ვინ “შექმნა” ტორნადო და დაინგრა თუ არა უხანის ლაბორატორია?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

181
VIEWS

18 მაისს ფეისბუკ მომხმარებელმა Goria Shiva გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩინეთში, ქალაქ უხანში “თეთრი ქუდების” მიერ შექმნილმა ტორნადომ ის ლაბორატორია დაანგრია, რომელშიც კორონავირუსი შეიქმნა. იდენტური ინფორმაცია 20 მაისს ფეისბუკ მომხმარებელმა “სულიერი სამყარო” გაავრცელა. ორივე პოსტს მტკიცებულებად თან ერთვის ვიდეო, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩინეთში ტორნადოს შედეგად ორი ქალაქი, უხანი და შენგზე დაზიანდა, ათეულობით ადამიანი გარდაიცვალა, ასეულობთ კი დაშავდა.

;;
ფეისბუკზე გავრცელებული პოსტის აღწერა ვიდეოს შინაარსს არ ემთხვევა. არც წყაროდ დამოწმებულ ვიდეოში და არც სხვა საინფორმაციო გამოცემებში უხანის ლაბორატორიის დანგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, შესაბამისად, Goria Shiva-სა და “სულიერი სამყარო”-ს მტკიცებას არავითარი ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს. “სულიერი სამყაროს” მოსაზრება “თეთრი ქუდების” მიერ ტორნადოს შექმნის შესახებ შეთქმულების თეორიის ელემენტებს შეიცავს. 24 მაისის მონაცემებით, ასევე არ არის დადასტურებული პოსტებში მოყვანილ მტკიცება, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა.

რას იუწყება ვიდეო?
ვიდეო, რომელსაც ქართველი ფეისბუკ მომხმარებლები უხანის ლაბორატორიის დანგრევის მტკიცებულებად იმოწმებენ, 17 მაისს The weather chanel-ზე გამოქვეყნდა. 1982 წელს დაფუძნებული არხი ამინდის პროგნოზებსა და ამინდთან დაკავშირებულ სიახლეებს აშუქებს. სიუჟეტში, რომელიც 0,40 წამი გრძელდება, ნათქვამია, რომ ჩინეთის ქალაქებში, უხანსა და შენგზეში მომხდარ ტორნადოს ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასეულობით ადამიანი კი დაშავდა. ვებ-გვერდის მიხედვით, სტიქიის შედეგად 250-ზე მეტი შენობა დაზიანდა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები და სავაჭრო ცენტრები, თუმცა დანგრეული შენობების ჩამონათვალში უხანის ლაბორატორია არ გვხვდება. სიუჟეტის დასასრულს ნათქვამია, რომ ტორნადოები ჩინეთში ყოველწლიური მოვლენაა.

სხვა წყაროები
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, 14 მაისს ჩინეთის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებს  ტორნადო 8 საათსა და 40 წუთზე მოხდა (ადგილობრივი დროით (1240 UTC / GMT), რის შედეგადაც მინიმუმ 12 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 400-ზე მეტი დაშავდა. გამოცემის ცნობით, ტორნადომ ყველაზე მეტად ჰუბეის პროვინციის დედაქალაქი უხანი დააზარალა, სადაც  8 ადამიანი გარდაიცვალა, 280 კი დაშავდა.

მეორე ტორნადო ჯიანგსუს პროვინციაში, უხანიდან 400 კილომეტრის დაშორებით ქალაქ შენგზეში მოხდა. ოფიციალური პირების თქმით, ოთხი ადამიანი დაიღუპა, 149 კი დაშავდა. სტიქიის შედეგად რამდენიმე შენობა და ელექტროენერგიის ობიექტიც დაზიანდა.

 

ჩინეთში ტორნადოები იშვიათობას არ წარმოადგენს და ძირითადად გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში ხდება.

უხანის ლაბორატორიის განადგურების შესახებ ცნობები არც სხვა გამოცემებში გვხვდება. The Guardian-ის მიხედვით,  უხანში 27 სახლი ჩამოინგრა და 130 დაზიანდა. იდენტურ ინფორმაციას ავრცელებს The Washington post-იც, რომელიც ჩინურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ უხანში ათეულობით საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის გარდა სამშენებლო ობიექტები და ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა.

დასავლურ და ჩინურ მედიაში ინფორმაცია უხანის ლაბორატორიის შესახებ არ გვხვდება, შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მტკიცებულებების გარეშეა.

“თეთრი ქუდების” შესახებ

სავარაუდოდ, “თეთრ ქუდებში” ფეისბუკ მომხმარებელი “სულიერი სამყარო” “თეთრქუდიან” ჰაკერებს გულისხმობს. თეთრქუდიანი ჰაკერები ეთიკური ჰაკერები არიან, .რომლებიც კიბერ საფრთხეების გამოვლენასა და თავიდან აცილებაზე მუშაობენ. თეთრქუდიანი ჰაკერები კომპანიებს ეხმარებიან ისეთი ხარვეზების ძიებასა და აღმოჩენაში, რომლებიც შესაძლოა საფრთხეში აგდებდეს კონფიდენციალურ ინფორმაციას. “თეთრქუდიანი” ჰაკერები კომპანიების სისტემურ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ და მათ მოვალეობაში ტორნადოების ხელოვნურად შექმნა არ შედის.

როგორ წარმოიქმნება ტორნადო

ტორნადო ძირითადად ციკლონის თბილ სექტორში წარმოიქმნება, როდესაც ძლიერი გვერდითი ქარის ზემოქმედების შედეგად ერთმანეთს ცივი და თბილი ჰაერის მასები ეჯახება. წარმოქმნილი მბრუნავი ჰაერის მასა დედამიწისკენ  სწრაფად ეშვება და 450 კმ/სთ სიჩქარით საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნავს.
ტორნადოს შესწავლის მიზნით, მეცნიერები თეორიულ კვლევებსა და ექსპერიმენტებს მიმართავენ. ექსპერიმენტის ნაწილია ხელოვნური ტორნადოების შექმნა ლაბორატორიაში, რომელიც მცირე მასშტაბებზეა გათვლილი. ამ დროს ხელოვნური ტორნადოსა და სხვა საგნების პარამეტრები ისეა გათვლილი, რომ ექსპერიმენტულმა ტორნადომ იგივე შედეგები გამოიწვიოს, რასაც რეალური ტორნადო გამოიწვევდა.

დაუსაბუთებელი მტკიცება კორონავირუსის უხანის ლაბორატორიაში შექმნის თაობაზე

ვირუსის ხელოვნურად წარმოშობის შესახებ კონსპირაციის თეორიების არსებობის მიუხედავად, მეცნიერების უმრავლესობა, რომლებმაც შეისწავლეს ახალი Covid-19 ვირუსი, თანხმდება, რომ იგი ბუნებრივი გზით წარმოშობილია და ცხოველიდან ადამიანზე გადავიდა, სავარაუდოდ ღამურისგან. ამის მტკიცების საშუალებას ვირუსის გენეტიკური შემადგენლობა, მისი ევოლუციის ისტორია და, ასევე, ღამურების შესწავლა იძლევა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ენტონი ფაუჩიმ Politifact-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე თქვა, რომ არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ვირუსი ბუნებრივად არის წარმოშობილი და რომ საჭიროა გამოძიების გაგრძელება იმის თაობაზე, თუ რა მოხდა ჩინეთში.

ენტონი ფაუჩი: “რა თქმა უნდა, მათ, ვინც გამოიძია ვირუსის გავრცელება, თქვეს, რომ სავარაუდოდ ეს მოხდა ინფექციის გადამტანი ცხოველებისგან, რითაც შემდეგ ადამიანები დაავადდნენ, მაგრამ, შესაძლოა ეს ყოფილიყო რაიმე სხვა და ჩვენ ეს უნდა გამოვიკვლიოთ. სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც ვთქვი, რომ ვემხრობი ნებისმიერ გამოძიებას, რომელიც გამოიკვლევს ვირუსის წარმოშობას”.

ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
რატომ არ არის კორონავირუსი ლაბორატორიაში გამოყვანილი?
რომელ რუსულ წყაროებს ეყრდნობა “ობიექტივი” კორონავირუსის ხელოვნურად შექმნაში ამერიკის დასადანაშაულებლად?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist