შესწორება / საჩივრები

საჩივრები

მედიის განვითარების ფონდი ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე. ჩვენ განვიხილავთ საჩივრებს “მითების დეტექტორის” ქცევის კოდექსის საფუძველზე. 

“მითების დეტექტორის” რედაქცია შესაძლებლობას აძლევს ყველა მხარეს, მოგვაწოდოს დასაბუთებული შენიშვნა მასალაში არსებული უზუსტობის შესახებ. დაინტერესებულ მხარეს შეუძლია, შეავსოს ონლაინ აპლიკაცია, მოგვწეროს მეილზეcomplaints@mdfgeorgia.ge ან info@mdfgeorgia.ge), ფეისბუკის  ან სხვა სოციალური მედიის მეშვეობით და მოგვაწოდოს მასალასთან დაკავშირებული კომენტარი და დასაბუთებული შენიშვნა მასში არსებული უზუსტობების ან შეცდომის შესახებ. 

რედაქცია დროულად განიხილავს მომართვას და აცნობებს მხარეს თავის გადაწყვეტილებას. შეცდომის ან უზუსტობის შემთხვევაში, შესწორება ყველა შესაძლო ფორმატში დაუყოვნებლივ მოხდება. 

გრამატიკული ან მექანიკური შეცდომა (სპელინგი), რომელიც მკითხველის ამბის აღქმაზე არსებითად არ მოქმედებს, ტექსტში პირდაპირ შესწორდება.

არსებითი შეცდომის შემთხვევაში, რედაქცია მკითხველს ბოდიშს მოუხდის და შესწორებას სტატიის შესავალ ნაწილშივე განათავსებს, სადაც შეძლებისდაგვარად ამომწურავად იქნება ახსნილი, რამ განაპირობა შეცდომა და მკაფიოდ იქნება მითითებული ახლადგამოვლენილი ფაქტები და გარემოებები.

იმ შემთხვევაში, თუ მოვლენების განვითარება სტატიის შინაარსს არსებითად ცვლის, სტატიის შესავალშივე განთავსდება განახლება, სადაც ახლადგანვითარებულ ფაქტობრივ გარემობებზე იქნება მითითება.

მითების დეტექტორი სრულიად იზიარებს პოინტერის ინსტიტუტის ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (International Fact-Checking Network, IFCN) მიერ შეთანხმებულ და დადგენილ პრინციპებს, რომლის ხელმომწერიც ის 2019 წლის ნოემბრიდანაა. 

თუ თვლით, რომ მითების დეტექტორი არღვევს IFCN-ის კოდექსის პრინციპებს, შეგიძლიათ საჩივარი გაუგზავნოთ ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელს (IFCN), რომელიც განიხილავს თქვენს მოთხოვნას. IFCN არ არის სააპელაციო ორგანო, თუმცა კოდექსის სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მას შეუძლია პროექტს შეუჩეროს ან გაუუქმოს ვერიფიცირებული ხელმომწერის სტატუსი. თქვენი მოთხოვნა შეგიძლიათ გააგზავნოთ IFCN-ის ვებ-გვერდზე შემდეგ მისამართზე: https://ifcncodeofprinciples.poynter.org/complaints-policy


ფეისბუქზე “მითების დეტექტორის” შეფასების შესწორებისა და გასაჩივრების  გზამკვლევი

2016 წელს, Facebook-მა პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტის გაუმჯობესების მიზნით, ფაქტების გადამმოწმებელ დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, Third-Party Fact-Checking პროგრამის განხორციელება დაიწყო. 2020 წლის 21 სექტემბერს, Facebook-მა აღნიშნული პროგრამა საქართველოშიც აამოქმედა, რომლის ფარგლებშიც მისი ადგილობრივი პარტნიორები „მითების დეტექტორი“ (www.mythdetector.ge) და „ფაქტ-მეტრი“ (FactCheck Georgia) გახდნენ. აღნიშნული ორგანიზაციები პოინტერის ინსტიტუტის ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (IFCN) ვერიფიცირებული წევრები არიან. 

Facebook-ზე პოტენციურად არასწორი ინფორმაციის შემცველი მასალის აღმოჩენის შემდეგ, პროგრამის მონაწილე ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები სადავო მასალას ფეისბუკის რეიტინგების სისტემით აფასებენ, რაც შემდეგ კლასიფიკატორებს მოიცავს: 

  1. ცრუ 
  2. დარედაქტირებული
  3. ნაწილობრივ ცრუ
  4. კონტექსტის გარეშე
  5. სატირა
  6. სიმართლე

აღსანიშნავია, რომ „მითების დეტექტორის“ (www.mythdetector.ge) და „ფაქტ-მეტრისა“ (FactCheck Georgia) მიერ პირველ 4 კატეგორიად (ცრუ, დარედაქტირებული, ნაწილობრივ ცრუ, კონტექსტის გარეშე) შეფასებული შინაარსის გამავრცელებელ ინდივიდუალურ ანგარიშებს ან გამომცემლებს (Facebook-გვერდი, Facebook-ჯგუფი) ფეისბუკი გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს, რაც შესაძლოა, ასეთი მასალის გავრცელების შეზღუდვაც იყოს. იმავე გამომცემლების მიერ იდენტური დარღვევის განმეორებითი გამოვლენის შემთხვევაში, Facebook-მა შესაძლოა, დამატებით ზომებს მიმართოს: გავრცელების შემცირებას, რეკლამირებისა და მონეტიზაციის შესაძლებლობის შეზღუდვას და სხვა.  

შესაძლებელია თუ არა ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების შეფასების/ვერდიქტის გადახედვა?  

პოსტისთვის მინიჭებული შეფასების გადახედვის ორი შესაძლებლობა არსებობს: 

     1.მასალის შესწორება. თუ ეთანხმებით შეფასებას/ვერდიქტს, რომელიც თქვენს მიერ გაზიარებულ მასალას მიენიჭა, შეგიძლიათ დაშვებული უზუსტობა  თანაზომადი ფორმით შეასწოროთ, რაც გავრცელებული არასწორი კონტენტის, მათ შორის სათაურის, იმავე ბმულზე მკაფიოდ ჩასწორებას გულისხმობს, რომლითაც საწყისი მასალა გავრცელდა. შესწორების შემდეგ ჩვენ ფეისბუკზე თავდაპირველ შეფასებას/ვერდიქტს მოვხსნით. 

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. მასალის შესწორების აპლიკაცია

     2. შეფასების გასაჩივრება. თუ არ ეთანხმებით შეფასებას/ვერდიქტს, შეგიძლიათ ის გაასაჩივროთ, რის შემდეგაც ჩვენ თქვენს არგუმენტებს განვიხილავთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას შეფასების/ვერდიქტის მოხსნის ან ძალაში დატოვების შესახებ.  

იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების აპლიკაცია

ვის შეუძლია მომართვა? 

დაინტერესებულ მხარეს - ინდივიდუალურ ანგარიშს ან გამომცემელს Facebook-გვერდი, ჯგუფი), ვინც უშუალოდ არის პასუხისმგებელი სადავო მასალის შინაარსსა და გავრცელებაზე, შეუძლია, მოგვმართოს და მისი მასალისთვის მინიჭებული შეფასების  შესწორება ან გასაჩივრება მოითხოვოს.

რა ვადებში შეიძლება შესწორების ან გასაჩივრების მიზნით მომართვა? 

დაინტერესებულ მხარეს - შეუძლია, „მითების დეტექტორის“ ( www.mythdetector.ge ) რედაქციას Facebook-ზე გამოქვეყნებული მასალისათვის შეფასების მინიჭებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში მიმართოს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შემოსული საჩივრები არ განიხილება. 

რა ვადებში მოხდება რეაგირება? 

  • საწყისი მასალის თანაზომადი ფორმით შესწორებისა და ამის შესახებ „მითების დეტექტორის“  (  www.mythdetector.ge ) ინფორმირების შემთხვევაში, შეფასების გადახედვა დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში მოხდება.
  • შეფასების გასაჩივრების შემთხვევაში, „მითების დეტექტორის“  (  www.mythdetector.ge ) დასაბუთებულ პასუხს, არაუგვიანეს, 7 სამუშაო დღეში გასცემს და მიიღებს გადაწყვეტილებას ვერდიქტის გადახედვის ან ძალაში დატოვების შესახებ.

რას გულისხმობს თანაზომადი ფორმით შესწორება? 

თანაზომადი ფორმით შესწორება გულისხმობს დაშვებული შეცდომის შესახებ მკითხველის მკაფიოდ ინფორმირებას, ცვლილებების იმავე ბმულზე შეტანის გზით, რომელზეც საწყისი სადავო კონტენტი გავრცელდა. შესწორება უნდა მოხდეს, როგორც სათაურში, ასევე აღწერაში და მკაფიოდ განიმარტოს,  თუ რა ცვლილებები განიცადა საწყისმა შინაარსმა.

შენიშვნა! არ წაშალოთ სადავო კონტენტი, იქნება ეს Facebook პოსტი თუ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს მიმართ Facebook-ის მიერ დაწესებული შეზღუდვები ძალაში დარჩება და ჩვენ ვერ შევძლებთ მონიჭებული ვერდიქტის შეცვლას.