7 მითი ჰელოუინის შესახებ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

135
VIEWS

ყოველწლიურად ჰელოუინის წარმოშობისა და დანიშნულების შესახებ არაერთი მითი ვრცელდება. ამ მხრივ არც 2020 წელი აღმოჩნდა გამონაკლისი. 2020 წლის 26 ოქტომბერს Facebook გვერდმა ZNEOBA.GE-მ ჰელოუინის შესახებ გამოაქვეყნა პოსტი, რის თანახმად,  ჰელოუინი არაქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც “ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას”. აღსანიშნავია, რომ ჰელოუინთან დაკავშირებული მითები საქართველოს მიღმაც ვრცელდება და წელიწადის ამ დროს ცნობებს ჰელოუინის სატანისტური რიტუალებისწარმოშობის და ტრადიციების შესახებ სხვა ქვეყნებშიც იხსენებენ.

“მითების დეტექტორი” გთავაზობთ ჰელოუინთან დაკავშირებულ ყალბ ცნობებს, ისტორიულ მითებსა და ურბანულ ლეგენდებს, რომლებიც უცხოენოვან წყაროებში ვრცელდება.

 მითი 1: 1962 წლის მკვლელობა ჰელოუინის წვეულებაზე

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰელოუინის ლეგენდა ეხება 1962 წლის მკვლელობას, რომლის მიხედვით, ერთ-ერთი კოსტუმირებული წვეულების დროს, შავნიღბიანმა პიროვნებამ სახლის კარებები იქ მყოფი სტუმრების ამოხოცვის მიზნით ჩაკეტა, შემდგომ ცივი იარაღით 7 ადამიანი მოკლა და გაიქცა. ლეგენდის მიხედვით, მკვლელი დღემდე არ დაუჭერიათ, თუმცა 1969 წელს პოლიციამ იპოვა ზუსტად ის შავი ნიღაბი, რომელიც მას მკვლელობის დღეს ეკეთა.

Snopes-ის თანახმად, თავად ამბავში ლოგიკური ჩავარდნების გარდა, აშშ-ში 1962 წლის ჰელოუინზე ასეთი მკვლელობა არ დაფიქსირებულა, რაც კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებას, რომ აღნიშნული ცნობები მხოლოდ მითია და ის რეალურ ფაქტებს მოკლებული “საშიში ამბავია”. ამას მოწმობს, theguardian-ის სტატიაც ჰელოუინის მითებზე, რომელშიც 1962 წლის მკვლელობის ისტორია ადგილობრივი ლეგენდების ერთ-ერთ მაგალითად არის მოყვანილი.

მითი 2: კამპუსის მკვლელობები ჰელოუინის დღეს

1962 წლის “მომხდარი ამბავი” ერთადერთი მკვლელობის ისტორია არაა ჰელოუინის ისტორიაში. ამჯერად ამბავი მოგვითხრობს უნივერსიტეტის სერიულ მკვლელზე. კამპუსის მკვლელობის წინასწარმეტყველება რამდენიმე წელიწადში ერთხელ იჩენს თავს, ზუსტად მაშინ როცა ჰელოუინი ახლოვდება. ისტორია რედაქტირებული შინაარსით ვრცელება ხოლმე, თუმცა არის დეტალები, რაც უცვლელია; ამ ისტორიაში ყოველთვის ფიგურირებს: 1) ექსტრასენსი, რომელიც ამ წინასწარმეტყველების გამავრცელებელია; 2) სატელევიზიო გადაცემა  (მაგ: დეივიდ ლეტერმანის, ოპრა ვიმფრის და სხვა გადაცემები), სადაც ექსტრასენსმა ისაუბრა ამ თემაზე; 3) პოტენციური მკვლელი, რომელიც არის ფსიქიკური აშლილობის მქონე სტუდენტი, პროფესორი, ციხიდან ან ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოქცეული პიროვნება; 4) მოკლულთა რაოდენობა, რომელშიც ხშირად მეორდება 9, 10, 12 და 20 რიცხვები. 5) მკვლელობის ადგილის (კამპუსის) აღწერა, რომელიც ზოგადია. მაგ: იწყება რომელიმე ასოზე, მდებარეობს რომელიღაც ადგილთან ახლოს და ა.შ.

1998 წლის ვერსიის თანახმად, ექსტრასენსმა მკვლელობები ოპრა ვიმფრის შოუში იწინასწარმეტყველა და განაცხადა, რომ 10, 15, 18, ან 12 მდედრობითი სქესის სტუდენტი მოკვდებოდა. სამიზნე კამპუსები კი იქნებოდა M-ზე და W-ზე დაწყებული უნივერსიტეტები ან ის ვისი უნივერსიტეტის ფერიც ნარინიჯისფერი და შავი იყო.

ასეთი დეტალური აღწერის მქონე მკვლელობებზე ინტერნეტში ინფორმაცია არ იძებნება. ამასთან ერთად, ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში ისტორია პატარ-პატარა ცვლილებებით მეორდებოდა, კიდევ ერთხელ ამტკიცებს ამბავის არარეალურ წარმომავლობას.

მითი 3: ჰელოუინი – პიტბულის მოკვლის ეროვნული დღე

2012 წელს თვითერის და ფეისბუქის სოციალურ ქსელებში განთავსდა განცხადება, რომელიც ხალხს მოუწოდებდა, გარეთ გამოსულიყვნენ და პიტბულის ან მსგავსი ჯიშის ძაღლები დაეხოცათ. ამ განცხადების შემდეგ, ვრცელდებოდა ინტერპრეტაციები, რომ ეს იყო ჰელოუინის ღამის პიტბულის მოკვლის ეროვნულ დღედ გადაქცევის მცდელობა, რამაც საზოგადოება აღაშფოთა.  აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების შემდეგ Facebook-ის სოც. ქსელში გამოჩნდა გვერდი “შეწყდეს პიტბულის მოკვლის ეროვნული დღე”, რომელიც 2012 წლის 26 სექტემბერს შეიქმნა.

სინამდვილეში, “პიტბულის მოკვლის ეროვნული დღის” მოწოდება იყო ანონიმური ოინი, რომელიც სლეიტერის (მისური) საბჭოს წევრის ტერი ჯორდანის მიმართ მიზანმიმართულად განხორციელდა. იგი 2012 წლის დასაწყისში მუშაობდა შინაურ ცხოველებთან დაკავშირებულ კანონმდელობაზე, რომლის სამუშაო ვერსია პიტბულს სხვა ჯიშის ძაღლებისგან, როგორც განსაკუთრებულად აგრესიულს, ხაზგასმით გამოჰყოფდა. როგორც ჩანს, ერთ-ერთმა პიტბულის მოყვარულმა “გადაწყვიტა შურისძიება” და გაავრცელა ინფორმაცია, ვითომ ტერი ჯორდანი პიტბულის მოკვლის ეროვნულ დღეს აფინანსებდა.

მითი 4: შავ კატებს ჰელოუინზე საფრთხე ემუქრებათ

ჰელოუინის და კატების ურთიერთკავშირზე ორი მითი ვრცელდება: ერთი, რომლის თანახმად ჰელოუინის დროს შავ კატებს სატანისტური მსხვერპლშეწირვისთვის იტაცებენ და მეორე– ჰელოუინის დროს შავი კატები თავშესაფრიდან, როგორც დეკორაცია მოჰყავთ და მეორე დღეს, 1 ნოემბერს სახლიდან აგდებენ.

Vet street-ის ინფორმაციის თანახმად, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ჰელოუინის პერიოდში აყვანილი შავი კატები განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან. თუ დღესასწაულის პერიოდში კატა სახლში არ დაბრუნდა, ამის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს  მშიერი კოიოტი, მანქანა, ხაფანგი, საწამლავი (გამიზნულად ან შემთხვევით) და ა.შ.

იმავეს წერს Greenhill Humane Society-ც, რომლის თანახმად შავ კატებს ოქტომბერში იმაზე მეტი საფრთხე არ ემუქრებათ, ვიდრე წელიწადის ნებისმიერ დროს. ამასთან ერთად, კატების მიმართ არაადამიანური მოპყრობის რისკი  არ არის სხვა ცხოველებთან შედარებით უფრო მაღალი.

მითი 5: მაკდონალდის ჰეფი მილი სულებთან სალაპარაკო დაფას გამოუშვებს

ჰელოუინის მითები ყოველთვის საშიშ ამბებთან და სიკვდილთან არ არის ასოცირებული. ის, რაც დაიწყო უკბილო ხუმრობით, 2014 წელს სოციალურ ქსელში აღშფოთების მიზეზი გახდა. პარანორმალურმა გამომძიებელმა ემი ბრუნმა Facebook-ის ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჰელოუინის პერიოდში  მაკდონალდსი ჰეფი მილის მენიუს ახალი თემატიკით გამოუშვებდა და ეს  იქნებოდა – სულებთან სალაპარაკო დაფა (ე.წ. Ouija board). სწრაფი კვების ობიექტი არათუ ცვლიდა შეფუთვის დიზაინს, არამედ ჰეფი მილის სათამაშოების არჩევანშიც კი ამატებდა ე.წ. Ouija board-ს. ამ ყველაფერმა ზოგიერთი მომხმარებლის აღშფოთება გამოიწვია, რადგან მათთვის Ouija board იყო არასასურველი, ბავშვებისთვის შეუსაბამო, შეურაცხმყოფელი და ოკულტიზმთან დაკავშირებული. ბრუნის Facebook პოსტს 4000-მდე გაზიარება ჰქონდა.

ხალხის აშკარა უკმაყოფილების და აღშფოთების საპასუხოდ, ემი ბრუნმა თვითერის სოციალური ქსელში გამოაქვეყნა პოსტი შემდეგი ტექსტით: “გაკვეთილი მიღებულია. Facebook-ზე არ იხუმრო იმაზე, რომ მაკდონალდსი სულებთან სალაპარაკო დაფის (Ouija board) ჰეფი მილს უშვებს”.

მითი 6 : Trick or treat მსხვერპლშეწირვის რიტუალი იყო

Trick or treat-ს წარმოშობას ხშირად უკავშირებენ ბნელი ძალებისადმი მსხვერპლშეწირვას. არსებობს სხვადასხვა ვერსია თუ კონკრეტულად რომელ და რა ტიპის შესაწირზეა საუბარი. ერთ-ერთი ვერსიით, ეს ტრადიცია უკავშირდება დრუიდებს, რომლებიც შუა საუკუნეებში “კარდაკარ” დადიოდნენ და მოსახლეობას აძლევდნენ არჩევანს: treat – თუ გადასცემდნენ ახალგაზრდა ქალს სატანისტური რიტუალის მსხვერპლშეწირვისთვის, სანაცვლოდ დრუიდები დაუნთებდნენ ადამიანის ქონისგან დამზადებულ სანთელს, რომელიც მათ დემონებისგან დაიცავდა ან trick – დრუიდები კარზე გააკეთებდნენ ექვსქიმიან ვარსკვლავს და იმ ღამეს ოჯახის რომელიმე წევრს დემონი მოკლავდა.

სინამდვილეში, trick or treat-ის ტრადიციის წარმოშობის ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, იგი სათავეს იღებს შუა საუკუნეების პერიოდიდან, როცა ღარიბი ხალხი სტუმრად მიდიოდა მდიდარ ოჯახში და “სულის ნამცხვრის” სანაცვლოდ პირდებოდა მდიდარი ოჯახის გარდაცვლილ წევრებზე ლოცვას. ამ კონკრეტულ ტრადიციას ერქვა “Souling”, ის შემდგომში გავრცელდა ბავშვებში, რომლებმაც დაიწყეს კარდაკარ სიარული და სხვადასხვა საჩუქრების (ნამცხვარი, ფული და ა.შ.) თხოვნა. ირლანდიაში და შოტლანდიაში კი გავრცელებული იყო “guising-ის პრაქტიკა”, რომლის დროსაც სხვადსხვა კოსტუმში ჩაცმული ახალგაზრდები დადიოდნენ კარდაკარ და საჩუქრების (ხილი, თხილეული და ა.შ) სანაცვლოდ მღეროდნენ, ამბობდნენ ლექსს, ყვებოდნენ ხუმრობას და ა.შ. ახალგაზრდა treat-ს (მაგ: ხილი, თხილეული) ვერ მიიღებდა თუ რამე trick-ს(მაგ: სიმღერა, ლექსი) არ შეასრულებდა.

მითი 7: “Jack O`Lantern” სატანისტური სიმბოლოა

კიდევ ერთ წყაროში გავრცელებული მითის მიხედვით, Jack O’ Lantern (გოგრის ფანარი) სატანისტურია, რადგან სათავებს იღებს “გიჟი ჯეკის” ისტორიიდან, რომელმაც ეშმაკთან გარიგების თანახმად დაამზადა  “Jack O`Lanterns” ანუ გოგრისგან გაკეთებული ფანრები.

National Geographic-ის თანახმად, თანამედროვე ჰელოუინის განუყოფელი ნაწილი “გოგრა-ფანარი” ან “ჯეკის ფანარი” გვხვდება კელტურ ფესტივალში სამაინი, რომლის დროსაც ადამიანები სხვადსხვა ბოსტნეულზე (კარტოფილი, ჭარხალი და ა.შ.) ჭრიდნენ საშიშ სახეებს სულების დასაფრთხობად. ირლანდიის მიგრაციის მუზეუმის მთავარი კურატორის, ნეითან მანიონის თანახმად, ხსენებულ ტრადიციას პრაქტიკული დანიშნულებაც ჰქონდა. ლითონის ფანრის სიძვირიდან გამომდინარე, ადამიანები იმავე დანიშნულებით იყენებდნენ “გამოცარიელებულ” ბოსტნეულობას. დროთა განმავლობაში კი დაიწყეს სხვადსხვა ფორმების და სახეების ამოჭრა, რომ გარემო უფრო განათებული ყოფილიყო

რაც შეეხება უშუალოდ Jack O`Lantern-ს, ანუ “ჯეკის ფანარს”. ეს ისტორია სათავეს იღებს ირლანდიური ფოლკლორიდან, რომლის თანახმად, ჯეკმა ეშმაკი ორჯერ მოატყუა, რის გამოც გარდაცვალების შემდეგ ვერ დამკვიდრდა ვერც ჯოჯოხეთში და ვერც სამოთხეში. ორ სამყაროს შორის მოხეტიალე ჯეკი შეიცოდა ეშმაკმა და მისცა ნახშირი ფანრის ასანთებლად. Mannion-ის თანახმად, ამ ისტორიას ჭკუის სასწავლებლად იყენებდნენ – თუ ჯეკისნაირად მოიქცეოდნენ, მის ბედს გაიზიარებდნენ.

ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist