სხვადასხვა

YouTube-ი და შეთქმულების თეორიები ბრაზილიაში

25 ოქტომბერი, 2018

სხვა სოციალური ქსელების მსგავსად, კონსპირაციებისა და დეზინფორმაციის გავრცელებას ვიდეოების უმსხვილესი პორტალი YouTube-იც უწყობს ხელს. DFRLab-ის 2018 წლის 30 აგვისტოს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ბრაზილიაში კონსპირაციების გავრცელების წყარო სწორედ YouTube-ია, რომელიც ქვეყანაში მთავარ სოციალურ ქსელს წარმოადგენს.

კვლევის მიხედვით, 17 წლის წინ ბრაზილიაში ირონიულ კონტექსტში შექმნილი თეორია, YouTube-ის წყალობით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კონსპირაცია გახდა და 2018 წლის 9 აგვისტოს ბრაზილიის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის გამართულ დებატებშიც კი ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა.

ეს თეორია URSAL-ის სახელით არის ცნობილი, რომელიც ლათინური ამერიკის გაერთიანებული სოციალისტური რესპუბლიკების ინგლისურ აკრონიმს წარმოადგენს. კონსპირაციის თანახმად, ლათინური ამერიკის ქვეყნები, როგორც სუვერენული სახელმწიფოები გაქრებიან და ისინი კომუნისტური რეჟიმის ქვეშ ერთ სუბიექტად ჩამოყალიბდებიან.

"
ფოტო: DFRLab

URSAL-ის შესახებ შეთქმულების თეორიის განვითარება

აკრონიმი “URSAL” პირველად 17 წლის წინ გამოჩნდა.  პროფესორმა მარია ლუსია ვიქტორ ბარბოსამ ის 2001 წელს საკუთარ სტატიაში ირონიულ კონტექსტში ახსენა, რითაც ლათინური ამერიკის მემარცხენე პარტიათა გაერთიანების სან-პაოლოს ფორუმი გააკრიტიკა. ფორუმი ამერიკის კონტინენტების თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის (FTAA)  იდეას მხარს არ უჭერდა. ბარბოსამ ირონიულად აღნიშნა, რომ ფორუმის ალტერნატიული იდეა “ლათინური ამერიკის გაერთიანებული სოციალისტური რესპუბლიკების (URSAL) შექმნა იქნებოდა. ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებმა URSAL-ის იდეა აიტაცეს და ის მემარცხენე ჯგუფების დემონიზების საშუალებად აქციეს.

მაგალითისთვის, 2006 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ბრაზილიელმა პუბლიცისტმა ოლავ დე კარვალო  მას რეალურ გეგმად მოიხსენიებდა. 2015 წელს კი ამ კონსპირაციის გასავრცელებლად სპეციალურ ვებსაიტი “URSAL-ის დოსიე” შეიქმნა, რომელიც, ძირითადად  YouTube-ის ლინკებს ეყრდნობოდა.

URSAL-ის შესახებ ვიდეოები სხვა კონსპირაციებთანაა დაკავშირებული

URSAL-ის შესახებ კონსპირაციულმა ვიდეოებმა სხვა შეთქმულების თეორიების განვითარებსა და გავრცელებასაც შეუწყო ხელი.

  • კონსპირაცია ილუმინატების შესახებ

ერთ-ერთ ვიდეოში ავტორი საპრეზიდენტო კანდიდატს, ალვარო დიას “მსოფლიოს მმართველებთან“- ილუმინატებთან კავშირში ადანაშაულებს. შეთქმულების თეორიების თანახმად, ილუმინატების ორგანიზაცია დღემდე აქტიურად ფუნქციონირებს და სოციალისტური ტიპის მსოფლიო წესრიგის შექმნას ისახავს მიზნად.

  • კონსპირაცია, თითქოს დედამიწა ბრტყელია

იმავე ვიდეოში აღნიშნულია, რომ დედამიწა ბრტყელია, რასაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლოგო ადასტურებს.

"

  • კონსპირაციები ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ

URSAL-ის შესახებ კიდევ ერთი ვიდეო ამტკიცებს, თითქოს ჯორჯ ბუშს, ბარაკ ობამას, ემანუელ მაკრონსა და რომის წინა პაპს ბენედიქტ XVI-ს ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნის გეგმა აქვთ და ისინი სახელმწიფოების გაქრობას უჭერენ მხარს.

კონსპირაციული ვიდეოების თანახმად, ახალი მსოფლიო წესრიგის კიდევ ერთი ინდიკატორი ტრამპის განცხადება იყო, რომლის თანახმადაც მექსიკისა და აშშ-ის საზღვარზე კედელი უნდა აშენებულიყო.

YouTube-ის ალგორითმის როლი შეთქმულების თეორიების პოპულარიზაციაში

მომხმარებლებს, რომლებიც URSAL-ის შესახებ ვიდეოს ნახულობენ, YouTube-ის ალგორითმი სხვა ვიდეოების ნახვას სთავაზობს. YouTube-ის მიერ რეკომენდირებული ვიდეოებიც კონსპირაციული შინაარსის არის. ამ სიაში ვხვდებით ისეთ ვიდეოებს, რომლებიც გვაწვდიან “ნამდვილ ინფორმაციას”
ტიტანიკის ჩაძირვის, ეგვიპიტის პირაიმდების საიდუმლოებების, მსოფლიოს აღსასრულისა და საფრანგეთის პრეზიდენტის შესახებ, რომელიც კონსპირაციების ავტორების თანახმად ანტიქრისტეა.

"

URSAL-ის თეორიის გავრცელება კარგად აჩვენებს, თუ როგორ უწყობს ხელს YouTube-ის  ალგორითმი ბრაზილიაში კონსპირაციული თეორიების გავრცელებას. შეიძლება ითქვას, რომ YouTube-ის მომხმარებელთთავის URSAL-ის შესახებ ვიდეოები კონსპირაციებისა და დეზინფორმაციის ონლაინ სამყაროში პირველი ნაბიჯია.