პოლიტიკა

უშლის თუ არა ხელს აშშ-ის სანქციები ირანში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას?

27 მარტი, 2020

2020 წლის 21 მარტს ფეისბუქ გვერდმა “პოლიტიკანომ” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ირანელმა ექიმმა შირინ რუჰანიმ კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად პაციენტების დახმარება განაგრძო და სამწუხაროდ ვირუსის მსხვერპლი თავად გახდა. პოსტს თან ერთვის ფოტო, რომელზეც შირინ რუჰანის გადასხმა უკეთდება.

ირანელი ექიმის გარდაცვალებას “პოლიტიკანო” უკავშირებს ქვეყნის კრიტიკულ მდგომარეობას კორონავირუსთან მიმართებით და ამტკიცებს, რომ ირანი ამერიკული სანქციების გამო ქვეყანას საჭირო რაოდენობის სამედიცინო პროდუქციით ვერ ამარაგებს და სწორედ ამის შედეგია, რომ მას კორონავირუსთან გამკლავება უჭირს. 

"

“პოლიტიკანოს” მტკიცება, თითქოს აშშ-ის სანქციების გამო ირანი კორონავირუსს ეფექტურად ვერ ერბძვის, მანიპულაციაა. ქვეყანას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ევროკავშირმა და სხვა სახელმწიფოებმა უკვე გაუწიეს ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება. ირანს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება აშშ-მაც შესთავაზა, თუმცა აიათოლა ხამენეიმ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

  • ირანს დახმარების მიღებაში აშშ-ის სანქციები ხელს არ უშლის

პოლიტიკანო ირანელი ექიმის შირინ რუჰანის სიკვდილს მანიპულაციურად უკავშირებს აშშ-ის სანქციებს. რეალურად, აშშ-ის სანქციები ირანში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას ხელს არ უშლის. ამაზე კი შემდეგი ფაქტები მეტყველებენ:

  1. 2020 წლის 23 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ  ირანის ისლამური რესპუბლიკა COVID-19 საბრძოლველად სხვადასხვა საჭირო მედიკამენტებით  მოამარაგა ;
  2. ევროკავშირმა 20 მილიონი ევრო გადაურიცხა ირანს, რათა მათ სრულყოფილად შეძლონ ინფიცირებულთა მკურნალობა;
  3. აშშ-მ  გაამარტივა სანქციათა პოლიტიკა, რათა მოხერხდეს ირანისთვის ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება და სხვა ქვეყნების მიერ მისი მხარდაჭერა;
  4. ირანს დახმარება  შვეიცარიამაც გაუწია. მას ფინანსურად ასევე დაეხმარნენ ქუვეითი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ყატარი.
  5. ირანს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება აშშ-მაც შესთავაზა, მაგრამ ირანის ლიდერის აიათოლა ალი ხამენეისგან უარი მიიღო, რომელმაც ამ შემოთავაზებას „ბიო-თავდასხმა“ უწოდა.

25 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ამ თემაზე ტვიტერზე დაპოსტა და აღნიშნა, რომ აშშ-ის დადანაშაულების ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა ირანს თავისი მოქალაქეების დახმარებაზე ეზრუნდა და ამერიკის ჰუმანიტარულ დახმარებაზე თანხმობა განეცხადებინა.

"

აღნიშნული ფაქტები მეტყველებენ იმაზე, რომ ამერიკის სანქციები არანაირად არ აფერხებს ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ირანისთვის სხვა ქვეყნების მიერ. რაც შეეხება ექიმ შირინ რუჰანის თავგანწირვას, უნდა აღინიშნოს, რომ ირანში ექთნების ნაკლებობის პრობლემა დგას. მიზერული ანაზღაურების გამო ქვეყანას ყოველწლიურად 1000-მდე ექთანი ტოვებს

  • რატომ არ უხსნის აშშ სანქციებს ირანს?

2020 წლის 23 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დეზინფორმაციათა ნუსხა, რომლებიც ირანმა აშშ-ის წინააღმდეგ გაავრცელა. აქვე ნახსენებია, რომ ირანის ტერიტორიაზე ვირუსის გავრცელების შესახებ მთავრობამ ინფორმაცია მოსახლეობას გვიან მიაწოდა, ქვეყანაში პირველი გარდაცვალების დაფიქსირებიდან 9 დღის შემდეგ. ამ ვირუსის ფონზე კი, 2020 წლის თებერვალში მაჰანის ავიახაზებმა თეირანსა და ჩინეთს შორის 55-ზე მეტი ფრენა შეასრულეს. ამით, ირანმა საფრთხის ქვეშ დააყენა თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობა. მსგავსი უპასუხისმგებლობა, ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ არ მოუხსნა დღემდე ამერიკამ სანქციები ირანს.

მიუხედავად გლობალური პანდემიისა, აშშ არ აპირებს სანქციების მოხსნას, რადგან ირანმა შესაძლოა არამიზნობრივად გამოიყენოს მიღებული ფინანსური დახმარებები. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ირანს ფინანსური დახმარება არაერთხელ გამოიყენებია არამიზნობრივად და თეოკრატიული რეჟიმის გასაძლიერებლად. 2019 წლის ივლისში სამედიცინო საშუალებებისთვის გადარიცხული 1 მილიარდი ევრო გაუჩინარდა, ხოლო 170 მილიონი დოლარი, რომელიც ასევე სამედიცინო პროდუქციის შესაძენად იყო განკუთვნილი, თამბაქოს შეძენას მოახმარეს.

ამერიკა ირანს სანქციებს 1979 წლიდან უწესებს, იმ პერიოდიდან, როდესაც თეირანში ამერიკის საელჩოზე თავდასხმა განხორციელდა. გაეროს უსაფრთხოების დეპარტამენტის 2006-2010 წლის რეზოლუციებში მკაფიოდ არის ხაზგასმული სანქციების დაწესების ძირითადი მიზეზები:

  •  ირანი მონაწილეობას იღებდა ბირთვული იარაღის შემუშავებაში;
  • ირანის ქმედებები 1981-1987 წლებში აშშ-სა და სპარსეთის ყურეს ქვეყნების საზღვაო გემების წინააღმდეგ და ტერორიზმის მხარდაჭერა;
  • მიუხედავად შეზღუდვებისა, ურანიუმის არალეგალური წარმოება, მათი ბირთვული იარაღის შექმნაში შემდგომი გამოყენებისთვის;
  •  ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის კასიმ სულეიმანის ორგანიზებული შეტევები მეზობელ ქვეყნებზე;
  •  ადამიანის უფლებების შელახვა და სისხლიანი რეჟიმის მხარდაჭერა ირანში.

" 


მოამზადა გოგა ქათალანძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია

პროფილები: