ისტორია

3 დეზინფორმაცია სოჭზე, სტალინურ რეპრესიებზე და დემოგრაფიაზე

2 ნოემბერი, 2020

2020 წლის 22-23 ოქტომბერს ონლაინ გამოცემა “ნიუს ფრონტმა” და Facebook გვერდმა “სტალინი” გამოაქვეყნეს მწერალ გივი ბერძენიშვილის ინტერვიუ, რომელიც საქართველოს მიმართ სტალინის დამსახურებებს შეეხებოდა. მისი მტკიცებით, სოჭი არასდროს ყოფილა საქართველოს ნაწილი, ხოლო სტალინის რეპრესიები არ მომხდარა და მისი მმართველობის დროს საქართველოს მოსახლეობა 5.5 მილიონს გაუტოლდა.

გივი ბერძენიშვილის ინტერვიუ 3 დეზინფორმაციას შეიცავს: 1. სოჭი საქართველოს ტერიტორიას არასდროს ეკუთვნოდა. 2. სტალინურ რეპრესიებს ადგილი არ ჰქონია და 3. მისი მმართველობის პერიოდში საქართველოს მოსახლეობა 5.5 მილიონამდე გაიზარდა. რეალურად 1. 1918-1919 წლებში სოჭს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა აკონტროლებდა. 2. 1936-1938 წლებში სტალინური რეპრესიები 750 000 მსხვერპლს ითვლის, გულაგებში გადასახლებულთა რაოდენობა 1 მილიონზე მეტია. 3. საქართველოს მოსახლეობა 5.5 მილიონს მხოლოდ 1989 წელს მიუახლოვდა,

ფაქტი 1 - სოჭს 1918-1919 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა აკონტროლებდა

მიუხედავად იმისა, რომ სოჭი საქართველოს ისტორიულ ტერიტორიას წარმოადგენდა, რუსეთის იმპერიის პერიოდში, 1896 წელს ნიკოლოზ II-ის ბრძანებით ის შავი ზღვის გუბერნიის შემადგენლობაში მოექცა და ქართულ ტერიტორიებს ჩამოშორდა. აღსანიშნავია, რომ ეს მდგომარეობა 1917 წლამდე შენარჩუნდა. საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ამ ტერიტორიაზე პრეტენზია გამოაცხადა, თუმცა ამავე პერიოდში მას სოჭს ბოლშევიკები და გენერალ დენიკის თეთრებიც ეცილებოდნენ.

"

საგულისხმოა ის, რომ 1918 წლის 24 ივნისს აფხაზთა სახალხო საბჭოს მიღებულ „სოჭისა და ტუაფსეს რაიონების ოკრუგების დაკავების აუცილებლობის შესახებ“ დადგენილებას ივლისში სოჭისა და ტუაფსეს გათავისუფლება მოჰყვა. გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით ქალაქები გათავისუფლდა და მათი მხრიდან (სოჭის მოქალაქეთა საზოგადო კრება და სოჭის მუშათა დეპუტატების საბჭო) საქართველოსთან შეერთების სურვილიც დადასტურდა

გივი ბერძენიშვილის მტკიცების მიუხედავად, ამ პერიოდში საქართველომ სოჭისა და ტუაფსეს ტერიტორიებზე კონტროლი კვლავ დაიბრუნდა, რაც მხოლოდ 1919 წლის თებერვლამდე გაგრძელდა. როგორც უკვე აღინიშნა, ქალაქებს საქართველოს დენიკინის თეთრებიც ეცილებოდნენ. ისინი 1919 წლის იანვარში ტერიტორიებზე ჯარით შევიდნენ, ადგილობრივებმა კი დახმარებისთვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისადმი დეპეშა გაგზავნეს:

  • სხდომა განსაკუთრებით მოითხოვს დაუყოვნებლივ გაძევებულ იქმნას მოხალისეთა არმის სოჭის ოლქის საზღვრებიდან და მიღებულ იქმნას ზომები, რათა მომავალში არ განმეორდეს ასეთი შემოჭრა.
  • ქართველთა ჯარი შესაძლებელია გაყვანილ იქნას სოჭის საზღვრებიდან იმ შემთხვევაში თუ დასტოვებენ დასახელებულ ადგილებში საკმაო ძალას არსებულ წესრიგის დასაცავად მცხოვრებთა გარეშე რეაქციონურ ძალებისაგან უზრუნველსაყოფად.
  • ქართველმა დემოკრატიამ თავისი მთავრობის სახით იხსნა ოლქი ორგვარი ხიფათისაგან: ანარქიისა და სამხედრო დიქტატურისაგან. ენერგიული ღონისძიებით ქალაქის შინაური ცხოვრება ჩააყენა საზოგადოებრივ წესიერების, ჭეშმარიტ დემოკრატიზმის და სახალხო მართველობის კალაპოტში.

