ვინ მანიპულირებს პირბადეებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგებით?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

27
VIEWS

13 სექტემბერს Facebook მომხმარებელმა ბექა ვარდოსანიძემ გამოაქვეყნა პოსტი , რომელშიც წერს, რომ  COVID-19 ვირუსისგან თავის დასაცავად ცისფერი ქირურგიული სახის ნიღბები მხოლოდ 10% -ით ეფექტიანია. მისი თქმით, ამ შედეგების ამსახველი ახალი კვლევა ვატერლოოს უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა.

იმავე მტკიცებას ვარდოსანიძე  Facebook გვერდზე ბექა ვარდოსანიძის ბლოგი•Beka Vardosanidze’s blog-ზე 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოშიც იმეორებს. 19:18 წუთზე ვარდოსანიძე გადაცემა რეალური სივრცის განხილვისას ნიღბების ტარებისკენ მოწოდებას აკრიტიკებს და ამბობს რომ ლურჯი პირბადეები მხოლოდ 10% ით გვიცავს."
ბექა ვარდოსანიძის მტკიცება მანიპულაციურია, რადგან აკლია კონტექსტი, თუ რა პირობებში ჩატარდა ვატერლოს უნივერსიტეტში აღნიშნული კვლევა. ექსპერიმენტი ვენტილაციის არმქონე ოთახში, ამოსუნთქული თხევადი ნაწილაკების შეკავების კუთხით პირბადეების ეფექტიანობას იკვლევდა და სწორედ ამ პირობებშია  ქირურგიული პირბადის ეფექტიანობა 12.4%. აღნიშნული შედეგის ერთ-ერთ მთავარ განმაპირობებელ მიზეზად კი ნიღბის მორგებასთან დაკავშირებული პრობლემებია დასახელებული. სხვა პირობებში ლურჯი პირბადის ფილტრის ეფექტიანობა 47%-ს აღწევს, თუმცა, ეფექტიანობის სრული პოტენციალის მისაღწევად, საჭიროა მისი სწორად მორგება და ვენტილირებად სივრცეში ყოფნა ან დისტანციის დაცვა. 

ექსპერიმენტი ვატერლოოს უნივერსიტეტის ჰიდროაერომექანიკის კვლევის ლაბორატორიაში ჩატარდა. მისი განხორციელებისთვის  7.8 × 5.7 × 2.7მ პარამეტრების მქონე ოთახი გამოიყო, სადაც ჰაერის მოცულობა დაახლოებით 120 მ3 იყო.  ამოსუნთქული აირის შხეფების გაფანტვის შესასწავლად ოთახი ყველა მხრიდან დალუქული, სავენტილაციო სისტემა კი გამორთული იყო.

ექსპერიმენტში ასევე გამოიყენეს CPR მანეკენი, რომელიც სპეციალური ხელოვნური დანადგარის მეშვეობით მჯდომარე პოზიციაში მოდუნებული ამოსუნთქვის მაგვარ მოქმედებას ასრულებდა, რაც ტიპიურია საშუალო ზრდასრული ადამიანისთვის. აეროზოლი, რომელიც მანეკენთან იყო დაკავშირებული, სავსე იყო ზეითუნის ზეთით, რათა ამოსუნთქული ნაწილაკების გავრცელების არეალი თვალით ადვილად შესამჩნევი ყოფილიყო.

ექსპერიმენტი ხუთ განსხვავებულ კომერციულად ხელმისაწვდომ ნიღაბზე ჩატარდა, რომლებიც ფართოდ გამოიყენება COVID-19 პანდემიის პრევენციისთვის. ძირითადი დაკვირვების ფოკუსი იყო ნიღბის ფილტრაციის უნარი, ანუ პირაბდიდან გამოჟონილი ნაწიკალები სუნთვის პროცესის დროს. ნიღბის  ფილტრაციის ეფექტიანობა 1-1.5 წამის ინტერვალში ნაწილაკების საშუალო კონცენტრაციის ცვლილებით გამოითვლება.

ვატერლოოს უნივერსიტეტის კვლევაში გასული წელს ჩატარებული ცდებისგან რამდენიმე განსხვავებული ფაქტორი იქნა შესწავლილი. კერძოდ, ნიღბის მორგების საკითხი, რადგან ადამიანების უმეტესობა ნიღაბს არასწორად/არასათანადოდ ირგებს. ნიღბიდან ჰაერის გაჟონვაზე კი სწორედ ეს ფაქტორები ახდენს გავლენას, კერძოდ: ნიღბის გეომეტრიული ფორმა, ყურზე მოსარგები საჭერების სტილი და ელასტიურობა ასევე, აღჭურვილია თუ არა ნიღაბი დეფორმირებადი სარჭით, რომელიც მჭიდროდ უნდა იყოს მიკრული ცხვირზე.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ დროთა განმავლობაში ვენტილაციის არარსებობისას აეროზოლის ნაწილაკების საშუალო  კონცენტრაცია სუბიექტიდან 2 მ-ის მანძილზე  ზრდადი იყო. თუმცა, როდესაც სუბიექტს არ ეკეთა ნიღაბი, გაჯერების კონცენტრაცია ყველაზე მაღალი იყო და კლება აღინიშნება ყველა სახის ნიღბის გამოყენების შემთხვევაში. შედეგები აჩვენებს, რომ ექსპერიმენტის პირობებში სტანდარტული ქირურგიული და სამფენიანი ქსოვილის ნიღბები ფილტრავენ ჰაერს თუმცა, ამოსუნთქული ნაწილაკების შესაკვების კუთხით მხოლოდ  12.4 და 9.8 პროცენტითაა ეფექტიანი. KN95 და R95 ნიღბების შემთხვევაში კი ეფექტიანობა 46.3% და 60.2% იყო.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მომზადებულ ვიდეოში ჩანს, როგორია აეროზოლის გავრცელება, სხვდასხვა ტიპის პირბადის ტარებისასა და პირბადის გარეშე.

"
როგორც კვლევაშია აღნიშნული, სტანდარტული ქირურგიული და სამფენიანი პირბადის შედარებით დაბალი ეფექტიანობის გამომწვევი ძირითადი მიზეზი მის მორგებასთან დაკავშირებული პრობლემებია. აღსანიშნავია, რომ კვლევა ეჭვქვეშ არ აყენებს არც ერთი ტიპის პირბადის გამოყენების საჭიროებას.

“უდავოა, რომ სასარგებლოა ნებისმიერი პირბადის ტარება, როგორც ახლო მანძილზე, ასევე დისტანციაზე ყოფნისას ოთახში. თუმცა, სერიოზული განსხვავებაა სხვადახვა ტიპის პირბადეებს შორის, როდესაც საქმე ეხება აეროზოლების კონტროლს”. – თქვა კვლევის ხელმძღვანელმა, მექანიკის პროფესორმა სერგეი იარუსევიჩმა.

გარდა პირბადეების სწორად მორგების მნიშვნელობის და მათ შორის ეფექტიანობის კუთხით არსებული განსხვავებისა, კვლევამ დაადასტურა ვენტილაციის სისტემის არსებობის მნიშვნელობაც, რამდენადაც, კვლევის შედეგების მიხედვით, ვენტილაციის დაბალი ხარისხიც კი ეფექტიანობის კუთხით საუკეთესო პირბადის მიერ გარანტირებულ დაცვის ხარისხს უტოლდებოდა.

ვატერლოოს უნივერსიტეტის ექსპერიმენტამდე ჩატარებული  სხვა ცდების თანახმად არსებული ნიღბებიდან ყველაზე ეფექტიანი ასევე KN95 და R95 ნიღბები იყო, რომელთა ფილტრაციის ეფექტიანობა დაახლოებით 95% და 96%-ია. სამედიცინო ლურჯი ნიღაბის ფილტრაციის ეფექტიანობა 47%-ს აღწევდა, ქსოვილის ნიღბის კი 40 %-ს."
ფოტო: aip.scitation.org

პირბადის დამცვლობითი ეფექტის შესაფასებლად კვლევა აშშ-ს გარემოს დაცვის სააგნეტომაც ჩაატარა, რომლის მიზანი იყო, დახმარებოდნენ საავადმყოფოების ადმინისტრაციას მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიეღოთ პირბადის არჩევისას თავიანთი პერსონალის დასაცავად.

ამიტომ კვლევაში, კომერციულ ნიღბებთან ერთად, ვადაგასული N95 ნიღბებისა და ხელახლა გამოყენებისთვის სტერილიზებული ნიღბების დამცველობითი  უნარიც იკვლიეს.  შედეგები აჩვენებს, რომ ვადაგასული N95 ნიღბები და სტერილიზებული N95 ნიღბები უზრუნველყოფდა იმავე დონის დაცვას, როგორც ახალი N95 ნიღბები, საერთო ჯამში 95 % მეტი ფილტრაციით. სხვა ალტერნატივები უზრუნველყოფდა ნაკლებ დაცვას. მაგალითად, ქირურგიული ნიღბები თასმიანი შესაკრავებით უზრუნველყოფდა 71.5 % ფილტრაციას, ხოლო ქირურგიული ნიღბები ყურის მარყუჟებით 38.1 %-ს.

რაც შეეხება პირბადის დამცველობით უნარს, მისი შეფასება მხოლოდ ამოსუნთქული თხევადი ნაწილაკების შეკავებით არ ხდება. გასათვალიწინებელია, რომ პირბადემ ასევე უნდა უზრუნველყოს სივრცეში არსებული ვირუსების/ბაქტერიების შეკავება, რათა არ მოხდეს მათი ჩასუნთქვა. აღნიშნული კუთხით პირბადის დამცელობითი უნარის საკვლევად არაერთი ცდაა ჩატარებული.

პირბადეების ეფექტიანობის შესახებ ცრუ და მანიპულაციური ინფორმაცია წარსულშიც გავრცელებულა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist