ბიზნესმენი ლევან ვასაძე საქართველოში მსოფლიო საოჯახო კონგრესის წარმომადგენელია. ოჯახების მსოფლიო კონგრესი (WCF) ქრისტიანულ-ევანგელისტური ორგანიზაციაა, რომელიც ლგბტ თემის მიმართ სიძულვილს აღვივებს, ხოლო მისი მისია მსოფლიო მასშტაბით „ბუნებრივი ოჯახის“ დაცვის სახელით, ლგბტ უფლებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში მდგომარეობს. კონგრესის მიერ „ბუნებრივი ოჯახი“ განისაზღვრება, როგორც ქმრის, ცოლის და მათი ბიოლოგიური შვილისგან შემდგარი ერთობა.
2016 წლის 15-17 მაისს რიგით მეათე საიუბილეო კონგრესი სახელწოდებით „ცივილიზაციის გზაჯვარედინზე: ოჯახი – თავისუფლებისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ბასტიონი“ თბილისში გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი და მასპინძელი ლევან ვასაძე იყო, რომელმაც კონგრესზე ჰომოფიბიური, ანტიდასავლური და პრორუსული განწყობების შემცველი სიტყვა წარმოთქვა.
ლევან ვასაძე ორგანიზაცია საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა, რომლის მიერ მომზადებული 2 საკანონმდებლო ინიციატივა 2015 წელს საქართველოს პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა წარადგინა. ინიციატივები მოითხოვდა ანტიდისკრიმინაციული კანონიდან სიტყვების „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერი“ ამოღებას, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ დასჯადად გამოცხადებას.