ანტიმიგრანტული ყალბი ამბები გერმანიაში და საქართველოში

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

88
VIEWS

მანიპულაციური თუ ყალბი ამბების გავრცელებას სხვადასხვა მიზანი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის კონკრეტული პიროვნებებისა თუ დაჯგუფებების დისკრედიტაცია, მოსახლეობაში ანტი-დასავლური, განწყობების გაღვივება და ა.შ.  ამ კუთხით მსგავსებების პოვნა, განსხვავებული ისტორიული თუ გეოპოლიტიკური კონტექსტის მიუხედავად, საქართველოსა და გერმანიაშიც არის შესაძლებელი. კერძოდ,  საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მათ ქსენოფობიურ გზავნილებს შორის იკვეთება არაერთი საერთო აქცენტი:  მიგრანტების რაოდენობა; მიგრანტების კრიმინალად წარმოჩენა; უცხო იდენტობის თავსმოხვევა.

 

აქცენტი მიგრანტების რაოდენობაზე

აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დიდი რაოდენობით მიგრანტების მიღების ვალდებულებაზე გზავნილები საქართველოში როგორც 2020, ასევე წინა წლებშიც ვრცელდებოდა. თუ 2018-ში, დეზინფორმაციას ირანელების ჩამოსახლებასა და სირიელი ლტოლვილების მიღებაზე ვხვდებოდით, 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა ამომრჩეველს შრომითი მიგრანტების ნაკადის შეჩერებას ჰპირდებოდა და საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგიას აღვივებდა, როცა ამტკიცებდა, რომ ლავრენტი ბერიამდე ქართველები საქართველოში უმცირესობაში იყვნენ. მის მიერ გაჟღერებული მტკიცებულება მცდარია, რადგან 1926 წლის სსრკ-ის პირველი საყოველთაო აღწერით, საქართველოში 2,666,494 ადამიანი ცხოვრობდა, აქედან  1,788,186 (67.1%) ეთნიკურად ქართველი იყო.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თავის განცხადებაში კუკავა ყურადღებას შრომით მიგრანტებზე ამახვილებდა და აცხადებდა, რომ მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოში შრომითი მიგრანტების შემოსვლა აკრძალავდა, რადგან ქართველების ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩენის საფრთხე არსებობდა. ასეთი ტიპის განცხადებები ამყარებენ სტრეოტიპს, რომ მიგრანტები ქართველებს სამუშაოს ადგილებს ართმევენ.

გერმანიაში “მიგრანტების რაოდენობის პრობლემაზე” არაერთი გერმანული წყარო წერდა. 2019 წელს გავრცელებული ერთ-ერთი ცნობის მიხედვით, ბავარიის ქალაქ როზენჰაიმში იგრძნობოდა მიგრანტების ჭარბი რაოდენობა, რომელიც ქვეყანაში არალეგალური გზით შემოდიოდა. მეტი დამაჯერებლობისთვის სტატიას სურათებიც კი ჰქონდა თანდართული. თუმცა, ფეისბუქში ვირუსულად გავრცელებულ ეს ცნობა დეზინფორმაცია აღმოჩნდა, ხოლო თანმხლები სურათები მოძველებული და არარელევანტური.  აღსანიშნავია, რომ მიგრანტების თემა არც პანდემიის პირობებში დავიწყებიათ. 2020 წლის მარტში ვირუსულად გავრცელდა  მამაკაცის ხმოვანი შეტყობინება, რომელიც ხალხს მიუნხენში 20,000 მიგრანტის მიღების თაობაზე აფრთხილებდა და ამტკიცებდა, რომ ქალაქში “კომენდანტის საათი” სწორედ  ამ ამბის დამალვის მიზნით დააწესეს. ოფიციალურმა წყაროებმა აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს. რაოდენობაზე აქცნტის გაკეთება, იქნება ეს ლეგალური თუ არალეგალი მიგრანტი, მიზნად ისახავდა საფრთხის განცდის შექმნას, რომ დიდი რაოდენობით მიგრანტები ადგილობრივების იდენტობას ემუქრებიან და ასიმილაციის რისკს შეიცავენ.

აქცენტი მიგრანტების კრიმინალად წარმოჩენაზე 

კიდევ ერთ საერთო ანტი-მიგრანტულ, ქსენოფობიურ ნარატივს მიგრანტების  მოძალადეებად და კრიმინალებად წარმოჩენა წარმოადგენს. მაგალითად, 2020 წელს Facebook გვერდმა “შენ ხარ საქართველო” “მიგრანტის მსხვერპლი ქალების” შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, თანდართული ფოტოკოლაჟი ამტკიცებდა, რომ ინგლისელი ქალები მიგრანტების ძალადობის მსხვერპლნი არიან. გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ფოტოზე ასახული ქალები სინამდვილეში არავითარ კავშირში არ იყვნენ მიგრანტებთან და მათი უმეტესობა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. მსგავსი ყალბი ამბის გავრცელებით და მიგრანტების მოძალადეებად წარმოჩენით, თავისთავად, ძლიერდება ის ქსენოფობიური სტერეოტიპი, რომელიც მიგრანტს კრიმინალთან და ძალადობასთან აიგივებს.

თუ 2020 წელს  “მიგრანტის მსხვერპლი” აღმოჩნდა ქალი, 2018-ში ეს იყო თხა. კერძოდ, ვებ-პორტალმა “საქართველო და მსოფლიო” რუსული საინფორმაციო სააგენტო ФАН-ზე დაყრდნობით მიგრანტის მიერ თხის გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. რეალურად კი, ტაბლოიდების მიერ ატაცებული ინფორმაცია არცერთ სანდო წყაროში არ იძებნება, ხოლო ФАН, რომელსაც “Geworld” ციტირებს, რუსული (პეტერბურგის) ტროლების ქარხნის ერთ-ერთი პროექტია.

კიდევ ერთი დაუსაბუთებული ინფორმაცია, რომელიც “მოძალადე მიგრანტის” სტერეოტიპის გაძლიერებას ასევე ემსაუხრება, ქართულმა მარშმა გაავრცელა, რომლის თანახმად, სამმა არაბმა ქართველი გოგო გააუპატიურა. ეს ინფორმაცია ვირუსულად მაშინ გავრცელდა, როცა შსს-ს განცხადებით, მსგავს შემთხვევაზე პოლიციაში ინფორმაცია არც შესულა. აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმების გარეშე, ერთ წყაროზე დაყრდნობით  გაავრცელეს ისეთმა მედიასაშუალებებმა და პორტალებმა, როგორიცაა ალია, რეზონანსი, Geodaigest.ge, Notification.ge, geonewest.com, saintereso.tk, Geoambebi.ge.

მიგრანტების როგორც კრიმინალების წარმოჩენა ერთ-ერთი მთავარი ნარატივია გერმანიაში და მიზნად ქსენოფობიური სენტიმენტების გაღვივება ისახავს. ამის ნათელი მაგალითია გამოცემა Breitbart News, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცების მიერ ახალი წლის აღნიშვნისა და ე.წ ასაფეთქებლების გამოყენების შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად გაავრცელა. კერძოდ, გამოცემის თანახმად,  1000 ახალგაზრდა მიგრანტი თავს დაესხა პოლიციას და გერმანიაში უძველესი ეკლესია დაწვა.

როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაშიც ქალთა ძალადობის თემა აქტუალური იყო. კერძოდ, გერმანიაში, 2017 წელს ვირუსულად გავრცელდა ფოტომანიპულაცია 2015 წელს კელნში მომხადარი სექსუალური ძალადობის შესახებ. არჩევნების წინ გავრცელებული ყალბი სურათით, რომელიც რეალურად 2011 წელს არაბული გაზაფხულის მიმდინარეობისას გადაღებული კადრის და ბრიტანელი მოდელის ფოტოკოლაჟს წარმოადგენდა.  შედეგად, 2015 წელს “მომხდარი სექსუალური ძალადობის” მტკიცებულებად 2011 წლის ფოტოები იყო გამოყენებული. გამიზნული მანიპულაციური ნარატივის მიზეზი იყო არამარტო ქსენოფობიური სენტიმენტების გაღვივება, არამედ ამომრჩეველთა ხმების მობილიზებაც, ვინაიდან ფოტომანიპულაცია პოლიტიკური პარტიის “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD) მხარდამჭერებმა “ჰეშთეგით”  #gewaehlen’ (ხმა მიეცი) გაავრცელეს.

;

აქცენტი უცხო იდენტობის თავსმოხვევაზე

კიდევ ერთი თანხვედრა, რომელიც ქართულ და გერმანულ პლატფორმებზე ვლინდება, ენობრივ საფუძველზე უცხო იდენტობის თავსმოხვევას შეეხებოდა და მიზნად ნაციონალისტური სენტიმენტების ფონზე ქსენოფობიური დამოკიდებულების გაღვივებას ისახავდა.  საქართველოს შემთხვევაში, 2018 წელს დეზინფორმაცია გაავრცელა პოლიტიკური გაერთიანება “თავისუფალი საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახა კუკავამ, რომლის თქმით, საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ არაბული დედა ენა ლიცენზირებული და ავტორიზებულია. პოლიტიკოსის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ქსენოფობიური დამოკიდებულების გაღვივებას ემსახურებოდა.

გერმანიაში კი პერიოდულად ვრცელდება პოლიტიკოს ვოლკერ ბეკის კონტექსტიდან ამოგლეჯილი და შინაარსს მოკლებული ციტატა, რომლის მიხედვით “ვისაც არ ესმის მიგრანტების, უნდა ისწავლოს მათი ენა”.  რეალურად, ინტერვიუში პოლიტიკოსი საუბრობდა ისლამზე,  რელიგიურ თავისუფლებაზე, კლუტურულ მრავალფეროვნებაზე და ძირითად უფლებებზე.  როცა ჟურნალისტმა ბერლინის თურქულენოვანი მოსახლეობა ახსენა, ვოლკერ ბეკმა განაცხადა, რომ თუ ხალხი დემოკრატიულად მოქმედებს, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს რა ენაზე მოხდება ეს. მან შედარებისთვის ინგლისური ენის მაგალითი მოიყვანა და თქვა, რომ როცა  ხალხი ქუჩაში ინგლისურად საუბრობს, ამით არავინ წუხდება. პოლიტიკოსი ყალბ ციტატას Facebook-ზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვისაც გერმანიაში ცხოვრება უნდა, მან გერმანულად უნდა ისწავლოს და ილაპარაკოს. ამ კუთხით უცხო ენის სავალდებულო სწავლაზე ორიენტირებული დეზინფორაცია უცხო იდენტობის თავსმოხვევის ნარატივის გაღვივებას ემსახურებოდა, რაც, თავისთავად, გერმანულ საზოგადოებაში ანტი-მიგრანტულ გრძნობებს გაამძაფრებდა.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ განსხვავებული ისტორიული თუ გეოპოლიტიკური კონტექსტის მიუხედავად, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს გაჟღერებულ გზავნილებში არაერთი მსგავსება ვლინდება. სტატიაში განხილული განსხვავებული ფაქტების შემცველი დეზინფორმაციები აყალიბებდა საერთო ნარატივს და მიზნად ისახავდა საქართველოსა და გერმანიის მოსახლეობაში ქსენოფობიური, ანტი-მიგრანტული გრძნობების გაძლიერებასა და ხელშეწყობას.

;


სტატია გამოქვეყნდა #FIGHTFAKE პროექტის ფარგლებში, რომელიც MDF-ისა და მისი პარტნიორი ორგანიზაცია Deutsche Gesellschaft e.V.-ის მიერ ხორციელდება


პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული

 

 

თემატიკა: მედია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist