Разное

ანიმაციური საბჭოთა პროპაგანდა: ოქტომბრის რევოლუციიდან პერესტროიკამდე

31 January, 2020

ანიმაციური საბჭოთა პროპაგანდა: ოქტომბრის რევოლუციიდან პერესტროიკამდე (Animated Soviet Propaganda: From the October Revolution to Perestroika) - 1997 წელს გამოცემული, 4 DVD-დისკისგან შემდგარი კრებულია, რომელიც 2-საათიან დოკუმენტურ ფილმსა და 41 საბჭოთა ანიმაციას მოიცავს. ამერიკის შეერთებული შტატებისა და მთლიანად დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდისტული მულტიპლიკაციური ფილმები საბჭოთა კავშირის სტუდია “სოიუზმულტფილმის” მიერ 1924 წლიდან 1984 წლამდე მზადდებოდა. 

ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ანიმაციური ფილმების მთავარი ხაზი ცივი ომის პერიოდში ორი დაპირისპირებული ბანაკის, კაპიტალიზმისა და კომუნიზმის ჭიდილია. 1924 წლიდან 1984 წლამდე გამოშვებულ მულტიპლიკაციურ ფილმებში კარგად იგრძნობა ტექნოლოგიური განვითარება - შავ-თეთრი ფილმები თანდათანობით ფერადი ხდება და ზუსტად იმდროინდელ აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებს ეხმიანება. 

ერთ-ერთი ანიმაციური ფილმი დედამიწას შორდება და პლანეტათშორის რევოლუციას ასახავს; ფილმი იწყება ტექსტით: “ზღაპარი ამხანაგ კომინტერნზე, წითელი არმიის მებრძოლზე, რომელიც მარსზე გაფრინდა და პლანეტაზე არსებული ყველა კაპიტალისტი დაამარცხა!”

მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ანიმაციაზე სხვადასხვა მულტიპლიკატორი/რეჟისორი მუშაობდა, ფაქტი ერთია - ანიმაციების შექმნის ტექნიკა და სტილი ამერიკული კომპანია Disney-სგან არის გადმოღებული. 

DVD-კრებულში მულტფილმები არა ქრონოლოგიურად, არამედ თემატურად არის დალაგებული. მაგალითად, 7 ანიმაცია ამერიკელ იმპერიალისტებზე აღწერს ფულისგან გაუმაძღარ ინდუსტრიალისტებს, რომლებიც, საბოლოო ჯამში საკუთარი სიხარბის მხვერპლი ხდებიან. ფაშისტი ბარბაროსები 17 ფილმში არიან წარმოდგენილნი და აღწერენ ნაცისტური გერმანიის საქმიანობას მეორე მსოფლიო ომის დასაწყისიდან. გასაკვირი არ არის, რომ ნაცისტები არა ადამიანებად, არამედ ცხოველებად არიან წარმოჩენილნი. 

ფილმი შეგიძლიათ იხილოთ Youtube-ზე

The New York Times-ისა და Brainpickings.org-ის მიხედვით