187 წლის თუ 1983 წელს დაბადებული ამომრჩეველი? – ცრუ ინფორმაცია, რომელსაც ალტ-ინფო ავრცელებს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

68
VIEWS

2020 წლის 30 იანვარს ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” გადაცემაში “ალტ-ინტერვიუ” არხის დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი პრეზიდენტად “მკვდრებმა აირჩიეს”. მორგოშიას მტკიცებით, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა არჩევნებში ბაიდენის სასარგებლოდ ხმა “საუკუნოვანმა” ადამიანებმა მისცეს.

კონსტანტინე მორგოშია: „თუ აქ [საქართველოში] არჩევნები გაყალბდა, მაშინ ბაიდენთან რა მოხდა, ხო? იქ საერთოდ კაცი მკვდრებმა აირჩიეს, ხო ხვდები… ვიღაც ოჩო-პინჩუს ტომის ბელადმა მიცა ხმა, საუკუნოვანი ადამიანები ანუ, საერთოდ კომიკური სიტუაცია იყო. ეგეთი ჩვენც კი არ გვიკადრებია, ანუ… მე მართლა ვნახე ის, რომ ერთ-ერთი ასაკი მახსოვს, რომ 187 წლის ადამიანმა მისცა ხმა[ბაიდენს], თუ არ ვცდები ილინოისში მოხდა ეს…”

;

კონსტანტინე მორგოშიას მტკიცება, თითქოს ამერიკის არჩევნებში გარდაცვლილი ადამიანები მონაწილეობდნენ და არჩევნები ჯო ბაიდენის სასარგებლოდ გაყალბდა, მტკიცებულების გარეშეა. ინფორმაცია, თითქოს არჩევნებში ხმა 187 წლის ადამიანმა მისცა, მცდარია. 2019 წელს მიჩიგანის საარჩევნო ბაზაში ამომრჩეველი, რომლის დაბადების წლად 1823 წელი იყო მითითებული, მართლაც აღმოაჩინეს, თუმცა, გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ საქმე ტიპოგრაფიული შეცდომას ეხებოდა და რეალურად ეს პირი 1983 წელს იყო დაბადებული. ხარვეზი 2020 წლის ივნისში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე აღმოიფხვრა.

  • ინფორმაცია, თითქოს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში 187 წელს დაბადებულმა ადამიანმა მისცა ხმა, მცდარია

ინფორმაცია აშშ-ს არჩევნებში 187 წლის ამომრჩევლის მონაწილეობის შესახებ ღია წყაროებით არ იძებნება. იდენტური სახის ცნობა ვირუსულად 2020 წლის 4 ნოემბერს გავრცელდა, რომლის თანახმადაც დეტროიტში არჩევნებში მონაწილეობა 1823 წელს დაბადებულმა  177 წლის ადამიანმა მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია PolitFact-მა გადაამოწმა და დაადგინა, რომ  1823 წელს ”დაბადებული” ამომრჩეველი სინამდვილეში სისტემაში 2008 წელს რეგისტრირებული პირი იყო, რომელიც 1983 წელს დაიბადა და მისი დაბადების თარიღი ტიპოგრაფული შეცდომის გამო არასწორად იყო მითითებული. აღნიშნული შეცდომა საარჩევნო სისტემაში საპრეზიდენტო არჩევნევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გასწორდა, ამიტომ მტკიცება, თითქოს 1823 წელს დაბადებულმა პირმა 2020 წლის 3 ნოემბრს ხმა მისცა, მცდარია.

;

დეტროიტის საარჩევნო ბაზაში “1823 წელს დაბადებული ამომრჩეველი”, სხვა 2503 გარდაცვლილ ამომრჩეველთან ერთად ორგანიზაციამ “საჯარო ინტერესის ლეგალური ფონდი” 2019 წელს აღმოაჩინა და ხარვეზებთან დაკავშირებით 2019 წლის დეკემბერში ფედერალურ სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 29 ივნისს სარჩელი მას შემდეგ შეჩერდა, რაც მიჩიგანის საარჩევნო ადმინისტრაციამ ორგანიზაციის მიერ აღმოჩენილი ხარვეზები აღმოფხვრა და ამომრჩევლების სიიდან გარდაცვლილი პირები ამოიღო. ამდენად, ინფორმაცია, თითქოს გარდაცვლილებმა 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს მცდარია.

სხვა დეზინფორმაცია აშშ არჩევნებთან დაკავშირებით

აშშ-ს არჩევნებთან დაკავშირებით ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცებმა არაერთი მცდარი ცნობა გადაამოწმეს, რომელთაც ქვემოთ გთავაზობთ:

  • არ არსებობს მტკიცებულება, რომ მიჩიგანში – 14 500-მა, ხოლო პენსილვანიაში ასობით გარდაცვლილმა ადამიანმა მისცა ხმა 

ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გააზიარა  ვებ-გვერდის ბმული, რომელზეც 14 500 ადამიანის სახელი, საფოსტო კოდი და დაბადების თარიღი იყო მითითებული. სიაში შემავალი ყველა პირის ასაკი 100 წელს აღემატებოდა. სიის წევრების ასაკზე დაყრდნობით პოსტის ავტორი ამტკიცებდა, რომ ეს ადამიანები დეტროიტის უეინის რაიონის ის “გარდაცვლილი ამომრჩევლები” იყვნენ, რომელთაც არჩევნებში ხმა მისცეს.

აღნიშნული მტკიცებები PolitFact-მა და CNN-მა გადაამოწმეს. CNN-მა სიის გადასამოწმებლად 50 პირის სახელი და გვარი შეარჩია (სიის პირველი 25 წევრი და სიიდან შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული სხვა 25 წევრი), შემდეგ კი ეს მონაცემები მიჩიგანის ამომრჩეველთა ბაზაში მათ მიერ ხმის მიცემის მონაცემებს, ასევე აღნიშნული პირების გარდაცვალების რეგისტრაციის შესახებ საჯარო ცნობებს შეადარა. შერჩეული 50 პირიდან 37 ადამიანი მართლაც გარდაცვლილი იყო, თუმცა მათ არჩევნებში არც ხმა მიუციათ. დარჩენილი 13 ადამიანი კი ცოცხალია და ისინი ას წელს გადაცილებულნი არიან, მათ CNN დაუკავშირდა და გაარკვია, რომ ხუთმა მათგანმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, ხოლო რვას არ მიუღია. CNN-ის ექსპერიმენტი ეჭვქვეშ აყენებს პოსტის მტკიცებას, თითქოს სიაში შესულმა გარდაცვლილმა ადამიანებმა ხმა მისცეს.

PolitFact ასევე  განმარტავს, რომ მაშინაც კი, თუ 14 500 ადამიანიდან ზოგიერთი მართლაც გარდაცვლილია და მაინც აქტიური ამომრჩევლის სტატუსი ჰქონდა (ე.ი. ფოსტით ბიულეტენი გაეგზავნა), ესეც ვერ ამტკიცებს, რომ ამ ადამიანების სახელით მიღებული ბიულეტენები მიჩიგანის ადმინისტრაციამ ავტომატურად ვალიდურად მიიჩნია და ხმებს მიათვალა. ტექნიკური ხარვეზის გამო შესაძლოა საარჩევნო ბაზაში გარდაცვლილი ადამიანის რეგისტრაცია აქტიური დარჩეს, თუმცა ფოსტით მიღებული ბიულეტენები – ავთენტიფიკაციის რამდენიმე საფეხურს, მათ შორის ხელმოწერის ავთენტურობაზე შემოწმებას გადის, რაც არჩევნების გასაყალბებლად გარდაცვლილი ადამიანის იდენტობების მასობრივად გამოყენებას გამორიცხავს.

ზოგ შემთხვევაში, ბაზაში შესაძლოა ამომრჩევლის რეგისტრაციისას მექანიკური შეცდომაც არსებობდეს. ამგვარი ხარვეზის მაგალითი დეტროიტელი ამომრჩევლის 118 წლის უილიამ ბრედლის შესახებ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ინფორმაციაა. საჯარო ჩანაწერების მიხედვით, ბრედლი 1902 წელს დაიბადა და 1984 წელს გარდაიცვალა, თუმცა მიჩიგანის საარჩევნო ბაზაში 2020 წელს ამ სახელით ხმის მიცემა მიანც დაფიქსირდა. რეალურად, 2020 წლის არჩევნებში ხმა არა გარდაცვლილმა უილიამ ბრედლიმ, არამედ მისმა შვილმა – 61 წლის ასევე უილიამ ბრედლიმ მისცა, რომელიც ცოცხალია და უეინის მხარეში იმავე მისამართზე ცხოვრობს, რომელზეც მამამისი ცხოვრობდა. 61 წლის ბრედლის ხმა 118 წლის მამას შეცდომით მიაწერეს.

პენსილვანიის შემთხვევაშიც, ვირუსულად გავრცელებული tweet-ების მტკიცებით, არჩევნებში მონაწილეობა ასობით 100 წელზე ხანდაზმულმა ამომრჩეველმა მიიღო, თუმცა როგორც პენსილვანიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა და არჩევნების ექსპერტებმა The Associated Press-ს განუმარტეს, ერთი შეხედვით “დაუჯერებელად” მოხუცი ამომრჩევლების სიაში მოხვედრას რამდენიმე მიზეზი შეიძება ჰქონდეს: რეგისტრაციისას დაბადების თარიღში შეცდომით ჩაწერილი რიცხვი, ასევე ე.წ. “სტანდატული დაბადების თარიღი” , რომელსაც სხვადასხვა შტატის ელექტრონული სისტემა ავტომატურად იყენებს. ელექტრონულ სისტემაში ბიულეტენის რეგისტრაციისას, აუცილებელია ყველა მოთხოვნილი გრაფის შევსება, თუმცა თუ ფოსტით მიღებულ ბიულეტენზე ამომრჩეველმა დაბადების თარიღი არ მიუთითა, იგი ავტომატურად ივსება – 01/01/1900 ან 01/01/1800 რიცხვით, რაც ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, რომ არჩევნებში მონაწილეობა გარდაცვლილმა ადამიანმა მიიღო.

  • Tweeter-ზე გამოქვეყნებული “მკვდარი ამომრჩევლების”  10 000-იანი სია სახელებისა და დაბადების თარიღების მცდარ დამთხვევებზეა აგებული 

სხვა პოსტის თანახმად, მიჩიგანის შტატში ფოსტის საშუალებით ხმა 10 000 გარდაცვლილმა ადამიანმა მისცა. აღნიშნული tweet-ის ავტორმა სოციალურ ქსელში იმ ამომრჩევლების  სახელების, გვარების, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღების სიაც გამოაქვეყნა, რომელთაც თითქოს გარდაცვალების მიუხედავად 2020 წლის არჩევნებში ხმა მისცეს. რეალურად, მიჩინაგნის შტატს მართლაც აქვს მონაცემთა ბაზა, რომელშიც პიროვნების სახელის, გვარის, საფოსტო კოდისა და დაბადების თარიღის მითითების შემდეგ შესაძლებელია იმის გადამოწმება, მისცა თუ არა ხმა კონკრეტულმა პიროვნებამ. ასევე არსებობს რამდენიმე ბაზა, რომელშიც ამერიკის მოქალაქეების გარდაცვალების თარიღების მოძიება შეიძლება, თუმცა ტრამპის მხარდამჭერების მტკიცებების დასადასტურებლად აღნიშნული ბაზების გამოყენება ფუნდამენტური ნაკლის მატარებელია, რადგან ამერიკის მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე (328 მილიონი ადამიანი) მცდარი დამთხვევების აღმოჩენის შესაძლებლობა ძალიან მაღალია.

10 000 “მკვდარი ამომრჩევლის” სიის ავთენტურობა BBC-მ გადაამოწმა. გამოცემის ჟურნალისტებმა სიიდან შემთხვევითობის პრინციპით 31 ადამიანი შეარჩიეს და მათთან დაკავშირებას შეეცადნენ. შერჩეულთაგან თერთმეტთან BBC-მ პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება შეძლო, 17-ის გარდაცვალების შესახებ კი ვერანაირი საჯარო ჩანაწერი ვერ აღმოაჩინა. შემთხვევით შერჩეულთანგან რეალურად გარდაცვლილი მხოლოდ 3 ამომრჩეველი აღმოჩნდა. BBC-ის გამოძიებამ სიაში ყალბი დამთხვევების მთელ სერიას მიაკვლია – იმ ადამიანების სახელებს, რომლებმაც მიჩიგანის საარჩევნო ბაზის მიხედვით 2020 წელს ხმა აღნიშნულ შტატში მისცეს, იდენტური ასაკისა და სახელის მქონე სხვა არამიჩიგანელი ადამიანების გარდაცვალების თარიღებს მიაწერდნენ.

იხ. “მითების დეტექტორის” სხვა მასალა აშშ-ს არჩევნებთან დაკავშირებით:
ქართველი ტრამპისტები, ულტრანაციონალისტური და კრემლისტური გამოცემები ამერიკული დემოკრატიის დაცვას ცდილობენ


ალტ-ინფოს შესახებ იხილეთ ბმულზე.
კონსტანტინე მორგოშიას შესახებ იხილეთ ბმულზე.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

წყარო

ko
მორგოშია კონსტანტინე

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist