Siyasət

კრემლის News Front-ი ხანგოშვილის მკვლელობაში რუსულ კვალს ქართულ არასამთავრობოებს და მედიას აბრალებს

9 Dekabr, 2019

2019 წლის 8 დეკემბერს, კრემლთან აფილირებულმა გამოცემა News Front Georgia-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “სოროსის ორგანიზაციები საქართველო-რუსეთს შორის ახალი სკანდალის გამოწვევას ცდილობენ.” მასალა ნეტგაზეთის 5 დეკემბრის სტატიას განიხილავს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების დუმილი ხანგოშვილის მკვლელობის საქმეთან დაკავშირებით, კრიტიკულად არის შეფასებული. News Front-ის თქმით, ნეტგაზეთი და სტატიაში ნახსენები ორგანიზაციები - EMC და რონდელის ფონდი, ჯორჯ სოროსის მიერ ფინანსდება და მათი მიზანია, რომ ხანგოშვილის საქმე საქართველოსა და რუსეთს შორის ახალი სკანდალის ასაგორებლად გამოიყენონ. 

ამასთან, News Front-ი ზელიმხან ხანგოშვილს ტერორისტად და ბოევიკად მოიხსენიებს. News Front-ი ასევე ამტკიცებს, თითქოს გერმანია რუსეთს ბრალს არა მკვლელობის დაკვეთაში, არამედ გამოძიებასთან არასაკმარის თანამშრომლობაში სდებს ბრალს.

News Front Georgia:  “სწორედ ეს სოროსული პროპაგანდის მანქანის ერთ-ერთი ჭანჭიკი ცდილობს, «რონდელის ფონდის» და «იემსის» ე. წ. «ექსპერტების» მეშვეობით საინფორმაციო ფონი შექმნას, რომ საქართველო თურმე არ იქცევა სწორად, როდესაც რუსეთს არ უპირისპირდება ბერლინში საქართველოს მოქალაქეობის მქონე ჩეჩენი ბოევიკის თუ ტერორისტის ლიკვიდაციის გამო. არგუმენტად ამ «ექსპერტებს» მოაქვთ ის, რომ გერმანიამ რუსეთს ბრალი დასდო ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში არასაკმარის აქტიურობაში და ორი რუსი დიპლომატი გააძევა ბერლინიდან...აუცილებლად აღსანიშნავია, განსხვავებით «ნეტგაზეთის» მიერ შემოპარებული სიცრუისგან, რომ გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთს ბრალი მხოლოდ გამოძიებასთან არასაკმარის თანამშრომლობაში დასდო და არა ხანგოშვილის მკვლელობის დაკვეთაში. ამიტომ კარგი იქნება, ხელისუფლებამ ყური არ ათხოვოს სოროსელების მორიგ პროვოკაციას და რუსეთთან სიმშვიდე შეინარჩუნოს.”

  1. News Front-ის მტკიცება, თითქოს გერმანია რუსეთს ხანგოშვილის მკვლელობაში მონაწილეობას არ ედავება და მხოლოდ გამოძიებასთან არასაკმარის თანამშრომლობაში სდებს ბრალს, ტყუილია. გერმანია პირდაპირ საუბრობს მკვლელობაში რუსეთის ან ჩეჩნეთის, როგორც რუსეთის ნაწილის სახელმწიფო სამსახურების როლის შესახებ. 
  2. ხანგოშვილის ტერორისტად მოხსენიება კრემლთან დაკავშირებული ექსპერტების თუ მედიების ერთ-ერთი გავრცელებული ნარატივია, რომელიც მკვლელობის ლეგიტიმაციას ისახავს მიზნად.  
  3. ქართული არასამთავრობოების და მედიის დადანაშაულება რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გაფუჭებაში სპეკულაციაა, რომელიც საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში რუსეთის კვალის უგულვებელყოფას კონტრბრალდებების მეთოდით ახდენს.

ტყუილი: გერმანია რუსეთს მხოლოდ გამოძიებასთან არასაკმარისი თანამშრომლობის გამო ედავება.

რეალობა: გერმანია ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში რუსეთის მონაწილეობაზე ღიად საუბრობს.

გერმანიის პროკურატურის 4 დეკემბრის განცხადება ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში რუსეთის სახელმწიფო სამსახურების მონაწილეობაზე პირდაპირ მიუთითებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამის საკმარისი მტკიცებულებები არსებობს. 

გერმანიის ფედერალური პროკურატურა: “არსებობს საკმარისი ფაქტობრივი მტკიცებულება, რომ … მკვლელობა რუსეთის ფედერაციის ან ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის, როგორც რუსეთის ფედერაციის ნაწილის, სახელმწიფო ორგანოების ბრძანებით მოხდა.”

რაც შეეხება დიპლომატების გაძევებას, გერმანიის ფედერალურმა საგარეო ოფისმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც, გერმანიამ რუსეთის ორი დიპლომატი გამოძიებასთან არასაკმარისი თანამშრომლობის გამო გააძევა. 

ვინ მოკლა ზელიმხან ხანგოშვილი?

Bellingcat-ის ჟურნალისტური გამოძიების თანამხად, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვია, რომელიც საფრანგეთიდან ბერლინში ყალბი იდენტობით, 1970 წელს დაბადებული ვადიმ ანდრეის ძე სოკოლოვის სახელზე ოფიციალურად გაცემული პასპორტით ჩავიდა. 

"
წყარო: Bellingcat

Spigel-ის თქმით, კრასიკოვი 2013 წელს რუსი ბიზნესმენის მკვლელობის გამო იძებნებოდა, თუმცა რუსეთმა მასზე ინტერპოლით ძებნა შეაჩერა. Bellingcat-ის თქმით, ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტი ისეთივეა, როგორიც რუსეთის დაზვერვის თანამშრომლების. 2009 წელს რუსეთმა ბიომეტრიული პასპორტები დანერგა და ახალი დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეებს ავტომატურად  ბიომეტრიულ პასპორტს აძლევენ. ძველი სტილის პასპორტს ქვეყანა მხოლოდ მოქალაქის განსაკუთრებული მოთხოვნისას გასცემს. ვადიმ სოკოლოვის 2019 წელს აღებული პასპორტი არაბიომეტრიულია. ის ძველი სტილისაა. Bellingcat-ის მიერ აქამდე იდენტიფიცირებული გრუ-ს ყველა ოფიცერი (20-ზე მეტი) ძველი სტილის პასპორტს ფლობდა. 

ზელიმხან ხანგოშვილის შესახებ

2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში დაქირავებულმა მკვლელმა საქართველო მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა. ბერლინის გენერალური პროკურორის განცხადებით, ხანგოშვილის მკვლელობა იყო პროფესიონალურად დაგეგმილი, სიკვდილით დასჯის სტილის ოპერაცია. 

კრემლის მედია ხანგოშვილის მკვლელობას 2012 წელს ლოპოტას ხეობაში მომხდარ ინციდენტს უკავშირებს, როდესაც ჩეჩენ ე.წ. ბოევიკებსა და ქართველ სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. ზელიმხან ხანგოშვილი აღნიშნულ დაპირისპირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ორ მხარეს შორის მოლაპარაკებებში და ტყვეების გათავისუფლებაში. კრემლი ამ შემთხვევის გამო ხანგოშვილს ჩეჩნების მოღალატედ აფასებს და ავრცელებს ნარატივს, თითქოს ჩეჩნებმა მას ამის გამო სამაგიერო გადაუხადეს.

ზელიმხან ხანგოშვილი ჩეჩნებთან ერთად რუსეთის ჯარის წინააღმდეგ იბრძოდა და ჩეჩნეთის მეორე ომში საველე მეთაური იყო. ომის შემდეგ კი პანკისის ხეობიდან აგრძელებდა ჩეჩნეთის მხარდაჭერას. ხანგოშვილის მკვლელობის მოტივი ლოგიკურად სწორედ კრემლს უკავშირდება და არა თანამემამულე ჩეჩნებს, როგორც ამას კრემლისტური მედია აშუქებს. რუსეთის სპეცსამსახურებმა გერმანიის დაზვერვას ხანგოშვილის შესახებ მცდარი ინფორმაცია მიაწოდეს, თითქოს ის ისლამური ექსტრემისტი და ტერორისტი იყო, მაშინ როდესაც ამის მტკიცებულებები არ არსებობს და ზელიმხან ხანგოშვილი არც რუსეთის ძებნილი ტერორისტების სიაში ყოფილა.

კონტრბრალდებების მეთოდი

ქართული არასამთავრობოების და მედიის დადანაშაულება რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გაფუჭებაში სპეკულაციაა, რომელიც საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში რუსეთის კვალის უგულვებელყოფას კონტრბრალდებების მეთოდით ახდენს.

კონტრბრალდებების მეთოდი (Whataboutism) არის ტექნიკა, რომელიც ბრალდებებზე ან რთულ საკითხებზე პასუხის გაცემის ნაცვლად ან საპირისპირო ბრალდებებს აყენებს ან აქცენტი სხვა საკითხზე გადააქვს, რაც არასწორი შედარებებისა და მანიპულაციური მორალური მსჯელობების გზით, კრიტიკის ობიექტიდან ყურადღების გადატანას ან/და ამ ობიექტის გამართლებას ცდილობს.

News Front-ის შესახებ

2019 წლის ოქტომბერში ქართულ მედია ბაზარზე კრემლისტური მედია News Front-ის ქართულენოვანი ვებ-გვერდი გამოჩნდა. საინფორმაციო სააგენტო ”ახალი ამბების ფრონტი” ანუ News Front ინტერნეტში 2014 წლის ნოემბერში რუსულ ვებ-ჰოსტინგ სერვისზე reg.ru-ზე დარეგისტრირდა. ვებ-გვერდის IP მისამართი რუსეთის ქალაქ როსტოვში მდებარეობს. News Front-ი ამ დრომდე ინფორმაციას 8 ენაზე - რუსულად, გერმანულად, ინგლისურად, სერბულად, ესპანურად, ფრანგულად და უნგრულად - აქვეყნებდა. ოქტომბერში კი პლატფორმას ქართული ენაც დაემატა. News Front უკრაინის ტერიტორიების - დონბასის, ლუგანსკისა და ყირიმის -  დამოუკიდებლობას აღიარებს და მისი სარედაქციო პოლიტიკა კრემლის დღის წესრიგის იდენტურია. 

ვრცლად იხილეთ პროფილი.