სხვადასხვა

ვის ეყრდნობა კრემლი “წყაროებად” ლუგარის ლაბორატორიაზე კონსპირაციების გასავრცელებლად?

28 იანვარი, 2019

ანტიდასავლური გზავნილების ლეგიტიმაციის მიზნით კრემლის პროპაგანდა არა მხოლოდ დასავლური მედიის ბრენდულ სახელებს, არამედ უცხოელ ექსპერტებსაც ხშირად იყენებს. გზავნილის მიმღები კი ინფორმაციას ისე აღიქვამს, თითქოს მას არა რუსეთისგან, არამედ დამოუკიდებელი დასავლელი ექსპერტებისგან იღებს. ამის კარგი ილუსტრაციაა შეთქმულებები და შავი პროპაგანდა ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ, რომლის წყაროებად, რუსი პოლიტიკოსებისა და რუსული სახელისუფლებო მედიის გარდა, ამერიკელი ექსპერტი ჯეფრი სილვერმანი და ბულგარელი ჟურნალისტი დილიანა გაიტანჯიევა გვევლინებიან. ამასთანავე რუსეთის პროპაგანდა ლუგარზე კონსპირაციების გასავცელებლად საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრსა და საბჭოთა უშიშროების თანამშრომელს იგორ გიორგაძეს იყენებს, ასევე პრორუსული ორგანიზაციების “ევრაზიული არჩევანის” და “ერეკლე მეორის” საზოგადოების მიერ დაფუძნებულ პატრიოტი TV-ს.

"

კრემლის წყაროების წყაროები: იდენტური რესპონდენტები, იდენტური ნარატივები

დილიანა გაიტანჯიევას და ჯეფრი სილვერმანს ერთმანეთთან ქართული პრო-რუსული გამოცემა Patrioti TV აკავშირებთ. ლუგარის ლაბორატორიის კონსპირაციებზე Patrioti TV-ის მიერ მომზადებულ ფილმებში ჯეფრი სილვერმანი ერთ-ერთი წყაროა, მეორე მხრივ კი Patrioti TV-ი და მისი რესპონდენტები გაიტანჯიევას “ჟურნალიტური გამოძიებებაში” ფიგურირებენ.

ლუგარის ლაბორატორიის შესახებ კონსპირაციებში ერთ-ერთი თემა ფილიპინელი მუშების დაღუპვას ეხება. ეს ინფორმაცია პირველად Patrioti TV-ისთვის 2017 წლის 4 აპრილს მიცემულ ინტერვიუში ჯეფრი სილვერმანმა გააჟღერა. სილვერმანმა იგივე გაიმეორა Patrioti TV-ის მიერ 2018 წლის 5 აპრილს გამოქვენებულ ფილმშიც. ფილიპინელების გარდაცვალების შესახებ იმავე ფილმში ასევე საუბრობს რესპონდენტი ეთერი გოგიტიძე. ამის შემდეგ ფილიპინელების გარდაცვალების შესახებ დეზინფორმაცია უკვე დილიანა გაიტანჯიევამ “ადგილობრივებზე დაყრდნობით” 2018 წლის 16 სექტემბერს გააჟღერა (ვრცლად ფილიპინელების თემაზე იხილეთ მითების დეტექტორის ადრინდელი პუბლიკაცია ).

2018 წლის სექტემბერში გაიტანჯიევა საქართველოში იმყოფებოდა და პრო-რუსული გამოცემა Zero Hedge-ისთვის ლაბორატორიის წინააღმდეგ ვრცელი სტატია მოამზადა. იმავე მასალებზე დაყრდნობით, სეტქმბერშივე ჰესბოლასთან დაკავშირებულ ტელეკომპანია Al-Mayadeen-სთვის დილიანა გაიტანჯიევამ მოამზადა დოკუმენტური ფილმი “დიპლომატიური ვირუსები”, რომელშიც ლუგარის ლაბორატორიის შესახებ იმავე კონსპირაციებს ავრცელებს. აღნიშნული ფილმი “საქართველო და მსოფლიომ” საკუთარ ვებ-გვერდზე 2019 წლის 10 იანვარს გამოაქვეყნა.

ამ ფილმში ვხედავთ, რომ Patrioti TV-ისა და გაიტანჯიევას რესპონდენტები იდენტურია. რესპონდენტების გარდა, გაიტანჯიევა წყაროდ Patrioti TV-ის დამფუძნებელს, გიორგი ირემაძესაც ეყრდნობა. საჯარო რეესტრის თანახმად, პატრიოტი ტვ-ის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი ირემაძეა, რომელიც ამავდროულად პრორუსული ორგანიზაციის “ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის” პრეზიდენტია. 2017 წლის აგვისტოში ირემაძე სპუტნიკის ვიდეოხიდში იღებდა მონაწილეობას, 2018 წლის აგვისტოში კი “თურქეთისგან ბათუმის გათავისუფლების 140 წლისთავის აღმნიშვნელი” აქცია ირემაძემ სპუტნიკის პრესცენტრში დააანონსა.

Patrioti TV-ის წყაროები

დილიანა გაიტანჯიევას წყაროები

" "
" "
 

Patrioti TV-ის დამფუძნებელი

"

გაინტაჯიევას ფილმში წყაროდ პრო-რუსული პოლიტიკური პარტიის “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძესაც ვხვდებით, რომელიც ფილმში  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სტატუსით არის მოხსენიებული.
"


კონსპირაციების გამავრცელებელი რუსი პოლიტიკოსები


წყარო

გზავნილი

ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

„რამდენად სანდოა დოკუმენტები [ლუგარის ლაბორატორიის შესახებ], ამის განსჯას საკუთარ თავზე ვერ ავიღებ. ვნახე საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის განცხადება. უდავოდ საგანგაშოა, თუ მართლაც ატარებენ ასეთ სამუშაოებს, ეს ძალიან საშიშია. იქიდან გამომდინარე რაც ვნახე, საუბარია რაღაც პრეპარატებზე, რომლებსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანზე კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის კუთვნილების შესაბამისად. 2-3 თაობის შემდეგ რადიკალურად იცვლება საწყისი სახე. თუ ვინმე ასეთ რამეს აკეთებს, უნდა იცოდეს, რომ სხვაც გააკეთებს. ამიტომ საჭიროა წინასწარ დაჯდომა და საერთო წესის შემუშავება ამ უკიდურესად მგრძნობიარე სფეროსთვის“.

მარია ზახაროვა

“პოსტ-საბჭოთა სივრცეში აშშ-ის საქმიანობის მასშტაბი ჩვენს შეშფოთებას იწვევს. აშშ, პენტაგონის დაფინანსებით, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მიკორბიოლოგიურ ლაბორატორიებს ქმნის. ამის თვალსაჩინო მაგალითია 2013 წელს თბილისში, ალექსეევკას დასახლებაში ბიოლოგიური დაცვის მესამე დონის ლაბორატორიის გახსნა, რომელიც განსაკუთრებით საშიშ გამაღიზიანებლებთან  ცდების ჩატარების საშუალებას იძლევა. დღეს ეს "რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრია."

გრიგორი კარასინი

"ვაშინგტონისა და თბილისისგან კვლავ ველოდებით ახსნა-განმარტებების მოცემული ლაბორატორიის რეალური საქმიანობის შესახებ. არ დაგავიწყდეთ, რომ ის გეოგრაფიულად ჩვენს საზღვართან მდებარეობს."

იგორ კირილოვი

“ლუგარის ცენტრში ვითომ მკურნალობის საბაბით, ხდებოდა  ლეტალურობის მაღალი რისკის მქონე მაღალტოქსიკური ქიმიკატის ან ბიოლოგიური აგენტის შეფასება.”

გენადი ონიშენკო

“„ისინი [ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ტერიტორიაზე განლაგებული ლუგარის მსგავსი ლაბორატორიები] ჩვენი საზღვრის სიახლოვესაა. რატომ დგანან ისინი იქ? იმისათვის, რომ შეისწავლონ ბუნებრივ-კეროვანი დაავადებების პეიზაჟი ამ რეგიონში, ამ ვირუსებისა და მიკრობების მოდელირება მოახდინონ და შემდეგ მათი ბუნებრივი გამოვლინებები გააძლიერონ. ეს ლაბორატორიები შექმნილია თავდასხმითი მიზნებისთვის - სამხედრო-ბიოლოგიური რეცეპტურების შექმნისა და გამოყენებისთვის. “


ჯეფრი სილვერმანის შესახებ

რუსული მედიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყარო ჯეფრი სილვერმანია, რომელსაც რუსეთის სახელისუფლებო მედია სხვადასხვანაირად მოიხსენიებს. რუსეთის პირველი არხი სილვერმანს სამხედრო ექსპერტს უწოდებს, ხოლო Россия24 - საქართველოში მცხოვრებ ამერიკეულ ჟურნალისტს, რომელმაც ლუგარის ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის გამოცდაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც მას თბილისში სცემეს და ქართულმა დაზვერვამ დაკითხა.

სილვერმანი ამჟამად პორტალ Veterans Today-ს საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ლექციებს კითხულობს (2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით). ამავე უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაციის თანახმად ასევე ასწავლიან ვახტანგ მაისაია, პეტრე მამრაძე, თამარ კიკნაძე და სხვები.

გამოცემა Veterans Today კი რუსეთთან არის დაკავშირებული. 2013 წელს Veterans Today-მ თანამშრომლობა დაიწყო რუსულ გეოპოლიტიკურ  ჟურნალთან “ახალი აღმოსავლური მიმოხილვა” (Новое восточное обозрение). ჟურნალს კი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი გამოსცემს. ერთი მხრივ Veterans Today ჟურნალის მასალებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს, მეორე მხრივ კი Veterans Today-ს მთავარი რედაქტორი ჯიმ დინი ჟურნალისთვის სტატიებს წერს ისეთი სათაურებით, როგორიცაა “უკრაინის კუ კლუქს კლანი - NATO-ს ახალი მოკავშირე”, “დასავლური გადატრიალება უკრაინაში და მიმდინარე უბედურება” და სხვა.

ჯეფრი სილვერმანი საქართველოში 1991 წლიდან ცხოვრობს. ადამიანის უფლებათა ცენტრთან ინტერვიუში სილვერმანი აღნიშნავს, რომ 2004 წელს მას აშშ-ის მოქალაქეობა ჩამოართვეს. რუსულ გეოპოლიტიკურ ჟურნალთან “ახალი აღმოსავლური მიმოხილვა” კი სილვერმანი აღნიშნავს, რომ აშშ-ის მოქალაქეობის დაბრუნება მან მხოლოდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში შეძლო.

დილიანა გაიტანჯიევას შესახებ

ბულგარელი ჟურნალისტი დილიანა გაიტანჯიევა რუსეთის სახელისუფლებო მედიისა და პრო-რუსული ქართულენოვანი მედიის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გაიტანჯიევას ისეთი მედიები ეყრდნობიან, როგორიცაა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ტელეარხი Звезда, სპუტნიკი, News Front და  სხვა. News Front, მაგალითად, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების, დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობას აღიარებს და მისი სარედაქციო პოლიტიკა კრემლის დღის წესრიგის იდენტურია.

გაიტანჯიევამ სავარაუდოდ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გაჟონილი კორრესპონდენცია მოიპოვა და ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მტკიცებულებების არსებობის სიმულაცია შექმნა. გაიტანჯიევას სტატიებს აქვეყნებს გამოცემა South Front, რომელიც რუსეთიდან იმართება და სამხედრო თემატიკისა და დაზვერვის შესახებ კონსპირაციებს ხსიღად ავრცელებს. გაიტანჯიევას სტატიები და ინტერვიუები ხშირად ჩანს პორტალზე Новостной Фронт გამოაქვეყნა, რომელიც დონბასის დამოუკიდებლობას აღიარებს და აღნიშნავს, რომ გამოცემის მიზანი რუსული ცივილიზაციის ინტერესების დაცვაა. 2018 წლის სექტემბერში კი გაიტანჯიევამ ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ დოკუმენტური ფილმი ჰესბოლასთან დაკავშირებული Al-mayadeen-სთვის მოამზადა.