ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

ვისი ხელწერაა News Front-ისა და Geworld-ის დეზინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიაზე?

23 მარტი, 2020

2020 წლის 18 მარტს News Front Georgia-ს საიტზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით “კორონავირუსი ჩინეთში არ წარმოიშვა! გამარჯობა, ლუგარის ლაბორატორიავ!”. სტატია Global Research Canada-სა და ჩინეთის მთავრობაზე დაყრდნობით ამტკიცებს, თითქოს ჩინეთში ახალი კორონავირუსი ამერიკელმა სამხედროებმა განზრახ შეიტანეს. კორონავირუსის გავრცელების კონტექსტში საქართველოში მოქმედი ლუგარის ლაბორატორიის ხსენებით News Front-ი ავითარებს ცნობილ კონსპირაციას, თითქოს ლუგარის ლაბორატორიიდან ვირუსები და საშიში პათოგენები ვრცელდება. News Front-ი ასევე ეყრდნობა სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარს კრისტიან ანდერსენს, რომელიც News Front-ის თქმით, ამტკიცებს, რომ ვირუსი ჩინეთიდან არ გავრცელებულა და ის იქ შეიტანეს. 

იმავე წყაროებზე დაყრდნობით, კორონავირუსის ამერიკელი სამხედროების მიერ განზრახ გავრცელების კონსპირაციას “საქართველო და მსოფლიო”-ც (Geworld.ge) ავითარებს. სტატიას, რომლის ტექსტი News Front-ის იდენტურია, ამერიკელი ჯარისკაცების ფოტო ერთვის, წარწერით: “ამათ შეიტანეს ახალი კორონავირუსი ჩინეთში”.

"'

News Front-ისა და Geworld-ის სტატიები დეზინფორმაცია და ორივე მასალის ტექსტი ერთი ხელწერით არის შესრულებული, რასაც მასალის იდენტური სტრუქტურა და ხელოვნური ცვლილებები ადასტურებს. Global Research Canada ცნობილი კონსპირაციული გამოცემაა, რომელსაც News Guard-ი არასანდოდ მიიჩნევს. კვლევითი ინსტიტუტის მიკრიბიოლოგ კრისტიან ანდერსენს კი გამოცემები მანიპულაციურად ციტირებენ.  სწორედ სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის უახლესმა კვლევამ დაადასტურა, რომ ახალი კორონავირუსი არა ადამიანის მიერა გენერირებული, არამედ ბუნებრივი პროცესებისგან წარმოქმნილი ვირუსია. რაც შეეხება ჩინეთის მთავრობას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთს მოუწოდა, რომ ამ ვითარებაში დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოს. 

   1. სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი კვლევით, ახალი კორონავირუსი ბუნებრივი პროცესების შედეგად წარმოიშვა

News Front და Geworld-ი იმის დასამტკიცებლად, რომ კორონავირუსი ჩინეთში ამერიკელმა სამხედროებმა განზრახ შეიტანეს, წყაროდ სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარს, კრისტიან ანდერსენს ეყრდნობა. რეალურად, სკრიპსის კვლევითმა ინსტიტუტმა დაადასტურა, რომ ახალი კორონავირუსი ბუნებრივი სელექციის შედეგია და ის ადამიანის მიერ შექმნილი არ არის. ეს კვლევა კრემლისტური მედიის კონსპირაციებს არათუ ადასტურებს, არამედ აბათილებს მათ.

სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის საიტზე მითითებულია, რომ Covid-19-ის შტამების გენომის ანალიზმა არ დაადასტურა, რომ ვირუსი ლაბორატორიაში ან სხვაგვარად გენერირებულია.

კრისტიან ანდერსონი: “ახალი კორონავირუსის შტამების გენომის შემადგენლობა გვაძლევს მტკიცედ თქმის საშუალებას, რომ SARS-CoV-2 ბუნებრივი პროცესების შედეგად შეიქმნა.”

"

  2. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის მიმართ ბრალდებებს მტკიცებულებების გარეშე ავრცელებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვის ტვიტებსაც News Front და Geworld-ი წყაროდ ეყრდნობა, ბრალდებებს არგუმენტაციისა და მტკიცებულებები გარეშე ავრცელებს. გამოცემების მსგავსად, მინისტრი Global Research Canada-სა და მისი ავტორის, ლარი რომანოვის 4 მარტის სტატიას ეყრდნობა, რომელშიც ავტორი ამტკიცებს, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთში ამერიკელმა სამხედროებმა განზრახ ჩაიტანეს. 

"

ამ ბრალდებებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადებით უპასუხა, რომელშიც აშშ ჩინეთის მთავრობას “ჭორების” გავრცელებაში სდებს ბრალს. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება: "სახელმწიფო მდივანმა გამოხატა შეშფოთება და პროტესტი, ჩინეთის ქმედებების მიმართ, რომ კორონავირუსზე ბრალი ამერიკის შეერთებულ შტატებს დაედოს. მაიკ პომპეომ საუბრის დროს მოუწოდა ჩინეთს, რომ თავი შეიკავონ დეზინფორმაციისგან და ასევე აღნიშნა, რომ ახლა არ არის დრო საგარეო ჭორების გავრცელებისთვის.”

  3. კორონავირუსის გენოტიპი განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით

კონსპირაციების განსამტკიცებლად News Front-ი ამბობს, რომ ირანსა და იტალიაში გამოვლენილი ვირუსის გენური ნაირსახეობა ჩინური ნიმუშების იდენტური არ არის. News Front-ის მტკიცებით, ეს არის იმის დასტური, რომ ვირუსი ჩინეთში სხვა ქვეყნიდან იყო იმპორტირებული.

GISAID-ის ახალი კორონავირუსის კვლევა აჩვენებს, რომ ქვეყნებში გავრცელებული ვირუსის გენოტიპები სხვადასხვაა. მაგალითად, საქართველოში გავრცელებული კორონავირუსის გენოტიპი ემთხვევა ავსტრალიას, ნიდერლანდებს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და ფინეთს. საქართველოში დადასტურებული Covid 19-ის შემთხვევების გენომის მიმდევრობის მონაცემები ლუგარის ლაბორატორიამ შეისწავლა. 

"
წყარო: GISAID

    4. Global Research Canada სანდო წყარო არ არის და ის კონსპირაციების გავრცელებით გამოირჩევა

Global Research არის კანადური გამოცემა, რომელიც 2001 წელს მიშელ ჩუსუდოვსკიმ დააარსა. Global Research ცნობილია თავისი ანტიდასავლური, ანტიკაპიტალისტური, ანტიგლობალისტური და პრორუსული კონსპირაციული სარედაქციო პოლიტიკით.

The Economist-სა და NATO-ს ექსპერტებზე დაყრდნობით თავისუფალ ენციკლოპედია Wikipedia-ს Global Research ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი საიტების სიაში ჰყავს შეყვანილი. Media Bias Fact Check-ი, რომელიც გამოცემების მიკერძოების ხარისხსს ადგენს, Global Research-ს კონსპირაციულ და ფსევდომეცნიერულ გამოცემას უწოდებს. Global Research-ს არასანდო მედიად მიიჩნევს News Guard-იც. 

"
კორონავირუსსა და აშშ-ის ლაბორატორიებზე გამოქვეყნებული სტატიის საპასუხოდ, ამერიკულმა გამოცემა USA TODAY-მ ვრცელი მასალა მოამზადა, რომელშიც გამოცემა დეტალურად აღწერს დღეის მდგომარეობით მეცნიერებათა კონსენსუსს ახალი კორონავირუსის წარმოშობის შესახებ. კონსპირაციებზე საპასუხოდ გამოცემა Global Research-ის ავტორთან, ლარი რომანვთან ცდილობდა დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ. 

    5. News Front-ისა და Geworld-ის სტატიებში ერთი ხელწერით არის შესრულებული

News Front-ისა და Geworld-ის მიერ გამოქვეყენულ სტატიები თითქმის იდენტურია და მათში არაერთი საერთო მახასიათებელი იკვეთება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ორ გამოცემას ერთმანეთთან აქვს კავშირი. ეს კავშირები “მითების დეტექტორმა” ადრეც დაადასტურა, რაც ერთი მხრივ ფეისბუქ გვერდებისა და ჯგუფების ქსელებში, მეორე მხრივ კი News Front-ის ავტორებით გამოჩნდა. 

ამ ორ სტატიას საერთო წყაროები, ტექსტის მსგავსი სტრუქტურა აქვთ, თუმცა განზრახ არის შეცვლილი კავშირები, წინადადებების წყობა და გარკვეული სიტყვები სინონიმებით არის ჩანაცვლებული.

News Front Georgia

Geworld.ge

ამ ვერსიის სასარგებლოდ სხვა ფაქტებიც მეტყველებენ. როგორც ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა ექსპერტმა დენიელ ლიუსიმ განაცხადა, უხანში კორონავირუსით დაავადების პირველი ფაქტი აღინიშნა 2019 წლის 1-ლ დეკემბერს და პაციენტს არანაირი კავშირი არ ჰქონია ზღვის პროდუქტებთან (ან ღამურებთან). ექიმის თქმით, პირველი დაავადებულები სულაც ნოემბერში გაჩნდნენ, მაგრამ გარკვეულ დრომდე მათი იდენტიფიცირება ვერ მოხდა. მხოლოდ 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა, ექიმებმა სწორედ მაშინ გააკეთეს დასკვნა, რომ საქმე ახალ ვირუსთან აქვთ.

ამ ვერსიას სხვა დადასტურებაც აქვს. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა ექსპერტი დენიელ ლუსი აღნიშნავს, რომ დაავადების პირველი შემთხვევა უხანში დადასტურდა 2019 წლის 1 დეკემბერს და პაციენტს არავითარი შეხება არ ჰქონდა ზღვის პროდუქტებთან. მედიკოსის სიტყვები რომ გავიმეოროთ, პირველი ავადმყოფები შეიძლება ჯერ კიდევ ნოემბერში იყვნენ, მაგრამ გარკვეულ დრომდე ისინი გამოვლენილი არ ყოფილან. და მხოლოდ 2019 წლის დეკემბერში ერთბაშად დაფიქსირდა დაავადების რამდენიმე შემთხვევა. ექიმებმაც მაშინ დაასკვნეს, რომ საქმე ჰქონდათ ახალ, უცნობ ვირუსთან.

ამავე ვერსიას ემხრობა კრისტიან ანდერსენი, ბიოლოგი სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტიდან. მისი სიტყვებით, ვირუსი არა მხოლოდ კავშირში არ არის უხანის ზღვის პროდუქტების ბაზართან, იგი საერთოდ არ გაჩენილა უხანში და იმპორტირებულ იქნა ჩინეთში სხვა ქვეყნიდან. საამისო დასტურად, ანდერსენის აზრით, გამოდგება ის მომენტი, რომ ირანსა და იტალიაში გამოვლენილი გენური ნაირსახეობა ვირუსისა არ აღმოჩნდა ჩინური ნიმუშების იდენტური.

ამავე თეორიას იზიარებს სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის ბიოლოგი-ევოლუციონისტი კრისტიან ანდერსენი. იგი დარწმუნებულია, რომ ვირუსს არავითარი შეხება არ აქვს ზღვის პროდუქტების უხანის ბაზართან და, საერთოდ, უხანში არ “დაბადებულა”.Covid-19 ჩინეთში სხვა ქვეყნიდან არის შეტანილი. ამ ვერსიას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ირანსა და იტალიაში გავრცელებული ვირუსის გენომური ნაირსახეობანი ჩინეთის ნიმუშების არაიდენტურია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი სხვადასხვა ადგილებში უნდა იყოს შექმნილი.

სტატიის რეზიუმეში ლარი რომანოვი აღნიშნავს, რომ დაბეჯითებით არ შეიძლება ამერიკული ფორტ დეტრიკის მიჩნევა კორონავირუს-19 -ის გავრცელების წყაროდ, მაგრამ ვინაიდან 2005 წლიდან 2012 წლამდე აშშ-ში საიდუმლო ლაბორატორიებიდან პათოგენების გაჟონვის 1059 შემთხვევა აღინიშნა (გამარჯობა, ლუგარის ლაბორატორიავ!! – “ნიუსფრონტი”, იხილეთ რამდენიმე მაგალითი-აქ), ეს ვარიანტი სულ უფრო და უფრო რეალური ხდება.

ლარი რომანოფი ასკვნის, რომ სრული დარწმუნებით იმის თქმა, თითქოს მაინცდამაინც ამერიკული ფორტი დეტრიკი არის კორონავირუს Covid-19-ის გავრცელების წყარო, შეუძლებელია. ამისთვის მინიმუმ საჭიროა ამერიკული ბაზიდან ინფორმაციის მიღება. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2005-დან 2012 წლამდე დაფიქსირებული იყო საიდუმლო ლაბორატორიებიდან პათოგენების გაჟონვის 1059 შემთხვევა (საშუალოდ სამ დღეში ერთხელ), ეს ვარიანტი სულ უფრო შესაძლებელი ხდება.


    6. კორონავირუსს და აშშ-ის სამხედროების კონსპირაციას კრემლთან დაკავშრებული გამოცემები ლუგარის ლაბორატორიასთან მანიპულაციურად აკავშირებენ.

News Front-ი და Geworld-ი კორონავირუსის გავრცელების კონსპირაციებთან ლუგარის ლაბორატორიას მანიპულაციურად უკავშრებს. ამით მკითხველში თესავენ შიშს და ეჭვებს, რომ ვირუსები შესაძლოა სხვადასხვა ლაბორატორიებიდან, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიიდან განზრახ ვრცელდებოდეს. ეს ნარატივი კრემლის დეზინფორმაციის ერთ-ერთი წამყვანი გზავნილია, რომელსაც ერთი მხრივ აშშ-ის დემონიზებისთვის, მეორე მხრივ კი რუსეთის მიმართ არსებული კრიტიკული საკთხებიდან ყურადღების გადასატანად იყენებს. 


მოამზადეს სოფო გელავამ და ლიკა ბუჩუნტელმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია