ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

6 მიზეზი, რატომ ავრცელებს კრემლი დეზინფორმაციას კორონავირუსის შესახებ

3 აპრილი, 2020

ატლანტიკური საბჭოს DFRLab-ის მასალა

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა გამოააშკარავა კრემლისტური მედიის დეზინფორმაციის კამპანია კორონავირუსზე, რომელიც ევროპის წინააღმდეგაა მიმართული. 

კრემლის სტრატეგიული მიზანი უცვლელია - ევროპის ერთიანობის შესუსტება და კრემლის გავლენის გაზრდა. ამ მიზნის მისაღწევად ინფორმაციული ზეგავლენის ოპერაციებისას კრემლი  6 ძირითად ტაქტიკას იყენებს და ამ მხრივ არც კორონავირუსთან დაკავშირებული კამპანიაა გამონაკლისი: 

1. ანტიამერიკული, ანტიდასავლური და ანტინატო მესიჯების გავრცელება მათი შესუსტების მიზნით 

რუსულმა მედიამ ყალბი ბრალდებების გავრცელება, თითქოს კორონავირუსი ამერიკის მიერ შექმნილი ბიოლოგიური იარაღია, იანვრის ბოლოდან დაიწყო. ნარატივს, რომ სხვადასხვა დაავადებებს აშშ ავრცელებს, ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლება, სულ მცირე, 1949 წლიდან იყენებდა. ამ გზავნილების მიზანი ანტიამერიკული და ანტიდასავლური სენტიმენტების გაღვივებაა. 

2. ქაოსის და პანიკის დათესვა

ტრაგედიის ან კრიზისის შემდგომ კრემლისტური მედია, როგორც წესი, ცდილობს პანიკისა და ქაოსის გაღვივებას. ევროპასა და აშშ-ში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ რუსულ მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ეს თავდასხმები უსაფრთხოების სამსახურების მიერ იყო დადგმული.  მსგავსი კამპანიები მიზნად ისახავს ემოციების გამოწვევას, რომელთა შორისაც შიში ყველაზე ძლიერია, რაც მოსახლეობას ირაციონალურს ხდის და ის დეზინფორმაციას უფრო მარტივად იჯერებს.

3. სანდო მედიისა და სახელმწიფოს მიმართ სამიზნე აუდიტორიის რწმენის შერყევა 

კრემლი ძირს უთხრის უტყუარი წყაროების მიერ გადმოცემული ინფორმაციის სანდოობას და ამით სამიზნე აუდიტორიას არწმუნებს, რომ სახელმწიფო უწყებები, ან ადგილობრივი მედია სიმართლეს არ ამბობენ. 

4. ობიექტური ფაქტებისადმი ნდობის შერყევა წინააღმდეგობრივი გზავნილების გავრცელებით 

EUvsDisinfo-ს მიერ შესწავლლილი საქმის მიხედვით, ერთერთი პოპულარული კრემლისტური ნარატივია, თითქოს  კორონავირუსი აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა შექმნეს. კრემლის მედიამ ამ ქვეყნების სიას მალევე დაუმატა ბელარუსის ოპიზიცია და ლატვია. ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელების შედეგად ადამიანებს ობიექტური ფაქტებისადმი რწმენა უმცირდებათ. მსგავსი ტაქტიკის მიზანია მკითხველის დარწმუნება იმაში, რომ არსებობს ერთი ისტორიის მრავალი ვერსია და სიმართლის დადგენა შეუძლებელია. 

5. შეთქმულების თეორიები 

თუ ადამიანს ერთი შეთქმულების თეორიის მაინც სწამს, ის დიდი ალბათობით სხვა თეორიებსაც დაიჯერებს. კრემლისტური მედია გამოცდილია კონსპირაციის თეორიების გავრცელებაში. გლობალური პანდემია განსაკუთრებით ხელსაყრელ სიტუაციას ქმნის სიცრუის და ცრურწმენების გავრცელებისთვის.

6. დეზინფორმაციის გავრცელების არხების აღმოჩენა

დეზინფორმაციის გავრცელებამდე ხდება იმ არხების წინასწარი შესწავლა, რომელთა მეშვეობითაც მომავალში გავრცელდება დეზინფორმაცია. წინასწარ იმის ცოდნა, თუ ვინ შეუწყობს ხელს დეზინფორმაციის გავრცელებას და სხვადასხვა პირების დისკრედიტაციას, გაამარტივებს ამ კამპანიების განხორციელებას. 

რუმინეთიდან გაქცეული მიჰაი პაცეპა თავის წიგნში აღწერს ოპერაცია “არესს”, რომლის ფარგლებშიც ვიეტნამის ომის დროს აშშ-ში და ქვეყნის გარეთ ანტიამერიკული განწყობების გაძლიერება ხდებოდა. ამ ოპერაციის მიზანი საერთაშორისო ასპარეზზე აშშ-ის იზოლირება იყო. როგორც პაცეპა ჰყვება, ოპერაცია “არესის” ფარგლებში მისმა მონაწილეებმა მარტივი გზავნილების გავრცელება დაიწყეს და იქამდე ავრცელებდნენ, ვიდრე ამერიკელმა მემარცხენეებმა არ აიტაცეს ისინი და საკუთარი მიზნებისათის გავრცელება დაიწყეს.