Səhhət/biotəhlükəsizlik

რატომ ესხმის კრემლი თავს პერიოდულად ლუგარის ლაბორატორიას?

7 İyul, 2020

4 ივლისს ლუგარის ცენტრის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მორიგი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, რუსეთის საზღვრების სიახლოვეს, მათ შორის საქართველოში, ლუგარის ცენტრში,  აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-ბიოლოგიურ საქმიანობას ეწევა.  აღნიშნული განცხადება “ინტერპრესნიუსმა”  გაავრცელა. რუსეთის  თქმით,  ლუგარის ცენტრში განთავსებულია აშშ-საქართველოს სახმელეთო ძალების სამედიცინო კვლევების სამმართველო, რომლის საქმიანობა ბიოლოგიური იარაღის შესახებ საერთაშორისო კონვენციას არღვევს და “აკრძალულ საქმიანობას” ეწევა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსა და აშშ-ს ლუგარის კვლევით ცენტრში რუსი ექპერტების ვიზიტის დაშვებისაკენ მოუწოდებს, თუმცა აკონკრეტებს, რომ მისთვის მისაღები მხოლოდ ორმხრივი ფორმატია, სხვა ქვეყნების, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების მონაწილეობის გარეშე. მსგავსი შინაარსის განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 მაისსაც გამოაქვეყნა

1. ლუგარის ცენტრი ბიოლოგიური იარაღი აკრძალვის შესახებ საერთაშორისო კონვენციისამ ხელშეკრულებას ვერ დაარღვევს, რადგან ლაბორატორია ეპიდემიების/ინფექციური დაავადებების დიაგნოსტირება, პრევენცია და სამეცნიერო კვლევების ჩატარებას ახდენს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 მაისის  განცხადებით, რომელიც ლუგარზე რუსეთის მთავრობის 26 მაისის ბრალდებებს შეეხებოდა, ლუგარის ცენტრში ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის დარღვევის შესაძლებლობა უარყო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლუგარის ცენტრი დავადებათა ცენტრის ქვედანაყოფს და შედის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ინსტიტუციების დაქვემდებარებაშია და ნებისმიერ კვლევას და საქმიანობას საქართველოს შესაბამისი უწყებები უწევენ კოორდინაციას. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას), გარდა ამისა, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიისა და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში. ცენტრს გააჩნია საერთაშორისო ISO აკრედიტაცია კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებში. 

ცენტრის მიზანი საზოგადოერივი ჯანმრთელობის დაცვა, ბიოლოგიური კატასრტოფის თავიდან აცილებაა, ცენტრის მთავარი პროფილი ინფექციური დაავადებების და ეპიდემიების აღმოჩენა, დიაგნოსტირება და პროფილაქტიკაა.  ლუგარის ცენტრი კოვიდ-19-ის პანდემიის დროს საქართველოს მოქალაქეების სწრაფი დიაგნოსტირების შესაძლებლობას და გენომური კვლევის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.  

2. ბრალდება, თითქოს ლუგარის ცენტრის საქმიანობა გამჭვირვალე არ არის  უსაფუძვლოა, რადგან ცენტრში არაერთხელ განხორციელებულა ექსპერტებისა და ჟურნალიტების, მათ შორის რუსი ჟურნალისტების  ვიზიტები. რუსულმა მხარემ ცენტრში ვიზიტზე თავად განაცხადა უარი. 

2018 წლის ნოემბერში  რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველომ საერთაშორისო ვიზიტს/ვარჯიშს უმასპინძლა . ლუგარის ცენტრს უსაფრთხოებისა და ბიო-ექსპერტები 20-მდე ქვეყნიდან ეწვივნენ, თუმცა, საქართველოს მხრიდან მოწვევის მიუხედავად,  რუსეთმა  ვიზიტში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. ვიზიტის შემდეგ, საერთაშორისო ექსპერტებმა დასკვნა მოამზადეს, როემლიც გაერო-ს ჟენევის ოფისში ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრაზე წარადგინეს. 

ლუგარის ლაბორატორიაში არაერთხელ განხორციელებულა ჟურნალისტების, მათ შორის რუსი ჟურნალისტების ვიზიტები.

2013 წელს ტელეკომპანია "როსიას" გადამღები ჯგუფი ლუგარის ლაბორატორიას ეწვია. “როსიას” რეპორტიორის ალექსანდრ როგატკინის თქმით, ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელობა ყველა კითხვაზე, მათ შორის რუსეთის მთავარი სანიტარის დასმულ კითხვებზე პასუხები გასცა. კრემლის დაფუძნებული სპუტნიკ-საქართველო ლუგარის ლაბორატორიას სხვა რუსულ მედიებთან ერთად (რუსეთის პირველი არხის, РИА Новости)  2018 წლის ოქტომბერშიც სტუმრობდა.  ამირან გამყრელიძის განცხადებით, მან რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი პირები ლუგარის ლაბორატორიაში არაერთხელ მოიწვია, თუმცა უარი მიიღო.

კრემლის მიზნები

ბრალდებები, თითქოს ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იაღარს ცდიან კრემლი წლებია უსაფუძვლოდ ავრცელებს და რუსეთის მეზობელ ქვეყნებში პოლიტიკური ჩარევის საბაბად იყენებს. განცხადებებს, რომ რუსეთი მის საზღვრებთან ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებას არ დაუშვებდა, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები წინა წლებშიც აკეთებდნენ.

ვლადიმერ ერმაკოვი,  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების გაუვრცელებლობისა და კონტროლის საკითხების დეპარტამენტი: „რუსეთი საკუთარ საზღვრებთან ამერიკელების მიერ ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებას არ დაუშვებს“,.ობიექტივი, 25 სექტემბერი 

 პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ლუგარის ლაბორატორია აშენდა, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ბიოლოგიური საფრთხოების შემცირებას ისახავს მიზნად, კვლევებზე ორიენტირებისა და ადგილობრივი ლაბორატორიების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის გზით. სენატორების სემ ნანისა და რიჩარდ ლუგარის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კონგრესმა დაამტკიცა,  პოსტ საბჭოთა ქვეყნებში და მთელს მსოფლიოში მიმოფანტული მასობრივი განადგურების იარაღის შესაძლებლობების მშვიდობიანი სამეცნიერო მიზნებისთვის გადაკეთებას ემსახურება.  

ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ კრემლის პროპაგანდის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ ადრე მომზადებული მასალები:

პაემანი ლუგარში
განმეორებითი შავი პროპაგანდა ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ
ვის ეყრდნობა კრემლი “წყაროებად” ლუგარის ლაბორატორიაზე კონსპირაციების გასავრცელებლად?