Այլք

ვინ გააყალბა CNN-ის სქრინი და როგორ გაჩნდა ულან-ბატორი უკრაინის რუკაზე?

8 Հուլիս, 2021

7 ივლისს გამოცემა “საქართველო და მსოფლიომ” ინფორმაცია, სათაურით “CNN-მა უკრაინის დედაქალაქი რუკაზე მონიშნა, როგორც ულან-ბატორი” გამოაქვეყნა. მასალის მიხედვით, ამერიკელი ჟურნალისტებისთვის უკრაინასა და მონღოლეთს შორის არავითარი განსხვავება არ არის, რადგან CNN-ს კიევისა და ულან-ბატორის მდებარეობები შეეშალა. მასალა კრემლისტურ news-front.info-ზე დაყრდნობით არის მოზადებული და მასში მოყვანილია  რუსეთის ფედერაციული საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის თავჯდომარის ალექსეი პუშკოვის კომენტარი, რომელმაც ირონიულად აღნიშნა, რომ  უკრაინის მთავრობამ, ყველა სხვა მითითების მსგავსად,  აშშ-ს ეს მოწოდებაც სასწრაფოდ უნდა შეასრულოს და დედაქალაქს სახელი გადაარქვას. მასალაში გამოყენებულია კადრი CNN-ის სიუჟეტიდან, რომელშიც უკრაინის რუკაზე დედაქალაქის ადგილას ულან-ბატორი წერია. 

;
მტკიცება იმის შესახებ, რომ CNN-ს უკრაინისა და მონღოლეთის დედაქალაქების მდებარეობა შეეშალა, მცდარია. რეალურად, “საქართველო და მსოფლიოს” მასალაში გამოყენებული რუკის პირვანდელი ვერსია CNN-მა თავის სიუჟეტში 2014 წლის ივლისში გამოიყენა და მასზე მხოლოდ სლავიანსკი და კრამატორსკია მონიშნული. სლავიანსკის მდებარეობა კი შეცდომითაა აღნიშნული, რაც რუსულმა მედიასაშუალებებმა ამერიკული გამოცემის კრიტიკისთვის გამოიყენეს. ხოლო კიევის ნაცვლად ულან-ბატორი მოგვიანებით, 2014 წლის აგვისტოში ფოტოს დამუშავების შედეგად გამოჩნდა და ის CNN-ს თავის სიუჟეტში არ გამოუყენებია.

“საქართველო და მსოფლიოს” მიერ გამოქვეყნებული რუკის ყველაზე ადრინდელი ვერსია  2014 წლის 6 ივლისს რუსული მედიასაშუალება Russia Today-ის მასალაში იძებნება. Russia Today-ს მასალა CNN-ის შეცდომას ეხება და მასში CNN-ის ერთ-ერთი სიუჟეტიდან ამოჭრილ რამდენიმე წამიანი ვიდეოკადრია გამოყენებული. CNN-ის ეს სიუჟეტი უკრაინის მხარის მიერ ორი ქალაქის სლავიანსკისა და კრამატორსკის დაბრუნებას ეხება და სიუჟეტზე თანდართული ტიტრიც სწორედ ამ მოვლენას აღწერს: “მიმდინარე ამბავი: უკრაინა იბრუნებს ქალაქებს, უსაფრთხოების ძალებმა სლავიანსკიდან და კრამატორსკიდან სეპარატისტები გააძევეს.” რეალურად რუკის გამოსახულების პირვანდელი ვერსიაში უკრაინის დედაქალაქი საერთოდ არ არის მონიშნული, და მასზე მხოლოდ სლავიანსკისა და კრამატორსკის მდებარეობას ვხედავთ. 

;
ხოლო მიზეზი, რის გამოც Russia Today-მ CNN-ის სიუჟეტის ვიდეო და ფოტოკადრები გამოიყენა, CNN-ის მიერ ქალაქ სლავიანსკის გეოგრაფიული მდებარეობის ასახვაში დაშვებული შეცდომაა. CNN-ის ვერსიაში სლავიანსკის ნიშნული ყირიმის ნახევარკუნძულზეა დასმული მაშინ, როცა რეალურად ქალაქი დონეცკის რეგიონში მდებარეობს. Russia Today ამერიკელ კოლეგებს გეოგრაფიის არცოდნის გამო დასცინის და საკუთარ მასალაში სლავიანსკის რეალური მდებარეობის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს. 

;
Russia Today საკუთარ მასალაში CNN-ის სხვა შეცდომებსაც იხსენებს, მათ შორის შემთხვევას, როცა CNN-მა უკრაინის 2014 წლის რეფერენდუმის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში უკრაინის ტერიტორიის ნაცვლად უკრაინის დროშა პაკისტანში დასვა. 

სლავიანსკის მდებარეობასთან დაკავშირებული CNN-ის შეცდომა 2014 წლის ივლისში სხვა რუსულმა გამოცემებმაც გამოიყენეს, მათ შორის ინფორმაცია ტელეკომპანია Russia 24-მა და გამოცემებმა, Echo of Moscow-მ, vesti.ru-მაც გამოაქვეყნეს. ყველა რუსული გამოცემა CNN-ის იდენტურ რუკას იყენებს, სადაც უკრაინის დედაქალაქი მონიშნული არ არის და შესაბამისად, მის ადგილას არც კიევი წერია და არც ულან-ბატორი. 

;
“საქართველო და მსოფლიოს” მიერ გავრცელებული  რუკის ფოტო, სადაც უკრაინის ტერიტორიაზე მონიშნული სამი ქალაქი - ულან-ბატორი, სლავიანსკი და კრამატორსკია ასახული ამ სახით ინტერნეტში 2014 წლის აგვისტოდან იძებნება. დამუშავებული ფოტოს ტიტრის წარწერა, ასევე სლავიანსკისა და კრამატორსკის მონიშვნა CNN-ის 2014 წლის ივლისის სიუჟეტის კადრებს ემთხვევა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ულან-ბატორი კიევის ადგილას ფოტოს დამუშავების შედეგად მოგვიანებით გაჩნდა.  2014 წლის 10 აგვისტოს ის ტვიტერის მომხმარებელმა ტერესა ფელონმა საკუთარ ანგარიშზე გამოაქვეყნა და იკითხა, კიდევ ერთხელ დაუშვა თუ არა CNN-მა გეოგრაფიასთან დაკავშირებული შეცდომა. 

;
ფოტოს მოგვიანებით დამუშავებაზე მეტყველებს ისიც, რომ CNN-ის სხვა სიუჟეტებში ქვეყნის დედაქალაქი კიევი განსხვავებულად - ვარსკვლავით არის აღნიშნული, გავრცელებულ ფოტოში კი დედქალაქის აღნიშვნა სხვა ქალაქების ნიშნულების ვიზუალურ გამოსახულებას ემთხვევა. 

;
ტერეზა ფელონის შემდეგ 2014 წლის 11 აგვისტოს ფოტო გამოცემებმა buzznews.mn-მა და assiarussia.ru-მაც გაავრცელეს, მასალებში ნათვაქმია, რომ CNN-ს კიევისა და ულან-ბატორის მდებარეობები შეეშალა. 

  • დამუშავებული ფოტოს გავრცელება 2021 წელს 

2021 წლის 29 ივნისს  სოციალურ ქსელ ტელეგრამში მომხამრებელმა Swiss Vatnik გაავრცელა უკრაინის რუკის ის ვერსია, სადაც კიევის ნაცვლად ულან-ბატორი წერია,   ფოტოზე თანდართულია ტექსტი, რომლის მიხედვითაც, სანამ მსოფლიო შვეიცარია-საფრანგეთის საფეხბურთო მატჩს უყურებდა, CNN-მა ზელენსკის მთელი ოფისი ულან-ბატორში გადაიტანა, შესაბამისად, აღწერა აჩენს შთაბეჭდილებას, რომ რუკის ფოტო ახალია. 

;
 3 ივლისს ამავე შინაარსის თვითი ალექსეი პუშკოვმაც გამოაქვეყნა, თუმცა თავის ტექსტს რუკის ფოტო არ დაურთო. 

;
პუშკოვის თვითზე დაყრდნობით CNN-ის შეცდომის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა რუსულმა გამოცემებმაც გამოაქვეყნეს, მათ შორის gazeta.ru-მ, vzglyd.ru-მ და news.rambler.ru-მ


მოამზადა მარიამ დანგაძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.