ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

როგორ აკავშირებს რუსეთის პირველი არხი კორონავირუსს და სკრიპალების საქმეს?

20 February, 2020

EUvsDisinfo-ს მასალის მიხედვით

8 თებერვალს რუსული პირველი არხის გადაცემა Большая Игра-ს ეთერში კორონავირუსის გავრცელებაზე ისაუბრეს და მორიგი კონსპირაციის თეორიები განავითარეს. გადაცემაში მოწვეულმა ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ კორონავირუსი განგებ შეიქმნა და ამის დამადასტურებელი საბუთიც არსებობს.

მიკრობიოლოგმა იგორ ნიკულინმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს უკვე აქვთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, თუმცა ასეთ მოკლე დროში ვაქცინის შექმნა შეუძლებელია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ვირუსის შესახებ მათ იქამდე იცოდნენ, სანამ ის ჩინეთში გავრცელდებოდა. ნიკულინის მტკიცებით, ბრიტანეთში პორტონ დაუნის ლაბორატორია, რომელიც ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღებს ამზადებს და სკრიპალების მოწამვლაშიც მონაწილეობდა, კორონავირუსის შემოქმედიცაა. რუსი მიკრობიოლოგის აზრით, პორტონ დაუნის ლაბორატორიამ შესაძლოა უხანში მეტროს კარზე, რომელსაც ყოველდღე ათასობით ადამიანი ეხება, რაღაც წაუსვა, რამაც ვირუსის აფეთქება გამოიწვია.

რა ფაქტებია ცნობილი კორონავირუსსა და სკრიპალების საქმეზე?

ამჟამინდელი კორონავირუსი (2019-nCoV) იმ ვირუსების ჯგუფიდან მოდის, რომელიც მოიცავდა SARS-ს და MERS-ს. კორონავირუსი პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში გავრცელდა და სწრაფად მოიცვა სხვა რეგიონებიც. კორონავირუსის წარმოშობის წყარო შესაძლოა ღამურა ან სხვა რომელიმე ცხოველი იყოს, თუმცა ეს ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. ამასთან, ტყუილია მტკიცება, თითქოს აშშ-ში ან დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინა უპრეცედენტოდ მოკლე დროში შექმნეს, რადგან ვაქცინაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მეცნიერები დასრულებამდე დაახლოებით 1 წელს ვარაუდობენ.

რაც შეეხება სკრიპალების საქმეს და მტკიცებას, თითქოს პორტონ დაუნის ლაბორატორიამ საწამლავი სკრიპალების კარის სახელურზე წაუსვა, კონსპირაციაა და ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ბრიტანულმა პოლიციამ და დაზვერვამ გამოძიების შედეგად დაადგინეს, რომ სკრიპალების მოწამვლაში რუსეთის “გრუ”-ს ოფიცრები მონაწილეობდნენ.

კორონავირუსის ირგვლივ კონსპირაციები რუსულ მედიაში პერიოდულად ვრცელდება. იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

  •  Ren TV-ი კორონავირუსს აშშ-ის ლაბორატორიებს უკავშირებს
  •  ბანანის კონსპირაციების დროის ხაზი: ებოლადან კორონავირუსამდე
  •  რა იწინასწარმეტყეველეს ნოსტრადამუსმა და ვანგამ კორონავირუსზე?