ՆԱՏՕ

მანიპულაციები რასმუსენის განცხადებაზე საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით

10 Սեպտեմբեր, 2019

10 სექტემბერს ონლაინ სააგენტო interpressnews.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “ანდერს ფოგ რასმუსენი - ვფიქრობ, უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველოსთვის შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე”. სტატიაში მოცემულია ამონარიდები რასმუსენის ინტერვიუდან, სადაც ის საუბრობს ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და მომავალი წევრობის საკითხზე.

interpressnews-მა მოგვიანებით სათაური დააკორექტირა, რადგან ის იყო შეცდომაში შემყვანი და წინააღმდეგობაში მოდიოდა სტატიის შინაარსთან და კონტექსტთან. interpressnews-ის სტატია ინტერპრეტირებული აღწერით ასევე გადააზიარა ფეისბუქ გვერდმა Politicano • პოლიტიკანო, რომელმაც საკითხი ლიბერალებს დაუკავშირა. რასმუსენის განცხადებას მოჰყვა მანიპულაციური შეფასებები პარტია ქართული ოცნების დეპუტატის გია ვოლსკის მხრიდანაც. 

"

"

"

აღნიშნული თემის მანიპულაცაციური ინტერპრეტირება ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს საქართველომ ნატოში გასაწევრიანებლად ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარი უნდა თქვას. რეალურად, რასმუსენის განცხადებით, ალიანსში საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში, შესაძლოა, განიხილებოდეს შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ნატოს წესდების მე-5 მუხლი პირველ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს დაფარავს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მხოლოდ საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ ამოქმედდება. რასმუსენმა ილუსტრირებისთვის გერმანიის მაგალითი მოიყვანა, როდესაც გერმანია ნატო-ს წევრი 1955 წელს გახდა, ხოლო გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაზე (აღმოსავლეთ გერმანია) ატლანტიკური ალიანსის წევრობა მხოლოდ 1990 წლიდან, ანუ გერმანიის გაერთიანების შემდეგ ამოქმედდა. 

IPN-ის თავდაპირველი სათაური

რასმუსენის ციტატა:

“ანდერს ფოგ რასმუსენი - ვფიქრობ, უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველოსთვის შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე”.

„ვფიქრობ, ეს საკითხი საქართველოს შიგნით უნდა განიხილოთ, მოისურვებთ თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატოს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ.“

  • რაზე ისაუბრა ნატოს ყოფილმა გენერელურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა?

10 სექტემბერს თბილისში „ეკონომიკური კვლევის ცენტრისა“ და „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

რასმუსენის შეფასებით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სამხედრო სფეროში და უნდა გააგრძელოს რეფორმები სხვა სექტორებშიც, მათ შორის გააძლიეროს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და ა.შ.

რაც შეეხება ნატოში საქართველოს მომავალი წევრობის საკითხს, რასმუსენმა ისაუბრა გაწევრიანების შემთხვევაში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის ამოქმედების პირობებზე.

“თუ ერთ დღეს გადაწყდება, რომ საქართველო მზადაა ალიანსთან შესაერთებლად, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ნატოს მე-5 მუხლი კვლავ ქმედითია, რაც ითვალისწინებს საქართველოს დახმარებას, თუ მას თავს დაესხმებიან. აშკარაა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან გადაუწყვეტელი სასაზღვრო დავები პრობლემაა. კითხვა კი იმაში მდგომარეობს, თუ როგორ შეიძლება ამის მოგვარება. ვფიქრობ, ეს საკითხი საქართველოს შიგნით უნდა განიხილოთ, მოისურვებთ თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატოს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ნატოში ასევე უნდა უპასუხონ იმავე კითხვას,” - განაცხადა რასმუსენმა. 

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა მაგალითად მოიყვანა გერმანიის პრეცედენტი. მისი თქმით, 1955 წელს ნატოში გერმანიის დასავლეთი ნაწილი გაწევრიანდა, ხოლო 1991 წელს გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ნატოს წესდებამ დაფარა აღმოსავლეთ გერმანიაც. რასმუსენის განცხადებით, მსგავსი მექანიზმი შესაძლოა, საქართველოს შემთხვევაშიც იქნას გამოყენებული, თუმცა ეს საკითხი სადავოა და უნდა განიხილოს როგორც საქართველომ, ისე ნატომ.

გია ვოლსკის გამოხმაურება

გია ვოლსკი გამოეხმაურა რასმუსენის განცხადებას და აღნიშნა, რომ რასმუსენის მიერ გამოხატული იდეა სადავოა. მან აოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე ნატო-ს მეხუთე მუხლის არგავრცელება ტერიტორიული მთლიანობის საკითხს დაუკავშირა. 

გია ვოლსკის თანახმად, “ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს მიღება იმ ტერიტორიითა და საზღვრებით უნდა მოხდეს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ცნობს”. მან აღნიშნა, რომ “ამ ტერიტორიებზე ვერც ჩვენ და ვერც ერთი პოლიტიკური ძალა უარს ვერ იტყვის, არ იტყვის, რადგან ისტორიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ სვლაა, რაც არავის გამოადგება.”

რას გულისხმობს მეხუთე მუხლი?

ნატო-ს ქარტიის მეხუთე მუხლი კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებას მოიაზრებს, რაც გულისხმობს, რომ თავდასხმა ნატოს ერთ რომელიმე წევრ სახელმწიფოზე ნიშნავს თავდასხმას ყველა მოკავშირეზე და ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას. მეხუთე მუხლი წევრი ქვეყნების ტერიტორიულ საზღვრებს არ განსაზღრავს. 

ოკუპირებული ტერიტორიებით ნატო-ში გაწევრიანება - გერმანიის მაგალითი

გერმანია ნატო-ს წევრი 1955 წელს გახდა, თუმცა მხოლოდ გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაზე - დასავლეთ გერმანიაზე ვრცელდებოდა მეხუთე მუხლი. 1990 წელს გერმანიის გაერთიანების შემდეგ, გერმანიის დემორატიული რესპუბლიკაც (აღმოსავლეთ გემანია), ერთიანი გერმანიის ფარგლებში ნატო-ს წევრი გახდა. 

სპეკულაციები მე-5 მუხლზე

სპეკულაციები თემაზე, თითქოს დასავლეთი ნატოს წევრობის სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობას გვთხოვს აქტუალური მაშინ გახდა, როდესაც ჰერიტიჯის ფონდის საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხვილველის ლუკ კოფის ანგარიში გამოქვეყნდა, რომლის მოსაზრება საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით ინტეგრირებასთან დაკავშირებით, არასწორად იყო ინტერპრეტირებული კრემლისტურ მედია გამოცემებსა და პრორუს აქტორებს შორის. კერძოდ, კვლევის ავტორის ლუკ კოფის განმარტებით, მისი რეკომენდაცია გულისხმობს ნატოს წესდების მე-5 მუხლის დროებით არგავრცელებას რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე მანამ, სანამ არ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

ვრცლად ამ თემაზე იხილეთ მითების დეტექტორის მასალები: