ცნობა “ცათა სასუფევლის” შესახებ სატირა აღმოჩნდა

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

3.8k
VIEWS

2021 წლის 18 მაისს ქლიქბაით გვედმა sport365.ge სტატია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: “NASA – ს ასტრონომებმა ღვთის სასუფეველი აღმოაჩინეს – ნახეთ, სად ხვდებიან ადამიანები გარდაცვალების შემდეგ”. სტატიის მიხედვით, 1994 წელს ჰაბლის ტელესკოპმა კოსმოსში ხელოვნური წარმომავლობის გიგანტური ობიექტი დააფიქსირა, ხოლო მას შემდეგ, რაც სპეციალისტებმა ობიექტის სხვა ფოტოებიც მიიღეს და დეტალურად შეისწავლეს, მათ შორეული გალაქტიკის ცენტრში მდებარე კოლოსალური ზომის ქალაქი აღმოაჩინეს. სწორედ ამ ქალაქს უწოდეს “ღვითს სასუფეველი”. სტატიაში ნათქვამია, რომ თავდაპირველად აშშ-ს მთავრობამ ინფორმაციის გასაიდუმლოება სცადა და NASA-ს მეცნიერებს სურათების გამოქვეყნების საშუალება არ მისცა, თუმცა 1995 წელს “სასუფევლის” ფოტოები გერმანულ სამეცნიერო ჟურნალიში გამოქვეყნდა და ინფორმაციის გასაიდუმლოება შეუძლებელი გახდა.

sport365-ის მასალას “ღვთის სასუფლევლის” სამი სხვადასხვა სურათი ერთვის. პირველი ფოტო შავ-თეთრია და ღია კოსმოსში “მოცურავე” მბრწყინავ ქალაქს ასახავს, ხოლო სხვა ორ სურათზე გალაქტიკის ცენტრში მოთავსებული ქალაქის მსგავსი ობიექტებია გამოსახული.

;
იდენტური სტატია და ფოტომასალა ქართულ ინტერნეტსივრცეში ადრეც ვრცელდებოდა. NASA-ს მიერ “ღვთის სასუფევლის” აღმოჩენის შესახებ 2015 წელს intermedia.ge, ხოლო 2016 წელს plus.kvira.ge წერდა. აღსანიშნავია, რომ სამივე ვებ-გვერდის მიერ გამოქვეყნებული მასალა ზედმიწევნით ემთხვევა ერთმანეთს.

; ;

მტკიცება, თითქოს NASA-მ “ღვთის სასუფეველი” აღმოაჩინა, დეზინფორმაციაა, რომელიც უკვე წლებია ინტერნეტსივრცეში ვრცელდება და სათავეს ამერიკული სატირული გამოცემის 1994 წლის სტატიიდან იღებს. გავრცელებული სამი სურათიდან პირველი სწორედ აღნიშნული სატირულ გამოცემაში დაიბეჭდა და იგი მთლიანად ფალსიფიცირებულია, ხოლო დანარჩენი ორი ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული ფოტოების ფოტოშოპით დამუშავებულ ვერსიებს წარმოადგენს.

  • ამბავი “ღვითს სასუფევლის” აღმოჩენის შესახებ 1994 წელს ამერიკულმა სატირულმა გამოცემამ შეთხზა

ინფორმაცია, თითქოს ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა “ღვითს სასუფევლის” ფოტოსურათი გადაიღო, პირველად ამერიკული სატირული ტაბლოიდის The Weekly World News-ის 1994 წლის 8 თებერვლის ნომერში გამოჩნდა. 1994 წელს გამოცემა ჯერ კიდევ ბეჭდური სახით გამოდიოდა, თუმცა ნომრის ციფრული ვერსია Google Book-ის ბაზაში სრულადაა ხელმისაწვდომი. სამოთხის აღმოჩენის შესახებ სენსაციური ამბავი 1994 წლის 8 თებერვლის ნომრის გარეკანზე იმ ფოტოსთან ერთად დაიბეჭდა, რომლის დამუშავებული ვერსია ქართულმა გამოცემებმა გაავრცელეს.
; ;
The Weekly World News-ის სტატიაში ნათქვამია, რომ აღნიშნული სურათი NASA-ს ზე-საიდუმლოს წარმოადგენს, თუმცა კოსმოსური სააგენტოს ერთ-ერთმა ანონიმურმა წარმომადგენლემა ფოტოები გამოცემის ჟურნალისტს ექსკლუზიურად მიაწოდა და განუცხადა, რომ მეცნიერები ღმერთის არსებობაში საბოლოოდ დაწმუნდნენ. სატირული გამოცემის მიერ გამოგონებული სენსაციური ამბავი უკვე წლებია ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა ბლოგსა და ვებ-გვერდზე ყალბ ფოტოსთან ერთად ვრცელდება.

ტაბლოიდური გამოცემა The Weekly World News უცნაურ და ხშირ შემთხვევაში გამოგონილ ამბებსა და სიახლეებს 1979 წლიდან აქვეყნებს. ილუსტრირებული ჟურნალის ბეჭდურ ვერსია 1979-2007 წლებში გამოდიოდა. Google Books-ზე ხელმისაწვდომია ჟურნალის 1981-2007 წლების სრული არქივი. გარდა “სასუფევლის” აღმოჩენის სენსაციური ახალი ამბისა, The Weekly World News სხვადასხვა დროს წერდა, რომ ლოს-ანჯელესში მიწისძვრის შედეგად ჯოჯოხეთის კარიბჭე გაიღო, საიდანაც დემონები ამოვიდნენ, ხოლო ერთ-ერთი ნომრის მთავარი თემა ჰილარი კლინტონის მიერ უცხოპლანეტელი ჩვილის შვილად აყვანა გახდა.
;

2007 წლიდან გამოცემა ვებ-გვერდის სახით არსებობს. The Weekly World News-ის საიტზე სამოთხის აღმოჩენის შესახებ დაწერილი 1994 წლის სტატიაც გვხვდება.

  • ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული სურათები დამუშავებულია

კიდევ ერთი სურათი, რომელსაც ქართული ქლიქბაითის სტატიაში ვხვდებით, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ 2002 წლის 30 აპრილს გადაღებული ფოტოს ფრაგმენტის დამუშავებულ ვარიანტს წარმოადგენს. კერძოდ, გაყალბებულ სურათში გალაქტიკის ცენტრში თეთრი შენობების სილუეტები ჩანს, თუმცა რეალურად, ფოტოს ორიგინალში მსგავსი არაფერი გვხვდება.

;
NASA-ს მიხედვით, აღნიშნული სურათი არა “ღვთის სასუფეველს”, არამედ გალაქტიკა UGC 10214-ს  ე.წ. “თავკომბალის გალაკქტიკას” და მის ვარსკვლავურ “კუდს”  ასახავს. გალაქტიკის ძლიერი გრავიტაციული ველის ზემოქმედების შედეგად მას 280 000 სინათლის წელიწადის სიგრძის “კუდი” აქვს, რომელიც ახალგაზრდა ვარსკვლავებისგან შედგება. გალაქტიკა მეცნიერებმა პირველად 2002 წლის მარტში შენიშნეს, იგი დედამიწისგან 420 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული.

;
გალაქტიკა UGC 10214 Photo: NASA/ the Space Telescope Science Institute

საძიებო ხელსაწყო “TinEye”-ის მიხედვით, “თავკომბალის გალაქტიკის” ცენტრის დამუშავებული სურათი პირველად 2015 წლის 1 დეკემბერს ვებ-გვერდებმა parker.inf.ua-მ და atura.ua-მ გაავრცელეს, თუმცა ამჟამად ორივე წაშლილია.

;
გაყალბებულია მესამე სურათიც, რომელიც თითქოს გალაქტიკის ცენტრში მდებარე ხელოვნური წარმოშობის სინათლეს, სავარაუდოდ ქალაქის გამოსახულებას გვიჩვენებს. რეალურად, ფოტო ჰაბლის ტელესკოპმა 2001 წლის 16 აგვისტოს დედამიწიდან 50 მილიონი სინათლის წლით დაშორებულ გალაქტიკა NGC 3079-ის ცენტრს გადაუღო, რომელშიც გავარვარებული აირების ბუშტები ჩნდება, რაც მეცნიერების ვარაუდით, ახალი ვარსკვლავების წარმოქმნისას გაჩენილი “ქარების” ზემოქმედების შედეგია. სურათის ავთენტურ ვერსიაში (მარჯვნივ) ქალაქის მსგავსი “ხელოვნური” განათება არ გვხვდება.

;
TinEye-ის მიხედვით, სურათის დამუშავებული ვარიანტი პირველად 2010 წლის 10 მარტს ვებ-გვერდზე levashov.name-ზე გამოჩნა. levashov.name-ზე ფოტოსთვის დართული აღწერის თანახმად, სურათი ჰაბლის ტელესკოპმა 1994 წლის 26 დეკემბერს გადაიღო და ის სავარაუდოდ უცხოპლანეტელების მიერ შავ ხვრელში აგებულ ქალაქს ასახავს, თუმცა ვებ-ვერდის მიხედვით, მთავრობებს ამ ინფორმაციის გახმაურების ეშინიათ.

;

;

სტატიის პირველწყაროს შესახებ 

ქართული ვებ-გვერდების მიერ გამოქვეყნებული სტატიების იდენტური ტექსტი და ფოტომასალა პირველად ინგლისურ ბლოგზე kalevholland.blogspot 2016 წლის 15 ივლისს გამოქვეყნდა. მოგვიანებით ბლოგის თარგმანი გამოჩნდა რუსულ გვერდზე makataka.su. ქართულმა გვერდებმა ბლოგზე განთავსებული ტექსტი სიტყვასიტყვით თარგმნეს.

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist