სამართალი/კრიმინალი

ვასაძე ძალადობრივ აქციას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დასავლური პრაქტიკით ამართლებს

13 ნოემბერი, 2019

9 ნოემბერს, „საინფორმაციო სააგენტო პირველმა“ (PIA) გამოაქვეყნა ლევან ვასაძის ვიდეომიმართვა, რომელშიც ის ქართულ-შვედური მხატვრული ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” შესახებ საუბრობს.  მიმართვაში ლევან ვასაძე ამტკიცებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია მკვეთრად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, როდესაც ის წინააღმდეგობაში მოდის ადგილობრივ ტრადიციებთან და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს.

ლევან ვასაძე: “ევროპის და გაეროს ადამიანის უფლებების კონვენციებში ყველგან წერია, მე აი, აგერ მიკეთია სამკერდე ნიშანი „მსოფლიო საოჯახო კონგრესის“ მსოფლიო ელჩისა, რომელიც ჩემთვის უდიდესი პატივი არის და... როგორმე თქვენზე უკეთესად ვერკვევი რა ხდება დასავლეთში და მოგახსენებთ, თვითგამოხატვის, რაც სისულელეა, უფრო სწორად, ქართულად რომ ვთქვათ, გამოხატვის ე.წ. უფლებები ყველა ნორმებში არის მითითებული, რომ იზღუდება მკვეთრად, სადაც ისინი შედის კონფლიქტში ადგილობრივ ტრადიციებთან და უქმნის საფრთხეს საზოგადოებრივ წესრიგს...”

ლევან ვასაძის განცხადება მანიპულაციურია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია იცავს გამოხატვის თავისუფლებას ყოველგვარი შეზღუდვის დაწესების გარეშე, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ მკაცრად დადგენილ შემთხვევებში: როდესაც შეზღუდვა გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვადასხვა ინტერესების, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების, დანაშაულის პრევენციის ან ჯანმრთელობისა და ზნეობის დაცვის მიზნით. ამასთან, შეზღუდვის წესებსა და პირობებს სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში ვრცლად განმარტავს და აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლება უზენაესი ღირებულებაა, რადგან მის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიისა და პლურალიზმის უზრუნველყოფა. 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და სასამართლო პრაქტიკა

 ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლში ვკითხულობთ

 „ყველას აქვს უფლება სიტყვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების მიერ ჩარევის გარეშე საზღვრების მიუხედავად.”

მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ უფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც:

  • შეზღუდვა  გათვალისწინებულია კანონით და
  • აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვისთვის, სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვისათვის,საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნებისათვის.

ქვემოთ მოცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2 საქმე, რომლებშიც სასამართლომ  გამოხატვის თავისუფლებაში უკანონო ჩარევა დაადგინა.

საქმეში „ოტო პრემინგერი ავსტრიის წინააღმდეგ“ ავსტრიის ეროვნულმა სასამართლომ სატირული ხასიათის ფილმის ჩვენება აკრძალა, რადგან მასში ქრისტე და ღვთისმშობელი, საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით,  უღირსად იყვნენ წარმოჩენილნი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოხატვის თავისუფლების დარღვევა დაადგინა და განმარტა, რომ „მხატვრული ნიმუშის შექმნა, აგრეთვე, მისი გავრცელება, ინფორმაციის გავრცელების ელემენტია. სამსახიობო თავისუფლების, მხატვრული ნამუშევრების გავრცელების შეზღუდვა მხოლოდ არადემოკრატიული საზოგადოებისათვის არის დამახასიათებელი.”

საქმეში „მიულერი და სხვები შვეიცარიის წინააღმდეგ“ ხელისუფლებამ მხატვარ ფელიქს ჯოზეფ მიულერის შესრულებული სქესობრივი კავშირის ამსახველი ნახატები  გამოფენიდან უხამსობის მოტივით მოხსნა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სამართლომ დაუშვებლად სცნო გამოხატვის უფლებაში ჩარევა და მიუთითა, რომ ევროპული კონვენციით დაცულია არა მარტო ის “იდეები” და “ინფორმაცია”, რომლებსაც კეთილგანწყობით ხვდებიან, ანდა მიჩნეულია, როგორც უწყინარი, ანდა ნეიტრალური, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, შოკისმომგვრელი და შემაწუხებელია სახელმწიფოსა ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისათვის. ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ფართო თვალსაწიერის მოთხოვნები, ურომლისოდაც არ არსებობს “დემოკრატიული საზოგადოება.”

როგორც Amnesty International-ის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში  ლევან ასათიანმა “მითების დეტექტორს” განუმარტა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასმართლო განსაკუთრებული სიფრთხილით განიხილავს შემთხვევებს, როცა გამოხატვის თავისუფლება მორალის საფუძველზე იზღუდება. 

ლევან ასათიანი, Amnesty International: “რთულია იმის წარმოდგენა, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ტირაჟირება შევზღუდოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში არსებული მორალის საფუძვლით, რადგან ფილმი არის მხატვრული შინაარსის და არ არის აგებული პორნოგრაფიულ სცენებზე."

გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

გამოხატვის თავისუფლება დაცულია გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლით, რომელშიც მითითებულია:

“ყველას აქვს აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი აზრი და დაუბრკოილებლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები ყოველგვარი საშუალებით, მიუხედავად საზღვრებისა.”

დოკუმენტი არ ითვალისწინებს ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების შეზღუდვის საფუძვლებს. 


მოამზადა ედო ჯავახიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია

პროფილები: