ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

აიკრძალა თუ არა შვეიცარიაში ვაქცინაცია და ვინ არის მამა ესკობარი?

19 მაისი, 2020

18 მაისს ონლაინ გამოცემა “პროგრესნიუსმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურით “რატომ აკრძალეს შვეიცარიაში ადამიანების ვაქცინაცია?” სტატიაში აღნიშნულია, რომ შვეიცარიის ფედერალურმა ანსამბლეამ მხარი დაუჭირა ვაქცინაციის 5 წლით შეწყვეტას და მიზეზად ადამიანების ჯანმრთელობისთვის წითურას, ყვავილის და სხვა აცრების მიერ გამოწვეული ზიანი დაასახელა. სტატიის მიხედვით, აკრძალვა შვეიცარიაში მშობლების საპროტესტო აქციებს მოჰყვა და პარლამენტის გადაწყვეტილებით აცრებისთვის განკუთვნილი მედიკამენტები აფრიკის ქვეყნებს გადაეცემათ.

“პროგრესნიუსი” წყაროდ იმოწმებს ონლაინ მედია megatv.ge-ს, რომელიც, თავის მხრივ, ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს.

ორივე ინფორმაციაში მამა ესკობარი საუბრობს იმის შესახებ, რომ ვაქცინაცია ეშმაკის ნიშანია, რითაც “სატანას თავისი კოდი შეჰყავს ადამიანის ორგანიზმში“, 

"

"

“პროგრესნიუსისა” და მეგა TV-ს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შვეიცარიაში წითურას და სხვა ვაქცინები აიკრძალა, გამოგონილია. შვეიცარიაში ვაქცინაცია წარმატებით მუშაობს. დეზინფორმაციის პირველწყარო რუსული სატირული გამოცემა panorama.pub-ია, რომლის მიერ ციტირებული მამა ესკობარიც არარეალური სასულიერო პირია. 

  • შვეიცარიაში ვაქცინაციის აკრძალვის შესახებ ინფორმაცია სატირული საიტის ფანტაზიის ნაყოფია

“პროგრესნიუსის” და მეგა TV-ს მასალები რუსული სატირული გამოცემის panorama.pub-ის შინაარსს სიტყვა სიტყვით იმეორებს და მისი იდენტურია. რუსულ გამოცემაზე აღნიშნული ინფორმაცია 2020 წლის 10 მაისს გამოქვეყნდა. “პანორამას” ჩვენს შესახებ განყოფილებაში მითითებული აქვს, რომ საიტზე მათ მიერ დანახული რეალობის გროტესკული პაროდიები, გამოგონილი ამბები ქვეყნდება.

"

გამოცემის იუმორისტული შინაარსი მინიშნებულია panorama.pub-ის ლოგოშიც.

"

“პროგრესნიუსი”  panorama.pub-ის გავრცელებულ სატირულ ამბებს რეალურ ინფორმაციად ადრეც წარმოაჩენდა და წყაროდ რუსულ გამოცემას უთითებდა, თუმცა ამჯერად რუსული წყარო მასალაში მითითებული არ არის. “მითების დეტექტორი” “პროგრესნიუსის” მიერ სატირის მეშვეობით დეზინფორმაციის გავრცელებაზე ადრეც წერდა. გასული წლის ოქტომბერში “პანორამაზე” დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს ჰენრი კისინჯერი საბჭოთა კავშირის დანგრევას დანაშაულს უწოდებდა, ხოლო ამა წლის აპრილში კი “პროგრესნიუსი” წერდა, რომ ჯანმოს მაღალჩინოსანი ბროკოლით დაიხრჩო

აღსანიშმავია ისიც, რომ ქართულ მედიაში რომის პაპზე დეზინფორმაციის გავრცელების პირველწყარო, რომელიც ამტკიცებს, თითქოს რომის პაპი მრევლს ჩიზიპაციისკენ მოუწოდებს, სწორედ panorama.pub-ია. ინფორმაციის გავრცელების ეს სქემა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ  რუსული  panorama.pub-ი ერთგვარი ჰაბია, საიდანაც ქართულ მედიაში დეზინფორმაციის გავრცელება ხდება.

  • წითელაზე აცრა შვეიცარიაში სავალდებულო არ არის, თუმცა რეკომენდებულია და უსაფრთხოდ არის შეფასებული

შვეიცარიაში რეკომენდებულია, რომ წითელას აცრები 9 თვემდე ბავშვებისთვის ჩატარდეს, ხოლო მეთორმეთე თვეში დამატებითი აცრა გაუკეთდეთ. შვეიცარიის იმუნიზაციის ინფორმაციული სერვისის Infovac-ის თანახმად, ეს ორი აცრა 97%-ით ეფექტურია და წითელასგან სამუდამო დაცვას ითვალისწინებს. ვაქცინაცია არ უტარდებათ ადამიანებს, რომლებსაც ვაქცინის კომპონენტებზე ალერგია აქვთ, თუმცა ასეთი შემთხვევები მინიმალურია. წითელას ვაქცინა, ისევე როგორც, წითურა, ყბაყურა, ტეტანუსის და სხვა აცრები უსაფრთხოა და მათ მიერ გამოწვეული გვერდითი მოვლენების, არსებობის შემთხვევაში არის მსუბუქი და მოკლევადიანი.


მოამზადა მაიკო რატიანმა