იდენტობა

აპატიმრებენ თუ არა მამაკაცთა 80%-ს ოჯახური ძალადობის გამო საქართველოში?

19 აგვისტო, 2020

2020 წლის 12 აგვისტოს ანტილიბერალური ფეისბუკ გვერდის ალტ-ინფოს ონლაინ გადაცემაში  მოძრაობა “ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის” დამფუძნებელმა  გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პენიტენციალურ დაწესებულებებში მყოფ მამაკაცთა 80% ოჯახური ძალადობის გამოა დაპატიმრებული.  ფალავანდიშვილის თანახმად, საპროცესო შეთანხმება და განრიდება ოჯახურ ძალადობაზე არ ვრცელდება. მისი აზრით, ძალადობის გამო მამაკაცის ციხეში ჩასმა  “სოდომისტების დიდი მაფიის” გეგმის ნაწილია და ოჯახების დაშლისკენაა მიმართული. ვიდეო  ფეისბუკ-გვერდმა ალტ-კლუბ-მაც გააზიარა.

გურამ ფალავანდიშვილი: “სოდომისტების დიდი მაფია არსებობს, რომელთაც ქორწინდებიან, შვილები არ ჰყავთ და მათ ტრადიციული ოჯახები სძულთ; მათ ჩვენი ოჯახების დანგრევა უნდათ, ამიტომ არის სამი მეთოდი: პირველი მეთოდი არის ფემინიზაცია, ანუ ქალებს უებნებიან, რო… კუხნაში… ქალო, რა გინდა კუხნაში ..მეორე თემაა, რომ დღეს საქართველოში ციხემისჯილი მამაკაცების 80% ზის ოჯახურ ძალადობაზე - მათ არ ეხებათ არც საპროცესო, არც განრიდება, იჭერენ უმკაცრესად, რატომ? რომ კაცები ციხეში, ქალები სამსახურებში და ბავშვების წართმევა.”

გურამ ფალავანდიშვილის მტკიცება, თითქოს საქართველოს პენიტენციალურ დაწესებულებებში მყოფ მამაკაცთა 80% ოჯახური ძალადობის გამოა დაპატიმრებული და მათზე საპროცესო შეთანხმება არ ვრცელდება, დეზინფორმაციაა.  1.პენიტენციუალურ დაწესებულებებში მყოფი მამაკაცების რიცხვი არა 80%, არამედ 24%-ზე ნაკლებია. 2.ოჯახურ დანაშაულზე  საპროცესო შეთანხმება ვრცელდება.  

1.პენიტენციუალურ დაწესებულებებში მყოფი მამაკაცების რიცხვი არა 80%, არამედ 24%-ზე ნაკლებია

6

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2019 წელს საქართველოს პენიტენციალურ დაწესებულებებში 9740 პირი იმყოფებოდა, რომელთაგან 9342 მამაკაცია. 

საქართველოს პროკურატურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, ოჯახური ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 4579 ადამიანის წინააღმდეგ აღიძრა; ამათგან სასამართლოს წინაშე წარდგენილ იქნა საქმეთა 94,7% (დანარჩენი საპროცესოთი გადაწყდა), ანუ 4336 ადამიანის საქმე.

პროკურორის მიერ პატიმრობა მოთხოვნილ იქნა 92%-ის (4336-ის 92%), ანუ 3989 ადამიანის შემთხვევაში, თუმცა სასამართლომ მოთხოვნილ პატიმრობათა მხოლოდ 56% (3989-ის 56%), ანუ 2234 ადამიანის პატიმრობა დააკმაყოფილა. აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მონაცემები  გენდერურლი ნიშნით არ არის დაყოფილი, ამიტომ ის არ იძლევა საკუთრივ მოძალადე მამაკაცების (და შესაბამისად, ოჯახური ნიშნით დაპატიმრებული მამაკაცების) რაოდენობის განსაზღვრის საშუალებას. პატიმართა ეს რიცხვი (2234) გულისხმობს ორივე სქესის წარმომადგენელს (როგორც მოძალადე კაცებს, ისე ქალებს), რომლებმაც ოჯახის წევრებზე ან არასრულწლოვნებზე იძალადეს. ამის გათვალისწინებითაც კი ოჯახური ნიშნით ჩადენილი ძალადობის გამო დაკავებულ ადამიანთა რიცხვი პატიმარ მამაკაცთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 24%-ს წარმოადგენს.

2. ოჯახურ დანაშაულზე  საპროცესო შეთანხმება ვრცელდება, 2018 წელს ოჯახური ძალადობის შემთხვევების  12%, 2019 წელს კი 5.3% საპროცესო შეთანხმებით გადაწყდა.

საპროცესო შეთანხმება მართლმსაჯულების განხორციელების დაჩქარების ერთ-ერთი მექანიზმია. ის ზოგავს პროკურატურის, ასევე სასამართლო სისტემის  ადამიანურ და ფინანსურ რესურსს, ამიტომ ის თითქმის ყველა ტიპის დანაშაულისას, მათ შორის, ოჯახური დანაშაულების წინააღმდეგაც გამოიენება. საქართველოს პროკურატურის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ოჯახურ ძალადობაზე საპროცესო შეთანხმების პროცენტული მაჩვენებელი 2018 წელს  12%, იყო,  2019 წელს - 5.3%.

0


მოამზადა ედგარ ბრუტიანმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია