სხვადასხვა

“ალტ-ინფო”: ამერიკის დახმარება უმნიშვნელოა, აფხაზეთში რუსეთის - უფრო დიდი

11 აგვისტო, 2021

2021 წლის 30 ივლისს ალტ–ინფოს გადაცემის „ალტ–ანალიტიკა“ ერთ–ერთმა წამყვანმა გიორგი ქარდავამ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებაზე ისაუბრა. ქარდავამ აღნიშნა, რომ ამერიკამ ყველაზე დიდი დახმარება საქართველოს 2014 წელს გამოუყო. მისი მტკიცებით, ყოველწლიურად აფხაზეთის რუსეთისგან გაცილებით მეტ ფინანსურ რესურსებს იღებს. „ალტ–ანალიტიკის“ წამყვანმა საკუთარი მოსაზრების დასასაბუთებლად საქსტატის მიერ გამოქვეყნებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემები გამოიყენა.

გიორგი ქარდავა, “ალტ–ინფოს” წამყვანი: „აი, უბრალოდ დააკვირდით, რა ციფრებზეა საუბარი... ანუ, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, რომელიც ისრაელს ყოველ წელს რამოდენიმე მილიარდი დოლარით ეხმარება მარტო და ცალკე იქ ტექნოლოგიებით, ეკონომიკური დივიდენდებით, საერთოდ იქ ლაპარაკიც ზედმეტია და ჩვენ წარმოიდგინეთ ყველაზე მსხვილი ტრანზაქცია, რომელიც განახორციელა ამერიკამ, იყო 2014 წელს და იყო 184 მილიონი დოლარი ბიჭო! აფხაზეთს უფრო მეტს აძლევს რუსეთი... ხოდა ეხლა უყურე მაგაზეც ვილაპარაკოთ ბარემ, რო შევეხოთ რუსეთი როგორ ეხმარება თავის ვასალებს“.

“ალტ-ინფოს” წამყვანის მტკიცება, თითქოს რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის გაღებული თანხები ამერიკის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებას აღემატება, დეზინფორმაციაა. სიმართლეს არ შეესაბამება ისიც, რომ აშშ–ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი უმსხვილესი ფინანსური ტრანზაქცია 184 მილიონ დოლარს შეადგენდა. რეალურად, ქვეყანამ ყველაზე დიდი დახმარება 2009 წელს, რუსეთთან ომის შემდეგ მიიღო და მისი ოდენობა 622 მილიონ დოლარს აღწევდა. ამერიკის ხელისუფლების მიერ საქართველოსთვის დახმარების სახით ყოველ წელს გამოყოფილი თანხა აფხაზეთისთვის რუსეთის მიერ განხორციელებულ დახმარებაზე ბევრად მეტია.

გიორგი ქარდავას მიერ წარმოდგენილი მონაცემები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ აშშ–ს მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებების შეფასებისთვის შეუსაბამოა. საქსტატის განმარტებით, ამ ტიპის ინვესტიცია ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში, კომერციულ ბანკში ან რომელიმე სხვა ეკონომიკურ სუბიექტში წილის, აქციების ან ხმის უფლების 10%-ზე მეტის ქონას და ამ სუბიექტის ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობას გულისხმობს. პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შეიძლება მრავალ სხვადასხვა ტიპის ეკონომიკურ სუბიექტში მოხდეს, მაგალითად საწარმოში, კომერციულ ბანკში, სადაზღვევო კომპანიაში და ასე შემდეგ. ხოლო, ინვესტორი შეიძლება როგორც სახელმწიფო ორგანიზაცია, ისე ფიზიკური პირი იყოს. შესაბამისად, ამ ტიპის მონაცემები ერთი ქვეყნის მთავრობის მიერ მეორე სახელმწიფოსთვის გაწეულ დახმარებას ვერ ასახავს.

უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოსთვის დახმარების სახით გამოყოფილი თანხების ოდენობა USAID–ის საიტზეა ხელმისაწვდომი. შეერთებულმა შტატებმა ყველაზე დიდი დახმარება საქართველოს 2009 წელს, რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ, გაუწია და მან 622 მილიონი დოლარი შეადგინა. ხოლო 2015–დან 2019 წლის ჩათვლით არსებულ 5 წლიან პერიოდში ვაშინგტონმა ჩვენს ქვეყანას ყოველწლიურად საშუალოდ 118 მილიონი დოლარი გამოუყო. აღსანიშნავია, რომ თანხის რაოდენობა მომდევნო წლებში გაიზარდა და „კონგრესის კვლევითი სამსახურის“ ანგარიშის თანახმად, აშშ–ს კონგრესმა საქართველოს დახმარების სახით, 2020 წელს 140 მილიონი, ხოლო 2021 და 2022 წლისთვის 132 და 120.6 მილიონი დოლარი გამოუყო. საგულისხმოა ისიც, რომ აღნიშნული ანგარიში საქართველოს ევროპასა და ევრაზიაში აშშ–ს დახმარებების ერთ–ერთ მთავარ მიმღებ სახელმწიფოდ მიიჩნევს.

წელი

შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება (მილიონი დოლარი)

შეერთებული შტატების მიერ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (მილიონი დოლარი)

2001

104

23.3

2002

203

81.6

2003

96

71.6

2004

124

80.8

2005

109

-10 

2006

411

184.4

2007

100

111.5

2008

119

167.9

2009

622

-10

2010

229

141.2

2011

232

35.3

2012

217

20.3

2013

154

53.9

2014

290

184.4

2015

109

18.9

2016

96

59.8

2017

104

79.1

2018

154

103.6

2019

125

111.5

ჯამი

3 598

1 509.1

წყარო: ForeignAssistance.gov, საქსტატი

ჯამში საქართველომ შეერთებული შტატებისგან 1992–წლიდან 2020 წლის ჩათვლით 4 348 400 000 დოლარი მიიღო. 1990–იან წლებში აშშ–მ საქართველოს 860 მილიონი დოლარი გამოუყო. 2000–იან წლებში კი ქვეყანა ევროპასა და აზიაში ერთ სულ მოსახლეზე ამერიკული დახმარების ყველაზე დიდი მიმღები გახდა. შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გამოგზავნილი დახმარება მრავალ სხვადასხვა სფეროს, მათ შორის განათლებას, მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვას ხმარდება. 2005 წელს საქართველომ 5 წლიანი გრანტი მიიღო 295 მილიონი დოლარის ოდენობით აშშ–ს მიერ შექმნილი „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ფონდისგან სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის, მათ შორის გაზსადენებისა და გზების განვითარებისთვის. აღნიშნული ფონდისგან 140 მილიონი დოლარის 5 წლიანი გრანტი საქართველომ 2010–იან წლებშიც მოიპოვა. ამჯერად დაფინანსება ძირითადად განათლების სფეროს განვითარებას მოხმარდა. “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან” თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნაზე მუშაობა, შემდგომში კი საქართველოში გაიხსნა სან დიეგოს უნივერსიტეტი. ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით აშშ საქართველოს სამხედრო სფეროში წვრთნის და აღჭურვის პროგრამების ფარგლებშიც აქტიურად ეხმარება. აღსანიშნავია აშშ-ს მიერ გაწეული დახმარება სასაზღვრო დაცვის გაძლიერებაშიც სხვადასხვა აღჭურვილობის გადაცემის და ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობის სახით.

აღსანიშნავია ისიც, რომ USAID–ის მეშვეობით შეერთებული შტატები 35 სხვადასხვა პროგრამას აფინანსებს, რომელთა მიზანიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიის ხელშეწყობაა. აშშ საქართველოს თავდაცვითი პოტენციალის განვითარებასაც უწყობს ხელს. მაგალითად, 2019 წელს მხოლოდ „საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ვაშინგტონმა ჩვენს ქვეყანას 30 მილიონი დოლარი გამოუყო.

რაც შეეხება აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის მიერ კრემლისგან მიღებულ ფინანსური რესურსებს, მისი ოდენობა გაცილებით მცირეა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და არაღიარებული რესპუბლიკისათვის გამოყოფილი დაფინანსების განაწილების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. დე ფაქტო პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, აფხაზეთმა 2018 წელს „2017–2019 წლებში აფხაზეთის რესპუბლიკის სოციო–ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამისა“ და ფინანსური დახმარების ფარგლებში ჯამში რუსეთისგან 4 292.1  მილიონი რუბლი მიიღო, რაც დაახლოებით 58.6 მილიონ დოლარს უდრიდა. 2019 წელს კი კრემლის მიერ აფხაზეთისთვის გაწეული დახმარება 4 830.1 მილიონ რუბლს წარმოადგენდა, რაც დაახლოებით 65.9 მილიონი დოლარის ექვივალენტი იყო.

2019 წლის დეკემბერში რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობას 2020-2022 წლებისათვის 4.5 მილიარდი რუბლის ($65 მილიონი) ოდენობის დახმარებას დაჰპირდა, თუმცა 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება 6 თვით შეაჩერა.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების რაოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ  დეზინფორმაციას პრორუსული აქტორები, მათ შორის ალტ-ინფო წარსულშიც ხშირად ავრცელებდნენ. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:


მოამზადა ლუკა ქილიფთარმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

პროფილები: