სამართალი/კრიმინალი

ალტ-ინფოს მანიპულაციური თარგმანი Britain First-ის ლიდერების დაკავების შესახებ

19 დეკემბერი, 2017

2017 წლის 15 დეკემბერს ულტრა-ნაციონალისტურმა ონლაინ სააგენტომ “ალტ-ინფო” გამოაქვეყნა მასალა, თითქოს ბრიტანული ულტრა-ნაციონალისტური პოლიტიკური ორგანიზაცია Britain First-ის ლიდერები ჯაიდა ფრანსენი და პოლ გოლდინგი აქციაზე ისლამის კრიტიკის დროს გამოყენებული “შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელი გამონათქვამების” გამო დააპატიმრეს. ალტ-ინფო Britain First-ს პატრიოტულ და ანტი-ისლამურ ორგანიზაციას უწოდებს, ამ ამბის წყაროდ კი ბრიტანულ გამოცემას Telegraph უთითებს.

ალტ-ინფოს მასალა მანიპულაციურია და მკითხველში ქმნის აღქმას, თითქოს ბრიტანელმა სამართალდამცველებმა Britain First-ის ლიდერები შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გამოხატვის გამო დააკავეს. სინამდვილეში მათი დაკავება სიძულვილის გამღვივებელი გამოხატვის გამო მოხდა და ალტ-ინფოს თარგმანი მითითებული წყაროს (Telegraph) ორიგინალს არ ემთხვევა.

როგორც Telegraph-ი აღნიშნავს, ჯაიდა ფრანსენი 2017 წლის აგვისტოში ბელფასტში “ჩრდილოეთ ირლანდია ტერორიზმის წინააღმდეგ” აქციაზე წარმოთქმული სიტყვის გამო დააკავეს. ტელეგრაფის ინფორმაციით, მას სასამართლო   “მისი სიტყვით გამოსვლიდან მომდინარე განზრახ ან შესაძლო სიძულვილის გამაღვივებელ ქცევას” ედავება. აგვისტოს დემონსტრაციის საქმეზე ფრანსენთან ერთად, ორგანიზაციის მეორე ლიდერი პოლ გოლდინგიც დააკავეს და მას ბრალად “საფრთხის შემცველი, შეურამცხყოფელი, დამამცირებელი სიტყვები ან ქცევა” ედება.

ალტ-ინფოს თარგმანი

Telegraph

ისლამის კრიტიკის დროს გამოყენებული “შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელი გამონათქვამების” გამო დააპატიმრეს

“მისი სიტყვით გამოსვლიდან მომდინარე განზრახ ან შესაძლო სიძულვილის გამაღვივებელი ქცევა”
[behaviour intended or likely to stir up hatred]

 

“საფრთხის შემცველი, შეურამცხყოფელი, დამამცირებელი სიტყვები ან ქცევა”

[using threatening, abusive, insulting words or behaviour]

The Guardian-ის ცნობით, ჯაიდა ფრანსენი 14 დეკემბერს სასამართლომ სათავდებო თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა და მას ჩრდილოეთ ირლანდიაში ნებისმიერ დემონსტრაციასთან 500 მეტრის მანძილზე მიახლოება აუკრძალა. სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიციის წარმომადგენელი არ დაეთანხმა, რადგანაც მისი განმარტებით, გათავისუფლების შემთხვევაში ფრანსენის მხრიდან იმავე დანაშაულის ჩადენის ალბათობა არსებობს. მისივე თქმით, ფრანსენი მოქალაქეებს ისლამის წინააღმდეგ “მოქმედებისკენ” მოუწოდებდა. სასამართლოს განმარტებით, დანაშაულის განმეორების შემთხვევაში ფრანსენი კვლავ წარსდგება სასამართლოს წინაშე და პატიმრობაში დარჩება.

ჯაიდა ფრანსენმა სახელი მას შემდეგ გაითქვა, რაც 2017 წლის 29 ნოემბერს დონალდ ტრამპა ფრანსენის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული 3 ანტი-მუსლიმური ვიდეო საკუთარ ტვიტერზე გააზიარა. მათგან ერთ-ერთი ყალბი იყო, რასაც აშშ-ში ნიდერლანდების საელჩოც გამოეხმაურა, მეორე ვიდეო კი 3 წლით ადრე ეგვიპტეში არის გადაღებული.

სიძულვილის ენის რეგულაცია დიდ ბრიტანეთში

ბრიტანეთში სიძულვილის ენა 1986 წელს მიღებული “საზოგადოებრივი წესრიგის აქტით” რეგულირდება. კანონის თანახმად, პირი, რომელიც სიძულვილის ენას იყენებს იმ შემთხვევაშიც ითვლება დამნაშავედ, თუ მისმა საფრთხოს შემცველმა ვერბალურმა თუ წერილობითმა გამოხატვამ ან ქცევამ პოტენციურად გამოიწვიოს კონკრეტული ჯგუფის მიმართ შუღლის გაღვივება.

საზოგადოებრივი წესრიგის აქტის მე-18 მუხლი განმარტავს, რომ  “პირი, რომელიც იყენებს საფრთხის შემცველ, შეურაცხმყოფელ ან დამამცირებელ სიტყვებსა და ქცევას, ან გამოხატავს წერილობითი ფორმით, რაც საფრთხის შემცველი, შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელია, მიიჩნევა დამნაშავედ: ა) თუ განზრახული აქვს რასობრივი სიძულვილის გაღვივება ან ბ) ყველა გარემოების გათვალისწინებით არსებობს რასობრივი სიძულვილის გაღვივების შესაძლებლობა.