Siyasət

შეთანხმდნენ თუ არა ერდოღანი და გახარია 100 000 დეპორტირებული მესხის ჩამოყვანაზე?

25 Sentyabr, 2020

2020 წლის 11 სექტემბერს News Front Georgia-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “თურქეთი საქართველოში “თურქი მესხების” დაბრუნების დაჩქარებას აპირებს”.  გამოცემის რედაქტორის შოთა აფხაიძის მტკიცებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას 100 ათასი მუსლიმი მესხის (სტატიაში “თურქი მესხი”) სამცხე-ჯავახეთში საკუთარი ხარჯებით ჩასახლება შესთავაზა. მისი თქმით, 8 სექტემბერს თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზად არის მუსლიმი მესხების რეპატრიაციის მეორე ტელღის დასაწყებად, როგორც თურქეთში, ასევე საქართველოში. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ თურქეთმა საკუთარ ტერიტორიაზე 150 ათასამდე მუსლიმი მესხი უკვე ჩაასახლა და კიდევ 100 ათასი მუსლიმი მესხის საქართველოს მოსაზღვრე ტერიტორიაზე ჩასახლებას გეგმავს. სტატიაში ავტორი ხაზს უსვამს, რომ სტალინის მეირ მუსლიმი მესხების გადასახლება სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ისინი საქართველოსთვისაც საფრთხეს წარმოადგენდნენ. სტატიის ბოლოს შოთა აფხაიძე 100 ათასი მუსლიმი მესხის ჩამოსახლებას ეთნოკონფლიქტის გაჩაღებისა და ტერიტორიების დაკარგვის სადრთხედ წარმოაჩენს და თურქოფობიურ განწყობებს აღვივებს. 

შოთა აფხაიძე,  News Front-ის რედაქტორი: “ამ პოლიტიკური კონიუნქტურის პირობებში 100 000 პანთურქისტულად განწყობილი უცხოტომელის ჩამოსახლება საქართველოში არის ქვეყნის კიდევ ერთ ეთნოკონფლიქტში გახვევა...რასაც აუცილებლად მოჰყვება ჩვენი ძირძველი მხარის იდეური და მატერიალური ოკუპაცია.”

ამასთანავე სტატიას თან ერთვის ნახატი, რომელიც ქრისტიანებისა და მუსლიმების დაპირისპირებას ასახავს და სხვადასხვა ბერძნული წყაროების ცნობით, 1821 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ კონსტანტინეპოლის პატრიარქის გრიგორი V-ის სიკვდილით დასჯის ილუსტრაციაა. დეპორტირებული მესხების რეპატრიაციის შესახებ მასალაზე აღნიშნული ილუსტრაციის გამოყენება რელიგიური დაპირისპირების კონტექსტსს ქმნის და მანიპულაციურია.

News Front-ის სტატია იმავე დღეს tvalsazrisi.ge-მაც გაავრცელა. 

News Front-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თურქეთის მოთხოვნით საქართველოში 100 ათასი დეპორტირებული მესხის რეპატრიაცია იგეგმება, მტკიცებულების გარეშეა. დეპორტირებული მესხების საქართველოში რაპატრიაციის ინიციატივა არა თურქეთს, არამედ საქართევლოს ეკუთვნის. რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი კი არა 100 ათასმა, არამედ 5841 დეპორტირებულმა მესხმა სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის თურქეთიდან წარადგინა, ხოლო განცხადებების მიღების პროცესი კანონის თანახმად, 2010 წელს დასრულდა.

1. თურქეთის ხელისუფლების განცხადება მუსლიმი მესხების რეპატრიაციის “მეორე ტალღის”  დაწყების შესახებ ღია წყაროებით არ იძებნება. ერდოღანსა და გახარიას შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაცია კი მტკიცებულების გარეშეა. 

News-Front-ის სტატია ამტკიცებს, რომ 8 სექტემბერს თურქეთის ხელისუფლებამ მუსლიმი მესხების საქართველოსა და თურქეთში რეპატრიაციის “მეორე ტალღის” დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა, თუმცა არც ინგლისურ და არც თურქულ ენებზე მსგავსი განცხადება ღია წყაროებით არ იძებნება. 

ბოლო პერიოდში თურქეთის ხელისუფლების განცხადება დეპორტირებულ მესხებთან  დაკავშირებით, რომლებსაც თურქეთი “აჰიცხა თურქებს” უწოდებს, 16 სექტემბრით თარიღდება. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ 16 სექტემბერს “აჰიცხა თურქების მსოფლიო გაერთიანების” პრეზიდენტს ზიატინ კასანოვს “განახლებული აზიის ინიციატივის” (Asia Anew Initiative) ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ პანელზე შეხვდა. მევლუთ ჩავუშოღლუმ განახადა, რომ “თურქეთი  ყოველთვის, ნებიმიერ ადგილას  “აჰიცხა თურქებს” გვერდით დაუდგება”. 

შოთა აფხაიძის ინფორმაცია, თითქოს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას 100 ათასი მუსლიმი თურქის საქართევლოში ჩამოსახლების შესახებ ესაუბრა, მტკიცებულების გარეშეა. 

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ანკარა საკუთარი ნებით, მოხალისეობრივად დათანხმდა რამდენიმე ათასი მუსლიმი მესხის თურქეთში დასახლებას. 2019 წლის მონაცემებით, თურქეთმა  40 000-ზე მეტ მუსლიმ მესხს მოქალაქეობა მიანიჭა და იგი დღემდე აგრძელებს მათ მიღებას.

2. მუსლიმი მეხების საქართველოში რაპატრიაციის ინიციატივა არა თურქეთს, არამედ საქართევლოს ეკუთვნის, რაც მან ევროპის საბჭოში გაწევრიანების ფარგლებში დაადასტურა. 

საქართველომ 1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანების ფარგლებში მუსლიმი მესხების რეპატრიაციის შესახებ ვალდებულება აიღო. აღნიშნული ვალდებულება საბჭოთა რეჟიმის მიერ დეპორტირებული მესხების საქართველოში რეპატრიაციისა და ინტეგრაგრაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ბაზის მომზადებას, რეპატრიაციისა და ინტეგრაციის პროცესის 3 წლის მანძილზე დაწყებასა და ამ პროცესის ევროპის საბჭოში გაწევრიანებიდან 12 წელში დასრულებას გულისხმობდა. 

რეპატრიაციის პროცესის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად “მითების დეტექტორი” ირაკლი კოკაიას დაუკავშირდა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი იყო და რეპატრიაციის პროცესში პირადად იყო ჩართული. მისი თქმით, მუსლიმი მესხების საქართველოში რეპატრიაციის პროცესი ევროპის საბჭოში მიღებულ ვალდებულებამდეც მინდინარეობდა.  1984 წლიდან საქართველოში ნასაკირალსა და იანეთში დეპორტირებული მესხების რამდენიმე ოჯახი დასახლდა, 1990-იან წლებში კი ზოგიერთი მათგანი საკუთარი ინიციატივით დაბრუნდა. 

დეპორტირებული მესხების რეპატრიაციის ვალდებულებამ საკანონმდებლო რეგულაციის სახე  2007 წელს “ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ” კანონით მიიღო. კანონის 1-ელ მუხლში აღნიშნულია, რომ დადგენილი რეპატრიაციის სისტემა “ისტორიული სამართლიანობის აღდგენას” ეფუძნება. კანონის თანახმად, რეპატრიანტის სტატუსის მოთხოვნის შესახებ განაცხადის გაკეთება 40-იან წლებში იძულებით გადასახლებულ პირებს, მათ შთამომავლებსა და ოჯახის წევრებს შეეძლოთ. რეპატრიანტის სტატუსის შესახებ განცხადება მსურველს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის უნდა წარედგინა, რომელიც დოკუმენტაციას შესასწავლად უსაფრთხოების სამსახურს, საჭიროების შემთხვევაში კი სხვა უწყებებსაც უგზავნიდა. უხარვეზო დოკუმენტაციის მქონე პირს სტატუსი ენიჭებოდა. გარდა განცხადებისა, საქართველოს მთავრობას უფლება ჰქონდა რეპატრიანტის სტატუსის მისანიჭებლად დამატებითი მოთხოვნები დაეწესებინა, როგორიცაა გასაუბრება, ტესტირება და ა.შ. ქართული ენის ცოდნას უპირატესობა ენიჭებოდა. 

ირაკლი კოკაიამ “მითების დეტექტორთან” საუბარში განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე 5841 წარმოდგენილი განაცხადიდან აპლიკაციის განხილვის პროცესში საქართველოს ხელისუფლებამ უხარვეზოდ წარმოდგენილად მხოლოდ 70 აპლიკაცია მიიჩნია, დანარჩენ აპლიკანტებს კი დრო მისცა ხარვეზების გამოსასწორებლად. მისი თქმით, აზერბაიჯანში, სადაც ყველაზე მეტი რეპატრაინტის სტატუსის მოპოვების მსურველი იყო, ქართულმა მხარემ გასაუბრებაც ჩაატარა.  

3. საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების საფუძვლეზე რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი 5841 მუსლიმმა მესხმა წარადგინა და განაცხადების მიღება კანონის საფუძველზე 2010 წელს დასრულდა 

საქართევლოს მთავრობის ინფორმაციით, რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი   სულ 5 841 დეპორტირებულმა მესხმა წარადგინა. განცხადებები 8 ქვეყნიდან, ყველაზე ბევრი- 5389 განაცხადი კი აზერბაიჯანში მცხოვრები დეპორტირებული მესხებისგან შემოვიდა.  რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადების მიღების ვადა კი 2010 წლის 1 იანვარს ამოიწურა. უახლესი მონაცემებით, რეპატრიანტის სტატუსი  1 998-ს დეპორტირებულ მესხს აქვს მინიჭებული

2010 წლის 30 მარტს საქართველოს მთავრობამ „რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ“ დადგენილება (№ 87)  მიიღო, რომელიც რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირის მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩენას გამორიცხავდა. ბოლო მონაცემებით, საქართევლოს მოქალაქეობა 494 რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირს მიენიჭა.

"

მუსლიმი მესხების შესახებ

საბჭოთა კავშირმა მესხების წინააღდმეგ ბრძოლა ჯერ კიდევ 1923 წელს დაიწყო, როდესაც ეთნიკურად ქართველი მესხები ,,აზერბაიჯანლებად“ ჩაწერეს, ქართული გვარები აზერბაიჯანულად მასობრივად გადაუკეთეს და მესხეთი აზერბაიჯანის კულტურულ ავტონომიად გადააქციეს. 1944 წლის ივლისში სტალინის მიერ ხელმოწერილი დადგენილებით ლავრენტი ბერიას საქართველოს რაიონებიდან მოსახლეობის გადასახლება დაევალა. მათ შორის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ბოგდანოვკის რაიონებიდან და აჭარიდან “86 000” თურქი უნდა გადასახლებულიყო.

1944 წელს 150 ათასამდე მუსლიმი მესხი იოსებ სტალინის ბრძანების საფუძველზე შუა აზიაში გადასახლების მსხვერპლნი იმ საფუძვლით აღმოჩნდა, რომ ისინი “არასანდო ხალხს” წარმოადგენდნენ და თურქეთისათვის ჯაშუშობდნენ.  გადასახლების პროცესში 15 000-მდე ადამიანი დაიღუპა.

2018 წლის მონაცემებით, ჯამში 600 000 დეპორტირებული მესხების  უმეტესობა ყაზახეთში, ყირგიზეთში, რუსეთში, თურქეთში, უზბეკეთსა და აშშ-ში ცხოვრობს.  მუსლიმ მესხებს განსაკუთრებით რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, სადაც ისინი დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან. კრასნოდარში მცხოვრებ მესხთა უმრავლესობა ოფიციალური სტატუსის გარეშეა დარჩენილი, რის გამოცსაკუთარი უფლებების დაცვას ვერ ახერხებენ.

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის თანახმად, პირველი 40 რეპატრინტი საქართველოში 1950-იანი წლების ბოლოს ჩამოვიდა. 1969 წელს 250 ოჯახი აზერბაიჯანიდან აჩიგვარაში (გალის რაიონში) გადმოსახლდა. რეპატრიაციის მეორე ეტაპი 1982 წელს დაიწყო. ამ დღიდან მოყოლებული 90-იანი წლებამდე  1270 მესხი გადმოსახლდა საქართველოში. 1991-2005 წლებში მხოლოდ 113 მესხი გადმოვიდა საქართველოში. 2005 წლის მონაცემებით, საქართველოში დარეგისტრირებული იყო 755 რეპატრიანტი, რომელთაგან 163 დროებით საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობდა. საქართველოში მესხების კომპაქტური დასახლებებია იანეთი, ნასაკირალი, ახალციხე (დასავლეთ საქართველო) და თბილისი.

დეპორტირებული მესხების ეთნიკური წარმომავლობა დავის საგანია. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ აღნიშნული ტომი ეთნიკურად ქართველი იყო და ოსმალეთის იმპერიის ექსპანსიის პერიოდში თურქიზაცია განიცადა. ამ მეცნიერთა აზრი ახალციხის 1870 წლის აღწერას ემყარება, სადაც 20 855 ადამიანი სუნიტ ქართველად მოიხსენიება. აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მესხები თავს ,,იერლი მისლიმანად” მოიხსენიებდნენ, რაც ადგილობრივ მუსლიმს ნიშნავდა. მეცნიერთა გარკვეული ნაწილი აღნიშნავს, რომ მესხები ეთნიკურად თურქები იყვნენ და მათზე ქართული გავლენა ვრცელდებოდა. მათი აზრით, იმ პერიოდის მუსლიმი მესხები აღმოსავლეთ ანატოლიის თურქებისგან საერთოდ არ განსხვავდებოდნენ. თურქულ ისტორიულ-პოლიტიკურ დისკურსში ამ ადამიანებს აჰისკა (ახალციხელი) თურქებს უწოდებენ. მესხების ნაწილი დღეს თავს ქართველად, ხოლო ნაწილი კი თურქად მიიჩნევს, ნაწილს კი გამოკვეთილი ეთნიკური იდენტობა არ გააჩნია

ვრცლად დეპორტირებული მესხების შესახეხებ გავრცელებული დეზინფორმაციების შესახებ იხილეთ:

3 მითი დეპორტირებული მესხების შესახებ

გავრცელება სოციალურ ქსელბში

მას შემდეგ, რაც ფეისბუკმა კრემლთან დაკავშირებული News Front-ის ანგარიშები, მათ შორის News Front Goergia-ს გვერდი კოორდინირებული არაავთენტური ქმედების (CIB) გამო წაშალა, აღნიშნული გამოცემა თავის მასალებს სოციალურ ქსელში სხვადასხვა არხებით ავრცელებს. დეპორტირებულ მესხებზე მომზადებული სტატია ნიუსს ფრანტმა კრემლისტური “საქართველო და მსოფლიოსთან” დაკავშირებული ისეთი ანგარიშებით გაავრცელა, როგორიცაა ფეისბუკ გვერდი “სტალინი”,  ჯგუფი “საქართველო და რუსეთი/Грузия и Россия”, პრორუსულ არასამთავრობო ორგანიზაცია ევრაზიის ინსტიტუტთან დაკავშირებული ჯგუფები “ევრაზია - საინფორმაციო სააგენტო / Eurasia - Information Agency” და კოტე ჩიკვილაძის და გულბაათ რცხილაძის თანამოაზრეების ჯგუფი: Россия и Грузия, მათგან პურველს ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე მართავს, ხოლო მეორეს პირველი ჯგუფი (საინფორმაციო სააგენტო ევრაზია). მასალა პრორუსულ პარტია “პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებულ ანგარიშებზეც გავრცელდა, თუმცა, შედარებით ნაკები ინტერაქციით.

"

მოამზადეს ანა ჩიტალაძემ და მარიამ ნებიერიძემ 
მითების დეტექტორის ლაბორატორია


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია.