7 მითი COVID-19-ზე ტვ “ობიექტივის” და “ილიონის” ეთერში

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

dgv
1.5k
VIEWS

9 ივლისს ტვ ობიექტივის გადაცემა “ღამის სტუდიის” ეთერში სტუმარმა ასტრო-ფსიქოლოგმა ნონა აღდგომელაშვილმა COVID-19-ის პანდემიაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ სახის პანდემიამ არ შეიძლება უცებ იფეთქოს და ის დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი, მაგალითისთვის კი აღდგომელაშვილს ენტონი ფაუჩის 2017 წელს გაკეთებული განცხადება მოჰყავს და ამტკიცებს, რომ ფაუჩი 2020 წლის პანდემიას ჯერ კიდევ 3 წლის წინ ახსენებდა. გადაცემის წამყვანი ნინო რატიშვილი სტუმარს ეთანხმება იმ ნაწილში, რომ პანდემია თამაშის ნაწილია, რომელშიც მთავრობა და მედია არიან ჩართული. აღდგომელაშვილი საუბრობს პირბადეებზეც და აცხადებს, რომ ქირურგიული ნიღბების ხმარება მოქალაქეებისთვის არ შეიძლება, ის ვირუსებისგან არ გვიცავს და და დონალდ ტრამპის განცხადებით “სოციალური მონობის სიმბოლოა”. “ღამის სტუდიის” სტუმარი ვაქცინაციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ესპანეთსა და იტალიაში 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის მასობრივი სავალდებულო ვაქცინაცია ტარდებოდა. ასევე, მისი თქმით, ბილ გეიტსი ვაქცინაციას მოსახლეობის შესამცირებლად იყენებს და პანდემია მას სწორედ ამისთვის სჭირდებოდა.

ნონა აღდგომელაშვილმა მსგავსი ნარატივები 14 ივლისს ილიონ ტვ-ს გადაცემა “დიალოგშიც” გააჟღერა, ჯანმრთელობის საფრთხეები ვაქცინებს და პირბადეებს დაუკავშირა, მოსაზრების დასადასტურებლად კი აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის ენტონი ფაუჩის განცხადებები მოიყვანა.

ნონა აღდგომელაშვილმა გაავრცელა როგორც ფაქტობრივი უზუსტობები და კონსპირაციული ნარატივი, ასევე დაიმოწმა აშშ-ის პრეზიდენტისა და მთავარი ინფექციონისტის ციტატები, რომლებიც კონტექსტიდან ამოგლეჯილად და არასწორად იყო ინტერპრეტირებული. 

ტყუილი N1: პანდემია წინასწარ იყო დაგეგმილი. 2017 წელს ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ 2020 წელს პანდემია იქნებოდა.

აშშ-ში ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ 2017 წელს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ფორუმზე განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას შეექმნებოდა გამოწვევა ინფექციური დაავადების სახით, რომელიც ქვეყანაში ახალ ეპიდემიას გამოიწვევდა. ფაუჩის არ უხსენებია COVID-19 ან კონკრეტული წელი, როდესაც პანდემია დაიწყებოდა. მისი განცხადება იყო ზოგადი ხასიათის და ეყრდნობოდა წარსულ გამოცდილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეპიდემიური აფეთქებები წინა პრეზიდენტების დროსაც ყოფილა, მათ შორის ობამას ადმინისტრაციის დროს აშშ-მა გაიარა H1N1 პანდემია (2009-2010წწ.), ზიკას ვირუსის (2015-2016წწ.) ეპიდემია და ებოლას ვირუსული აფეთქება (2014-2016წწ.). აღნიშნულ საკითხზე ფაქტჩეკინგი Snopes-მა და wusa9-მაც გააკეთეს.

ტყუილი N2: ენტონი ფაუჩის თქმით ნიღაბი ვირუსისგან არ გვიცავს და ეს მხოლოდ სხვების პატივსაცემი, ეთიკური ჟესტია.

სინამდვილეში აშშ-ის მთავარ ინფექციონისტს ენტონი ფაუჩის მსგავსი რამ არ უთქვამს. კითხვაზე, თუ რა როლი აქვს პირბადეებს პანდემიის დროს, ფაუჩიმ 23 ივნისს განაცხადა, რომ მართალია ნიღაბი 100%-ით არ გვიცავს, თუმცა მათი ტარების დროს მაინც უფრო დაცული ვართ ვირუსისგან, ვიდრე მაშინ, როდესაც არ გვიკეთია. მისი თქმით, შეიძლება ადამიანებმა ზოგჯერ არ იცოდნენ, რომ ინფიცირებულები არიან, ამიტომ პირბადეები ცემინების ან ხველების დროს გარკვეულწილად ინფიცირებული ადამიანისგან იცავს სხვებს. ამასთანავე, ფაუჩიმ აღნიშნა, რომ მხოლოდ პირბადე საკმარისი არაა და საჭიროა სოციალური დისტანცირებაც.

