NATO

3 მითი ყარსის ხელშეკრულების შესახებ

3 May, 2017

2017 წლის 24 აპრილს მედია-კავშირ ობიექტივის გადაცემა "ღამის სტუდიის” ეთერში, პოლიტოლოგმა თამარ კიკნაძემ განაცხადა, რომ ყარსის ხელშეკრულება მუსლიმი მოსახლეობისათვის რეფერენდუმის უფლებას ითვალისწინებს. კერძოდ, მან განაცხადა:

თამარ კიკნაძე, პოლიტოლოგი: "მიდის ექსპანსია ეკონომიკური და დემოგრაფიული. და თუ ყარსის ხელშეკრულებას გადავხედავთ ჩვენ, იქ არის, რომ თუ შეილახება, გარანტი არის ამ ხელშეკრულების თურქეთი და რუსეთი ხომ? თუ მუსლიმ მოსახლეობას ექნება რაღაც პრობლემა, მას შეეძლება ჩაატაროს რეფერენდუმი.”

იდენტური შინაარსის გზავნილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, გაზეთ პოლიტიკური გაერთიანება "პატრიოტთა ალიანსის” წინასაარჩევნო გაზეთში "საქართველოს პატრიოტი” დავით თარხან-მოურავმა გამოაქვეყნდა:

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „ღიად ლაპარაკობენ და პირდაპირ წერენ აბსოლუტურ სისულელეს, რომ 2021 წელს, ყარსის ხელშეკრულების 100 წლისთავთან დაკავშირებით, უნდა გაიმართოს რეფერენდუმი აჭარის სტატუსის თაობაზე.”

პატრიოტი

რეფერენდუმის თემაზე სპეკულაციის გარდა, 1921 წლის 13 ოქტომბერს ქალაქ ყარსში გაფორმებული ხელშეკრულებას სხვა კონსპირაციებიც უკავშირდება. ქვემოთ მოცემულია 3 მითი, რომელიც ამ თემაზე ქართულ მედიაში სხვადასხვა წყაროების მიერ პერიოდულად ვრცელდება და რეალური ფაქტები აღნიშნულ კონსპირაციებთან მიმართებით:

მითი N1: ყარსის ხელშეკრულებას ვადა 2021 წელს გასდის, რის შემდეგაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმება სათუო ხდება.

წყაროები: პატრიოტთა ალიანსი, საქინფორმი, ვლადიმირ ხომერიკი, მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენი, გიორგი გვასალია,პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი.

რეალური ფაქტები: ყარსის ხელშეკრულება უვადოა და კონკრეტული ვადით არ იზღუდება.

1921 წლის 13 ოქტომბერს, ერთი მხრივ, თურქეთსა და მეორე მხრივ, ამიერკავკასიი რესპუბლიკებს - სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას ქალაქ ყარსში მოეწერა ხელი. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, თურქეთმა აჭარის დიდი ნაწილი და ქალაქი გიუმრი საბჭოთა კავშირს გადასცა, სანაცვლოდ კი ყარსი, ართვინი და არტაანი მიიღო.

ხელშეკრულებაში, რომლის ორიგინალი ელექტრონულად არის ხელმისაწვდომი, არ არის არავითარი ჩანაწერი, რომელიც 2021 წელს მისი ვადის გასვლის სამართლებრივ საფუძველს ქმნის. ამასთანავე, საქართველოს რესპუბლიკას და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ 1993 წლის 25 მარტის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მხარეები "დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით”.

მითი N2: ბათუმში ნატოს ბაზის განთავსების შემთხვევაში, 2021 წლიდან რუსეთი აღარ იქნება ყარსის ხელშეკრულების პირობების დაცვის გარანტორი და ბათუმი თურქეთის ხელში გადავა.

წყარო: საქინფორმის რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.

რეალური ფაქტები: როგორც ზემოთ აღინიშნა, ყარსის შეთანხმება არავითარი ვადით არ არის შეზღუდული და 2021 წელს მისი ვადის გასვლაზე და რუსეთის გარანტორობაზე საუბარი სპეკულაციაა. რაც შეეხება განცხადებას ფოთის პორტში ნატოს სამხედრო ბაზის განთავსების თაობაზე, მსგავსი საკითხი საქართველო-ნატოს სამხედრო თანამშრომლობის ფორმატში საერთოდ არც განხილულა. ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს სამხედრო ბაზები ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე არ გააჩნია, რადგან ალიანსი წარმოადგენს თავდაცვით სამხედრო-პოლიტიკურ კავშირს მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის რომლებიც მისი წევრები არიან.

მითი N3: ყარსის ხელშეკრულება მუსლიმებისთვის რეფერენდუმის უფლებას ითვალისწინებს.

წყაროები: თამარ კიკნაძე, პოლიტოლოგი და დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი.

რეალური ფაქტი: ყარსის ხელშეკრულებაში არ არის მუხლი, რომელიც რომელიმე აღმსარებლობის წარმომადგენელთა რეფერენდუმის უფლებაზე საუბრობს. რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის 18 წლის ასაკიდან, მათი მრწამსის მიუხედავად, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით.

იხ. ინფოგრაფიკა

ყარსის ხელშეკრულება3 მითი
მამუკა ტყეშელაშვილის კარიკატურა