ისტორია

აღნიშნავდნენ თუ არა სსრკ-ში ნაციზმზე გამარჯვების დღეს 8 მაისს?

22 ივნისი, 2020

2020 წლის 9 ივნისს “ საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა ინტერვიუ გენერალ-ლეიტენანტ გურამ ნიკოლაშვილთან, რომელშიც იგი ნაციზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით ამბობს, რომ დღეს მიმდინარე დისკუსია გამარჯვების დღე 8 მაისს უნდა აღინიშნებოდეს თუ 9 მაისს, “ისტორიის გაყალბებას“ ემსახურება და სინამდვილეში საბჭოთა კავშირში ფაშიზმზე გამარჯვებას ორივე დღეს აღნიშნავდნენ.

 

გურამ ნიკოლაიშვილი, გენერალ-ლეიტენანტი: "ახლა სამამულო ომზე და მის მიმართ არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე მინდა, მოკლედ ვთქვა. მიდის დავა, 8 და 9 მაისს აღინიშნებოდეს ფაშიზმზე გამარჯვება, მხოლოდ 9 მაისს თუ, საერთოდ, არ აღინიშნოს. არადა, ჩვენ ვიცით, რომ საბჭოთა კავშირში ორ დღეს აღნიშნავდნენ.“

 აღინიშნებოდა თუ არა სსრკ-ში ფაშიზმზე გამარჯვება ორჯერ?

საბჭოთა კავშირის თხუთმეტივე რესპუბლიკაში ფაშიზმზე გამარჯვება 9 მაისს აღინიშნებოდა. ამ მხრივ, ერთადერთი გამონაკლისად აღმოსავლეთ გერმანია შეიძლება ჩაითვალოს - 1950-დან 1960 წლამდე გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ნაციზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნებოდა. 1985 წლის 8 მაისს მეორე მსოფლიო ომის დასრულების 40-ე წლისთავი სამხედრო აღლუმით აღინიშნა. თუ არ ჩავთვლით აღმოსავლეთ გერმანიას 1950-1966 წლებში, საბჭოთა კავშირში ფაშიზმზე გამარჯვება ყოველთვის და ყველა რესპუბლიკაში 9 მაისს აღინიშნებოდა.

 9 მაისი - საბჭოთა კავშირის მთავარი დღესასწაული

მეორე მსოფლიო ომი გერმანიის უპირობო კაპიტულაციით დასრულდა, თუმცა კაპიტულაციის აქტს ხელი ორჯერ მოეწერა - პირველად, 1945 წლის 7 მაისს რეიმსში, ხოლო მეორედ 1945 წლის 8 მაისს ბერლინში. იმის გამო, რომ 7 მაისის დოკუმენტს ხელი მოაწერეს შედარებით დაბალი სამხედრო რანგის მქონე პირებმა, სტალინის დაჟინებული მოთხოვნით კაპიტულაცია მეორედ გაფორმდა 8 მაისს ბერლინში, ნაცისტური გერმანიის ცენტრში და მისი ძალაუფლების სიმბოლოში. 8 მაისის დოკუმენტი ადგილობრივი დროით 23:01 წუთზე შევიდა ძალაში, როცა მოსკოვის დროით უკვე 9 მაისი იწყებოდა. 

9 მაისის, როგორც მთავარი ეროვნული დღესასწაულის დამკვიდრება საბჭოთა რესპუბლიკებში 1946- 1950 წლებში დაიწყო, თუმცა 9 მაისი დასვენების დღეს გვიან, უკრაინის სსრ-ში 1963 წელს, ხოლო საბჭოთა კავშირის დანარჩენ ქვეყნებში 1965 წელს გამოცხადდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სტალინისა და ხრუშოვის პერიოდში 9 მაისის სტატუსი თხუთმეტივე რესპუბლიკაში მკაფიოდ და საყოველთაოდ არ იყო განსაზღვრული. აღმოსავლეთ ევროპის სსრკ-ს მიერ კონტროლირებად რესპუბლიკებში სხვადასხვა დროს 9 მაისი აღინიშნებოდა, როგორც ნაციზმისგან გათავისუფლების დღე ან მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების დღე. შედარებით გვიანდელია 9 მაისის მასშტაბური სამხედრო აღლუმით აღნიშვნის ტრადიციაც. საბჭოთა კავშირის ისტორიაში 9 მაისი მასშტაბური სამხედრო აღლუმით მხოლოდ ოთხჯერ აღინიშნა და აქედან მხოლოდ ერთი - 1945 წლის აღლუმი ჩატარდა სტალინის მმართველობის პერიოდში. ნაციზმზე გამარჯვება და მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავად საბჭოთა კავშირში წითელი არმიისათვის მიძღვნილი პირველი დღესასწაული 1945 წლის 24 ივნისს - გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმიდან 4 წლის თავზე, გრანდიოზული სამხედრო აღლუმით აღინიშნა. 1940-50-იან წლებში სტალინისა და ნიკიტა ხრუშოვის დროს საბჭოთა სამხედრო ძალების მთავარი აღლუმი, როგორც წესი, 1 მაისს - მშრომელთა საერთაშორისო დღეს იმართებოდა. 

"
1945 წლის 24 ივნისის აღლუმი, წითელი მოედანი © Mark Redkin/TASS

"
1965 წლის 9 მაისი, წითელი მოდანი. სურათის ავტორი ს.ი. სმირნოვა

1963 წელს უკრაინის კომუნისტური პარტიის პირველმა მდივანმა პეტრო შელესტმა ხელისუფლებაში ახლად მოსულ ლეონიდ ბრეჟნევს 9 მაისისათვის ნაციონალური დღესასწაული სტატუსის დაბრუნების და მისი უქმე დღედ გამოცხადების ინიციატივით მიმართა. ცენტრალური ხელისუფლება ინიციატივას დათანხმდა და 1965 წლის 9 მაისი მოსკოვში წითელ მოედანზე გამართული გრანდიოზული აღლუმით აღინიშნა და ამ დროიდან მოყოლებული 1 მაისის სამხედრო აღლუმი 9 მაისით ჩანაცვლდა. სწორედ ბრეჟნევის პერიოდიდან იწყება საბჭოთა კავშირში “დიდი სამამულო ომის” კულტის დამკვიდრება - 9 მაისის მაშტაბურ აღნიშვნებთან ერთად გაიზარდა ომის შესახებ გამოქვეყნებული წიგნების რაოდენობა, ომი იქცა ხელოვნების და კინოს ერთ-ერთ მთავარ თემად.

The Oxford Handbook Of Postwar European History: “დიდი სამამულო ომის კულტი ეფექტიანი აღმოჩნდა ომის დროინდელი ერთსულოვნების აღსადგენად პარტიას, სახელმწიფოს და საზოგადოებას შორის. საბჭოთა იდეალებით იმედგაცრუების პერიოდში ბრეჟნევის ხელისუფლება სტაბილურობის შენარჩუნებას ომის მეხსიერებასთან დაკავშირებით ცდილობდა. მეხსიერებასთან, რომელიც “ომის თაობისათვის” განსაზღვრელი მორალური მნიშვნელობის მატარებელი მომენტი იყო.” 


მოამზადა მედეა სულამანიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია