Politics

სოროსის გაყალბებული ციტატა სინამდვილეში კრემლისტური მედიის პოლიტიკურ მიმომხილველს ეკუთვნის

8 October, 2019

3 ოქტომბერს “ქართული მარშის” წევრებმა ერმილე ნემსაძემ და სანდრო ლობჟანიძემ Times.com.ua-ზე დაყრდნობით გამოაქვეყნეს პოსტი საქართველოში სოროსისა და მისი ფონდიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ. აღნიშნულის საილუსტრაციოდ მათ პოსტს შემდეგი ციტატა დაურთეს:

 

 

"ევროპა მაინც გაიმარჯვებს, თუნდაც უკრაინიდან ფერფლი არ დარჩეს. უკრაინელების არსებობა არავის ადარდებს მათ თავად უნდა იზრუნონ საკუთარ კეთილდღეობაზე".

ნემსაძის და ლობჟანიძის მტკიცებით, აღნიშნული სიტყვები ჯორჯ სოროსს ეკუთვნის. 4 ოქტომბერს იდენტური ციტატა გააზიარეს ფეისბუქ გვერდებმა “აზიმუტი” და “სტალინი”. თავად ერმილე ნემსაძის ფეისბუქ პოსტი კი საინფორმაციო სააგენტო  geotimes.ge-მ გამოაქვეყნა. 

1

2

3

გავრცელებული ფრაზა, რომელიც “ქართული მარშის” წევრებმა და პრო-რუსულმა ფეისბუკ გვერდებმა სოროსს მიაწერეს, სინამდვილეში კრემლისტური მედიის პოლიტიკურ მიმომხილველ ალექსანდრ ზაპოლსკისს  ეკუთვნის, რომელმაც regnum.ru-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში გერმანულ გამოცემა Cicero-სთან მიცემული სოროსის 2014 წლის ინტერვიუს საკუთარი ინტერპრეტაცია წარმოადგინა.

  • გავრცელებული ციტატა ეკუთვნის არა ჯორჯ სოროსს, არამედ პოლიტიკურ მიმომხილველ ალექსანდრ ზაპოლსკისს

2014 წლის 22 ნოემბერს  საინფორმაციო სააგენტო regnum.ru-მ გამოაქვეყნა ალექსანდრ ზაპოლსკისის სტატია, სათაურით “სოროსი: თუ ევროკავშირი არ დაეხმარება უკრაინას, უკრაინა დაასამარებს ევროპას”.   ზაპოლსკისი ციტატის წყაროდ მითითებულია სოროსის ინტერვიუ გერმანულ ჟურნალთან “Cicero”, რომელშიც მსგავსი განცხადება რეალურად არ გვხვდება.  ალექსანდრ ზაპოლსკი სტატიაში გამოთქვამს საკუთარ შეფასებებს და მოლოდინებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში დასავლეთის როლთან დაკავშირებით. მისი აზრით, იმისთვის, რომ ევროპამ მსოფლიო ეკონომიკური ლიდერობა შეინარჩუნოს, უკრაინამ დიდხანს უნდა იომოს, თავად უკრაინელების ბედი, კი, ავტორის  წარმოდგენით, არავის აღელვებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინა მიწასთან გასწორდება, ევროპა “მოგებული დარჩება” - უკრაინის აღდგენა ისევ რუსეთს მოუწევს, რადგან მისი (რუსეთის) ნაწილია და არა ევროპის. 

ზაპოლსკისის ანალიტიკური სტატია წარმოადგენს სოროსის ინტერვიუს მისეულ ინტერპრეტაციას და მასზე დაყრდნობით გაკეთებულ შეფასებებს, რაც შემდგომში კრემლისტურმა მედიამ ჯორჯ სოროსს მიაწერა და ვირუსულად გაავრცელა. შედეგად, ზაპოლსკისის ინტერპრეტაცია  სოროსის სახელით რუსული წყაროებიდან უკრაინულ, შემდეგ კი ქართულ მედიაში გამოჩნდა.

  •  ჯორჯ სოროსის ინტერვიუ გერმანულ გამოცემა Cicero-ში

2014 წლის ოქტომბერში, ჯორჯ სოროსმა გერმანულ ჟურნალთან (“Cicero”) ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე შეტევა ირიბად მთელ ევროპაზე შეტევას  გულისხმობს და დასავლეთს უკრაინის ფინანსური დახმარებისკენ მოუწოდა.

“ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა ირიბად მოიაზრებს სრულიად ევროპაზე შეტევასაც...დასავლეთში არავის აქვს რუსეთთან ომის ინტერესი, ამიტომ ჩვენ ახლა უკრაინას ფინანსური დახმარება მთელი ძალისხმევით უნდა გავუწიოთ.” - განაცხადა სოროსმა.

მტკიცება, თითქოს უკრაინა ევროპას დაასამარებს თუ ევროკავშირი მას არ დაეხმარება, სოროსის ინტერვიუში არ გვხვდება და მთლიანად ზემოთ ხსენებული პოლიტიკური მიმომხილველის ალექსანდრ ზაპოლსკისის ინტერპრეტაციაა.

გაყალბებული ციტატები სოროსის რეალური ციტატა
სოროსი: “თუ ევროკავშირი არ დაეხმარება უკრაინას, უკრაინა დაასამარებს ევროპას” “დასავლეთში არავის აქვს რუსეთთან ომის ინტერესი, ამიტომ ჩვენ ახლა უკრაინას ფინანსური დახმარება მთელი ძალისხმევით უნდა გავუწიოთ.”
სოროსი: “ევროპა მაინც გაიმარჯვებს, თუნდაც უკრაინიდან ფერფლი არ დარჩეს. უკრაინელების არსებობა არავის ადარდებს მათ თავად უნდა იზრუნონ საკუთარ კეთილდღეობაზე"  

 

  • ჯორჯ სოროსის ხედვა უკრაინის საკითხზე

2015 წლის ივნისში ვებ-გვერდზე  jewishbusinessnews.com  გამოქვეყნდა ჯორჯ სოროსის რეკომენდაციები და სტრატეგია  უკრაინის  გამარჯვებისთვის.  სოროსის მიხედვით, სანქციები რუსეთის მიმართ არ არის საკმარისი და საჭიროა, უკრაინას პოლიტიკურმა მოკავშირეებმა  პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადონ, რადგან უკრაინის ეკონომიკური აღმავლობა სარგებლის მომტანი იქნება არა მხოლოდ უკრაინული, არამედ ევროპული ეკონომიკისთვისაც. 

როგორც ჯორჯ სოროსი აღნიშნავს, უკრაინის  წარმატებისა და განვითარების შემთხვევაში, ვერანაირი რუსული პროპაგანდა ვერ შეძლებს იმის დამალვას, რომ დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ პუტინის პოლიტიკაა. თუ ევროპელი ლიდერები უკრაინას, როგორც საბერძნეთს ისე მოექცევიან, ეს შეცდომა იქნება, რადგან უკრაინაში ახლა მიმდინარეობს რევოლუციური ტრანსფორმაცია. სოროსის თქმით, საკუთარი თავის დაცვით უკრაინა იცავს ევროკავშირსაც და იმ შემთხვევაში, თუ პუტინი უკრაინაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს, იგივენაირად შესაძლოა, ევროკავშირის დაშლის პროვოცირებაც მოახდინოს.
 

სოროსის გაყალბებული ციტატა რუსულ და ქართულ წყაროებში 2018-2019 წლებში შემდეგმა აქტორებმა გაავრცელეს:

რუსული აქტორები ქართული აქტორები
replua.net ერმილე ნემსაძე
pikabu.ru აზიმუტი
novorosinform Სანდრო ლობჟანიძე
zavtra.ru geotimes.ge
spravochnik.zone სტალინი

 

რუსული წყაროები :

F

B

Q

E

T


მოამზადა ანი ქისტაურმა
მითების დეტექტორის ლაბორატორიის რეგიონული ქსელი