არის თუ არა ბათუმში შეიხების სახელობის ქუჩები?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

66
VIEWS

გაზეთ ასავალ-დასავალის 7 – 13 სექტემბეში გამოქვეყნდა ინტერვიუ ორგანიზაცია “ჩვენი უფლებებისთვის” თავმჯდომარესთან თამაზ ბაკურიძესთან, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ ბათუმში “ძალიან ბევრი” ქუჩა სხვადასხვა შეიხის სახელს ატარებს.

თამაზ ბაკურიძე: „ფაქტია, რომ დღეს აჭარაში თურქები სერიოზული გავლენით სარგებლობენ. უფრო მეტი თურქული პანსიონია გახსნილი, ვიდრე ჩვენებური სკოლა. მაშინ, როცა საამაყო წინაპრების ძეგლებს სანაგვეზე ვყრით, აჭარის დედაქალაქში ძალიან ბევრი ქუჩა ამ თუ იმ შეიხის სახელს ატარებს.”

ბაკურიძის გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. ბათუმში არც ერთი ქუჩა არ ატარებს შეიხის სახელს. მხოლოდ ერთი, ე.წ. მოცეკვავე შადრევნების სკვერის ნაწილს ჰქვია  არაბთა გაერთიანებული საამიროების განათლების ყოფილი მინისტრის შეიხ ნახაიან მაბარაქ ალ ნახაიანის სახელი.

ბათუმში, განათლების ყოფილი მინისტრის შეიხ ნახაიან მაბარაქ ალ ნახაიანის  სახელი ახალ-გაჭრილ ქუჩას 2010 წელს მიენიჭა, ხოლო 2012 წელს ხეივანი ოფიციალურად გაიხსნა. როგორც “მითების დეტექტორს” ბათუმის საკრებულოს წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი კირთაძემ უთხრა, 2013 წელს, საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქუჩას სახელი გადაერქვა და ახლა შეიხ ნახაიან მაბარაქ ალ ნახაიანის სახელს მხოლოდ მიმდებარე სკვერის ნაწილი ატარებს. ბათუმის მერიის  ოფიციალურ ვებ-გვერდზე პარკებისა და სკვერების ჩამონათვალში შეიხ ნახაიან მაბარაქ ალ ნახაიანის ხეივანსაც ვხვდებით. შეიხ ნახაიან მაბარაქ ალ ნახაიანის ხეივანს დღეს გმირთა ხეივანი ეწოდება და აქ 9 აპრილის მემორიალიც მდებარეობს.

;
ე.წ. მოცეკვავე შადრევნების სკვერი

;
გმირთა ხეივანი და 9 აპრილის მემორიალი

“მითების დეტექტორი” თამაზ ბაკურიძესაც დაუკავშირდა. ჩვენ მას ვთხოვეთ ბათუმის ის ქუჩები  მიეთითებინა, რომლებიც, მისი მტკიცებით, არაბი შეიხების სახელებს ატარებდა. ბაკურიძემ გვიპასუხა, რომ ზუსტ ქუჩებს ვერც “ასავალ-დასავალთან” და ვერც ჩვენთან საუბრისას იხსენებდა. მან მხოლოდ ის გვიპასუხა, რომ შეიხის სახელობის ქუჩა ბათუმში სასტუმრო “ეიფორიას” მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო.

“მითების დეტექტორმა” Google Maps-ზე სასტუმროს მიმდებარე ქუჩები დაათვალიერა, თუმცა შეიხის სახელობის ქუჩა აქაც არ იძებნება. სასტუმრო “ეიფორია” ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე მდებარეობს. ქუჩა პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის, მარიას, სახელს ატარებს. ლეხ და მარია კაჩინსკები 2010 წელს სმოლენსკთან, რუსეთში ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.

;
სასტუმრო ეიფორიადან შეიხის სახელობის სკვერამდე მანძილი 3 კილომეტრამდეა.

;

ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას უერთდება. სწორედ შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ მდებარეობს შეიხის სახელობის სკვერი. შერიფ ხიმშიაშვილი ზემო აჭარის უკანასკნელი თავადი იყო, იბრძოდა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ და დიდი წვლილი მიუძღვის აჭარის დაბრუნების საქმეში.

 

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist