Müxtəlif

ვინ ჩაერთო სახალხო დამცველის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიაში?

15 İyun, 2021

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კრემლისტური და ანტილიბერალური ჯგუფების სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც საპატრიარქოსთან არსებულ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში 

აპარატის წარმომადგენელთა მონიტორინგის მიზნით შესვლის დაბლოკვა კვლავ სხალთის მიტროპოლიტის მეუფე სპირიდონის მიზეზით შეუძლებელი გახდა.  

“მითების დეტექტორმა” ის აქტორები გამოავლინა, ვინც სოციალურ და ტრადიციულ მედიაში სახალხო დამცველის დისკრედიტაციის კამპანიაში იყო ჩართული. კერძოდ:

  • კრემლისტური პარტიები: “პატრიოტთა ალიანსი”, “ერთობა, რაობა, იმედი”, ქართული მარში”, “ქართული იდეა”.
  • კრემლისტური მედია: “ნიუსფრონტი”, “საქართველო და მსოფლიო”, “ალტ-ინფო”, “ობიექტივი”.
  • კრემლისტური ორგანიზაციები: პრიმაკოვის რუსულ-ქართული ურთიერთობის ცენტრი, ევრაზიული ინსტიტუტი, ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრი.
  • ანტილიბერალური: “ასავალ-დასავალი”, უფლებადამცველთა გაერთიანება, ქართული მისია.
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი: ბონდო მძინარიშვილი.
  • ანტივაქსერი: თინა თოფურია.

ტრადიციულ მედიაში გამოიკვეთა შემდეგი ნარატივები:

  • ნინოწმინდის პანსიონს ეკლესიაზე და მართლმადიდებლურ ღირებულებებზე თავდასხმის საბაბად იყენებენ;
  • მეუფე სპირიდონს ლგბტქ თემის, რუსეთისა და ვაქცინების შესახებ მისი შეხედულებების გამო ებრძვიან, რისთვისაც ნინოწმინდის პანსიონს საბაბად იყენებენ.
  • სახალხო დამცველი და სოცმუშაკები გარყვნილების პროპაგანდას ეწევიან და ბავშვებითან ურთიერთობა უნდა შეეზღუდოთ;
  • ნინო ლომჯარია პედოფილებსა და ადამიანის ორგანოებით მოვაჭრეებს ლობირებს.
  • პანსიონში მცხოვრები ბავშვების უფლებებს ლიბერალები არღვევენ;
  • პანსიონში ბავშვთა უფლებების დარღვევაზე არსებული ცნობები გაზვიადებულია; 
  • სახალხო დამცველი უნდა დაინტერესდეს არა საპატრიარქოს კუთვნილი, არამედ აჭარაში თურქეთის მიერ დაფინანსებულ პანსიონების მდგომარეობით;
  • სახალხო დამცველი არა ქართველი ხალხის, არამედ მხოლოდ მცირერიცხოვანი, მარგინალური ჯგუფების ინტერესების გამტარებელია.
  • სახალხო დამცველის აპარატი და ბავშვების უფლებადამცველი ორგანიზაციები უცხო ძალების მიერ იმართებიან.
  • სახალხო დამცველის ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს, ხოლო ნინო ლომჯარია უნდა გადადგეს.

გზავნილი

წყარო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნინოწმინდის პანსიონს ეკლესიაზე და მართლმადიდებლურ ღირებულებებზე თავდასხმის საბაბად იყენებენ

“ობიექტივი”, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „ყოველგვარი რელიგიური განათლების გაუქმება ფსევდო და ულტრა-ლიბერალიზმის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა… ამ არასწორმა და მე ვიტყოდი, სრულიად უგუნურმა მიდგომამ ჩვენამდეც მოაღწია და დღეს სააკაშვილები, ბოკერიები, ლომჯარიები და ხაზს ვუსვამ, კობახიძეები და ტიკარაძეებიც, საპატრიარქოს სასწავლებლებს ებრძვიან“.

ლევან ვასაძე, ერთობა, რაობა, იმედი: " მეუფე სპირიდონი, არის უბინძურესი ცილისმწამებლური კამპანიის ობიექტი და მსხვერპლი… ეს არის პროგრამის ნაწილი, რათა დასუსტდეს ეკლესიის ავტორიტეტი და ტრადიციული ღირებულებები.” 

სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „ეკლესია უნდა ყოფილიყო წნეხის ქვეშ, ეკლესია უნდა ყოფილიყო თავდაცვით მდგომარეობაში და როგორც კი, როგორც შეძლებდნენ, ისე უნდა მომხდარიყო ეკლესიის დისკრედიტაცია და მისთვის სახელის გაფუჭება და ეს უნდა მოხდეს ყველაფერი 5 ივლისამდე [პრაიდამდე].”

ალტ-ინფო, ზურაბ მახარაძე, ალტ-ინფო: „უნდა მოხდეს როგორც ეკლესიის, ისე ტრადიციული საზოგადოების მორალური გადამტვრევა, რომ ლომჯარიამ, სხვადასხვა არასამთავრობოებმა და მთელმა ამ ლგბტ აქტივისტებმა, რომლებიც ეხლა ვითომ ბავშვების ინტერესებით გამოდიან, საქართველოში მაგან უნდა დაადგინოს აწი ბავშვი ვინ როგორ უნდა გაზარდოს.” 

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: "...ვიხილეთ მანამდე ისტერიული, გაავებული, ცივსისხლიანი ცინიზმით განხორციელებული თავდასხმა და სრული დისკრედიტაციის მცდელობა ეკლესიისა, ეპისკოპოსებისა, რომელიც გეგმაზომიერად და მეთოდურად ხორციელდებოდა კონკრეტული პირების მიერ და მათ შორის არის ქვეყნის ე.წ. სახალხო დამცველი."

ასავალ-დასავალი, რედაქცია: “აღკვეთე ოპერაცია ციანიდი-2 საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ნინო ლომჯარიას შესრულებით! არ დავუთმოთ ბავშვები სატანისტ-სოდომისტებს”

ბონდო მძინარაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამუერვეო საბჭოს წევრი: “...უპირველესად, ეს  სასწავლებელია მათი მთავარი სამიზნე! შემდეგ კი საპატრიარქოს ყველა სასწავლებელს და პანსიონს დაერევიან! ეს არის ფართომასშტაბიანი შეტევის გააქტიურება ჩვენს ეკლესიაზე,მართლმადიდებლობაზე! ნახავთ, სულ მალე რა ძალით შეუტევენ!”

ნიუსფრონტი, ზაურ ნაჭყებია, ავტორი: „სახალხო დამცველის გაუთავებელი კაკანი და „ასო“-ების ასევე მიზანმიმართული კრიახი მიგვანიშნებს იმაზე, რომ გრძელდება მასირებული შეტევა ეკლესიაზე და ამას ხელს უწყობს ხელისუფლება.“ 

“საქართველო და მსოფლიო”, ჯაბა ჟვანია, ჟურნალისტი: "ნინოწმინდის პანსიონის გარშემო ლომჯარიას მიერ მიზანმიმართულად ატეხილი ცრუ განგაში, შეიძლება ითქვას, ფართომასშტაბიან ანტისაეკლესიო, ანტიმართლმადიდებლურ და ანტიქართულ კამპანიაში გადაიზარდა.შეტევაში ყველა ლიბერალური ფლანგი მონაწილეობს, დაწყებული ე.წ. უფლებადამცველებით, დამთავრებული ლგბტ პროპაგანდისტებით…" 

 

 

პანსიონში მცხოვრები ბავშვების უფლებებს ლიბერალები არღვევენ;

ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა: „ამაზე მეტი ბულინგი რა შეიძლება იყოს, როდესაც ესე ორკესტრირებულად ტელევიზიით ეს ბავშვები ხედავენ იმას, რომ ვიღაც გარყვნილი და გათახსირებული ბიძია დეიდები ე.ი ამბობენ იმას, რომ მათ პანსიონში ხდება თითქოს ძალადობა, მათ შორის სექსუალური ძალადობის შემცველი რაღაც მომენტები და ა.შ და ა.შ. ეს არის პირდაპირ კრიმინალი ეს არის პირდაპირ”.

ობიექტივი, გიორგი კასრაძე, წამყვანი: „ლიბერალური საზოგადოების წარმომადგენლები, ლიბერალი ურჩხულები, თავს დაესხმებოდნენ ამ ბავშვთა პანსიონატს.” 

 

 

პანსიონში ბავშვთა უფლებების დარღვევაზე არსებული ცნობები გაზვიადებულია;

ბონდო მძინარაშვილი, ჟურნალისტი: "იდეალური მდგომარეობა არცერთ ბავშვთა სახლში არც ყოფილა, არც არის და, ბუნებრივია, ვერც ნინოწმინდის პანსიონში იქნებოდა; ისევე როგორც იდეალური მდგომარეობა არცერთ საჯარო სკოლაში არც ყოფილა და არც არის!”

ნიუსფრონტი,  ნანა რეხვიაშვილი, პუბლიცისტი: "უნდა ჩატარდეს გამოძიება და თუ დადგინდა რომ ფაქტები გაზვიადებულია, უნდა გადადგეს ეს ვითომ დამცველი და მიეცეს პასუხისგებაში და ასევე ისინი, ვინც ეს ბავშვები გამოიყენა! ბავშვების ამ სახით დაკითხვა არ არის სწორი…. სერიოზული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ასე მშვიდად არ ყვება ბავშვობაში მიღებულ ტრამვებზე…. ფაქტები რომ გაზვიადებულია ეს აშკარაა!”

 

 

 

 

 

 

 

სახალხო დამცველი და სოცმუშაკები გარყვნილების პროპაგანდას ეწევიან და ბავშვებითან ურთიერთობა უნდა აეკრძალოთ;

გურამ ფალავანდიშვილი, ქართული იდეა: " ეს გახრწნილების პროპაგანდაში ჩართული პირები ელაპარაკებიან ჩვენს შვილებს და ანაგვიანებენ მათ გონებას… აბსოლუტურად მართალია მეუფე სპირიდონი, როცა ლომჯარიას გარყვნილ აგენტებს ცხვირს არ აყოფინებს პანსიონატში". 

“ობიექტივი”, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: “საპატრიარქსო სასაწავლო დაწესებულებებში ბავშვებს არ ზრდიან მამათმავლებად, დედათმავლებად, არც ბისექსუალებად და ა.შ. საპატრიარქოს სასწავლო დაწესებულებებში გოგონებს მანდილოსნებად ზრდიან და არა მეშახტეებად, ბიჭებს კი ვაჟკაცებად ზრდიან და თოჯინებთან თამაშს არ ასწავლიან. ეს კი ქალბატონი ლომჯარიას აზრით, ბავშვთა უფლებების დარღვევაა“.

 

სპირიდონ აბულაძე, სხალთის მთავარეპისკოპოსი: „ეს არის ხალხი, რომელიც ოფიციალურად ითხოვს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას...იმ ბავშვების სული მე მაბარია, იმ ბავშვების სულზე მე ვარ პასუხისმგებელი ღვთის წინაშე და მე ვთვლი, რომ ამ წაბილწულ და გარყვნილ ქალს საჯიჯგნად იმ ბავშვებს ვერ მივცემ“. 

ასავალ-დასავალი, 7 -13 ივნისი, გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „რატომ უნდა შეუშვა ბავშვებთან ეს სოდომისტები, რომლებიც გარყვნილების მქადაგებელი მოსიარულე ბანერები არიან?!...”

“ალტ ინფო”, თათია გაბრიჭიძე, წამყვანი: „ამავდროულად იმ განცხადებებსაც გაჩვენებთ, რომელიც გააკეთეს ბავშვის უფლებათა დამცველებმა, რომლებიც ამავდროულად აქტიურად იცავენ ლგბტ პირთა უფლებებს და ამავდროულად აქტიურად გვევლინებიან ხოლმე პრაიდებზეც.“ 

ნიუსფრონტი, ზაურ ნაჭყებია, ავტორი: „რაც შეეხება ნინო ლომჯარიას, ის ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების მომხრეა, ანუ, ჰომოსექსუალებისა და ლესბოსელების ინტერესების არა მარტო დამცველი, არამედ, აქტიური პროპაგანდისტიც.“

 

 

სახალხო დამცველი უნდა დაინტერესდეს არა საპატრიარქოს კუთვნილი, არამედ აჭარაში თურქეთის მიერ დაფინანსებულ პანსიონების მდგომარეობით

ობიექტივი, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „ქალბატონ ნინო ლომჯარიას რატომღაც არ ადარდებს ქართული მოწაფეების ბედი თურქულ სკოლებში, რომლებიც საქართველოს განათლების სტანდარტებს საერთოდ არ სცნობენ…”

Taonews,  ნიკოლოზ მჟავანაძე, “უფლებადამცველთა გაერთიანება”: ”ქრისტეს და ეკლესიის მტერო ლომჯარია აჭარაში არსებული მუსლიმური სკოლა-პანსიონებით რატომ არ ინტერესდები.”

ასავალ-დასავალი, 7 -13 ივნისი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი:
თქვენ სწორედ მართლმადიდებლობასთან მიზანმიმართულად მებრძოლი სატანისტები რომ არ იყოთ, აჭარაში, თურქეთის მიერ დაფინანსებულ ბავშვთა მუსლიმურ პანსიონებსაც შეამოწმებდით და თურქეთში, მუსლიმურ სასწავლებლებში გაგზავნილი ქართველი ბავშვების უფლებებს შელახვითაც დაინტერესდებოდნენ! მაგრამ ამაში გრანტებს არ იძლევიან." 

 

 

 

მეუფე სპირიდონს ლგბტქ თემის, რუსეთისა და ვაქცინების შესახებ მისი შეხედულებების გამო ებრძვიან, რისთვისაც ნინოწმინდის პანსიონს საბაბად იყენებენ.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: „განსაკუთრებლი სიცოფით ასე ვთქვათ შეუტიეს მეუფეს[სპირიდონ აბულაძე] და რატომ?... იმიტომ რომ მეუფე სპირიდონი იყო ფაქტიურად პირველი ეპისკოპოსი, რომელმაც ამბიონიდან ამხილა სოდომიზაციის შეუცვლელი პოლიტიკა, რომელიც გარედან არის თავს მოხვეული ქვეყანაზე.”

ნიუსფრონტი, გულბაათ რცხილაძე, ევრაზიული ინსტიტუტი: "მეუფე სპირიდონი ის მტკიცე ბურჯია ჩვენს ეკლესიაში, რომელიც იმის თქმას არ უფრთხის, რის აღიარებასაც სხვები უფრთხიან – საქართველოს ხსნა არ გამოვა ევროკავშირით და ნატოთი, საქართველო მართლმადიდებელ რუსეთთან უნდა ეძებდეს პრიორიტეტულ კავშირებს!.. ვინაიდან მეუფე სპირიდონი ასევე განსაკუთრებით შეურიგებელია ლგბტ-პროპაგანდის მიმართ, მის წინააღმდეგ აგორებული კამპანია გამძაფრდა და დაჩქარდა...”

თინა თოფურია, ანტივაქსერი ჰომეოპატი: "ჩვენ თავის დროზე დაგვიკავშირდა მეუფე სპირიდონი, დაინტერესდა ვაქცინაციის თემით და გაკეთდა ერთობლივი მისი ინიციატივით ონლაინ კონფერენცია, სადაც ვმონაწილეობდით მიკრობიოლოგები, ბიოლოგები, ექიმები და იქიდან მონაწილეობდა 89 ადამიანი, მეცნიერები...საქმე იმაშია, რომ ამას მოყვა სხვათაშორის აი ეს თავდასხმები მის ეპარქიაზე და ამ ბავშვთა სახლზე …."

 

 

სახალხო დამცველი არა ქართველი ხალხის, არამედ მხოლოდ მცირერიცხოვანი, მარგინალური ჯგუფების ინტერესების გამტარებელია

ობიექტივი, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „სახალხო დამცველად დამტკიცების დღიდან ქალბტონი ნინო ლომჯარია აქტიურად იცავს ერთის მხრივ მამათმავალთა, დედათმავალთა, ბისექსუალთა, სქესშეცვლილთა, მოკლედ, ტრანსადამიანთა უფლებებს. მეორეს მხრივ, რელიგიური უმცირესობებისა და რელიგიური სექტების წარმომადგენელთა უფლებებს, მაგრამ არასდროს იცავს მართლმადიდებელთა უფლებებს. არასდროს იცავს ქართველი ხალხის უფლებებს.”

ზურა მახარაძე, ალტ-ინფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი: „[ნინო ლომჯარია] ყველაფერია გარდა სახალხო დამცველისა! სახალხო დამცველი იცავს ყველას, გარდა ქართველი ხალხისა. ის იცავს ოცკაციან სექტებს, ის დაიცავს გარყვნილების პროპაგანდისტებს, მაგრამ იქ, სადაც შეურაცხყოფენ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ღირებულებებს, რწმენას, რელიგიას, ამათ სათქმელი არაფერი აქვთ“.

 

 

 

 

 

 

 

 

სახალხო დამცველის აპარატი და ბავშვების უფლებადამცველი ორგანიზაციები უცხო ძალების მიერ იმართებიან.

“ობიექტივი”, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: “2020 წლის 15 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტომ, USAID-მა გამოყო სპეციალური გრანტი ბავშვთა უფლებების დასაცავად. განსაკუთრებით იმ ბავშვების, რომლებიც განიცდიან ძალადობას, ან შევიწროებას… ლომჯარია თანამშრომლობს ყველა იმ ფონდთან, რომელიც მსგავს გრანტებს ღებულობს. მოკლედ, გრანტები გამოყოფილია და ახლა დამნაშავე უნდა მოიძებნოს. თუ დამნაშავე ვერ იძებნება, მაშინ ვიღაცას ცილი უნდა სწამონ და ეს საპატრიარქო უნდა იყოს“.

რამაზ გაგნიძე, ქართული მისია: „გრანტის თემაა. დაურეკეს, რომ გრანტები გვინდა, ან გრანტები უნდა გავცეთ და ისევ დავიწყოთ ამ ბავშვთა სახლების წინააღმდეგ, რომელიც საპატრიარქოს ეკუთვნის, მათ წინააღმდეგ ეს ბრძოლა… ეშმაკთან არიან შეკრულები და რქები ადგათ თავზე.“

სპირიდონ აბულაძე, სხალთის მთავარეპისკოპოსი:  ”მიმდინარეობს სოდომისტ-ჰომოსექსუალთა მხრიდან საშინელი ზეწოლა ქართველ ხალხზე. გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედი ხელმძღვანელი, ვინმე ანა ჩერნიშოვა, საქართველოს აძალებს ნინოწმიდის პანსიონატში დაუყოვნებლივ შეუშვან სახალხო გამხრწნელი, სოდომია-ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტ მაიძულებელი ლომჯარია...” 

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: "სახალხო დამცველი _ ეს არის პირობითი დასახელება ლომჯარიას თანამდებობის, იმიტომ, რომ რეალურად ის უცხო ქვეყნის დივერსანტია და გარედან მიღებული ინსტრუქციების შესაბამისად ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლას უდგას სათავეში". 

ასავალ-დასავალი, 24 - 30 მაისი, ჯაბა ხუბუა, ჟურნალისტი:
“აბა, ლომჯარიას კანტორა და მთელი არასამთავრობო სალიბერასტეთი რა გოგოები და ბიჭები იქნებიან, რა პირით ეჩვენებიან თავიანთ უცხოელ პატრონებს და როგორ შეხედავენ გრანტის მიმცემ დეიდებსა და ბიძიებს, თუ იმდენი ვერ შეძლეს, რომ საქართველოს საპატრიარქოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას ხელიდან გამოსტაცონ დაღუპვის პირას მყოფი ბავშვები..."

 

 

 

 

სახალხო დამცველის ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს, ხოლო ნინო ლომჯარია უნდა გადადგეს.

ლევან ვასაძე, ერთობა, რაობა, იმედი: „გადადგეს ნინო ლომჯარია. მოვითხოვთ, ის სახალხო დამცველი, რომელიც არჩეული იქნება მის ადგილას, გამოხატავდეს პატივისცემას და მორჩილებას ჩვენი ქვეყნის ტრადიციების მიმართ“.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: „მიმაჩნია, რომ ეს [სახალხო დამცველი] არის სრული რუდიმენტი, 10 მილიონით დაფინანსებული ჩვენი ჯიბეებიდან, ჩენი, საქართველოს მოქალაქეების ჯიბეებიდან, ინსტიტუტი, რუდიმენტი, არაფრის მქმნელი, არაფრის მაქნისი და არანაირი სარგებლის მომტანი და ვფიქრობ, რომ ის უნდა გაუქმდეს!”

დავით თარხან მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „ჩვენი გუნდი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, ხვალიდან ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. ორდოკუმენტზე უნდა მოვაწეროთ ხელი. პირველი, ჩვენ ვენდობით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ჩვენ ვენდობით საპატრიარქოს სასწავლო დაწესებულებებს. მეორე დოკუმენტი, ... ჩვენ არ ვენდობით საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას…”

 

 

 

ნინო ლომჯარია პედოფილებსა და ადამიანის ორგანოებით მობაჭრეებს ლობირებს.

ასავალ-დასავალი, 14 - 20 ივნისი
შოთა აფხაიძე, “ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრი”:
„ნინო ლომჯარია საქართველოს სახახლო დამცველის მანტიაში იმიტომ გაეხვია, რომ თავისი და თავისი თანამზრახველების შავბნელი საქმიანობა - პედოფილიის ლობირება და ადამიანის ორგანოებით უკანონო ვაჭრობა მიეჩქმალა!..ნინო ლომჯარია, თამარ კინწურაშვილი და მთელი მათი სექტა, რომლებიც პედოფილების ფორუმებში ხშირად მონაწილეობენ, თავიანთ ბინძურ ზრახვებსა და პედოფილიის ლობირებას იმით ნიღბავენ, თითქოს ამ საკითხზე ფსიქოლოგებთან ერთად მუშაობენ…” 

ნიუსფრონტი, დაჩი ლეჟავა, ავტორი: “ნინო ლომჯარია რომელსაც ოფიციალურად სახალხო დამცველის პოსტი უჭირავს, რეალურად მსოფლიო პედიფილთა და ადამიანის ორგანოთა უკანონო ვაჭრობის ლობის გავლენიანი წევრია. სწორედ ამითაა გამოწვეული ლომჯარიას ჰიპერ აქტივობა, ბავშვთა საკითხებზე, რომელიც შენიღბულია ბავშვთა უფლებებისთვის ბრძოლით, რაც სრული ფიქციაა. სინამდვილეში კი ლომჯარია შეუდგა დონორი ბავშვების და პედოფილიის პლათფორმის ფორმირებას საქართველოში.”


სახალხო დამცველის და ბავშვთა უფლებების დამცველების საწინააღმდეგო გზავნილები სოციალურ მედიაში

სოციალურ ქსელში გავრცელებული გზავნილების ნაწილი ემთხვეოდა ტრადიციულ მედიაში გავრცელებულს. “მითების დეტექტორმა” გამოავლინა 17 გვერდი და 4 ჯგუფი (ერთობა, ლევან ვასაძე - ერთობა, რაობა, იმედი(მხარდამჭერათა გაერთიანება), ლევან ვასაძის მხარდამჭერები levan vasadze, ალტერნატივა საქართველოსთვის - მხარდამჭერები), რომლებიც ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებულ კამპანიაში იყვნენ ჩართული. იდენტური გზავნილებს ავრცელებდნენ პრორუსული, ანტილიბერალური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლების პირადი ფეისბუქ ანგარიშებიც (სანდრო ბრეგაძე, ნიკოლოზ მჟავანაძე, გურამ ფალავანდიშვილი, ლევან ჩიჩუა, ანდრია ჯაღმაიძე). ნინოწმინდის პანსიონის თემას სოციალურ მედიაში გამოეხმაურნენ ანტივაქსერე მომხმარებლებიც (თინა თოფურია, ნონა აღდგომელაშვილი.)

გზავნილი #1: სახალხო დამცველი და ლიბერალები ეკლესიას ებრძვიან

 3 ივნისს “ობიექტივის” ყოფილმა წამყვანმა და ონლაინ გამოცემა taonews.ge-ის დამფუძნებელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ ნინო ლომჯარიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც სახალხო დამცველს “ეკლესიასთან ბრძოლაში” დასდო ბრალი. სახალხო დამცველს  “გეი პროპაგანდასა” და ეკლესიასთან ბრძოლაში ადანაშაულებდნენ ფეისბუქ ჯგუფის “ალტერნატივა საქართველოსთვის - მხარდამჭერების” მომხმარებლები, Alt ინფო, “ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძემ, ფეისბუქ ანგარიში “სუვერენული სახელმწიფოს” და რელიგიური გვერდი ალილო მარნეულში. ხოლო გვერდებმა, Liberastuli Seni და “სიმართლე” ნინო ლომჯარიას “მებრძოლი უღმერთო” უწოდეს.

 

გზავნილი #2: ნინოწმინდის პანსიონში შესვლას ლგბტ პირები და პრაიდის აქტივისტები ცდილობენ

22 მაისსა და 1 ივნისს სოციალური ქსელის მომხმარებელმა ბექა ვარდოსანიძემ პოსტები გამოაქვეყნა, რომლებშიც ნათქვამია, რომ ნინო ლომჯარია ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ლგბტ აქტივისტების შეშვებას ითხოვდა. იმავე გზავნილს შეიცავდა “ქართული იდეის” წევრის გურამ ფალავანდიშვილის მიერ გამოქვეყნებული პოსტები. სახალხო დამცველს  “გეი პროპაგანდასა” ფეიქბუქ გვერდი zneoba.ge, “ბავშვთა უფლებების დამცველთა საზოგადოება” და “კონსერვატორული პლატფორმა”.  პანსიონისა და პრაიდის თემა დააკავშირა საპატრიარქოს სპიკერმა ანდრია ჯაჟმაიძემ. ჯაღმაიძის პოსტი ჯგუფში “ერთობა” გაზიარდა.

 

გზავნილი #3: მეუფე სპირიდონი ცილისწამების მსხვერპლია და მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ

ფეისბუქ გვერდებმა “დიდ ხარ შენ უფალო”, კარდჰუ, “საპატრიარქოს ჩოხისანთა საზოგადოება”.qadageba.geAlt ინფო  და “ქართული გვერდი/Georgian Page”, ასევე ფეისბუქ მომხმარებელმა არსენ ფოფხაძემ ჯგუფში “ერთობა”  მეუფე სპირიდონის მხარდამჭერი პოსტები გამოაქვეყნეს. იმავე ხაზს აგრძელებს ფეისბუქ ჯგუფების  “ალტერნატივა საქართველოსთვის - მხარდამჭერების.”  და “ლევან ვასაძის მხარდამჭერების” პოსტები. ჯგუფ “ერთობაში” კი გაზიარდა სტეფანე კარალაიჯაშვილის ქადაგების ნაწყვეტი, რომელიც მრევლს ლიბერალების წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოუწოდებს. 

 

სპირიდონ აბულაძის მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში ფეისბუქ ჯგუფის “ერთობა” მომხმარებელმა ნინოწმინდის პანსიონში წლების განმავლობაში გადაღებულ ვიდეოებსა და ფოტოსურათების კოლაჟიც გააზიარა, ხოლო  გვერდმა “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება” პანსიონის ყოფილი ბინადრების რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებშიც  ბავშვთა სახლში ძალადობის ფაქტებზე გავრცელებულ ცნობებს ცილისწამებლურსა და აბსურდულს უწოდებენ.

 

გზავნილი #4: ნინო ლომჯარია გარყვნილების პროპაგანდისტია და უნდა გადადგეს

ნინო ლომჯარიას საწინააღმდეგო პოსტები გამოაქვეყნეს “ქართული იდეის” დამფუძნებელმა ლევან ჩიჩუამ და “ქართული მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ. ბრეგაძის ერთ-ერთ პოსტს თან ახლდა ვიდეო, რომელშიც “ქართული მარშის” აქტივისტები ნინო ლომჯარიას სურათს ქუჩაში წვავენ. კიდევ ერთ პოსტში სანდრო ბრეგაძე ნინო ლომჯარიასა და ანა აბაშიძეს “გარყვნილებს” და “გაურკვეველ არსებებს” უწოდებს.  ფეისბუქ გვერდმა “კონსერვატორი” კი სახალხო დამცველის ოფისთან 7 ივნისს გამართულ აქციაზე ლევან ვასაძის გამოსვლის ამსახველი ვიდეო გააზიარა, რომელშიც ვასაძე ლომჯარიას “ყველაზე გარყვნილი” ადამიანების უფლებების დამცველსა და ხალხის მტერს უწოდებს. ნინო ლომჯარიას მადისკრედიტებელი პოსტები გაავრცელეს პრო-რუსული გამოცემის tvalsazrisi.ge-ის რედაქტორის ირაკლი ჯანყარაშვილის გვერდმა, ასევე ფეისბუქ გვერდმა “Fაქტები” და ჯგუფის “ლევან ვასაძე - ერთობა, რაობა, იმედი (მხარდამჭერთა ჯგუფი)” მომხმარებლმებმა. 

 

გზავნილი #5: ანა აბაშიძე გარყვნილი და ქართველთმოძულე 

დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ანა აბაშიძეც გახდა. ჯგუფში “ერთობა” ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა ნაწყვეტი ალტ-ინფოს გადაცემიდან “ალტ-ანალიტიკა”. ვიდეოში გადაცემის წამყვანი აჩვენებს ფრაგმენტს “მთავარი არხის” ეთერიდან, რომელშიც ანა აბაშიძე ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელებს დაწესებულების დატოვების შემდეგ რეგიონში ეთნიკურად ქართული მოსახლეობის გასამრავლებლად იყენებდნენ, რაც “არაჰუმანურად” მიაჩნია. ანა აბაშიძის ამ მოსაზრების საპასუხოდ გადაცემის წამყვანები მას აგინებენ და ფაშისტს უწოდებენ. მომდევნო დღეებში აღნიშნული ვიდეო გამოაქვეყნა გვერდმა Fაქტები და მოძრაობა ძლევაი საკვირველი. ანა აბაშიძის ეს ციტატა გვერმა “კონსერვატიული პლატფორმა” კონტექსტის გარეშე გაავრცელა.

 

გზავნილი #6: პანსიონიდან ბავშვების გაყვანა მათზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად ხდება

ნინოწმინდის პანსიონის თემა ქართველმა ანტივაქსერმა ექიმებმა თინა თოფურიამ და ნონა აღდგომელაშვილმა კორონავირუსის ვაქცინებს დაუკავშირეს. თინა თოფურიამ ონლაინ გადაცემა “სალტეში” განაცხადა, რომ პანსიონიდან ბავშვების გამოყვანა მათზე ექსპერიმენტული ვაქცინების გამოსაცდელად უნდათ. იგივე გზავნილი თავის პოსტში ნონა აღდგომელაშვილმაც გააჟღერა.

;

“მითების დეტექტორი” ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ადრეც წერდა, ვრცლად იხილეთ სტატიები:


მოამზადა მედეა სულამანიძემ