერი არ მინდა, ნეიტრალიტეტი გამოაცხადეთ, სამხედრო მიუმხრობლობა და ჩვენ შორის იქნება მშვიდობა. აფხაზი გეუბნება, რომ თუ ეს არა მაშინ ლაპარაკი შენთან არ მინდა, ოსი გეუბნება, თუ ეს არა ლაპარაკი... რა მიხვედრა უნდა?“

ობიექტივი, 21 .02.2020

კახა ღირსიაშვილი, პატრიოტთა ალიანსი

„პატრიოტთა ალიანსმა ჩაატარა ძალიან დიდი გამოკითხვა 3 დიდ ქალაქში. 214 000-მა ადამინმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 77% მხარს უჭერს სამხედრო მიუმხრობლობას.“

ობიექტივი, 05.02.2020

ვალერი კვარაცხელია, ნეიტრალური/სოციალისტური საქართველო, ობიექტივი

„როგროც ირმა ინაშვილი აცხადებს, გამოკითხვაში ფიგურირებდა საკითხი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისა და მოსკოვთან, სოხუმსა და ცხინვალთნ პირდაპირი დიალოგის აუცილებლობის შესახებ...
ესეც მე ხომ არ ვარ, ეს უკვე ქართველი ხალხის მიერ გამოტანილი ვერდიქტია.”

ასავალ-დასავალი, 20-26.01.2020

საქინფორმი

“საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მუდამ სკეპტიკურად ეპყრობოდა საქართველოში შესვლას ამ ორგანიზაციებში, რომლებმაც, პრაქტიკულად, უარი უთხრეს მას წევრობაზე. ხოლო საერთაშორისო არენაზე მიმდინარე ბოლო მოვლენების ჭრილში დეკლარირებული დასავლური ღირებულებებიც კი მოქალაქეებში, უკეთეს შემთხვევაში - სარკაზმს, უფრო ხშირად კი აგრესიულ დამოკიდებულებას იწვევს.”

17.01.2020

გურამ ნიკოლაიშვილი, გენერალ-ლეიტენანტი “ყველა ბოლოდროინდელი გამოკითხვა, ყველა კვლევა და სტატისტიკა ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დღეს მიუმხრობლობის პოლიტიკას ირჩევს. “ენ–დი–აი”-სა და “აი–არ–აი”-ს კვლევებიც ამას ცხადყოფს. ასე რომ, ქართველი ხალხის არჩევანი ნატო არ არის.”
საქართველო და მსოფლიო, 11.03.2020