Պատմություն

შექმნა თუ არა საბჭოთა კავშირმა პირველი კომპიუტერი?

22 Հունիս, 2020

17 ივნისს “საქართველო და მსოფლიომ”  გამოაქვეყნა ორგანიზაცია “სტალინელის” ხელმძღვანელის გრიშა ონიანის სტატია, სათაურით “სტალინი და სახელმწიფო,” სადაც ავტორი სხვა დამსახურებებთან ერთად სტალინის მმართველობის პერიოდში სსრკ-ს მიერ შექმნილ მხოფლიოში პირველ კომპიუტერზე საუბრობს. სტატიის მიხედვით, 1948 წელს ინგლისი და აშშ ჯერ ისევ მუშაობდნენ ციფრული გამომთველი მანქანების შექმნაზე და ასეთი მანქანა ჯერ საბჭოთა კავშირმა შექმნა 1951 წელს, ხოლო მერე - დანარჩენმა სახელმწიფოებმა.  

 

გრიშა ონიანი, სტალინელი: "1948 წელს, როდესაც ამერიკისა და ინგლისის სამეცნიერო ლაბორატორიებში დღედაღამ მუშაობდნენ კომპიუტერებზე (იმხანად მსოფლიოში არ არსებობდა კომპიუტერული ტექნიკის არც ერთი ნიმუში), სსრკ-ში, სტალინის განკარგულებით, შეიქმნა ზუსტი მექანიკისა და გამომთვლელი მანქანების ინსტიტუტი სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიასთან და დაარსდა საკონსტრუქტორო ბიურო #245 (“СКБ 245”), როგორც მთავრობის დადგენილებაში იყო აღნიშნული, “თავდაცვითი ობიექტებისათვის გამოთვლითი მანქანების დასამუშავებლად და დასანერგად წარმოებაში”. * 1951 წელს შეიქმნა პირველი საბჭოთა ციფრული გამომთვლელი მანაქანა (МЭСМ). მას მოჰყვა ჯერ ინგლისის, ხოლო შემდეგ ამერიკის ამავე ტიპის გამომთვლელი მანქანები. 1953 წელს სსრკ-მა სერიული გამოშვება დაიწყო კომპიუტერებისა სახელწოდებით “სტრელა” და M-2, რომელიც განკუთვნილი იყო სამხედრო საჭიროებისთვის და ტოლს არ უდებდა ცნობილ ამერიკულ კომპიუტერებს". 

ინფორმაცია, თითქოს 1948 წელს მსოფლიოში არ არსებობდა კომპიუტერული ტექნიკის არც ერთი ნიმუში მცდარია.  1946 წელს აშშ-ში უკვე დასრულებული იყო მუშაობა  პირველ მრავალფუნქციურ ელექტრულ კომპიუტერზე ENIAC, რომელიც სამხედრო სფეროში გამოთვლების წარმოების მიზნით შეიქმნა. ამავდროულად, საბჭოთა კავშირი კიბერნეტიკის თემას ანტიამერიკული პროპაგანდისათვის იყენებდა და ამტკიცებდა, რომ კიბერნეტიკის საშუალებით კაპიტალისტებს მშრომელთა კლასის შევიწროება და მათი უფლებების ხელყოფა სურდათ.

  • პირველი კომპიუტერები მსოფლიოში

იმ სტრუქტურის შექმნა, რომელსაც დღეს ჩვენ კომპიტერად აღვიქვმათ, ბრიტანელ ალან ტურინგს მიეწერება. ტურინგის მანქანად ცნობილმა ამ კონსტრუქციამ მოამზადა ფუნდამენტი თანამედროვე კომპიუტერების შესახებ წარმოდგენების შემქმნისთვის. პირველი ელექტურლი კომპიუტერის ავტორად ბრიტანელ ტომი ფლაუერს ასახელებენ, რომელმაც შექმნა “კოლუსი” მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების შეტყობინებების გაშიფვრის პირველი ეტაპისთვის. 

რაც შეეხება მსოფლიოში პირველ მრავალფუნქციურ პროგრამულ ციფრულ კომპიუტერს, მას ENIAC-ის (Electronic Numerical Integrator and Computer) სახელით ვიცნობთ და 1943 წელს აშშ-ში პენსილვანიის უნივერსიტეტში სრულად ელექტრონული კომპიუტერების გამოგონების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ ENIAC-ს სამხედრო მოქმედებების წარმართვისთვის გამოიყენებდნენ მეორე მსოფლიო ომში, თუმცა საბოლოოდ მასზე მუშაობა 1946 წელს დასრულდა და შედეგად მისი პირველი ამოცანა თერმობირთვული ბობმის კონსტრუქციისთვის გამოთველბის შესრულება გახდა. 

  • ცოტა რამ კიბერნეტიკისადმი საბჭოთა კავშირის დამოკიდებულების შესახებ

1948 წელს მასაჩუსეტსის ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკოსმა ნორბერტ ვაინერმა გამოაქვეყნა წიგნი “კიბერნეტიკა,” რომელშიც ავტორი კიბერნეტიკის ძირითად პრინციპებსა და სარგებელზე საუბრობდა. 1949 წელს “თაიმში” გამოქვეყნდა სტატია, სათაურით “შეუძლია თუ არა ადამიანს, შექმნას ზეადამიანი?,” სადაც საუბარი ვაინერის კიბერნეტიკის თეორიას ეხებოდა. 1951 წელს ბორის აგაპოვმა, რუსული გამოცემა “ლიტერატურული გაზეთის” სამეცნიერო რედაქტორმა, სწორედ ამ სტატიაზე დაყრდნობით საფუძველი დაუდო ახალ მიმართულებას ანტიამერიკულ პროპაგანდაში, კერძოდ აგაპოვმა განმარტა, რომ კიბერნეტიკის საშუალებით კაპიტალისტებს მშრომელთა კლასის შევიწროება და მათი უფლებების ხელყოფა სურდათ. აგაპოვის სტატიის შედეგად ლენინის სახელმწიფო ბიბლიოთეკამ ვაინერის წიგნი ბრუნვიდან ამოიღო, ფილოსოფიის ინსტიტუტმა კი ვაინერს უწოდა უვიცი, რომელიც ადამიანის ბუნებას მათემატიკურ გამოთვლებს უტოლებდა. 

ანტიამერიკული პროპაგანდის გაძლიერების პარალელურად საბჭოთა კავშირში შეიქმნა პირველი საბჭოური კომპიუტერი MESM, თუმცა, როგორც სლავა გეროვიჩი, “საბჭოთა კიბერნეტიკის ისტორიის” ავტორი ამბობს, მისი ავტორები ეკატერინა შხაბარა და ლევ დაშევსკი საკუთარი ქვეყნის პროპაგანდისტულ ხაფანგში გაებნენ და მოუწიათ საჯაროდ დაეგმოთ ვაინერის თეორია მაშინ, როცა თავიანთ ნაშრომში სწორედ კიბერნეტიკის პრინციპებს ეყრდნობოდნენ. 


მოამზადა მარიამ დანგაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორიის რეგიონული ქსელი