ამ პერიოდში ამიერკავკასიაში მისიას დიდი ბრიტანეთი ასრულებდა, რომლის თანხმობითაც უკვე თებერვალში დენიკინმა სოჭის დაკავება მოახერხა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ვერ მოახერხა სოჭზე კონტროლის დაბრუნება და ძირითადი ყურადღება გაგრის რაიონს მიაპყრო. 1919 წლის 11 ივნისს, ანტანტის საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი საზღვარი დადგინდა, რომლითაც სოჭი დენიკინს გადაეცა. საგულისხმოა, რომ დენიკინის ჯარმა ბოლშევიკთა შემოტევას ვერ გაუძლო და საბჭოთა რუსეთმა სოჭის ტერიტორია დაიკავა.

ფაქტი 2 - 1936-1938 წლებში სტალინური რეპრესიები 750 000 მსხვერპლს ითვლის, გულაგებში გადასახლებულთა რაოდენობა 1 მილიონზე მეტია.

სტალინის მსხვერპლთა რაოდენობა არა მხოლოდ მთლიან საბჭოთა კავშირის სივრცეში, არამედ საქართველოშიც, საკმაოდ დიდია. დიდ წმენდად წოდებული სტალინური რეპრესიები დაახლოებით 2 წელიწადში (1936-1938) 750,000 მსხვერპლს ითვლის, ხოლო გულაგებში გადასახლებულთა რაოდენობა 1 მილიონზე მეტია.

საქართველოში ამ პერიოდში სტალინურ რეპრესიებს 3600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 3100-ს კი დახვრეტა მიესაჯა. სტალინის სიები აერთიანებს ყველა იმ ადამიანს, რომლებიც იმ პერიოდში სხვადასხვა მიზეზის გამო გასამართლდნენ, მათ შორის ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებს.

"
დიდი წმენდის ერთ-ერთი სია სტალინის ხელმოწერით

სხვადასხვა ქვეყანაში სტალინურმა ტერორმა სხვადასხვა ფორმები მიიღო, თუმცა ის ძირითადად დახვრეტითა და სამუშაო ბანაკებში გადასახლებით შემოიფარგლებოდა. 

სტალინური რეპრესიები ეთნიკური ნიშნითაც გამოირჩეოდა და ის ზოგიერთ ხალხებზე განსაკუთრებით იყო მიმართული. პოლონეთის შემთხვევაში დიდმა ტერორმა ეთნიკურ ჭრილში ყველაზე დიდი ფორმა მიიღო, რაც 150,000 ადამიანის დაპატიმრებაში და აქედან 110,000 დახვრეტაში გამოიხატა.

"
სტალინიზმის მსხვერპლთა გამოფენა, მოსკოვი 1988. წყარო: Dmitry Borko

ფაქტი 3 - 1926 წელს საქართველოში 2,666,494 ადამიანი ცხოვრობდა

საბჭოთა კავშირში მოსახლეობის პირველი საყოველთაო აღწერა 1926 წელს ჩატარდა. ამ აღწერის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობა 2,666,494-ს შეადგენდა.

"

ასეე აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის შექმნამდე და სტალინის მმართველობის დაწყებამდე საქართველოში მოსახლეობის განსასაზღვრად შესაძლებელია 1917 წლის აღწერა გამოვიყენოთ, რომელიც მოსახლეობის განლაგების სურათს სხვადასხვა რეგიონების მიხედვით გვაძლევს. 1917 წლის აღწერის შედეგებში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოსახლეობა ამ პერიოდში დაახლოებით 2,466,630 ადამიანი იყო. 

"
1917 წლის აღწერის შედეგები. წყარო: geostat.ge 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობა 5,500,000-ს მხოლოდ 1989 წელს მიუახლოვდა და არა სტალინის პერიოდის დასასრულს.


მოამზადა ირაკლი იაგორაშვილმა
მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი