Здравоохранение/биобезопасность

ყალბი BBC, CNN, ABC-ის დეზინფორმაცია, თითქოს ჰარვარდის პროფესორი COVID-19-ის შექმნის გამო დააკავეს

8 April, 2020

6-7 აპრილს რუსულ და ქართულ საიტებზე, ასევე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ჩარლზ ლიბერი დააკავეს, რომელმაც ახალი კორონავირუსი შექმნა. სტატიებს იდენტური შინაარსი ჰქონდა, რომლებშიც აღნიშნული იყო, რომ ჩარლზ ლიბერი ვუჰანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობდა და სოლიდურ წლიურ ხელფასსა და ჩინეთის მთავრობის მსხვილ გრანტებს იღებდა. მასალებში გამოთქმულია ეჭვი, რომ სწორედ ლიბერს შეეძლო ჩინეთისათვის კორონავირუსის შესაქმნელად საჭირო ნანოტექნოლოგიის მიწოდება. ზოგიერთი პუბლიკაციის სათაური კი იმპერატიულად ამტკიცებდა, რომ ლიბერი ჩინეთისთვის კორონავირუსის შექმნის გამო დააპატიმრეს.

''

რუსულენოვანი საიტებიდან ეს ინფორმაცია სათაურით “ამერიკაში დააკავეს ჩინეთისთვის COVID-19-ის შემქმნელი” გამოქვეყნდა საიტებზე Комсомольской правда, bbcnewss.ru, ipne.ws, asia-times.org, press.cnnnews.ru, rua.gr, yandex.ru/news, barometr.info, qazweek.kz/ru, smi2.ru, evening-mail.ru, alternathistory.com, pikabu.ruamediainfo.ru, ხოლო ქართულ საიტებიდან ეს ინფორმაცია გაავრცელეს geoposts.ge, geonewest.ge, exclusivenews.ge, abcnews.com.ge, viki.ge. 7 აპრილს intermedia.ge-მ კი გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ვუჰანის კონსპირაცია და რა კავშირშია კორონავირუსი შპიონაჟთან“, რომელიც ირიბად იმეორებს სხვა გვერდებზე განთავსებულ გზავნილს და ცდილობს პარალელი გაავლოს ამერიკელი პროფესორის დაპატიმრებასა და ქალაქ ვუჰანში კორონავირუსის გავრცელებას შორის. 

აღსანიშნავია, რომ ამ ცნობების გამავრცელებელთა შორის იყვნენ რუსულენოვანი (bbcnewss.ru, press.cnnnews.ru) და ქართულენოვანი (abcnews.com.ge) კლონირებული გვერდები, რომლებიც აიდოტორიის მოზიდვას დასავლური ცნობილი მედია ბრენდების სახელების გამოყენებით ცდილობენ.

"'

""

"'

Bbcnewss.ru, amediainfo.ru, geopost.ge და viki.ge წერენ, რომ ჰარვარდის პროფესორმა ჩინეთისთვის შექმნა ვირუსისმაგვარი ნანორობოტი, რომელსაც ადამიანის უჯრედში შეღწევა და მისი იმუნური სისტემის დასუსტება შეუძლია. პირველი ორი გვერდი ამ ინფორმაციის წყაროდ Harvard Magazine-ს ასახელებდა, ხოლო ქართული viki.ge და geoposts.ge სტატიის ბოლოს BBC-news-ს უთითებდნენ, თუმცა საიტების კონკრეტული ბმულები მითითებული არ იყო.  Press.cnnnews.ru-ის, asia-times.org-ის, amediainfo.ru-ისა და intermedia.ge-ის სტატიებში ვხვდებით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ენდრიუ ლელინგის განცხადების ამსახველ ვიდეოს, რომელიც WCVB-ის რეპორტაჟიდანაა აღებული. რაც შეეხება Intermedia.ge-ზე განთავსებულ სტატიას, მისი ავტორს სტატიის ბოლოს წყაროდ მითითებული აქვს 2020 წლის 18 მარს მედია პლატფორმა wbsm.com -ზე გამოქვეყნებული სტატია, რომელიც, თავის მხრივ, ამერიკელი პროფესორის ვუჰანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობასა და ვუჰანში კორონავირუსის გავრცელებას შორის კავშირის გავლებას ცდილობს.

 გავრცელებული ცნობები დეზინფორმაციაა და ჩარლზ ლეიბერის დაკავებას ახალ კორონავირუსთან კავშირი არ აქვს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორი ჩარლზ ლიბერის დაკავების შესახებ  ინფორმაცია 2020 წლის 28 იანვარს გახდა ცნობილი. ჰარვარდის პროფესორი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც აშშ-ის მთვრობამ შეიტყო, რომ ლიბერმა ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტს ჩინეთთან თავისი კავშირები დაუმალა. 

ლიბერი მართლაც მუშაობდა ვუჰანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ასევე აწარმოებდა კვლევით საქმიანობას ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით და სანაცვლოდ იღებდა მატერიალურ მხარდაჭერას, რაც აშშ-ის მთავრობამ ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნია და ლიბერი ოფიციალური პირების შეცდომაში შეყვანის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ განცხადება არაერთმა ამერიკულმა მედია საშუალებამ გაავრცელა, ასევე ოფიციალური განცხადება გააკეთა ჰარვარდის უნივერსიტეტმაც.

თუმცა ჩარლზ ლიბერის დაკავება არავითარ კავშირში არაა კორონავირუსის შექმნასთან. ლიბერს აშშ-ის გამოძიება ჩინეთისთვს დაზვერვით თანამშრომლობას და არა კორონავირუსის შექმნას ედავება. სამეცნიერო კვლევები ადასტურებენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი არაა ლაბორატორიული და საინჟინრო მანიპულაციებით შექმნილი ორგანიზმი, არამედ იგი ბუნებრივი პროცესითაა გენერირებული.

ჩარლზ ლიბერის კორონავირუსის გავრცელებასთან კავშირზე დეზინფორმაცია ფარულმა და ქლიქბაიტ საიტებმა გაავრცელეს

დეზინფორმაცია ჰარვარდის პროფესორის კორონავირუსთან კავშირზე ქლიქბაიტ და ფარულმა საიტებმა გაავრცელეს. მათ ლიბერის დაკავების შესახებ ინფორმაცია განზრახ სენსაციური სათაურებით გაავრცელეს. რუსული წყაროები ახდენდნენ ისეთი ცნობილი დასავლური ბრენდების კლონირებას, როგორიცაა BBC  და CNN, რაც მკითხველში ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ინფორმაციის წყარო ცნობილი საერთაშორისო გამოცემებია, თუმცა bbcnewss.ru-სა და press.cnnnews.ru-ს არაფერი აქვთ საერთო BBC-სა და CNN-თან. 

ქართული საიტებიდან დეზინფორმაცია abcnews.com.ge-მაც გაავრცელა, რომელიც ცნობილი ამერიკული მედია გამოცემის ABC News-ის იმიტაციას ცდილობს. 

კლონირებული და ზემოთ აღნიშნული სხვა საიტებიც კლიკბაიტ საიტები არიან. ამ საიტებზე სხვადასხვა შინაარსის რეკლამებია განთავსებული და მათი სტილი, დიზაინი და ვიზუალი მიგვანიშნებს, რომ დეზინფორმაციული სათაურის უკან ამ საიტების ეკონომიკური სარგებლის მიზანი ჩანს.

""

|


მოამზადა მედეა სულამანიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია