პოლიტიკა

ვინ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია “ტრამპის 10 პუნქტის” სახელით?

9 ივნისი, 2020

გასულ კვირაში ქართულ სოციალურ ქსელებსა და ონლაინ მედიაში აქტიურად ზიარდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს დონალდ ტრამპმა გლობალისტების წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილებები 10 პუნქტად არის გაწერილი და როგორც ამ ინფორმაციის გამავრცელებელი წყაროები აღნიშნავენ, სწორედ ამ მიზეზით იმართება ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპის საწინააღმდეგო აქციები. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა აქტორების მიერ სრულად იდენტური ტექსტი, ერთმანეთის მსგავსი მესიჯბოქსით გაზიარდა და ზოგიერთ პოსტს ინგლისური თარგმანიც ჰქონდა დართული. 10-პუნქტიანი ტექსტი ძირითადად კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებს და 5G ტექნოლოგიას ეხება.

"

თავდაპირველად, დონალდ ტრამპის “ერთ კვირაში გაკეთებული საქმეების” 6 პუნქტი 1 ივნისს ლადო სადღობელაშვილმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და დონალდ ტრამპის ოფიციალური გვერდი მონიშნა. ამ დროისათვის სადღობელაშვილის პოსტს 3 300-მდე გაზიარება აქვს. 2-4 ივნისს ლადო სადღობელაშვილის პოსტზე დაყრდნობით სტატიები გამოაქვეყნეს ონლაინ გამოცემებმა Euronews.ge, ალია და tvalsazrisi.ge.

აღნიშნული ინფორმაცია განსაკუთრებით აქტიურად გავრცელდა ფეისბუქზე და, ასევე, ქართულ სოციალურ ქსელ feedc-ზე.  2 ივნისს ფეისბუქ მომხმარებელმა ლალი გელაშვილმა აღნიშნულ პუნქტებს კიდევ ოთხი პუნქტი დაუმატა და 10 პუნქტიანი ტექსტი გამოაქვეყნა, რამდენიმე საათში კი 5G-ის საწინააღმდეგო ფეისბუქ ჯგუფში - შევაჩეროთ 5G საქართველოში გააზიარა. იდენტური ტექსტი შესაბამისი წყაროს მითითების გარეშე გამოაქვეყნეს შემდეგმა ფეისბუქ გვერდებმა: კარდჰუ, 3 ღვთაებრივი საუნჯე - მამული, ენა, სარწმუნოება, მე და შენ ჩვენ, ჩემი ბათუმი/My Batumi. ამ უკანასკნელმა პოსტს თეთრი სახლის ვებ-გვერდის ლინკი დაურთო, რომელიც ონლაინ ცენზურის საკითხს ეხება და არა ვირუსულად გავრცელებულ 10 პუნქტს. 

იმავე თემაზე 3 ივნისს გვერდმა წინაპართა ნაკვალევზე ფეისბუქ მომხმარებლის Teimuraz Sepiashvili-ს 2 ივნისს გამოქვეყნებული პოსტი გააზიარა. ამ დროისათვის, თეიმურაზ სეფიაშვილის პოსტს 2500-მდე გაზიარება აქვს. 


 

ტრამპის მიღებული გადაწყვეტილებების 10 პუნქტიდან, რომელიც ვირუსულად გავრცელდა, 1, 3, 4, 6, 7 პუნქტები მანიპულაციურია და აქედან უმრავლესობა კონსპირაციულ თეორიებს უკავშირდება. მსგავს ინფორმაციას 6 პუნქტიანი ტექსტის სახით ჯერ კიდევ მაისში სოციალურ ქსელებში უცხოური ანგარიშები ინგლისურ ენაზე ავრცელებდნენ. ამის შესახებ ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა Factcheck.org წერდა.

პუნქტი 1: “კორონავირუსის წინააღმდეგ დამზადებული ვაქცინების მოხმარება გახადა ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო და მათზე კონტროლი გადასცა სამხედროებს . (სოროსი და ბილ გეიტსის სურვილი სხვაგვარი იყო).”

აღნიშნული მტკიცება, თითქოს დონალდ ტრამპმა ვაქცინა ნებაყოფლობითი გახადა და მასზე კონტროლი სამხედროებს ჩააბარა მანიპულაციურია.  ის ეფუძნება ტრამპის მიერ Operation Warp Speed-ის განხილვის დროს გაკეთებულ კომენტარს, რომ “მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ვაქცინის შესაქმნელად ყველასთვის, ვინც მოისურვებს, რომ გაიკეთოს იგი, რადგან შეიძლება ყველას არ სურდეს მისი მოხმარება.”.  დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ვაქცინა მზად იქნება (ივარაუდება 2020 წლის დასასრული), საჭიროა მისი სწრაფი გავრცელება და სწორედ ამიტომ ის გასცემს სამხედროების მობილიზების განკარგულებას, რომ სწრაფად გავრცელდეს ვაქცინა პირველ რიგში სამედიცინო დაწესებულებებსა და მოხუცთა თავშესაფრებში, რომლებიც ყველაზე მოწყვლადია ვირუსის წინააღმდეგ. Ხაზგასასმელია ისიც, რომ სამხედროებს მხოლოდ მისი გავრცელება დაევალებათ, და არა რაიმე სახით ხარისხის შემოწმება ან კონტროლი თუ ვინ უნდა მიიღოს ვაქცინა. გარდა ამისა, მტკიცება, თითქოს სოროსის და ბილ გეიტსის სურვილი სხვაგვარი იყო და ისინი სავალდებულო ვაქცინაციას ემხრობოდნენ, ტყუილია და უკავშირდება კონსპირაციის თეორიას თითქოს ბილ გეიტსი კორონავირუსის შედეგად მოსახლეობის დაჩიპვას აპირებს ტესტირების და ვაქცინაციის დროს. 

პუნქტი 3: “გააუქმეს "დემოკრატების" (ლიბერალების) კანონპროექტი HR 6666, რომელიც ცნობილია როგორც Covid19 TRACE აქტი, რომელიც იყო საფუძველი BillGates – ის მიერ შემუშავებული პროგრამა სრული კონტროლისთვის!”

Პირველ რიგში, არ არსებობს მტკიცებულება, რომ HR 6666, იგივე COVID19 Testing, Reaching, And Contacting Everyone (TRACE) აქტი ბილ გეიტსის მიერ შემუშავებული ერთგვარი კონტროლის პროექტის საფუძველია. Სინამდვილეში კანონპროექტი განსაზღვრავს, რომ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები 100 მილიარდი დოლარის დაფინანსებას მიიღებენ, რათა მოხდეს ინფიცირებულთა სავარაუდო კონტაქტების მონაცემთა ინტენსიურად შეგროვება მთელი ქვეყნის მასშტაბით და არა საყოველთაო და სრული კონტროლი მოსახლეობაზე. 

Გარდა ამისა, პრეზიდენტს არ აქვს იმის ძალაუფლება, რომ რაიმე კანონპროექტი გააუქმოს. Ამის ნაცვლად, მას შეუძლია ვეტო დაადოს კანონს, თუ მას მიიღებენ და პრეზიდენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნიან. თუმცა HR 6666 კანონპროექტი ჯერ ამ ფაზაზე არ გადასულა და ამჟამად კონგრესში საკომიტეტო განხილვებზეა გატანილი. Მან ჯერ საკომიტეტო მოსმენები უნდა გაიაროს, შემდგომ დამტკიცდეს შესაბამისი პალატის მიერ, ასევე, რესპუბლიკელების მიერ მართული სენატის მიერ, ვიდრე ის ტრამპის მაგიდაზე მოხვდება ოვალურ კაბინეტში. 

პუნქტი 4: “გააუქმა ბილ გეიტსის პროექტი, რომელიც ცნობილია როგორც ID2020 (მოიძიეთ რესურსები ინტერნეტში საუბარია ე.წ. ჩიპიზაციაზე და სპეციალურ ჯანმრთელობის პასპორტებზე.) “

ID2020 სინამდვილეში არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციის სახელწოდებაა, რომლის მისიაც ციფრული იდენტიფიკაციის საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა და იმის უზრუნველყოფა, რომ ხალხს საკუთარი ციფრული ID-ს სრული კონტროლი შეეძლოს. Მაგალითად, ID2020 რამდენიმე სხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, რათა ლტოლვილებს ტაილანდის ერთ-ერთ ბანაკში ჰქონდეთ იდენტობის დამადასტურებელი ციფრული პლატფორმა და ხელი მიუწვდებოდეთ არამხოლოდ გაუმჯობესებულ ჯანდაცვის სერვისებზე, არამედ მოახერხონ და უსაფრთხოდ შეინახონ საკუთარი პროფესიული დოკუმენტები. 

ID2020 სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ფინანსდება. Მათ შორის Microsoft-ის მიერაც, რომელიც ბილ გეიტსის დაფუძნებულია. Სწორედ ამიტომ, კონსპირაციის თეორიების მიმდევრებმა ID2020 დაუკავშირეს კონსპირაციას, თითქოს ბილ გეიტსი მასობრივ  ჩიპიზაციას გეგმავს. Რეალურად, მტკიცება, რომ ბილ გეიტსის პროექტი გაუქმდა, მიესადაგება გეიტსის ინიციატივას, სიეტლში შემოეღოთ სახლში ტესტირების შესაძლებლობა კორონავირუსის ინფექციის დასადგენად. აღნიშნული ინიციატივა არ გაუქმებულა, თუმცა აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA)დროებით შეაჩერა. Თავად პროექტის ვებ-გვერდზე 14 მაისს განთავსებული ინფორმაციდან ირკვევა, რომ პროექტი SCAN - the Seattle Coronavirus Assessment Network-ის ტესტირება ვაშინგტონის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ ავტორიზებულია, მაგრამ იმისათვის რომ მოსახლეობას თვითტესტირების სინჯების პასუხი უკან დაუბრუნონ, ცალკე საგანგებო ფედერალური ავტორიზაციაა (EUA) საჭირო, რის გამოც FDA-მ დროებით შეაჩერა SCAN-ის ტესტირებები. Აღსანიშნავია, რომ FDA-ს არ გამოუთქვამს რაიმე სახის შეშფოთება და ეჭვი SCAN-ის ტესტირების უსაფრთხოებასა და სიზუსტესთან დაკავშირებით.

პუქნტი 6: “შეაჩერა 5 G. ამერიკაში (უარით გაისტუმრა ჩინური ჰუავეის ფირმა, რომელიც ძირითადად აწარმოებს 5G სამუშაოებს).”

Ტრამპის ადმინისტრაციამ კომპანია ჰუავეი სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვასა და საკუთარი ტექნოლოგიების ჩინური ჯაშუშობისთვის შესაძლო გამოყენებაში დაადანაშაულა, რის გამოც ჰუავეისთვის ამერიკაში წარმოებული სხვადასხვა ტექნოლოგიური ნაწარმის მარაგების მიწოდება შეზღუდა და 5G ტექნოლოგიების გავრცელება შეაფერხა. სანქციებმა, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციამ კომპანიის წინააღმდეგ წამოაყენა, შეანელა 5G ტექნოლოგიების ინსტალაცია, თუმცა მათი დანერგვა აშშ-ში მაინც მიმდინარეობს. 5G ტექნოლოგიების დანერგვაში სხვა ფიჭური კომპანიებიც მონაწილეობენ და 5G აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში თანდათან ემატება. Ამ კუთხით, ყველაზე დიდი დაფარვა აქვს AT&T-ს რომელიც რამდენიმე ასეულ ქალაქში უკვე აწვდის თავის მომხმარებელს 5G ქსელს. Შემდეგია Verizon და ა.შ. Შესაბამისად, მტკიცება, თითქოს ტრამპმა 5G ტექნოლოგიის ამერიკაში გავრცელება შეაჩერა, მანიპულაციურია და უკავშირდება კონსპირაციულ თეორიებს კორონავირუსისა და 5G-ს კავშირზე. Მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ აღნიშნული კონსპირაციის თეორიების საწინააღმდეგოდ განაცხადა, რომ 5G მობილური ტექნოლოგიები კორონავირუსს არ ავრცელებს და რომ COVID-19 ბევრ ისეთ ქვეყანაში გავრცელდა სადაც 5G საერთოდ არ არის. 

Პუნქტი 7: “გახსნა შტატების საზღვრები და ის გუბერნატორები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან, გადაეცემა სასამართლოს.”

Მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი მუქარის ენით ესაუბრებოდა გუბერნატორებს, საბოლოო სიტყვა იმაში, თუ როდის გაიხსნება შტატების საზღვრები, გუბერნატორებს ეკუთვნით და მათი გადასაწყვეტია, როდის და როგორ ამუშავდება ამა თუ იმ შტატში ეკონომიკა. Რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანია თეთრი სახლის მითითებები. Ისეთი გადაწყვეტილებების უფლებამოსილება, რომლებიც საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და კეთილდღეობას ეხება, მაგალითად როდის დაიხუროს ბიზნესები და სკოლები, ძირითადად ცალკეული შტატის ხელშია და არა ფედერალური მთავრობის. Ასევე, ამ საკითხებში ფედერალური მთავრობის ხელში არსებული ძალაუფლება ძირითადად კონგრესს უჭირავს და არა პრეზიდენტს. Შესაბამისად, ტრამპს არ აქვს სამართლებრივი უფლებამოსილება რომ გუბერნატორების ისეთი განკარგულებები და გადაწყვეტილებები, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და კეთილდღეობის დაცვას ემსახურება, რაიმე ფორმით უკუაგდოს, ან უგულებელყოს. Ამასთანავე, თავად ტრამპმაც შეცვალა საკუთარი რიტორიკა და თეთრი სახლის “როუზ გარდენიდან” მან განაცხადა, რომ “არ აპირებს გუბერნატორებისთვის რაიმეს დაძალებას, მათ იციან როდის უნდა მოხსნან შეზღუდვები.” Თუმცა, გუბერნატორებს მიუთითა, რომ თუ ისინი წარმატებით ვერ შეძლებენ ეკონომიკის ხელახლა ამუშავების და საზღვრების გახსნის გეგმის განხორციელებას, მათ ამისთვის მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება.


მოამზადა ნიკა შეყელაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია