Политика

ქართველი ტრამპისტები, ულტრანაციონალისტური და კრემლისტური გამოცემები ამერიკული დემოკრატიის დაცვას ცდილობენ

26 January, 2021

21 იანვარს ვაშინგტონში აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ინაუგურაცია გაიმართა. ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შემდეგ თავად ტრამპი და მისი მხარდამჭერები აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას არჩევნების გაყალბების შესახებ. იდენტურ მოსაზრებებს საქართველოში ტრამპის მხარდამჭერები, ულტრანაციონალისტური და კრემლისტური მედია გამოცემები ავრცელებდნენ, მათ ბექა ვარდოსანიძე, ალტ-ინფოსა და ტვ “ობიექტივის”, ასევე “საქართველო და მსოფლიოს” ჟურნალისტი. მათი მტკიცებით, აშშ-ს არჩევნებზე დამკვირვებლებს არ უშვებდნენ, სადამკვირვებლო ოთახებზე ფანერებს აკრავდნენ, რომ ხალხს ხმის დათვლის პროცესი არ დაენახა, მათივე თქმით, მთლიანობაში არჩევნები არაგმაჭვირვალედ  ჩატარდა და მთლიანად გაყალბდა, განსაკუთრებით მიჩიგანში. ამ მტკიცებებზე დაყრდნობით, ისინი ავითარებდნენ მოსაზრებას, რომ ამერიკას მსოფლიო ჰეგემონიის უფლება ვეღარ ექნება და სხვას ვერ მოუწოდებს დემოკრატიის და თავისუფალი არჩევნების ერთგულებას.

თათია გაბრიჭიძე, ალტ-ინფო, 19 იანვარი: “„ამერიკა ყოველთვის ასოცირდებოდა და ნუ, ყოველ შემთხვევაში, ამ არჩევნებამდე იყო იმის ილუზია, რომ ეს არის დემოკრატიის შუქურა და ა.შ. და ჩვენ ყოველთვის იქედან ვიღებდით გზავნილებს, რომ დემოკრატიულ პროცესებს ხელი ეშლება და ეს იყო მთავარი გზავნილები ამერიკიდან, თუმცა ჩვენ ვნახეთ გაყალბებული არჩევნების, რაღაც ფაქტები კონკრეტული, იგივე დამკვირვებლები, რომლებიც გამოუშვეს და რაღაც შორიდან აკვირდებოდნენ”...

ბექა ვარდოსანიძე, 19 იანვარი: “ამ არჩევნებმა ამერიკას წაართვა იმის უფლება, რასაც ქვია მსოფლიო ჰეგემონიის პოლიტიკის უფლება... შეიძლება თვითონ გააკეთონ განცხადებები, მაგრამ ზოგადად მორალური უფლება ამისი აღარ ექნება იმიტომ, რომ ვიღაცის არჩევნებზე გააკეთოს განცხადება, ამერიკა რომ აი, იქ რაღაცა დემოკრატია არ მომწონს… არჩევნები, რომელიც უნდა ყოფილიყო დაფუძნებული გამჭვირვალობაზე, ყველაზე, ასე ვთქვათ, დაფარული გახდა პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით, განსაკუთრებით მიჩიგანში. სადამკვირვებლო ოთახებში პირდაპირ ფანერებს აკრავდნენ, რომ არ დაენახათ ხალხს რა ხდებოდა შიგნით, როგორ ითვლიდნენ ხმებს. ესეთი ღია არჩევნები წარმოგიდგენიათ?!

ვალერი კვარაცხელია, ტვ “ობიექტივი”, “საქართველო და მსოფლიო”, 20 იანვარი: "მეოცე საუკუნეში... თანამედროვე ამერიკელი ფაშისტები სქესის მოსპობით, მდედრისა და მამრის აკრძალვითა და განადგურებით გეგმავენ. ეს ის ძალაა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტებს თოჯინებივით ათამაშებს; ეს ის ძალაა, რომელსაც შეუძლია, აშშ–ის მოქმედ პრეზიდენტს არჩევნები გაუყალბოს, შემდეგ კი მედიასივრციდან და სოციალური ქსელებიდან განდევნოს, ანუ სიტყვის თავისუფლება წაართვას, საბანკო ანგარიშები დაუხუროს და ასე, ხელის ერთი აქნევით, არარაობად აქციოს. აი, ეს ძალა (ანტიამერიკა) უპირისპირდება ამერიკასა და ამერიკელ ხალხს". 

აშშ-ში არჩევნების გაყალბება არ დასტურდება: ტრამპის და მისი მხარდამჭერების მიერ შედეგების გაყალბების მოტივით სხვადასხვა შტატის სასამართლოში შეტანილი 63 სარჩელიდან მხოლოდ 1 დაკმაყოფილდა. საბოლოო ჯამში კი კონგრესმა რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენების შემადგენლობით არჩევნების შედეგები დაამკიცა და აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაც შედგა. აშშ-ს არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციას საქართველოში ულტრანაციონალისტური და კრემლისტური აქტორები ანტიდასვლურ კონტექსტში ავრცელებენ და დასავლური დემოკრატიის ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებს. 

  • რესპუბლიკელების სარჩელები არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ

 აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მის შემდეგაც ტრამპი და მისი გუნდი აქტიურად საუბრობდა აჩვენების გაყალბებაზე.  არჩევნების ჩატარების შემდეგ ყოფილი პრეზიდენტმა და მისმა მხარდამჭერებმა გაყალბების ბრალდებით სხვადასხვა შტატის სასამართლოში 63 საჩივარი შეიტანეს. მათი შინაარსი განსხვავდებოდა, ზოგიერთი მათგანი შეეხებოდა ხმის ორჯერ მიცემას, უკანონო ხმების დათვლას, პროცედურულ, ადმინისტრაციულ დარღვევებს და სხვა.

რესპუბლიკელების სარჩელების აბსოლუტური უმრავლესობა პენსილვანიის, მიჩიგანის, ნევადას, ჯორჯიას, არიზონასა და ვისკონსინის შტატებს შეეხებოდა, ამ ექვსი შტატიდან ხუთში 2016 წელს ტრამპმა გაიმარჯვა, თუმცა 2020 წელს ეს შტატები ბაიდენის მხარეს აღმოჩნდნენ. 

63 საჩივრიდან მხოლოდ 1 დაკმაყოფილდა. ერთადერთი დაკმაყოფილებული სარჩელი პენსილვანიაში დასათვლელ ბიულეტენებს შეეხებოდა. პენსილვანიის შტატის მდივანმა ქეით ბუკვარმა მიიღო გადაწყვეტილება, დრო იმ ამომრჩევლებისთვის გახანგრძლივებულიყო, ვის გამოგზავნილ ბიულეტენებსაც თავდაპირველად იდენტიფიკაციისთვის საჭირო მტკიცებულება აკლდა, მიღების ბოლო ვადა 9 ნოემბერი იყო და ის 12 ნოემბრით შეიცვალა. სწორედ ეს მოვლენა გაასაჩივრა ტრამპის გუნდმა და პენსილვანიის სასამართლომ დაადგინა, რომ ქეით ბუკვარს ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა. სასამართლოს განაჩენის შედეგად ბოლო სამ დღეში მიღებული ხმების დათვლა არ მომხდარა, თუმცა ცვლილებას პენსილვანიის შედეგებზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია, რადგან ამ შტატში ჯო ბაიდენმა 81 660 ხმით გაიმარჯვა. 

რესპუბლიკელების მიერ არჩევნების შედეგების შესაცვლელად შეტანილი საჩივრებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო “ტეხასის საჩივარი,” რომელიც 8 დეკემბერს რესპუბლიკელმა პროკურორმა ბენ პექსტონმა მოამზადა, საჩივრის მიხედვით, ვისკონსინში, პენსილვანიაში, მიჩიგანსა და ჯორჯიაში (ოთხივეში ბაიდენმა გაიმარჯვა), არჩევნები გაყალბდა და გამოძიების ჩატარებამდე, მათი ხმები შედეგებზე არ უნდა ასახულოყო. სამართლის ექსპერტები საჩივარს თავიდანვე დამარცვებისთვის განწირულად მიიჩნევდნენ, რადგან ტექნიკურად ტეხასის შტატი 4 სხვა შტატს უჩიოდა. ამ სარჩელს დიდი მხარდაჭერა მოჰყვა რესპუბლიკელების მხრიდან, თუმცა 11 დეკემბერს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა, რადგან ამერიკის კონსტიტუციის მიხედვით, რომელიმე შტატს სხვა შტატში ან შტატებში ჩატარებული არჩევნების გასაჩივრების უფლება არ აქვს. 

ტრამპის მხარდამჭერმა, რესპუბლიკური პარტიის წევრმა, გენერალურმა პროკურორმა უალიამ ბარმა 2020 წლის პირველ დეკემბერს განაცხადა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც აშშ-ს არჩენვების გაყალბება დადასტურდება. მისი განმარტებით, იუსტიციის დეპარტამენტმა და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გაყალბების რაიმე ისეთი დადასტურებული ფაქტი, რომლითაც არჩევნების შედეგი შეიცვლებოდა, ვერ აღმოაჩინეს. 

სენატის უკვე ყოფილი უმრავლესობის ლიდერმა, მიტჩ მაკონელმა, ასევე რესპუბლიკელმა სენატორებმა პენსილვანიიდან და სამხრეთ კაროლონიდან, პეტ ტომიმ და ლინდსი გრეჰემმაც აღნიშნეს, რომ არჩევნების მასობრივად გაყალბების მტკიცებულება არ არსებობს და საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ მოიგო 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, ეჭვებს არ იწვევს. 

  • არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ხმების გადათვლამ სურათი ვერ შეცვალა

აშშ-ში არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ კანდიდატებს უფლება აქვთ, ხმების გადათვლა იმ შემთხვევაში მოითხოვონ, თუ მიღებულ ხმებს შორის განსაზღვრულ პროცენტზე ნაკლები სხვაობაა. მაგალითად, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ხმების გადათვალა 2 შტატში - ვისკონსინსა და ჯორჯიაში მოხდა. ორივე შტატისს კანონმდებლობით კანდიდატებს შორის 1%-ზე ნაკლები სხვაობა იძლევა შესაძლებლობას, მონაწილემ ხმების გადათვლა მოითხოვოს. 

ვისკონსინში ტრამპსა და ბაიდენს შორის 0.6%-იანი სხვაობა დადგა, გადათვლის მოთხოვნის შედეგად კი ბაიდენს უფრო მეტი ხმა მოემატა (257), ვიდრე ტრამს (125). რაც შეეხება ჯორჯიის შტატს, მასთან დაკავშირებით ტრამპი და მისი მხარდამჭერები მტკიცებულებების გარეშე აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ არჩევნები მოიპარეს და გაყალბდა, რასაც გადათვლაც დაადასტუდებდა. ბაიდენსა და ტრამპს შორის თავდაპირველად 14 196 ხმიანი სხვაობა იყო ბაიდენის სასარგებლოდ, გადათვლების შედეგად ეს რიცხვი 12 284-მდე შემცირდა, რამაც შედეგებზე გავლენა ვერ მოახდინა. შტატის რესპუბლიკელი მდივნის, ბრედ რეფენსპიგერის განმარტებით, დაუთვლელი ხმები ადამიანური შეცდომა იყო, ის უკვე აღმოიფხვდა და არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ შტატში არჩევნები სისტემურად გაყალბდა.  

  • მცდარი ინფორმაცია, თითქოს მიჩიგანში არჩევნები არაგამჭვირვალედ მიმდინარეობდა 

ტრამპის და მისი მხარდამჭერების თანახმად, მიჩიგანში არაგამჭვირვალედ ჩატარდა  და დამკვირვებლები საარჩევნო პროცესში ვერ მონაწილეობდნენ, ხოლო ცენტრში, სადაც ხმის დათვლა მიმდინარეობდა, ფანჯრებს ფარავდნენ, რათა დათვლის პროცესი ვერავის დაენახა. 

სინამდვილეში 4 ნოემბერს TCF Center-ში (დეტროიტი, მიჩიგანი) დაუსწრებელ ბიულეტენებს ითვლიდნენ, რა დროსაც ცენტრის შიგნით რესპუბლიკელი და დემოკრატი დამკვირვებლებისა და მომჩივნების რიცხვმა მაქსიმუმს მიაღწია, რის გამოც შენობაში შესვლის დანარჩენი მსურველები იქ აღარ შეუშვეს, თუმცა ადგილზე იმყოფებოდა 100-მდე რესპუბლიკელი, რომელსაც პროცესზე დაკვირვება შეეძლო. რაც შეეხება “ფანერების გაკვრას,” მას შემდეგ, რაც ყველა მსურველი ცენტრში ვერ შევიდა, მათ პროტესტი დაიწყეს და შესვლას ცდილობდნენ, რის გამოც საარჩევნო კომისიის წევრებმა დაცვას ფანჯრების დაფარვა სთხოვეს, რადგან თავს შევიწროებულად გრძნობდნენ.

  • არჩევნების გაყალბების სხვა დეზინფორმაციები

 აშშ-ს არჩვენების გაყალბებაზე სხვა დეზინფორმაციებიც ვრცელდებოდა, მაგალითად:

“დომინიონის” მანქანებმა ტრამპის ხმები მოიპარა - ტრამპი და მისი მხარდამჭერები ამტკიცებდნენ, რომ ხმის დათვლის ელექტრონულმა მანქანებმა წინასწარ დაპროგრამების გამო ტრამპის 2.7 მილიონი ხმა მოიპარა, კომპანიის მფლობელები კი “რადიკალი მემარცხენეები” იყვნენ, რომლებიც ტრამპს უპირისპირდებოდნენ და ნენსი პელოსის ოჯახთან და კლინტონის ფონდთან იყვნენ დაკავშირებულნი.

“დომინიონის” მანქანების მიერ 2.7 მილიონი ხმნის მოპარვის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს, Dominion Voting-მა კი გამოაქვეყნა განცხადება, რომ კომპანია არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უკავშირდება, მასთან რაიმე სახის კავშირი კლინტონის ფონდმაც უარყო. 

ფოსტით ხმის მიცემა გაყალბების წყაროა -  2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ტრამპი ამტკიცებმდა, რომ ფოსტით საარჩევნო ბიულეტენის გაგზავნა შედეგად ათასობით გაყალბებულ ხმას მოიტანდა. 

არჩევნების სპეციალისტების განმარტებით, არ იძებნება მტკიცებულება, რომფოსტის საშუალებით ამერიკის არჩევნები მასშტაბურად გაყალბედა.


ქართული წყაროების შესახებ
ალტ-ინფო
საქართველო და მსოფლიო
ობიექტივი


მოამზადა მარიამ დანგაძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.