ტყუილი N3: ვირუსისგან არც ერთი პირბადე არ გვიცავს, დონალდ ტრამპის თქმით, პირბადე სოციალური მონობის სიმბოლოა.

ამერიკის ინფექციური კონტროლისა და ეპიდემიოლოგიის პროფესიონალთა ასოციაციის მიხედვით, პირბადე N95 ადამიანს იცავს მინიმუმ 95%-თ და ფილტრავს ჰაერში არსებულ პატარა, 0.3 მიკრონის ზომის, ნაწილაკებს. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვით ქირურგიული პირბადე არ ატარებს დიდი ზომის ნაწილაკებს, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ბაქტერიულ და ვირუსულ მიკრობებს. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც ნაჭრის ან ქირურგიულ პირბადეს ატარებს, იმ შემთხვევაშია ნაკლებად დაცული იმისგან, რომ რესპირატორულმა ინფექციამ არ შეაღწიოს, თუ ის ისეთ ინფიცირებულ ადამიანთან იმყოფება, რომელსაც ნიღაბი არ უკეთია. გამომდინარე იქიდან, რომ დაინფიცირებულებისგან ვირუსის გავრცელება შესაძლოა ლაპარაკის დროსაც მოხდეს, პირბადე საჭიროა იმისათვის, რომ პირისა და ცხვირის ღრუდან წვეთოვანი გამონადენი შეაკავოს და ამ ნაწილაკების გაფანტვის არეალი შეამციროს.

რაც შეეხება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რეალურად აღნიშნული სიტყვები მას არ ეკუთვნის. ტრამპმა თავის ტვიტერის გვერდზე გააზიარა Tablet Magazine-ის ჟურნალისტის ლი სმიტის (Lee smith) პოსტი, რომელშიც სმიტმა აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატს ჯო ბაიდენს შავ პირბადეში დუმილის კულტურის, მონობის და სოციალური სიკვდილის გამოხატულება უწოდა. ტრამპმა ეს პოსტი გააზიარა კომენტარით – “რამდენი განსხვავებული აზრია”. უშუალოდ აღნიშნული პოსტი არ ადასტურებს ლი სმიტის და ტრამპის მოსაზრების თანხვედრას.

"

14 ივლისს CBS News-სთან ინტერვიში ტრამპმა გააკეთა განცხადება პირბადის ტარებაზე და აღნიშნა, რომ ის მოუწოდებს ამერიკელებს საჭიროების შემთხვევაში გაიკეთონ პირბადე და დაიცვან დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) რეკომენდაციები. ამჟამინდელი მდგომარეობით, CDC-ც მოუწოდებს მოსახლეობას, ატარონ პირბადეები, რადგან, მათი თქმით, ის ამცირებს COVID-19-ის გავრცელების შანსს.

ტყუილი N4: პირბადის ტარებისას ნახშირორჟანგით ვიწამლებით და ჰიპოქსია ვითარდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, სამედიცინო პირბადის ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება არაკომფორტულია, მაგრამ არ იწვევს არც ნახშირორჟანგით მოწამვლას და არც ჰაერის უკმარისობას. შესაბამისად, ზემოთხსენებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. ჯანმოს რეკომენდაციით, მთავარია, დავიცვათ პირბადის გამოყენების წესები: სახეზე ისე მჭიდროდ მოვირგოთ, რომ ნორმალურად სუნთქვა შევძლოთ, გამოვიყენოთ ერთჯერადად და ნესტისას უმალვე გამოვცვალოთ.

ტყუილი N5: ენტონი ფაუჩის თქმით, მოსახლეობის 70-75% კარგად გადაიტანს ვაქცინას, დანარჩენზე კი ის პასუხისმგებლობას არ იღებს.

აღნიშნული ციტატა კონტექსტიდან ამოგლეჯილად და დამახინჯებულად არის გავრცელებული. რეალურად, CNN-თან ინტერვიუში ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ საუკეთესო შედეგი ჯერჯერობით წითელას ვაქცინას შემთხვევაში 97-98% ეფექტურობით ჰქონდათ, რაც შეეხება კორონავირუსს, იგი თვლის, რომ ასეთ მაღალ შედეგს შესაძლოა ვერ მივაღწიოთ, თუმცა COVID-19 ვაქცინის 70-75%-იან ეფექტიანობასაც დასჯერდება, რადგან ასეთი მაღალი მაჩვენებელი პოპულაციურ იმუნიტეტზე მიუთითებს.  ამავდროულად, ფაუჩის მოსაზრებით, პოპულაციური იმუნიტეტის დონის მიღწევა ნაკლებ სავარაუდოა, იმ შემთხვევაში თუ  მოსახლეობის მხოლოდ  ორი მესამედი გაიკეთებს ვაქცინას. ფაუჩი ინტერვიუში არ საუბრობდა არც ვაქცინის გადატანის საკითხზე და არც პასუხისმგებლობის მოხსნაზე. ვაქცინის ეფექტიანობის პროცენტულობა მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად ვიქნებით დაცული კონკრეტული ვირუსისგან ვაქცინაციის შემთხვევაში, აშშ-ის მთავარ ინფექციონისტს არ უთქვამს, რომ ვაქცინამ შესაძლოა ადამიანები დააზარალოს.

ტყუილი N6: იტალიაში და ესპანეთში მასობრივი სავალდებულო ვაქცინაცია დაიწყეს. აცრების გაკეთებას აზრი არ აქვს მოხუცებში, რადგან მათი იმუნური სისტემა დასუსტებულია.

ნონა აღდგომელაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, ესპანეთსა და იტალიაში 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის არსებულ სავალდებულო ვაქცინაციაზე სიმართლეს არ შეესაბამება. უპირველეს ყოვლისა, აღდგომელაშვილი არ აკონკრეტებს თუ რომელ ვაქცინაციაზეა საუბარი, COVID-19-ის ვაქცინა კი ჯერ გამოყენებაში არ არის. ესპანეთის ჯანდაცვის ეროვნული სისტემის თანახმად, 65+ წლოვანების მოსახლეობისთვის რეკომენდირებულია 3 ტიპის აცრა (დყტ, პნევმოკოკური და გრიპის საწინააღმეგო), თუმცა სახელმწიფო მოსახლეობას მხოლოდ ხსენებული აცრების გაკეთებისკენ მოუწოდებს და პროგრამაში მონაწილეობის მიღება სავალდებულო არ არის. აცრებს ამასთანავე არ ჰქონიათ მასობრივი ხასიათი, პირიქით, ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა 65+ ასაკობრივი ჯგუფში 2009-2019 წლების გრიპის საწინააღმეგო ვაქცინაციის სტატისტიკა, რომლის თანახმად  ბოლო ათწლეულში მაჩვენებელმა 11,4%-ით იკლო. თუ 2009-ში აცრა 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის 65,7%-მა გაიკეთა, 2019-ში რაოდენობა 54,3%-მდე შემცირდა.

მსგავსი მდგომარეობა გვაქვს იტალიაშიც – მართალია ზოგიერთი აცრა  სავალდებულოა, თუმცა ეს მხოლოდ 0-16 ასაკობრივ ჯგუფს ეხება და არ ვრცელდება 60 წელს გადაცილებულ ადამიანებზე. იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო მოხუცებს კი არ ავალდებულებს, არამედ რეკომენდაციის სახით მოუწოდებს გაიკეთონ აცრები. ასევე, აღსანიშნავია, რომ როგორც ესპანეთში, ასევე იტალიაშიც მოხუცებში გრიპის საწინააღმდეგო აცრების სტატისტიკა შედარებით დაბალ, დაახლოებით 53%-იან მაჩვენებელზეა.

რაც შეეხება მოხუცთა სუსტ იმუნიტეტს, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანახმად, ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი იმუნიტეტი სუსტდება, რაც, ფაქტობრივად, ზრდის სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს, როგორიცაა პნევმონია, სირსველი და ა.შ. ვაქცინა, რეალურად, აძლიერებს ორგანიზმს და ამცირებს არაერთი დაავადების გამოვლენის შანსს. 2008 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამერიკაში, სხვა მოხუცებთან შედარებით, გრიპზე (ინფლუენსა) ვაქცინირებულ მოხუცებში კარდიოვასკულური და ცერებროვასკულური დაავადების განვითარების რისკი 20%-ით ნაკლები იყო, ხოლო სიკვდილიანობა – 50%-ით.

ტყუილი N7: 2005 წელს ბილ გეიტსმა თქვა, რომ ვაქცინაციით მოსახლეობას შეამცირებდა და ამისთვის პანდემია იყო საჭირო.

ბილ გეიტსზე კონსპირაციები ვაქცინაციასა და დაჩიპვის შესახებ “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა. რეალურად, იმ ვაქცინაციის პროგრამის მიზანი, რომელიც ბილ გეიტსმა განვითარებად ქვეყნებში წამოიწყო, ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებაა, რაც ბილ გეიტსის თანახმად, ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა. აღნიშნულზე ბიზნესმენმა და ფილანტროპმა 2010 წელს Ted Talk-ში ისაუბრა. კონსპირაციისთვის გამოიყენეს გეიტსის 2015 წლის Ted Talk-ის გამოსვლაც, რაზეც ამტკიცებდნენ, რომ Microsoft-ის დამფუძნებელი პანდემიას საკუთარი მიზნებისთვის და ჯანდაცვის სისტემაზე გლობალური კონტროლისთვის იყენებდა. ამ გამოსვლაში ბილ გეიტსმა ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეპიდემიებისთვის მზაობა, რადგან ის 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მას კორონავირუსის პანდემია არ უხსენებია, ებოლას მაგალითი მოიყვანა და ახსნა თუ რა გზებს უნდა მივმართოთ რომ შევამციროთ ახალი ეპიდემიისგან გამოწვეული უარყოფითი შედეგები.


წყაროების შესახებ

სტუმარი ნონა აღდგომელაშვილი, რომელიც ზემოთხსენებული 7 დეზინფორმაციის გამავრცელებელია, ექიმი-თერაპევტის სტატუსით ტვ “ობიეტივის” და “ილიონის” გადაცემებში იყო მიწვეული.

ილიონი TV

“ილიონი TV” ამჟამად წარმოადგენს საცდელ მაუწყებლობას, რომელიც საჯარო რეესტრში “შპს ილიონის” სახელით არის რეგისტრირებული. ილიონი TV-ს აქვს FB გვერდი, რომელიც 2019 წლის 22 დეკემბერს შეიქმნა და, ასევე, არსებობს მაუწყებლობის ოფიციალური  იუთუბის არხი, რომელიც 2018 წლის 21 აგვისტოს გაიხსნა.

შპს “ილიონი” საჯარო რეესტრში 2017 წლის 14 აგვისტოს არის რეგისტრირებული. დირექტორის პოზიცია ეკავა მალხაზ ფილაურს, რომელიც ამავდროულად პარტია “თავისუფალი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრია. რეესტრიდან ამოღებული 2020 წლის 19 ივნისის განაცხადის თანახმად, ახლა შპს “ილიონის” დირექტორია როინი ხიჯაკაძე, რომელიც პარტია “თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერია. აღსანიშნავია, რომ შეიცვალა მესაკუთრეების სიაც. 2017-ში ლაურა ომანიძე იყო ერთადერთი პარტნიორი და ჰქონდა 100%-იანი წილი, ხოლო  2020-ში, კი, მესაკუთრეები გახლავთ: ლაურა ომანიძე (40%), სოფიო კაპანაძე (28%) და ქეთო შენგელია (32%).

2020 წლის 25 მაისს შპს “ილიონმა” კომუნიკაციის კომისიას მიმართა მაუწყებლობის ავტორიზაციის მიღების მიზნით, თუმცა დაფინანსების გეგმის და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის ხარვეზების გამო შპს “ილიონმა” პირველ განხილვაზე ავტორიზაცია ვერ გაიარა. 4 ივნისის სხდომაზე, მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, “ილიონს” მიენიჭა კერძო ტელემაუწყებლობის ავტორიზაცია.

“ობიექტივი”

მედია-კავშირი „ობიექტივი“ 2010 წლის აგვისტოში დაფუძნდა. დამფუძნებელთა შორის პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ ამჟამინდელი გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი იყო, რომელიც ტელეკომპანიის მმართველობაში 2014 წლიდან აღარ ფიგურირებს. ტელეკომპანია თურქოფობიულ, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს. რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) მეხუთე ციკლის ანგარიშში, MDF-ის კვლევაზე დაყრდნობით, ხელისუფლებას მიეცა რეკომენდაცია, არ გააფორმოს ხელშეკრულება, არსებობის შემთხვევაში კი გააუქმოს კონტრაქტები ისეთ მედია საშუალებებთან, რომლებიც სიძულვილს აღვივებენ. ანგარიშში ამ კონტექსტში ტვ „ობიექტივიც“ მოხვდა.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist