Политика

“ბალკანეთის ხაზი” - რუსული დეზინფორმაცია დიდ ეკრანზე

14 February, 2020

ბალკანეთის ხაზი (Балканский рубеж) - 2019 წელს, რუსული კინოკომპანიის მიერ წარმოებული კინოფილმია, რომელიც სერბულ მხარესთან თანამშრომლობით შეიქმნა. ფილმში ცნობილი რუსი მსახიობები, მათ შორის, გოშა კუცენკო, რავშანა კურკოვა და სხვები მონაწილეობენ, რაც ნამუშევარს უფრო დიდ “მნიშვნელობას” ჰმატებს. 

ზოგადად, ბოლო პერიოდის რუსული, მსხვილბიუჯეტიანი ფილმები, ძირითადად, პროპაგანდისტული შინაარსისაა და ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა “ბალკანეთის ხაზის” მისია სულ სხვაა. 2008 წელს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის მრავალი სახელმწიფოს მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება მოხდა, რასაც სერბეთი დღემდე ეწინააღმდეგება. ამავე წლიდან რუსეთი აქტიურად უჭერს მხარს სერბეთს, არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას და უფრო მეტიც, ცდილობს ამ ქვეყანაში საკუთარი გავლენები გაზარდოს. ბოლო წლებში ევროკავშირი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე გაფართოების მიმართულებით აქტიურად დგამს ნაბიჯებს, რასაც რუსეთიც არ ჩამორჩება და სხვადასხვა, მათ შორის კულტურული ხასიათის პროპაგანდასაც მიმართავს. 

საგულისხმოა, რომ ფილმი 1999 წელს, ნატოს მიერ სერბეთში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის 20 წლისთავს დაამთხვიეს. ფილმი გვიყვება ამბავს, თუ როგორ დაიცვეს კოსოვოს პრიშტინას აეროპორტი რუსმა სამხედროებმა აჯანყებული კოსოვოელი ალბანელებისგან. ამ დავალების შესასრულებლად რუსებს ნატოს წარმომადგენლებთან დაპირისპირება დასჭირდათ და, რა თქმა უნდა, თავისი გაიტანეს.  შინაარსიდან გამომდინარე, ფილმი ჰეროიკული სცენებითაა დატვირთული, რაშიც უჩვეულო არაფერია, თუმცა რეალურად კინონამუშევარში მოვლენები არასწორადა არის მოცემული: 

  1. ნატოს წარმომადგენლებსა და რუს სამხედროებს შორის მცირე დაპირისპირება ნამდვილად მოხდა, თუმცა სერიოზულ შეხლა-შემოხლას, ბრძოლას და მით უმეტეს სროლას ადგილი არ ჰქონია;
  2. ფილმის დასაწყისში ჩანს ტექსტი, სადაც წერია, რომ კოსოვოს ომი დაიწყო მას მერე, რაც კოსოვოელმა ალბანელებმა იუგოსლავიიდან გამოყოფა მოითხოვეს. რეალურად, კინონამუშევარში არაფერია ნათქვამი იუგოსლავიის ლიდერის, სლობოდან მილოშევიჩის მიერ 1989 წელს კოსოვოს ავტონომიური სტატუსის გაუქმებაზე, სერბეთის არმიის მიერ ეთნიკური ალბანელების მასობრივად დახოცვაზე და ა.შ.

საინტერესოა ის, რომ ფილმის ნაწილი რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმშია გადაღებული, ხოლო ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღების პროცესს ცნობილი სერბი კინორეჟისორი, რუსეთის პრეზიდენტის მიერ მეგობრობის ორდენით დაჯილდოვებული ემირ კუსტურიცა ესწრებოდა. 

ფილმი შეგიძლიათ იხილოთ imovies.ge-ზე

რადიო თავისუფლებისა” და Polygraph.info-ს მიხედვით