ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ აშშ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ აპირებს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

61
VIEWS

8 დეკემბერს ვებ-პორტალზე tvalsazrisi.ge გამოქვეყნდა ირაკლი ჯანყარაშვილის სტატია, სათაურით “კიევი უკიდურესად იმედგაცრუებულია უკრაინისთვის “სამწუხარო და სამარცხვინო” შედეგით”. მასალა აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის ლიდერებს შორის 8 დეკემბერს გამართული მოლაპარაკებების შედეგებს შეეხება და მასში ნათქვამია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და ,,Nord Stream-2“-ის წინააღმდეგ რაიმე სახის ზომების მიღებას არ აპირებს, ამ “სამწუხარო და სამარცხვინო” შედეგით კი კიევი უკიდურესად იმედგაცრუებულია.  10 დეკემბერს ამავე ვებ-გვერდზე ჯანყარაშვილის მიერ გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, უკრაინასთან მიმართებით ამერიკის შეერთებულ შტატებს ტონი აშკარად შეცვლილი აქვს, ბაიდენის ადმინისტრაცია მოსკოვის სასარგებლოდ პოზიციებს სულ უფრო მეტად თმობს.
"
tvalsazirisi.ge-ის მიერ გავრცელებული ცნობები რამდენიმე მცდარ ინფორმაციას შეიცავს: 1. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა დადებითად შეაფასა. 2. პუტინ-ბაიდენის საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა და ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ნათლად თქვეს, რომ ამერიკა და მისი მოკავშირეები სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში კრემლს ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ.

7 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ვიდეო-ზარი შედგა, რომელიც ორ საათს გაგრძელდა. ჯო ბაიდენისა და ვლდიმირ პუტინის საუბრის მთავარი თემა უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო დანაყოფების კონცენტრაცია იყო. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაიდენმა უკრაინასთან რუსული სამხედრო ძალების ესკალაციის შესახებ შეშფოთება გამოხატა და  ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამერიკა თავის მოკავშირეებთან ერთად კრემლს სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ. ბაიდენმა ნათლად აღნიშნა, რომ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, პუტინს კი დეესკალაციისკენ და დიპლომატიის ჩარჩოებში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

Associated Press-ის თანახმად, ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი გააფრთხილა, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრა ძვირი დაუჯდება.

 

ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი: ”მე ეს ძალიან მკაფიოდ განვაცხადე. თუ ის რეალურად შეიჭრა უკრაინაში, დადგება მძიმე შედეგები, ეკონომიკური შედეგები, როგორიც არასდროს გინახავთ. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მან მიიღო შეტყობინება.”

ჟურნალისტების კითხვაზე, გამოუშვებდა თუ არა ის აშშ-ის ჯარებს უკრაინაში რუსეთის შესაჩერებლად, ბაიდენმა თქვა, რომ აშშ-ის ვალდებულება, დაიცვას ნატოს მოკავშირეები, თუ ისინი თავდასხმის ქვეშ იქნებიან, თუმცა უკრაინა არ არის ალიანსის წევრი.

აღსანიშნავია, რომ ბაიდენ-პუტინის შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა პრესკონფერენცია გამართა. ჯეიკ სალივანის თქმით, თუ რუსეთი კიდევ შეიჭრება უკრაინაში, აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები მას მკაცრი ეკონომიკური ზომებით უპასუხებენ.

ჯეიკ სალივანი, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში: “ჩვენ იმაზე უფრო მეტ თავდაცვით საშუალებებს მივაწვდით უკრაინელებს, ვიდრე ახლა ვაწვდით. და ასეთი ესკალაციის პასუხად, გავაძლიერებთ ჩვენს მოკავშირეებს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე.”

სალივანმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა ისიც, რომ ახლახან დასრულებული ბუნებრივი აირის მილსადენი  Nord Stream 2, რომელიც რუსეთიდან გერმანიაში გაზის ტრანსპორტირებისთვის აშენდა, აშშ-ისა და მისი პარტნიორებისთვის “ბერკეტს” წარმოადგენს და იგი შეიძლება გამოიყენონ რუსეთის წინააღმდეგ, თუ ის უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს.

“ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის შესახებ განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემაც. ვიქტორია ნულანდის განცხადებით, რუსეთის შეჭრა უკრაინაში ასევე საფრთხეს შეუქმნის რუსეთსა და გერმანიას შორის არსებულ საკამათო მილსადენს და  თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ბერლინი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე უარს იტყვის.

ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის შესახებ 8 დეკემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Reuters-თან საუბარში აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებებმა “შეკავება და დეესკალაცია” შესაძლებელი გახადა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება: “ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის გადამწყვეტ დიპლომატიურ ჩართულობას მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთის დაბრუნების მცდელობებში.”

ბაიდენ-პურტინის საუბარს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის რუსეთის პრეზიდენტთან საუბარი დადებითად შეაფასა. ზელენსკის შეფასებით, შეერთებული შტატების დიპლომატიური ძალისხმევის წყალობით, რუსეთთან მოლაპარაკებების მეტი შესაძლებლობა წარმოიშვა, რაც პროცესის დეესკალაციას უწყობს ხელს.

ამერიკის პრეზიდენტი პუტინთან შეხვედრამდე საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს ესაუბრა, რომლებმაც შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის საზღვრებზე რუსეთის სამხედროების მობილიზების გამო  და რუსეთს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოწოდეს. ასევე ლიდერები შეთანხმდნენ,  რომ დონბასში კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი გზა დიპლომატია და მინსკის შეთანხმებების პირობების განხორციელებაა.

წყაროს შესახებ:

tvalsazrisi.ge-ის ავტორი პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერი ირაკლი ჯანყარაშვილია, რომელიც ვებ-გვერდსა და ფეისბუკის პირად ანგარიშებზე ერთდროულად ანტიდასავლურ, პროსახელისუფლებო და შუღლის გამაღვივებელ მასალებს ავრცელებს. ჯანყარაშვილი სხვა არაერთ ფეისბუკ-გვერდსა და ანგარიშს მართავს, იკვეთება მისი თანხვედრა პრორუსულ პლატფორმებთანაც, მაგალითად კრემლთან დაკავშირებულ გამოცემა News Front Georgia-სთან. ჯანყარაშვილი მხარს უჭერს კრემლისტურ პარტია “პატრიოტთა ალიანსს” და მის ლიდერს ირმა ინაშვილს. ჯანყარაშვილს დეზინფორმაციის შემცველი მასალები, ყალბი ციტატები არაერთხელ გაუვრცელებია.

ირაკლი ჯანყარაშვილი ასევე მართავს ფეისბუკ ანგარიშს “პოლიტიკური სატირა”. მისი ქსელის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist