NATO-ში ინტეგრაცია

თარხან-მოურავი, putin-news.ru და სხვები ამტკიცებენ, თითქოს მერკელი გერმანიის ნატო-დან გასვლას განიხილავს

26 დეკემბერი, 2019

20 დეკემბერს TV ობიექტივის თოქ-შოუი “ღამის სტუდია” პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ნატოს დატოვებას განიხილავს და იმ ფონზე, როცა ძლიერი ევროპული ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთი ნატოში ყოფნას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ,  უმჯობესია, საქართველომ სამხედრო ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს.

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „გუშინდელია ხო ანგელა მერკელის განცხადება, თუ არ ვცდები, რომელიც თვითონ ამბობს, რომ გერმანია, ალბათ, გავა ნატო-დან...... მაგალითად, საფრანგეთმა დატოვა ნატო, შევიდა ნატო-ში, დატოვა, შევიდა, ასე რომ არც საფრანგეთი, არც გერმანია, ყველაზე ძლიერი ევროპული ქვეყნები არ განიხილავენ ნატო-ში ყოფნას… სამხედრო მიუმხრობლობა, ანუ შვეიცარია, ავსტრია, შვედეთი, ფინეთის ტიპის სამხედრო ნეიტრალიტეტი საქართველოსთვის დღეს გადამრჩენია და გადამწყვეტია რატომ? პირველი იმიტომ, რომ ნატო ჩევნ არ მიგვიღებს და არც გვღებულობს და მეორე იმიტომ, რომ ნატო აგერ თვითონ იშლება და ნახეთ აგერ ანგელა მერკელის განცხადება და მესამე იმიტომ, რომ ეს გამოიწვევს ჩვენი ქვეყნისთვის ომს...“

დავით თარხან-მოურავის განცხადება, თითქოს მერკელმა გერმანიის ნატო-დან შესაძლო გასვლაზე ისაუბრა, დეზინფორმაციაა. რეალურად, მერკელი ნატო-ს გერმანიის უსაფრთხოების გარანტად განიხილავს. ყალბ ცნობებს ნატო-ს დატოვების შესახებ კი მხოლოდ საეჭვო რუსული გამოცემები ავრცელებენ. ისინი წყაროდ ავსტრიულ გამოცემა Contra magazin-ს იმოწმებენ, რომელსაც მითითებული აქვს, რომ ვებ გვერდი პასუხს არ აგებს განთავსებული ინფორმაციის სანდოობაზე.

  • ანგელა მერკელი ნატოს გერმანიის უსაფრთოხების გარანტად განიხილავს

27 ნოემბერს, ანგელა მერკელმა გერმანიის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ალიანსი დღეს ევროპის უსაფრთხოებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს საბჭოთა კავშირთან დაპირისპირების კულმინაციის დროს იყო.

მან ასევე აღნიშნა, რომ “ნატო-ს შენარჩუნება გერმანიის საუკეთესო ინტერესებში შედის”,  ”ევროპა ვერ დაიცავს საკუთარ თავს” და ნატო “თავისუფლების და მშვიდობის დამცავი ზღუდეა”.

მერკელმა პირობა დადო, რომ 2024 წლამდე გერმანიის თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 1.5 პროცენტამდე გაზრდება, ხოლო 2030 წლისთვის 2 პროცენტს მიაღწევს. 

  • გერმანიის მიერ ნატოს დატოვების შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული ვებ გვერდები ავრცელებენ

გერმანიის მიერ ნატოს დატოვების შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული ვებ გვერდები news.sputnik.runews.rambler.ru, argumenti.ru, putin-news.ru და avia.pro 16-17 დეკემბერს ავრცელებდნენ.

""

"

"

აღნიშნული ვებ-გვერდები ინფორმაციის წყაროდ გამოცემა "Contra Magazin"-ს ასახელებენ, რომელთანაც ავსტრიელმა სამხედრო ექსპერტებმა თითქოს განცხადეს, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში არაერთ პოლიტიკოსს აქვს ქვეყნის ნატოდან გამოსვლის გეგმა. 

მერკელის განცხადება ნატო-დან გამოსვლის შესახებ სხვა წყაროებში არ გვხვდება.

  • Contra Magazin ულტრამემარჯვენე და პრო-რუსული მედიაა

ვებ-გვერდი Contra-Magazin.com  ავსტრიული გამოცემაა, რომელიც 2013 წელს შეიქმნა და მუშაობს, როგორც ყოვლისმომცველი მედია კონტენტის მქონე ონალინ ჟურნალი. 

Contra magazin-ის გამოყენების პირობებში  წერია, რომ ვებ-გვერდი მასზე განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

"

ჟურნალი ძირითადად მემარჯვენე-ფაშისტურ შეთქმულების თეორიებს, ანტი-სემიტურ, ანტი-ლიბერალურ, პრო-რუსულ პროპაგანდისტულ ინფორმაციას ავრცელებს. ჟურნალის ერთ-ერთი რედაქტორი ანდრეას კელჩა თავის სტატიებში არ ერიდება ნაცისტური ტერმინოლოგიის გამოყენებას და ბიოლოგიური სიწმინდის თეორიის შესახებაც საუბრობს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ Contra Magazin-ის ვებ-გვერდზე განთავსებული მასალა ხშირად რუსული პროპაგანდისტული ვებ-გვერდების მიერ გამოქვეყნებული მასალის იდენტურია. მაგალითად, სტატიები, რომლებიც ქვეყნდება "Russia Today" - ის გერმანულენოვან ვებ-გვერდზე,  პირდაპირ გადადის "contra magzin"-შიც, როგორც მათ შორის შინაარსობრივი პარტნიორობის ნაწილი. ზოგჯერ, ასევე, პირდაპირ გადაქვთ ტექსტები "Sputnik News" - დან და სხვა პრო-რუსული ვებ-გვერდებიდან.

"

"Contra Magazin" ასევე აქტიურია ფეისბუქზეც და 28,000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, მათ შორის ულტრამემარჯვენე, ფაშისტური ჯგუფები. 

ყალბ გზავნილებს, თითქოს ნატო იშლება, კრემლის აქტორები პერიოდულად ავრცელებენ. პრორუსული პარტია “პატრიორტთა ალიანსი” კი ნატოს მიმართ ნიჰილიზმს მუდმივად თესავს და მისაღებ ალტერნატივად საქართველოს სამხედრო მიუმხრობლობას წარმოაჩენს. 

ვრცლად ამ საკითხების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

  •  მითი საქართველოს ნეიტრალიტეტისა და „უბლოკო სტატუსის შესახებ"
  •  Geworld-მ NATO-ს გენერალური მდივნის სიტყვების მანიპულაცია მოახდინა

მოამზადა მარიამ თოფჩიშვილმა
მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი